117. გაისარჯე და ვერ იპოვე - არ დაიჯერო
ადამიანი ვალდებულია, რომ ძალისხმევა გაიღოს. შემქმნელი მას საჩუქარს აძლევს და სურს, რომ მან ამ საჩუქრის დაფასება შეძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაემსგავსება უგუნურს, რომელზეც თქვეს ბრძენებმა: “ვინ არის ის უგუნური, რომელიც კარგავს იმას, რასაც აძლევენ“. და ვინაიდან ადამიანი მნიშვნელობას არ ანიჭებს საჩუქარს, ამიტომ არ უფრთხილდება მას.
როგორც წესი, ადამიანი ვერანაირ ფასეულობას ვერ გრძნობს ნივთში, რომლის საჭიროებასაც არ განიცდის. რაც უფრო მეტად გრძნობს ის რაიმეს აუცილებლობას და იტანჯება მისი უქონლობის გამო, მით უფრო მეტ გემოს, სიამოვნებასა და სიხარულს განიცდის სასურველის მიღწევისას. მსგავსად ადამიანისა, რომელსაც სხვადასხვა გემრიელ სასმელებს სთავაზობენ, მაგრამ თუ ის წყურვილს არ განიცდის, ვერავითარ გემოს ვერ გრძნობს მათში. ნათქვამია: „როგორც ცივი წყალი დაღლილ სულზე“.
და ამიტომ, როდესაც სუფრას შლიან გასამასპინძლებლად, რათა სიამოვნება და სიხარული მიანიჭონ სტუმრებს, მაშინ თევზთან, ხორცთან და სხვადასხვა გემრიელ კერძებთან ერთად მაგიდაზე ცხარე და მწარე სანელებლებს აწყობენ, როგორიცაა მდოგვი, ცხარე წიწაკა, მჟავეული და მარილი. და ეს ყველაფერი იმისათვის, რათა ადამიანში შიმშილის ტანჯვა გააღვიძონ. ვინაიდან, როცა გული მწარე და ცხარე გემოს იგემებს, მაშინ მასში იღვიძებს შიმშილი და სურვილი, რომლის დაოკებაც ადამიანს სხვადასხვა ნუგბარით სავსე ტრაპეზზე შეუძლია.
და არავის მოუვა თავში იკითხოს: რაში მჭირდება მე ეს სანელებლები, რომლებიც შიმშილის ტანჯვას აღვიძებენ? და პასუხი ყველასათვის ნათელია: თუ მასპინძელს სურს, რომ სიამოვნება მიანიჭოს სტუმრებს, მაშინ რაც უფრო მეტად იგრძნობს სტუმარი შიმშილს, რა ზომის სურვილიც ექნება მას, ზუსტად იმ ზომით მიიღებს სიამოვნებას ტრაპეზისაგან. გამოდის, რომ გემრიელი კერძების სიმრავლე ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს ტრაპეზიდან სიამოვნების მიღებას, ზემოაღნიშნული მიზეზის გამო, „რამეთუ არ არსებობს შევსება სურვილის გარეშე“.
ამიტომ, იმისათვის, რათა შემქმნელის სინათლის ღირსი გავხდეთ, აუცილებელია სურვილი, სინაკლულის შეგრძნება, რომელიც გაწეული ძალისხმევის შედეგად ჩნდება. რაც უფრო მეტ ძალისხმვას ატანს ადამიანი და მოითხოვს შემქმნელს ყველაზე ძლიერი დაფარვის დროს, მით უფრო მძაფრად გრძნობს, რომ სჭირდება შემქმნელი, რათა მან თვალი აუხილოს და საშუალება მისცეს, რომ შემქმნელის გზით იაროს. და როდესაც მას უკვე აქვს ეს ქლი - სინაკლულის შეგრძნება, მაშინ როდესაც შემქმნელი მას დახმარებას უგზავნის ზემოდან, ადამიანმა უკვე იცის, თუ როგორ გაუფრთხილდეს ამ საჩუქარს. ამგვარად ძალისხმევა - ესაა ახორაიმ (უკანა მხარე) და როდესაც ადამიანი „უკანა მხარეს“ იძენს, მაშინ საშუალება ეძლევა გახდეს პანიმ–ის (წინა, პირის მხრის, შემქმნელის სახის გახსნის) ღირსი.
და ამის შესახებ ნათქვამია: „უგუნური არ მიისწრაფის გაგებისაკენ“, ესე იგი არ გრძნობს გარჯის აუცილებლობას გაგების მისაღწევად. გამოდის, რომ მას არ აქვს „უკანა მხარე“ და თავისთავად, არ შეუძლია პანიმის – შემქმნელის სახის გახსნის ღირსი გახდეს. და ამის შესახებ ნათქვამია: „ტანჯვის შესაბამისად – ანაზღაურება“. ესე იგი ტანჯვა, რომელსაც ძალისხმევა ჰქვია, ქმნის ადამიანში სურვილს, ქლის, რომლის მეშვეობითაც ის საზღაურის, ჯილდოს ღირსი ხდება. და რაც უფრო დიდი იქნება მისი ტანჯვა – მით უფრო დიდი სიხარულისა და სიამოვნების ღირსი გახდება.