86. და ააშენეს ბეჩავი ქალაქები
გაგონილია ჩემი მამისაგან და მასწავლებლისაგან,
3 შვათს (1941 წლის 31 იანვარს)
ნათქვამია „და ააშენეს ბეჩავი ქალაქები – პითომი და რამსესი“ (იგულისხმება რომ ებრაელებმა ეგვიპტის მონობის დროს ფარაონს აუშენეს ქალაქები.) (თორა, გამოსვლა 1:11). მაგრამ რატომაა სხვაგან ნათქვამი, რომ ეს შესანიშნავი ქალაქები იყო? „ბეჩავი ქალაქები“ ხომ - სიღატაკეს და უბადრუკობას ნიშნავს, და ამასთანავე საშიშროებასაც. (სიტყვას „მისქენ“–საცოდავი, ბეჩავი ივრითულში იგივე ფესვი გააჩნია როგორც სიტყვას „საქანა“ – საშიშროება).
და კიდევ უნდა გავიგოთ ის, რაც მამა აბრამმა („აბრამ ავინუ“) შემქმნელს ჰკითხა: „რა არის იმის გარანტი, რომ (ჩემი შთამომავლები ამ მიწას) დაიმკვიდრებენ?“ (თორა, დაბადება 15:8) და რა უპასუხა ამაზე შემქმნელმა? უთხრა მან აბრაამს: „იცოდე, რომ დევნილნი იქნებიან შენი შთამომავალნი სხვის მიწაზე. დამონებული და ტანჯული იქნებიან ოთხასი წლის მანძილზე.“
და როგორ უნდა გავიგოთ ეს, აბრაამს ხომ შემქმნელისაგან გარანტიის მიღება სურდა მემკვიდრეობაზე, შემქმნელის პასუხში კი იმის შესახებ, რომ მისი შთამომავლები დევნილები იქნებოდნენ, არავითარი გარანტია არ იყო. თუმცა აბრაამისათვის ეს დამაკმაყოფილებელი პასუხი ჩანდა.
ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც აბრაამი შემქმნელს სოდომის მცხოვრებლების შესახებ ეკამათებოდა, ეს კამათი დიდხანს გრძელდებოდა და ყოველ ჯერზე ეუბნებოდა შემქმნელს: „იქნებ...“, ხოლო აქ, როდესაც შემქმნელმა თქვა, რომ მისი შთამომავლები დევნილები იქნებოდნენ, ის მაშინვე დაკმაყოფილდა პასუხით და არავითარი საბაბი აღარ ჰქონდა, რომ ეკითხა „იქნებ…“, არამედ ეს მიწის მემკვიდრეობაში მიღების გარანტიად ჩათვალა.
და უნდა გავიგოთ ეს პასუხი და აგრეთვე წიგნი ზოჰარის კომენტარი ნათქვამზე „და ფარაონმა დააახლოვა“ ებრაელები შემქმნელთან. განა შესაძლებელია, რომ ცოდვილმა ფარაონმა მათი შემქმნელთან დაახლოება მოინდომა?
ყოველივე ამის გასაგებად უნდა ჩავწვდეთ ბრძენთა მიერ ნათქვამს. „თქვა რაბი იეჰუდამ: მომავალში (საბოლოო გამოსწორების დროს) მოიყვანს შემქმნელი ადამიანის ბოროტ საწყისს და დაკლავს მას ცადიკთა–მართალთა და ცოდვილთა წინაშე (ცადიკი–მართალი – ის ვინც შემქმნელს ამართლებს). ცადიკთა–მართალთა თვალში ბოროტი საწყისი დიდი და ძლიერი ჩანს, როგორც მაღალი მთა, ხოლო ცოდვილთა თვალში კი – პატარა და სუსტი, როგორც წვრილი ძაფი. ერთნიც ტირიან, და მეორენიც. ცადიკები–მართალნი ტირიან და გაიძახიან: „როგორ შევძელით ასეთი მაღალი მთის დაპყრობა?!“, ცოდვილნი კი ტირიან და გაიძახიან: „როგორ ვერ შევძელით ასეთი წვრილი ძაფის დაძლევა?!“ (ტრაქტატი „სუქა“ 52)
და ნათქვამი ერთთავად შეკითხვებს ბადებს:
თუ ადამიანის ბოროტი საწყისი უკვე მოკლულია, საიდანღა არიან კიდევ ცოდვილები?
რატომ ტირიან ცადიკები–მართალნი, მათ ხომ პირიქით, უნდა უხაროდეთ?
როგორ შეიძლება, რომ რეალობაში ერთდროულად ორი ამდენად ურთიერთსაპირისპირო აზრი არსებობდეს ადამიანის ბოროტი საწყისის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ორივემ ჭეშმარიტებას მიაღწია? აქ მომავალ, გამოსწორებულ მდგომარეობაზეა საუბარი, როდესაც სიმართლე ყველასთვის ნათელი ხდება. მაშ როგორაა შესაძლებელი, რომ რეალობის ორ აღქმას შორის ისეთი დიდი მანძილი, განსხვავება არსებობდეს, როგორც წვრილ ძაფსა და მაღალ მთას შორის?
თალმუდში ნათქვამია, რომ ადამიანის ბოროტი საწყისი თავიდან ობობის წვრილ ქსელს წააგავს, ხოლო შემდეგ ურმის სქელ ღვედებს. როგორც ნათქვამია: „ჰოი თქვენ, სიცრუის თოკებით რომ იზიდავთ უნებლიე ცოდვას და ურმის სქელი ღვედებით – დანაშაულს.“
აუცილებელია ვიცოდეთ დიდი კანონი, რომ შემქმენლის მიერ ჩვენთვის მოცემული სულიერი სამუშაო, გონებაზე ამაღლებულ რწმენას ეფუძნება. და ეს იმიტომ არა, რომ ჩვენ მაღალი საფეხურის ღირსი არა ვართ და ამიტომ იძულებული ვართ ყველაფერი რწმენის ქელიმში–ჭურჭლებში მივიღოთ. ამას ჩვენ სიმდაბლედ და დამცირებად მივიჩნევთ და ადამიანს იმედი აქვს, რომ როდისმე შეძლებს განთავისუფლდეს ამ უღელისაგან, რომელსაც ცოდნაზე ამაღლებული რწმენა ეწოდება.
სინამდვილეში კი ეს ძალიან მაღალი და მნიშვნელოვანი, უსასრულოდ ამაღლებული სულიერი საფეხურია. და ის, რომ ჩვენ გონებაზე ამაღლებული რწმენით მუშაობა სიმდაბლედ გვეჩვენება, ეს ჩვენში არსებული ეგოიზმის, მიღების სურვილის გამოა. ეგოისტური სურვილი შედგება „თავისგან“ და „ტანისგან“. „თავს“ ცოდნა ეწოდება, ხოლო „ტანს“ - მიღება. ამიტომ ყველაფერი, რაც ცოდნას ეწინააღმდეგება, ჩვენს მიერ მდაბლად და პირუტყვულად მიიჩნევა.
აქედან გასაგები ხდება აბრაამის შეკითხვა შემქმნელისადმი: „რა არის იმის გარანტი, რომ (ჩემი შთამომავლები ამ მიწას) დაიმკვიდრებენ?“ (ე.ი. ჩემი შთამომავლები სულიერ სამყაროს შეიცნობენ), რამეთუ როგორაა შესაძლებელი, რომ საკუთარ თავზე რწმენის ჭაპანი იტვირთონ? ეს ხომ ცოდნას ეწინააღმდეგება და ვის ძალუძს ცოდნის წინააღმდეგ (მასზე ამაღლებით) იაროს? მაშ როგორაა შესაძლებელი, რომ რწმენის სინათლის ღირსნი გახდნენ, მთელი სრულყოფილება ხომ მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული?
და ამაზე უპასუხა შემქმნელმა: „იცოდე, რომ დევნილნი იქნებიან შენი შთამომავალნი“. ე.ი. შემქმნელი უხსნის აბრაამს, რომ მან უკვე წინასწარ მოამზადა უწმინდური ძალა, ადამიანის ბოროტი და საზიზღარი საწყისი (ბელიალი), რომელიც ფარაონს - ეგვიპტის მეფეს წარმოადგენს. სიტყვა „ფარაონი“ (ფარყო) იმავე ასოებისაგან შედგება როგორც სიტყვა „კეფა“ (ორეფ), ხოლო ეგვიპტე (მიც-რაიმ) შეიძლება წავიკითხოთ როგორც „მეცერ-იამ“ (ზღვის სრუტე, ყელი). როგორც ჰარი (რაბი იცხაკ ლურია აშკენაზი) წერს ფესახის „განზრახვათა კარიბჭეში“ (შაარ ჰაქავანოთ), თავში ფესახის დღესასწაულის შესახებ, „ფარაონი“ მიეკვრება ადამიანს, მის „კეფას“, და წოვს ბარაქას, რომელიც ქმნილებებში ზემოდან ეშვება თავისი კითხვით: „ვინაა შემქმნელი, რომ მისი ხმა ვისმინო?“ (თორა, შემოთ). ადამიანს ესმის ეს შეკითხვა თავის თავში, როგორც საკუთარი. და როგორც კი გაიგონებს მას, დაუყოვნებლივ უწმინდური ძალების ძალაუფლების ქვეშ ექცევა, როგორც რამბამი (რაბი მოშე ბენ მაიმონი) ამბობდა: „ნუ მიმართავთ კერპებს“, რამეთუ თვით ამ მიმართვით, ამ ერთი შეკითხვით ჩვენ უკვე ვარღვევთ აკრძალვას: „ნუ ეთაყვანებით...“
ადამიანის ბოროტ საწყისს (მის ფარაონს, მის ეგოისტურ სურვილებს) სურს ბარაქა, სინათლე გამოწოვოს სიწმინდისაგან (გაცემის სურვილისაგან). და რას აკეთებს ის ამ ბარაქის სიწმინდისაგან გამოსაწოვად? ამაზე მოგვითხრობს დაწერილი: „და ფარაონმა დააახლოვა“ და ზოჰარი განმარტავს, რომ მან ისრაელის შვილები შემქმნელს დაუახლოვა და სვამს კითხვას: როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ ფარაონმა ისინი შემქმნელთან დააახლოვა, უწმინდური ძალები ხომ პირიქით, უნდა აშორებდნენ ადამიანს შემქმნელისაგან?
წიგნი ზოჰარი გვიხსნის, რომ სწორედ ასე ხდება დაფარული დანაშაული, გველის დარტყმის მსგავსად, რომელიც მაშინვე მალავს თავს თავის ტანში. ეს დაფარული დანაშაულია, რომელშიც გველის ძალა მდგომარეობს. ის ხალხს გესლავს და სიკვდილი მოაქვს სამყაროში, მანამ სანამ სრული ძალა შესწევს, და შეუძლებელია მისი უკუგდება მსგავსად გველისა , რომელიც კბენს ადამიანს და მაშინვე მალავს თავს თავის ტანში და მისი მოკვლა მაშინ შეუძლებელია.
ზოჰარში კიდევ წერია, რომ გველი თავს ხრის და კუდს ურტყავს. ე.ი. ზოგჯერ ის აძლევს ადამიანს რწმენის ტვირთის თავის თავზე აღების საშუალებას, რასაც ცოდნაზე ამაღლებული რწმენა ეწოდება და ეს „თავის დახრა“-ს ნიშნავს, მაგრამ ამასთანავე „კუდს ურტყავს“. „კუდი“ შეიძლება აიხსნას როგორც „ბოლო“. .ე.ი. ის თავს მხოლოდ იმისთვის ხრის, რომ ბოლოს ყველაფერი საკუთარი თავისათვის მიიღოს. მაშასადამე ის, რომ თავდაპირველად ადამიანს რწმენის თავის თავზე აღების ნება მისცა, მხოლოდ იმისათვის იყო, რომ შემდეგ ყველაფერი თვითონ მიესაკუთრებინა. კლიპამ ხომ იცის, რომ სინათლის მიღების არავითარი სხვა გზა არ არსებობს სიწმინდის ხარჯზე მიღების გარდა.
სწორედ ამაში მდგომარეობს ნათქვამის აზრი, რომ ფარაონმა დაახლოვა ისრაელის შვილები (სულიერი ამაღლების მსურველები) შემქმნელთან. ეს წინასწარი განზრახვით გააკეთა, რათა შემდეგ ყველაფერი თვითონ მიეთვისებინა. და ამაზე წერს ჰარი, რომ ფარაონი იწოვდა მთელს ბარაქას, რომელიც ქმნილებებთან ეშვებოდა, იწოვდა კეფიდან და ყელის მხრიდან, რომელიც ტანის დასაწყისს წარმოადგენს. მას ყველაფერი თავის მიღების ჭურჭლებში მიჰქონდა.
და ამაშია სიტყვების აზრი: „და ააშენეს ღარიბი ქალაქები“, რომლებიც ღარიბი სწორედ ისრაელისათვის იყვნენ. ე.ი. რამდენი ძალისხმევაც არ უნდა ჩაედოთ დევნილობის დროს, ყველაფერს ფარაონი ითვისებდა და ისრაელის ხალხი საცოდავი, ღატაკი რჩებოდა.
სიტყვა „საცოდავის“, „ღარიბის“ (მისქენ) მეორე მნიშვნელობა „საშიშროებაა“ (საქანა). ისინი დიდ საშიშროებაში იმყოფებოდნენ, რომ ასეთ მდგომარეობაში მთელი ცხოვრება არ დარჩენილიყვნენ. ფარაონისთვის კი ისრაელის შრომა ნაყოფიერი იყო, როგორც ნათქვამია, რომ პითომი და რამსესი ლამაზი და დიდებული ქალაქები იყო. ამიტომ ნათქვამია , რომ მათ ღარიბი ქალაქები ააშენეს - ისრაელისთვის, ფარაონისთვის კი - მშვენიერი ქალაქები პითომი და რამსესი, რადგან ისრაელის მიერ გაწეული მთელი გარჯა უწმინდური ძალების–კლიპოთის ხელში ვარდებოდა, ისრაელი კი თავისი მუშაობის ვერანაირ კეთილ შედეგს ვერ ხედავდა.
და როდესაც ისრაელის შვილები ზრდიდნენ თავიანთ ძალისხმევას რწმენასა და გაცემაში, მაშინ ისინი ნაყოფს ხედავდნენ, ხოლო როგორც კი ცოდნასა და მიღებაში ეცემოდნენ, მყისვე ფარაონის უწმინდური ძალების ტყვეობაში ხვდებოდნენ. მაშინ ისინი საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რომ მონობა მხოლოდ ცოდნაზე ამაღლებულ რწმენასა და გაცემაში უნდა იყოს.
მაგრამ ისინი ხედავდნენ , რომ თვითონ არ შესწევდათ ძალები დამოუკიდებლად დაეხსნათ თავი ფარაონის ძალაუფლებისაგან. ამიტომ წერია: „კვნესა აღმოხდა ისრაელის შვილებს მუშაობისაგან“, რადგან შეეშინდათ, რომ დევნაში სამუდამოდ არ დარჩენილიყვნენ. და მაშინ „შეისმინა მათი ვედრება შემქმნელმა“ და ღირსი გახდნენ, რომ ეგვიპტის განდევნიდან გამოსულიყვნენ.
გამოდის, რომ მანამ სანამ თავისი მდგომარეობა არ დაინახეს, რომ ისინი კლიპოთის– უწმინდური ძალების ბატონობის ქვეშ იმყოფებოდნენ და მანამ სანამ ტკივილი არ იგრძნეს და არ შეეშინდათ, რომ იქ სამუდამოდ დარჩებოდნენ, მათ არავითარი საჭიროება არ ჰქონდათ იმისი, რომ შემქმნელი მათ ეგოიზმიდან გამოსვლაში დახმარებოდა. ისინი ხომ ვერ გრძნობდნენ იმ ზიანსა და ნაკლს, რაც ამ ეგოისტურ სურვილებს მოჰქონდა, რომლებიც ხელს უშლიდნენ მათ შემქმნელთან შერწყმაში. სხვაგვარად, ადამიანი ცოდნისა და მიღებისათვის მუშაობას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ხოლო რწმენითა და გაცემით მუშაობას სიმდაბლედ მიიჩნევს. ამიტომ უმეტესწილად ცოდნასა და მიღებას ირჩევენ, რადგან ადამიანის მიწიერი გონება ასე კარნახობს მას.
ამიტომ შემქმნელმა ისრაელის შვილებს გადასახლება, დევნილობა მოუმზადა, რათა შეეგრძნოთ, რომ მათ არავითარი წინსვლა არ გააჩნიათ შემქმნელთან შერწყმაში და მთელი მათი მუშაობა ეგვიპტის კლიპოთის– უწმინდური ძალების, უწმინდური სურვილების მიერ შთაინთქმებოდა. და მაშინ დაინახეს, რომ სხვა გამოსავალი არ არის და რომ თავზე უნდა აეღოთ მათ თვალში მდაბალი და არასაპატივსაცემო სამუშაო– „გონებაზე ამაღლებული რწმენა“ და გაცემისკენ სწრაფვა. სხვაგვარად ისინი გრძნობდნენ, რომ უწმინდური ძალების ძალაუფლების ქვეშ დარჩებოდნენ.
გამოდის, რომ იმის გამო მიიღეს რწმენა თავის თავზე, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და მხოლოდ ამიტომ დათანხმდნენ ამ დამამცირებელ სამუშაოზე. და ამას ეწოდება „მიზეზზე დამოკიდებული მუშაობა“, რადგან ეს სამუშაო მხოლოდ იმისათვის მიიღეს, რათა უწმინდური ძალების ძალაუფლების ქვეშ არ მოხვედრილიყვნენ. მაგრამ თუ ქრება მიზეზი, ამ სამუშაოსადმი სიყვარულიც ქრება. ე.ი. როდესაც ქრება ეგოიზმი და აღარავინ უგზავნის ადამიანს ფიქრებს, რომ კერპებს მიმართოს, მას ეს დამამცირებელი სამუშაო უკვე აღარ ესაჭიროება.
აქედან გავიგებთ ბრძენთა ნათქვამს: „ეგოიზმი, ადამიანის ბოროტი საწყისი, თავიდან ობობის წვრილ ქსელს წააგავს, ხოლო შემდეგ ურმის სქელ ღვედებს“.
ცნობილია, რომ შესაძლებელია შესცოდო:
- იძულებით
- შეცდომით
- ბოროტი განზრახვით
სიამოვნების მიღების ეგოისტური სურვილი ადამიანში თავიდანვე არსებობს და ამიტომ განისაზღვრება როგორც იძულება, იმიტომ რომ ადამიანს ძალა არ შესწევს, რომ გააუქმოს ის. და ეს ითვლება არა დანაშაულებრივ ცოდვად ( ხეთ), არამედ უნებლიე ცოდვად (ავონ), ადამიანი ხომ იძულებულია, რომ მასში არსებული ამ სურვილების მითითება შეასრულოს. როგორც წერია: „ჰოი თქვენ, სიცრუის თოკებით რომ იზიდავთ უნებლიე ცოდვას“
მაშასადემე შეუძლებელია ეს სურვილი საკუთარი თავიდან მოიშოროს ან შეიძულოს ის, იმიტომ რომ ადამიანი ვერ შეიგრძნობს მას როგორც ცოდვას. მაგრამ ამ პატარა ცოდვისაგან შემდეგ ურმის სქელი ღვედებივით მძიმე ცოდვა იზრდება. და ამ ეგოისტური სურვილისგან იბადება კლიპოთი-უწმინდური სამყაროების მთელი სისტემა (პარალელურად წმინდა სისტემისა), როგორც ნათქვამია: „ერთი მეორის საპირისპიროდ შექმნა შემქმნელმა“. აქედან ჩნდება ადამიანის ბოროტი საწყისი, ე.ი. ყოველივე ეს თმის იმ ღერისაგან (პატარა ეგოისტური სურვილისაგან) იბადება.
და რამდენადაც უკვე გამოვლინდა, რომ ეს ცოდვაა, მათ უკვე შეუძლიათ, რომ თავი დაიცვან თმის ამ ღერისაგან. და მაშინ ხვდებიან, რომ თუ სურთ სულიერებაში შევიდნენ, სხვა გზა არ არსებობს,– საკუთარ თავზე დამამცირებელი სამუშაო, ე.ი. რწმენა და გაცემა უნდა აიღონ. სხვაგვარად ხედავენ, რომ ფარაონის, ეგვიპტის მეფის ძალაუფლების ქვეშ რჩებიან.
გამოდის, რომ განდევნის სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა იგრძნოს, რომ ეგოისტური სურვილი ცოდვაა. და ამიტომ იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს და ეცადოს, რომ გაცემის თვისება შეიძინოს. ამიტომ მამა აბრაამის შეკითხვაზე წმინდა მიწის დამკვიდრების გარანტიის შესახებ შემქმნელმა უპასუხა: „იცოდე, რომ დევნილი იქნებიან შენი შთამომავალნი უცხო მიწაზე. დაიმონებენ და გატანჯავენ მათ ოთხასი წლის განმავლობაში“. სწორედ დევნილობის წყალობით აღმოაჩენენ ისინი, რომ „თმის ღერი“– ყველაზე უფრო პატარა ეგოისტური სურვილი უკვე ცოდვაა, და მაშინ მიიღებენ საკუთარ თავზე ჭეშმარიტ სამუშოს, რათა ცოდვას განერიდონ.
ამის შესახებ რაბი იეჰუდამ თქვა, რომ მომავალში „ჩაინთქმება სიკვდილი სამუდამოდ“. ე.ი შემქმნელი დაკლავს ბოროტ საწყისს და მისგან თავისთავად არაფერი დარჩება „თმის ღერის“ გარდა, რაც სრულებითაც არ მიიჩნევა ცოდვად (ასეთი თმის ღერი ხომ თვალისთვის შეუმჩნეველია). მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც რჩებიან ცოდვილები და ცადიკები – მართლები და მაშინ ყველას სურს შეერწყას შემქმნელს. ცოდვილებმა არ გამოასწორეს თავისი თმის ღერისოდენი უწმინდური სურვილები მაშინ, როდესაც ბოროტი საწყისი ჯერ კიდევ არსებობდა და როდესაც შესაძლებელი იყო მათი ცოდვად შეგრძნობა.
ხოლო ახლა, როდესაც ბოროტი საწყისიდან აღარაფერი დარჩა, გარდა თმის ღერის ზომის ეგოისტური სურვილისა, ცოდვილებს აღარ გააჩნიათ მიზეზი იმისა, რომ მიღების სურვილი გაცემის სურვილად აქციონ, რადგან „თმის ღერის“ შეგრძნობა შეუძლებელია. მათ არ შეუძლიათ შემქმნელთან შერწყმა თვისებათა სხვაობის გამო, როგორც ნათქვამია: „მე და მას არ შეგვიძლია ერთ ადგილას ვიარსებოთ“. ცოდვილთა გამოსწორება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მტვრად იქცნენ ცადიკთა – მართალთა ფეხქვეშ, რაც იმას ნიშნავს, რომ იმდენად რამდენადაც ბოროტი საწყისი გაბათილებულია, ცადიკებს – მართალთ აღარ გააჩნიათ ცოდნაზე ამაღლებული რწმენით სვლის მიზეზი.
და თუ მიზეზი არ გააჩნიათ, ვინ აიძულებს მათ? და ახლა ცადიკები – მართალნი ხედავენ, რომ ცოდვილები თმის ღერის სისქის ეგოიზმით დარჩნენ და არ გამოასწორეს ის სანამ ადამიანის ბოროტი საწყისი არსებობდა. მაშინ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო მისი გამოსწორება, რადგან მიღების ეგოისტური სურვილი გახსნილი იყო და ბოროტებად შეიგრძნობოდა. ახლა კი ის ცოდვად არ შეიგრძნობა, გახდა რა შეუმჩნეველი, როგორც თმის ღერი.
ამიტომ თუ მიზეზი არ არსებობს, გამოსწორების საშუალებაც არ არის, მაგრამ ამასთანავე შემქმნელთან შერწყმის შესაძლებლობაც არ არსებობს, იმიტომ რომ თვისებათა სხვაობა რჩება. და მთელი მათი გამოსწორება იმაში მდგომარეობს, რომ მათზე ცადიკებმა– მართლებმა გაიარონ. მაშასადამე როდესაც ჩანს, რომ უკვე აღარ არსებობს შიში უწმინდური ძალების სისტემის წინაშე და ადამიანის ბოროტი საწყისი უკვე დაკლულია, რისთვისღა სჭირდებათ, რომ ცოდნაზე ამაღლებული რწმენით იმუშაონ? მაგრამ ისინი ხედავენ, რომ ცოდვილებს არ შეუძლიათ შემქმენლთან შერწყმა, რადგან ახლა მათ აღარ გააჩნიათ მიზეზი, ანუ ბოროტი საწყისი, რომელიც ცოდვად ითვლება, თუმცა ის ხელს უშლის შერწყმას, რადგან საბოლოოდ თვისებათა სხვაობა მაინც რჩება.
და ხედავენ რა ამას ცადიკები – მართლები, ესმით, რამდენად კარგი იყო, რომ მათ გაცემის განზრახვით მუშაობის მიზეზი გააჩნდათ, თუმცა ეჩვენებოდათ, რომ მხოლოდ ბოროტი საწყისი გამო მუშაობდნენ გაცემაზე. ახლა კი ხედავენ, რომ ცოდვა, რომელსაც მაშინ ხედავდნენ მათთვის სასიკეთო იყო. მაშასადამე მთავარი მუშაობაა და არა ის, რომ კლიპოთში–უწმინდურ სურვილებში ჩავარდნის გამო აკეთებდნენ ამ სამუშაოს. ამის დასტურს ისინი ხედავენ ცოდვილებში, რომლებმაც არ გამოასწორეს თმის ღერის ოდენი ეგოიზმი, ახლა კი მიზეზი აღარ გააჩნიათ და გარეთ რჩებიან, რადგან ახლა შესაძლებლობა არა აქვთ, რომ შემქმნელთან შერწყმას მიაღწიონ.
გამოდის, რომ ძალას გამუდმებული წინსვლისათვის ცადიკები – მართლები ცოდვილებისაგან იღებენ. ამას ნიშნავს, რომ ცოდვილები მათ ფეხქვეშ მტვრად იქცევიან და მართალნი მათში დარჩენილი ცოდვების წყალობით მიიწევენ წინ. და მაშინ ირკვევა, რომ თვით ეს სამუშაოა მნიშვნელოვანი და არა იძულების გამო, როგორც მათ ადრე ეჩვენებოდათ, როდესაც ბოროტი საწყისი გააჩნდათ. ახლა ისინი ხედავენ, რომ ბოროტი საწყისის გარეშეც ღირს რწმენითა და გაცემის განზრახვით მუშაობა.
ამიტომ ნათქვამია: „ერთნიც ტირიან და მეორენიც“. ცნობილია, რომ ტირილი კატნუთ – მცირე მდგომარეობაა და ის ვაკს წარმოადგენს („ვაკ“–ვავ კცავოთ–ექვსი ბოლო), და არსებობს გაყოფა გარსა და ვაკს შორის („გარ“–გიმელ რიშონოთ–პირველი სამი). ვაკის მოხინი (სინათლე) წარსულიდან ანათებს. ე.ი. ისინი სასიცოცხლო ძალებს და სინათლეს წარსულში განცდილისაგან იღებენ, მაშინ როდესაც სინათლე გარი აწმყოში ანათებს „ზივუგის“–შერწყმის შესრულებისას.
და ამიტომ ტიროდნენ ბრძენნი და იძახდნენ: „როგორ შევძელით ასეთი მაღალი მთის დაპყრობა“, ისინი ხომ ახლა ხედავენ, რომ განადგურებამდე ბოროტი საწყისის ძალაუფლება უაღრესად დიდი იყო, როგორც ნათქვამია: „ერთი მეორის საპირისპიროდ შექმნა შემქმნელმა“ (სიწმინდე უწმინდურობის საპირისპიროდ). და შემქმნელმა მათ მიმართ დიდი მოწყალება გამოიჩინა, მისცა რა მათ ძალა ეგოისტურ საწყისთან ბრძოლაში გასამარჯვებლად. და ახლა ისინი სიხარულითა და ხალისით აღსავსე არიან წარსულში მომხდარი ამ სასწაულის გამო. და ამას „მოხინ დე კატნუთ“– მცირე მდგომარეობის მოხინი, სინათლე ჰქვია.
ცოდვილნი კი იმიტომ ტირიან, რომ ახლა არავითარი შესაძლებლობა არ გააჩნიათ შეერწყან შემქმნელს, თუმცა ხედავენ, რომ მათი ბოროტი საწყისი თმის ღერისოდენია. მაგრამ რამდენადაც ახლა ბოროტი საწყისი არ არსებობს, მიზეზი არ გააჩნიათ, რომ მიღების ქლი გაცემის ქლიდ გადააქციონ, მხოლოდ ხედავენ, რომ გარეთ დარჩნენ და ამიტომ ტირიან.
და მათი გამოსწორება იმაში მდგომარეობს, რომ მტვრად იქცნენ ცადიკთა – მართალთა ფეხქვეშ. მართალნი ხომ ხედავენ ,რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოროტი საწყისი უკვე აღარ არის, ცოდვილთ მაინც არ შეუძლიათ შერწყმის ღირსი გახდნენ. და მაშინ იტყვიან მართალნი: ჩვენ ვფიქრობდით, რომ გაცემის გზით მხოლოდ ბოროტი საწყისის გამო უნდა გვეარა, ახლა კი ვხედავთ, რომ ეს ნამდვილი ქლია, და ბოროტი საწყისიც რომ არ ყოფილიყო, ეს გზა მაინც ჭეშმარიტებაა და რწმენის გზა არაჩვეულებრივი გზაა.
და აქედან გაიგე, რატომ დარჩნენ ცოდვილნი ბოროტი საწყისის განადგურების შემდეგ. ეს იმიტომ, რომ ისინი მტვრად ქცეულიყვნენ ცადიკთა – მართალთა ფეხქვეშ. და რომ არ დარჩენილიყვნენ ცოდვლები, მაშინ ვინ გახსნიდა იმ უდიდეს ჭეშმარიტებას, რომ რწმენის გზა არ ნიშნავს მიზეზზე დამოკიდებულ სიყვარულს. ე.ი. ადამიანმა ბოროტი საწყისისადმი შიშის გამო კი არ უნდა იაროს რწმენის გზით, არამედ მიზეზისაგან დამოუკიდებელი (უანგარო) სიყვარულის გამო, რადგან უკვე აღარ არსებობს ბოროტი საწყისი და მაინც მხოლოდ ცოდნაზე ამაღლებული რწმენით შეიძლება რომ ადამიანი შემქმნელთან შერწყმის ღირსი გახდეს.
და კიდევ გამიგონია: რისთვის გვჭირდება ჩვენ სწორედ რწმენა? მხოლოდ ჩვენში არსებული სიამაყის გამო, რაც საშუალებას არ გვაძლევს, რომ რწმენა მივიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ის ამაღლებული და მშვენიერი თვისებაა, მისი მნიშვნელოვნება და უმაღლესი დანიშნულება მდაბალთა გაგებისათვის მიუწვდომელია. და ეს მხოლოდ ჩვენში არსებული სიამაყის, ანუ მიღების ეგოისტური სურვილის გამო გვეჩვენება, რომ ეს მდაბალი და პირუტყვული საქციელია. (რისთვისაც მოგვიმზადეს ჩვენ ბელიალი- ადამიანის ბოროტი და საზიზღარი საწყისი)
სხვა დროს კი გამიგონია: როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არ გვსურს რწმენის მიღება, ჩვენ ვეცემით ჩვენი საფეხურიდან. და კვლავ და კვლავ ჩვენ ვმაღლდებით და ვეცემით, მანამ სანამ გულში გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რომ არ არსებობს სხვა გამოსავალი რწმენის მიღების გარდა. და ყოველივე ეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის იყო, რომ რწმენა მოგვეპოვებინა. რაზეც წერია: „და ააშენეს ბეჩავი, ღარიბი ქალაქები (ისრაელისათვის) ფარაონისათვის“.