106. რაზე მიგვანიშნებს 12 შაბათის პური
გაგონილია ელულის თვეში (1942 წლის აგვისტო)
შაბათის შუადღის ტრაპეზის დროს მიღებულია 12 შაბათის პურის (ხალოთ) კურთხევა, რაზეც ნათქვამია შაბათის სიმღერაში: „გაგვიმხელს 12 შაბათის პურის გემოს, რომელიც აღნიშნავს ასოს შემქმნელის სახელში, ორმაგსა და სუსტს.
და უნდა განვმარტოთ ჰარის (რაბი იცხაკ ლურია აშკენაზის) მიერ ნათქვამი, რომ ციმცუმ ბეთის (მეორე შეკვეცის) შედეგად წარმოიშვა ორი ვავი, ე.ი. მარჯვენა და მარცხენა მხარეები. და ამაზეა ნათქვამი „ორმაგი“ (კფილა) ასო, სიტყვისაგან გამრავლება (კეფელ). ამის გამო, ე.ი. ციმცუმ ბეთის გამოსწორების შედეგად გაერთიანდნენ მოწყალებისა და სამართლის (შეზღუდვების) თვისებები (მალხუთის, მიმღები ქელიმის და ბინის, გამცემი ქელიმის თვისებები). ამიტომ სამართალი, შეზღუდვები იმაზე ნაკლებ მკაცრი ხდება, ვიდრე „დატკბობამდე“ იყო. ამის შემდეგ ორი ასო ვავი ანათებს მალხუთში, რომელიც „შემკრები ასო ზაინის“ (ზაინინ დექნიშინ) საიდუმლოებას წარმოადგენს. მალხუთი აღინიშნება ასო ზაინით, რომელსაც მეშვიდე ეწოდება და რომელიც თავის თავში ორ ასო ვავს იკრებს. (ასო ზაინის რიცხვითი მნიშვნელობა შვიდია, ხოლო მალხუთი მეშვიდე სფირაა ხესედი–დან დაწყებული).
მეშვიდე დღეს გმარ თიკუნი (საბოლოო გამოსწორება) ეწოდება, რომელიც მომავალში მოდის. მაგრამ ის თავისი მდგომარეობიდან (სამყაროს გამოსწორების) 6000 წლის განმავლობაშიაც ანათებს. ამას ჰქვია „შექმნის ექვსი დღე“, რომელიც შემქმნელმა მუშაობისათვის შექმნა. შაბათს კი დასვენების დღე ეწოდება, როგორც წერია: „მეშვიდე დღეს კი იუქმა და დაისვენა“.
და ეს არის შაბათის მდგომარეობა, რომელიც მთელი 6000 წელის განმავლობაში ანათებს. და მაშინ შაბათი მხოლოდ დროებით შესვენებას განასახიერებს, მსგავსად ადამიანისა, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში მძიმე ტვირთს ზიდავს და შუა გზაზე დასასვენებლად ჩერდება, რათა ძალები მოიკრიბოს და შემდეგ თავისი ტვირთის ზიდვა ისევ გააგრძელოს. მაგრამ ბოლო, საბოლოო გამოსწორების (გმარ თიკუნის) შაბათს უკვე აღარაფრის დამატება აღარ შეიძლება და ამიტომ აღარაფერია გამოსასწორებელი და გასაკეთებელი.