<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / შაბათით ტკბობა

125. შაბათით  ტკბობა

გაგონილია 8 სივანს (1949 წლის 15 ივნისს) იერუსალიმში

ყველა, ვინც შაბათით ტკბება, უსაზღვრო მემკვიდრეობას იღებს, როგორც ნათქვამია „მაშინ ინეტარებ შემქმნელში, დედამიწის მაღლობებზე დაგსვამ და იაკობის, მამაშენის, მემკვიდრეობით გამოგკვებავ“ (ესაია). და ეს განსხვავებით აბრაამისა, რომელზეც წერია: „ადექი და კიდით კიდემდე მოიარე  ეს ქვეყანა“ და განსხვავებით ისააკისა, რომელზეც წერია: „მთელი ეს ქვეყანა შენთვის და შენი მოდგმისათვის მომიცია“,  არამედ მსგავსად იაკობისა, რომელზეც წერია: „განივრცობი დასავლეთისაკენ და აღმოსავლეთისაკენ, ჩრდილოეთისაკენ და სამხრეთისაკენ“. 

პირდაპირი მნიშვნელობით ეს რთული გასაგებია, ნუთუ თითოეულ ისრაელს მთელ სამყაროს, ანუ უსაზღვრო მემკვიდრეობას უბოძებენ?

და ამას ბრძენთა მიერ ნათქვამი უნდა წავუმძღვაროთ: „მომავალში შემქმნელი ამოიღებს მზეს თავისი ბუდიდან და დაბინდავს და გაასამართლებს ის ყველა ცოდვილს, ხოლო მართალნი განიკურნებიან მისი წყალობით, თანახმად ნათქვამისა: „რადგან აჰა, მოდის დღე, ღუმელივით ავარვარებული და ყველა ამპარტავანი და ავისმოქმედი ჩალასავით გახდება და დაწვავს მათ მომავალი დღე, ამბობს ყოვლისშემძლე შემქმნელი, ისე რომ არ შეარჩენს, არც ფესვს ამქვეყნად და არც ტოტს მომავალ სამყაროში (მალაქია წინასწარმეტყველი). 

მართალნი იკურნებიან მისით, როგორც ნათქვამია: „ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე წყალობისა და განკურნება იქნება მის ფრთებზე, და ამასთანავე დატკბებიან მისით“. (ავოდა ზარა 3, 2).

და უნდა გავერკვეთ ბრძენთა მიერ გადმოცემულ გამოცანაში:  რა არის მზე და რა არის მისი ბუდე, სავანე და საიდან ჩნდება ეს ურთიერთწინააღმდეგობა? რა არის  „ფესვი ამ სამყაროში და ტოტი მომავალ სამყაროში“? და რატომ არის ნათქვამი: „და ამასთანავე დატკბებიან მისით“? რატომ არ არის უბრალოდ ნათქვამი: „იკურნებიან და ტკბებიან მისით“? რატომ არის ნათქვამი: „და ამასთანავე“?

და ეს ირკვევა ბრძენთა სიტყვებიდან:  „ისრაელნი ათვლას მთვარის მიხედვით აწარმოებენ, ხოლო მსოფლიოს ხალხები - მზის მიხედვით“ (სუქა 29).  საქმე იმაშია, რომ მზის სინათლე წარმოადგენს უფრო ნათელი ცოდნის სიმბოლოს, როგორც ამბობენ „მზესავით (დღესავით) ნათელიაო“. ხოლო მსოფლიოს სხვა ხალხებმა, არ მიიღეს თორა და მცნებები, როგორც წერია, რომ დაბრუნდა შემქმნელი მას შემდეგ, რაც ყველა ერს ჩამოუარა (და თორის მიღება შესთავაზა), იმიტომ რომ არ სურდათ მათ თორის სინათლით ტკბობა, რასაც ეწოდება მთვარე, რომელიც შემქმნელის, ანუ მზის ყოვლისმომცველ სინათლეს იღებს. და ამასთან ერთად მათ აქვთ მისწრაფება და სურვილი გამოიკვლიონ შემქმნელი და შეიცნონ ის.

ისრაელი კი ათვლას აწარმოებს  მთვარის მიხედვით, რომელიც თორას და მცნებებს აღნიშნავს და რომელშიც შემქმნელის, მზის სინათლეა შემოსილი. ამიტომ თორა შემქმნელის სამოსი, მისი სავანეა. და ნათქვამია  წიგნ ზოჰარში: „თორა და შემქმნელი ერთია“. ანუ შემქმნელის სინათლე თორითა და მცნებებითაა შემოსილი და ის და მისი სავანე, ბუდე ერთ მთლიანობას წარმოადგენს. და ამიტომ  აწარმოებს ისრაელი ათვლას მთვარის მიხედვით, ავსებს რა საკუთარ თავს თორით და მცნებებით, და თავისთავად შემქმნელის ღირსიც ხდება, მაშინ როცა, სხვა ხალხები არ იცავენ თორას და მცნებებს ანუ არ იცავენ  შემქმნელის სავანეს, ბუდეს და ამიტომ მზის სინათლეც კი არ აქვთ. 

და ამაშია სიტყვების აზრი: „მომავალში  შემქმნელი ამოიღებს მზეს თავისი ბუდიდან, სავანიდან“.  და ნათქვამია, „შხინა (შემქმნელის ღვთაებრივი გამოვლინება) ქმნილებებში მაღალი აუცილებლობაა“, რადგან შემქმნელს სწყურია და სწადს ეს. სწორედ ამაშია "სამყაროს შექმნის ექვსი დღის" საიდუმლოება, ანუ მუშაობა თორაზე და მცნებებზე, ვინაიდან, „ყოველივე რაც შემქმნელმა შექმნა - თავისთვის შექმნა“. ასევე ყოველდღიური სამუშაოც შემქმნელის ნამუშევარია, როგორც წერია: „სიცარიელისათვის არ შექმნა მან დედამიწა, არამედ  დასასახლებლად“ და ამიტომ ეწოდება მას, ბუდე, სავანე. 

ხოლო შაბათი - ეს მზის სინათლეა, მარადიული სიცოცხლის დასვენების დღე. მაშასადამე შემქმნელმა  სამყარო ორ საფეხურად შექმნა:  

  1. როდესაც გაიხსნება მისი შხინა თორის და მცნებების წყალობით "შექმნის ექვსი დღის" განმავლობაში. 

  2. როდესაც გაიხსნება მისი შხინა ამ სამყაროში  თორის და მცნებების გარეშე.

და ამაში მდგომარეობს „ბეითო-ახიშენა“-ს საიდუმლოება (ბეითო - თავის დროზე. ახიშენა - დროის დაჩქარებით, წინსწრებით). თუ ღირსი გახდებიან - წინ გაუსწრებენ დროს, ანუ შემქმნელის გახსნას თორისა და მცნებების მეშვეობით შეძლებენ, ხოლო ვინც  ვერ გახდება ღირსი - „თავის დროზე“ მიაღწევს ამას, იმიტომ რომ ქმნილების განვითარება უზომო ტანჯვის ზეწოლის ქვეშ ბოლოს და ბოლოს მიაღწევს თავის დასასრულს და კაცობრიობას ხსნას მოუტანს და დაამკვიდრებს შემქმნელი თავის შხინას (გამოვლინდება) ქმნილებებში.  და ამას ჰქვია ბეითო - თავის დროზე, ანუ ბუნებრივი გზით განვითარების შედეგად.