112. სამი ანგელოზი
გაგონილია ვაერას კვირაში (1942 წლის ოქტომბერი)
უნდა გავიგოთ:
-
რატომ მოინახულა სამმა ანგელოზმა აბრაამი ბრით მილას (წინდაცვეთის) შემდეგ?
-
რატომ მოინახულა ის შემქმნელმა და რა უთხრა შეხვედრისას?
-
რატომ მიაქვს ავადმყოფის მომნახულებელს ავადმყოფობის ერთი მესამოცედი ნაწილი?
-
რატომ დაშორდა აბრაამი ლოტს?
-
რას ნიშნავს სდომისა და ამორას დამხობა?
-
რატომ ითხოვა აბრაამმა, რომ სდომი არ გაენადგურებიათ?
-
რატომ მოიხედა უკან ლოტის ცოლმა და რატომ გადაიქცა ის მარილის სვეტად?
-
რას გულისხმობდა შიმონისა და ლევის პასუხი შხემის მცხოვრებლების მიმართ წინდაცვეთის თაობაზე, როდესაც უთხრეს: „რადგან სამარცხვინო იქნება ეს ჩვენთვის“?
-
რას წარმოადგენს ის ორი განშორება, რომელიც ლოტისგან დარჩა და გამოსწორებულ იქნა დავითისა და შლომოს მეფობისას, და რომელიც ერთიმეორის საპირისპიროა?
ნებისმიერ სულიერ მდგომარეობაში განვასხვავებთ სამ შემადგენელს, კომპონენტს: სამყარო-წელი-სული. ამიტომ წინდაცვეთაშიც (ბრით მილა), რომელიც ადამიანსა და შემქმნელს შორის (ჩუჩის) კავშირს წარმოადგენს, აგრეთვე, სამი კომპონენტი არსებობს: სამყარო - წელი - სული. (საერთოდ შემქმნელთან ოთხი კავშირი არსებობს: თვალის კავშირი, ენის კავშირი, გულის კავშირი, კავშირი ჩუჩის, ე.ი. წინდაცვეთის კავშირი. და წინდაცვეთის კავშირი თავის თავში ყველა დანარჩენს მოიცავს.)
კანი, ჩუჩა - ეს ბხინა დალეთია, რომელიც აუცილებელია მოვაშოროთ თავისი ადგილიდან, რათა ფერფლის დონემდე დაეცეს, რაც აღნიშნავს მალხუთს, რომელიც თავის ადგილას, ე.ი. ფერფლის დონეზეა.
ეს ხდება იმის წყალობით, რომ პარცუფი აბა (მამა) იძლევა ლოვენს - თეთრ სინათლეს, რომელიც მალხუთს მისი ყველა 32 ბილიკიდან ქვემოთ, თავის ადგილას უშვებს, ქმნილების ყველაზე დაბალ ნაწილში. ამის შედეგად ყველა სფირა თეთრდება მალხუთის ავიუთისაგან მისი შეზღუდვის, სამართლის თვისების (მიდათ ჰადინ) გამო. ამ მალხუთის, ამ შეზღუდვის გამო მოხდა მსხვრევა. (შვირათ ქელიმ – ეკრანის, ჭურჭლების მსხვრევა).
შემდეგ კი პარცუფი იმა (დედა) იძლევა ოდემ-ს– წითელ სინათლეს, რისგანაც მალხუთი ღებულობს ბინას თვისებას, წოდებულს „მიწად“ (ადამა) და არა ფერფლად, რადგან მალხუთში ორ მდგომარეობას განასხვავებენ: ფერფლს და მიწას.
მიწა ეწოდება მალხუთს, რომელსაც ბინას თვისება გააჩნია. ასეთ მდგომარეობას ეწოდება მალხუთის ბინაში ასვლა, ანუ მალხუთის „დატკბობა“.
ფერფლი ეწოდება მალხუთს, რომელიც თავის ადგილზეა და ბინაში არ მაღლდება. ასეთ მდგომარეობას აგრეთვე სამართლის ( სიმკაცრის, შეზღუდვის) თვისება ეწოდება.
როდესაც აბრაამს უნდა ეშვა იცხაკი, რომელიც მთლიანად ისრაელის თვისებას წარმოადგენს, მას თავისი თავი წინდაცვეთის მეშვეობით უნდა განეწმინდა, რათა მთელი ისრაელი სიწმინდეში დაბადებულიყო (წმინდა არის ის, ვისაც გაცემის თვისება გააჩნია, წინდაცვეთა კი მიღების ეგოისტური სურვილების, კლიპოთ–ის ჩამოცილების სიმბოლოა).
ისევე როგორც ნებისმიერ მოქმედებაში, ბრით მილაშიც სამი შემადგენელი არსებობს: სამყარო-წელი-სული.
ბრით მილას სულის (ნეფეშ) დონეზე წინდაცვეთის კავშირი ეწოდება, რადგან ის ჩუჩას მოცილებასა და მის ფერფლის დონეზე გადაგდებას წარმოადგენს.
„სამყარო“ წინდაცვეთის კავშირში სდომისა და ამორას დამხობას (გადატრიალებას) ნიშნავს.
ლოტი ეწოდება სამყაროს სულთა ურთიერთჩართვას (სამყარო მრავალ სულთა ერთობლიობას წარმოადგენს). ხოლო წინდაცვეთის მოქმედებას სამყაროში „სდომის დამხობა“ ეწოდება. წინდაცვეთის ტკივილის განკურნებას ლოტის გადარჩენა ეწოდება. თვითონ ლოტი „დაწყევლილ მიწას“, ბხინა დალეთს (მეოთხე სტადია) აღნიშნავს.
უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ადამიანი შემქმნელთან შერწყმის ღირსი ხდება, ე.ი. როდესაც თავისი თვისებებით შემქმნელს ემსგავსება, მისი სურვილი მხოლოდ გაცემაა და არაფრის მიღება არ სურს საკუთარი თავისათვის. მაშინ ის მიდის მდგომარეობამდე, როდესაც აღარაფერი აქვს გასაკეთებელი, სამუშაო ადგილი აღარ გააჩნია. მას ხომ საკუთარი თავისათვის არაფერი სჭირდება, ხოლო რაც შეეხება შემქმნელს, ადამიანი ხედავს, რომ ის სრულყოფილია და არავითარი საჭიროება, სურვილი არ გააჩნია. ამ შემთხვევაში ადამიანი უმუშევრად თითქოს ერთ ადგილას იყინება და წინდაცვეთისაგან დიდ ტკივილს განიცდის, რადგან ბრით მილამ ზეგავლენა იქონია მის შესაძლებლობაზე ემუშავა.
წინდაცვეთა ხომ მიღების სურვილის მოცილებაა, რომელზეც ის უკვე აღარ ბატონობს, ამიტომ მას თავის მუშაობაში უკვე აღარაფრის დამატება აღარ შეუძლია. მაგრამ არსებობს გამოსწორება: მას შემდეგაც კი, რაც ადამიანი თავის ეგოისტურ სურვილებს წინდაიცვეთს, მოიშორებს, მასში მაინც რჩება ბხინა დალეთის ნაპერწკლები, რომლებიც ასევე გამოსწორებას ელიან. ისინი გამოსწორდებიან მხოლოდ გადლუთიდან – დიდი მდგომარეობიდან სინათლის მოზიდვით. ამიტომ ადამიანს მუშაობის შესაძლებლობა შემდეგაც გააჩნია.
ამიტომ მამა აბრაამი წინდაცვეთის შემდეგ ტკივილს განიცდიდა და შემქმნელი ეწვია მას მოსანახულებლად ანგელოზ რაფაელის სახით და განკურნა ის („რაფა–ელ“– განკურნა შემქმნელმა).
(სულ ოთხი ძირითადი ანგელოზი არსებობს; მიხაელი - მარჯვნიდან, გაბრიელი - მარცხნიდან, ურიელი - წინიდან, რაფაელი კი – უკნიდან, ანუ დასავლეთი, მალხუთის მხრიდან. და ის კურნავს მალხუთს ჩუჩის (ე.ი. მალხუთის ბოლო ნაწილის) მოცილების შემდეგ, რათა დამატებითი ადგილი შექმნას მუშაობისათვის.)
მეორე ანგელოზი კი იმისათვის მოვიდა, რომ სდომი დაემხო. რამდენადაც ჩუჩის მოშორებას „სულში“ (სამყარო-წელი-სულიდან) წინდაცვეთა ეწოდება, ხოლო „სამყაროში“ (სამყარო-წელი-სულიდან) – სდომის დამხობა, გადაბრუნება ეწოდება. ისევე, როგორც ჩუჩის მოშორების შემდეგ რჩება ტკივილი, რომლის განკურნებაც აუცილებელია, ასევე სდომის დამხობაც, გადაბრუნებაც იწვევს ტკივილს, რომელსაც „განშორებები’’ ეწოდება. მათ განკურნებას „ლოტის გადარჩენა“ ეწოდება და ეს განკურნება მომავალში „ორ კარგ განშორებას“ იწვევს.
მაგრამ ერთი შეხედვით ძნელი გასაგებია, როგორ შეიძლება განშორება კარგი იყოს? როგორც ზემოთ იყო მოხსენიებული, ჩუჩის მოცილებისას წარმოიშობა ტკივილი იმის გამო, რომ სულიერი მუშაობის საშუალება არ არსებობს. და ეს განშორებები, ანუ ბხინა დალეთიდან დარჩენილი ნაპერწკლები (ნიცოციმ) აძლევენ ადამიანს ადგილს მუშაობისათვის, რადგან მან უნდა გამოასწოროს ისინი.
გამოსწორება კი შეუძლებელია უკიდურესი ხორცის (ჩუჩის) მოშორების გარეშე, რადგან თავდაპირველად საჭიროა 288 ნაპერწკლის ამაღლება და გამოსწორება, ხოლო შემდეგ ასწორებენ 32 ნაპერწკალს, წოდებულს ლევ ჰაევენ – ქვის გული. ამიტომ თავდაპირველად ჩუჩა უნდა მოაცილონ ყველგან და ეს საიდუმლო (სოდ), ე.ი. მანამდე უცნობი უნდა იყოს, რომ ეს ნაპერწკლები რეშიმო–დ დარჩნენ. ამის შემდეგ ხდება გამოსწორება იესოდამდე. და ამაში მდგომარეობს წინდაცვეთის განკურნების, ე.ი. იესოდის შევსების საიდუმლოს (სოდ) აზრი, როდესაც სოდ-ზე ასო იუდის დამატებით საიდუმლოდან სოდ (סוד) ვიღებთ იესოდ–ს (יסוד).
ამიტომ იგივე ანგელოზი რაფაელი შემდეგ ლოტის საშველად მიდის და მიჰყავს „კარგ დაშორებებამდე“, რომელიც რუთს და ნაომის ე.ი. მოხას და ლიბას ეხება (მოხა–გონი, ლიბა–გული). „რუთ“ „ღირსეულს“ ნიშნავს, თუ ასო ალეფს არ წარმოვთქვამთ. „ნაომი“ კი აღნიშნავს „სასიამოვნოს“ - იმას, რაც გულს ეამება, შემდეგ კი დატკბობას (შემსუბუქებას, გამოსწორებას) იღებს დავითსა და შლომოში.
მაგრამ ამის წინ ანგელოზმა თქვა: „ნუ მოიხედავ უკან!“, რადგან „ლოტ“–ი აღნიშნავს ბხინა დალეთს, რომელიც აბრაამთანაა დაკავშირებული. მაგრამ მის უკან, ე.ი. ბხინა დალეთის უკან, სადაც მხოლოდ ბხინა დალეთი რჩება ბინას დატკბობის გარეშე. ეს წარმოადგენს ზღვის დიდ ურჩხულებს: ლევიათანს (ვეშაპი) და მის ცოლს. ამიტომ კლავენ ნუკვას (მდედრს) და „ამარილებენ“, რათა შეუნახონ ცადიკებს – მართლებს, რომლებიც მომავალში - ყველა გამოსწორების შემდეგ მოვლენ. აი, რატომ მიიხედა უკან ლოტის ცოლმა, როგორც ნათქვამია: „მიიხედა ლოტის ცოლმა და მარილის სვეტად იქცა“.
მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მისი მოკვლაა აუცილებელი, რასაც სდომის დამხობა, გადატრიალება ჰქვია. მაგრამ ლოტის გადარჩენაც საჭიროა, რასაც ლევიათანი ეწოდება (ლევიათანი აღნიშნავს ბხინა დალეთის შეერთებას აბრაამთან).
და ეს პასუხს სცემს მუდმივ კითხვას: როგორ შეეძლო ანგელოზს, რომელმაც აბრაამი განკურნა, ლოტიც გადაერჩინა? წესის თანახმად ერთ ანგელოზს არ ეძლევა ორი მისიის შესრულების ნება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ერთი მისიაა. ბხინა დალეთისაგან ხომ რეშიმო უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ისე, რომ ეს საიდუმლო ყოფილიყო. ე.ი. სანამ ადამიანი წინდაცვეთას არ გაიკეთებს, მან არაფერი არ უნდა იცოდეს ამის შესახებ, არამედ ბხინა დალეთი მოკვდინებული უნდა იქნეს. შემქმნელი კი ინახავს მას, „ამარილებს“ მომავალი ცადიკებისათვის – მართლებისათვის, და მაშინ სოდ (საიდუმლო) იესოდად იქცევა.
აქედან გასაგები ხდება აბრაამისა და ლოტის მიკნე-ს მწყემსებს შორის არსებული უთანხმოება (სიტყვა მიკნე საქონელსაც ნიშნავს და შენაძენსაც. ის იგივე ფესვიდანაა რაც სიტყვა ყიდვა. მიკნე-ში, შენაძენში - სულიერი შენაძენი იგულისხმება). აბრაამის შენაძენის დანიშნულება აბრაამის თვისების - ე.ი. ცოდნაზე ამაღლებული რწმენის გაზრდა იყო. გამოდის, რომ ამის მეშვეობით მას სურდა ცოდნაზე ამაღლებული რწმენით სვლისათვის საჭირო უფრო დიდი ძალები შეეძინა, ხედავდა რა, რომ სწორედ ცოდნაზე ამაღლებული რწმენის მეშვეობით შეიძლება ნებისმიერი შენაძენის მიღება.
ე.ი. მისთვის ეს შენაძენები იყო მაჩვენებელი იმის, რომ ის ჭეშმარიტი, ცოდნაზე ამაღლებული რწმენის გზით მიდის. და ამის დასტური ის არის, რომ მას ზემოდან სულიერ შენაძენებს აძლევენ. გამოდის, რომ ამ შენაძენთა დახმარებით ის ცდილობდა მხოლოდ ცოდნაზე ამაღლებული რწმენის გზით ეარა.
მაგრამ მას იმიტომ კი არ სურს ეს სულიერი შენაძენები, რომ ეს მნიშვნელოვანი სულიერი საფეხურია. ე.ი. მას შემქმნელის იმიტომ კი არ სწამს, რომ რწმენის მეშვეობით დიდ სულიერ წვდომას მიაღწიოს, არამედ იმისათვის, რათა მიღწეული სულიერი წვდომის წყალობით დარწმუნდეს, რომ სწორი გზით მიდის. გამოდის, რომ ყველა დიდი მდგომარეობის (გადლუთ) შემდეგ, მას სურს სწორედ რწმენის გზით იაროს, რადგან ხედავს, რომ მხოლოდ მაშინ აკეთებს ნამდვილად რაიმეს.
ლოტის მწყემსების მიზანი კი მხოლოდ სულიერი შენაძენების და მაღალი შეცნობის მიღწევა იყო, რასაც ლოტის თვისების გადიდება ჰქვია. ლოტს ეწოდება „დაწყევლილი მიწა“, ანუ მიღების სურვილი - ბხინა დალეთი, გონებაშიც და გულშიც. ამიტომ აბრაამმა უთხრა ლოტს: „გამეყარე!“, ე.ი. ბხინა დალეთი უნდა დაცილდეს მას სამივე კავშირში: სამყარო - წელი - სული.
და ეს არის წინდაცვეთა, ჩუჩის მოცილება, მოკვეთა.
ბხინა დალეთის, ჩუჩის მოცილებას „სულში“ წინდაცვეთა ეწოდება.
ჩუჩის მოცილებას „სამყაროში“ სდომის დამხობა, გადატრიალება ეწოდება.
ჩუჩის მოცილება „წელში“ - ეს მრავალი სულის ურთიერთჩართვაა, აღმნიშვნელი ლოტის თვისების, სიტყვისაგან „დაწყევლილი“, რომელსაც „დაწყევლილი მიწა“ ეწოდება, რის გამოც აბრაამს მისგან გაყრა სურდა.
მაგრამ ლოტი ჰარანის ვაჟი იყო, რაც აღნიშნავს ციმცუმ ბეთს–მეორე შეკვეცას, რომელსაც ჰქვია „მდინარე, რომელიც ედემიდან მოედინება ბაღის მოსარწყავად“. აგრეთვე არსებობს ცნება „მდინარის მეორე ნაპირი, მხარე“, რომელიც მდინარის მიღმაა, რაც ციმცუმ ალეფს – პირველ შეკვეცას აღნიშნავს. და არსებობს სხვაობა ციმცუმ ალეფსა და ციმცუმ ბეთს შორის, რადგან ციმცუმ ალეფში ყველა შეზღუდვა წმინდა სფირათა ქვემოთაა, როგორც გამოვიდნენ ისინი თავდაპირველად სამყაროთა გავრცელების თანმიმდევრობის მიხედვით. მაშინ, როდესაც ციმცუმ ბეთში შეზღუდვები სიწმინდის ადგილზე ავიდნენ და უკვე შეუძლიათ მასზე ჩაჭიდება. ამ თვალსაზრისით ისინი ციმცუმ ალეფზე უარესნი არიან და მეტად ვერ ვრცელდებიან.
ქნაანის მიწა ციმცუმ ბეთს წარმოადგენს, და ძალიან ცუდ თვისებებს აღნიშნავს, რადგან მათ შეუძლიათ რომ სიწმინდეს ჩაეჭიდონ. ამიტომ დაწერილია მათზე: „არ დარჩება იქ ცოცხალი არც ერთი სული“. ხოლო თვისება ლოტი ბხინა დალეთს წარმოადგენს და აუცილებელია მისი გადარჩენა. ამიტომ სამი ანგელოზი მოდის როგორც ერთი. პირველი - რათა დალოცოს თესლი, რომელიც მთლიანად ისრაელის ხალხს წარმოადგენს და მიგვანიშნებს თორის მცნებაზე „ინაყოფიერეთ და გამრავლდით“. და ეს თორის საიდუმლოებათა გამჟღავნებაა, რომელსაც ვაჟები (ბანიმ) ეწოდება სიტყვისაგან „გაგება“ (ჰავანა).
და ყოველივე ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ წინდაცვეთის გამოსწორების შედეგად. ამაშია შემქმნელის მიერ აბრაამისთვის ნათქვამის საიდუმლო აზრი: „როგორ დავუმალო აბრაამს, რის გაკეთებასაც ვაპირებ?“ (ბერეშით 18:17). აბრაამს ხომ ეშინოდა სდომის განადგურების, რადგან ჯავრობდა, რომ მიღების ყველა ქელიმს–ჭურჭლებს დაკარგავდა. და ამიტომ თქვა: „და თუ ამ ქალაქში არის 50 მართალი?“ - რამეთუ მთლიანი პარცუფი 50 საფეხურისაგან შედგება. შემდეგ კი იკითხა: „და თუ შეგროვდება იქ 45 მართალი?“ - ე.ი. ბხინა გიმელის (მესამე სტადიის) ავიუთი (სისქე), რომელიც წარმოადგენს „40“–ს და მასზე დამატებულ დალეთ დე-ჰითლაბშუთ –ს, ე.ი. ვაკ–ს, ნახევარ საფეხურს, ანუ 5 სფირას. და ა.შ. მანამ, სანამ არ იკითხა: „იქნებ 10 მართალი იყოს?“, ე.ი. მალხუთის დონე, რომელშიც მხოლოდ 10-ია. მაგრამ როდესაც მან ნახა, რომ მალხუთის დონესაც კი არ შეეძლო იქედან გამოსვლა, მაშინ აბრაამი უკვე დათანხმდა სდომის დანგრევას.
გამოდის, რომ, როდესაც შემქმნელი აბრაამს ეწვია, მან სდომზე ილოცა. და ამაზე წერია: „დავეშვები და ვნახავ, ნამდვილად იქცევიან თუ არა ისინი იმ ღაღადის შესაბამისად, რომელიც ჩემამდე აღწევს“. ე.ი. ყველა მიღების სურვილში იყო ჩაფლული. „მაშინ გათავდა- მორჩა! და თუ ასე არაა, მეცოდინება“. ესე იგი თუ მათში გაცემის თვისება იქნება, ის შეიტყობს ამას და შეაერთებს მათ სიწმინდესთან. მაგრამ ნახა რა აბრაამმა, რომ მათგან არაფერი კარგი არ გამოვიდოდა, დათანხმდა სდომის დანგრევაზე.
და ამაშია ლოტის აბრაამთან განშორების შესახებ დაწერილის აზრი; „ხოლო ლოტმა დაიმკვიდრა ხეობის ქალაქებში და თავისი კარვები სდომამდე გაშალა“, – ე.ი. იმ ადგილამდე, სადაც თვით სიამოვნების მიღების სურვილი ცხოვრობს, თუმცა ჯერ კიდევ ისრაელის მიწაზე.
ხოლო მდინარის მეორე მხარეს, ე.ი. ციმცუმ ალეფის მხარეს, ანუ იქ, სადაც ბხინა დალეთის მმართველობაა, არ არის მუშაობის საშუალება, რადგან იქ ბხინა დალეთი დომინირებს და ბატონობს. და მხოლოდ ისრაელის მიწაზე, ანუ ციმცუმ ბეთის ქვეშაა შესაძლო მთელი მუშაობა.
და ამაშია აბრაამის (ივრითულად აბრაჰამის) სახელის საიდუმლო: „შექმნილნი ასო ჰეი-თ“ (ბე-ჰეი-ბრაამ). ე.ი. ასო იუდ გაიყო ჰეი-ს ორ ასოდ: ქვემო ჰეი (მალხუთი) და ზემო ჰეი (ბინა), და აბრაამმა აიღო თავისთვის ქვემო ჰეი-ს ჩართვა ზემო ჰეი-ში.
აქედან კი გასაგები ხდება შიმონისა და ლევის ისტორია, რომლებმაც შხემის მცხოვრებლები მოატყუეს. რადგან შხემს დინა სურდა და რამდენადაც ყველა მისი განზრახვა მიღების სურვილიდან გამომდინარეობდა, მათ უთხრეს, რომ შხემის ყველა მცხოვრებს წინდაცვეთა უნდა გაეკეთებია, ე.ი. თავიანთი მიღების ქელიმი გაეუქმებია. მაგრამ რადგან მათ მხოლოდ მიღების განზრახვა გააჩნდათ, გამოდის, რომ ამ წინდაცვეთის შედეგად ისინი მოკვდნენ, მათ ხომ მიღების სურვილი დაკარგეს და ეს მათთვის სიკვდილის ტოლფასი იყო.
გამოდის, რომ შხემის მცხოვრებლებმა პრინციპში თავი მოიტყუეს, მათი ერთადერთი განზრახვა ხომ შიმონისა და ლევის დის, დინას ხელში ჩაგდება იყო. ისინი კი ფიქრობდნენ, რომ დინას მიღება ეგოისტურ ქელიმში შეეძლოთ. მაგრამ როდესაც წინდაცვეთა უკვე გაიკეთეს და დინას მიღება მოინდომეს, გაირკვა, რომ მხოლოდ გაცემის ქელიმი შეეძლოთ გამოეყენებიათ, ხოლო მიღების ქელიმი მათ უკვე დაკარგული ჰქონდათ წინდაცვეთის შედეგად. მათ გაცემის ნაპერწკლები არ გააჩნდათ, რადგან შხემი ხამორის ვაჟი იყო, ხოლო ხამორს მიღების ქელიმის გარდა არაფერი გაეგებოდა. ამიტომ ვერ შეძლეს მათ დინას გაცემის ქელიმში მიღება, რაც მათ ფესვს ეწინააღმდეგებოდა. მათი ფესვი ხომ მხოლოდ ხამორი, მიღების სურვილი იყო, და საბოლოოდ ორივე მხრიდან ხელმოცარულები დარჩნენ. ამიტომაა ნათქვამი, რომ შიმონმა და ლევიმ ისინი დაღუპვამდე მიიყვანეს, თუმცა დამნაშავე ამაში თვითონვე არიან და არა შიმონი და ლევი.
და ამის შესახებ უთქვამთ ბრძენთ: „თუ ამ უღირსმა გაწყენინა - წაათრიე ის ბეით-ჰამიდრაშში (სასწავლებელში)“. მაგრამ რას ნიშნავს „წყენინება?“ თითქოსდა ყოველთვის არ არის ეს უღირსი - მიღების ეგოისტური სურვილი. მაგრამ ყველა როდი მიიჩნევს თავის მიღების სურვილს გარეწრად. ხოლო თუ ადამიანი თავისი ეგოიზმის უღირსობას გრძნობს, მაშინ მას მისი თავიდან მოცილება სურს, როგორც ნათქვამია: „ადამიანმა ყოველთვის უნდა გააღიზიანოს თავისი კეთილი საწყისი მის ბოროტ საწყისზე, თუ გაიმარჯვებს–კარგია, თუ არა–თორა ისწავლოს, თუ მაინც არა – კრიათ შმა (ლოცვა „ისმინე ისრაელო“) წარმოთქვას და თუ მაინც ვერ დაამარცხებს – სიკვდილის დღე შეახსენოს.“
გამოდის, რომ სამი რჩევა აქვს ერთდროულად, და არც ერთ მათგანს დანარჩენის გარეშე სისრულე არ გააჩნია. და ეს პასუხობს ცნობილ კითხვას, თუ რატომ მიიჩნევს გმარა, რომ თუ ადამიანს პირველი რჩევა, ანუ ნაძირალას ბეით მიდრაშში (სასწავლებელში) მოთრევა არ შველის, მან კრიათ შმა (ლოცვა „ისმინე ისრაელო“) უნდა წარმოთქვას. და თუ ესეც არ შველის, მას სიკვდილის დღე შეახსენოს. მაშინ რაღა საჭიროა პირველი ორი რჩევა, თუ მაინც ვერ ეხმარება? რატომ თავიდანვე არ ხმარობს ბოლო რჩევას, ე.ი. მას სიკვდილის დღეს არ ახსენებს? და ამის შესახებ ხსნის, რომ ერთ რჩევას არ შეუძლია დახმარება, არამედ აუცილებელია სამივე ერთად:
-
ბეით მიდრაშში მოთრევა, რაც თორას ნიშნავს.
-
კრიათ შმას (ლოცვის „ისმინე ისრაელო“) თქმა, რაც შემქმნელს და მასთან შერწყმას აღნიშნავს.
-
სიკვდილის დღის შეხსენება - ნიშნავს თავდადებას, ანუ ისრაელს რომლსაც ამსგავსებენ მტრედს, რომელიც თვითონვე იღერებს კისერს (სამსხვერპლო დანის წინაშე).
ე.ი. ეს სამივე რჩევა გაერთიანებულია ერთ საერთო წესში, რომელსაც ეწოდება: „თორა, ისრაელი და შემქმნელი - ერთია“.
თორასა და კრიათ შმას ლოცვასთან დაკავშირებით დახმარების მიღება მასწავლებლისაგან შეიძლება. მაგრამ გახდე ისრაელი, რაც წინდაცვეთის, თავგანწირვის საიდუმლოებას წარმოადგენს, მხოლოდ თვით ადამიანის მუშაობის შედეგადაა შესაძლებელი. და თუმცა ამაში ადამიანს ზემოდანაც ეხმარებიან, როგორც ნათქვამია: „და დაამყარა მასთან კავშირი“, რაც იმას ნიშნავს, რომ თუმცა შემქმნელი ეხმარება ადამიანს, ამ საქმის დაწყება თვით ადამიანზეა დამოკიდებული. და ამაზეა ნათქვამი „სიკვდილის დღე შეახსენოს“–ო. და ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ და არ დაივიწყონ, რადგან ესაა ადამიანის ძირითადი სამუშაო.
ხოლო რეშიმოთ–ი, რომელიც უნდა დავტოვოთ ლოტის გადარჩენის შემდეგ, მიეკუთვნება „ორ კარგ განშორებას“, რომელიც ჰამანსა და მორდეხაის ეხება, რადგან მორდეხაის, რომელსაც მხოლოდ გაცემა სურს, საერთოდ არ სჭირდება დიდი მდგომარეობის სინათლე მიიზიდოს. ჰამანის წყალობით კი, რომელსაც სურს მთელი სინათლე ჩანთქას, ადამიანში დიდი მდგომარეობის სინათლეების მოზიდვის სურვილი იღვიძებს. მაგრამ, როდესაც ის უკვე მიიზიდავს ამ სინათლეებს, არ შეიძლება მათი ჰამანის მიღების სურვილში (ქელიმში) მიღება, არამედ მხოლოდ გაცემის ქელიმში. და ამაში მდგომარეობს მეფის ნათქვამის აზრი ჰამანის მიმართ: „და გაუკეთე ასე ებრაელ მორდეხაის“, რაც აღნიშნავს ჰამანის სინათლეებს, რომლებიც მორდეხაის ქელიმში ანათებენ.