113. ლოცვა „შმონა - ესრე“
(თვრამეტი
ლოცვა,
კურთხევა)
გაგონილია
15
კისლევს,
შაბათს
ლოცვაში „შმონა-ესრე“ ნათქვამია, რომ შემქმნელს ესმის ისრაელის თითოეული შვილის ლოცვა მოწყალებაზე. და გაუგებარია, რადგან თავიდან ნათქვამია, რომ შემქმნელს ყველას ლოცვა ესმის, იმისიც კი, ვისი მოსმენაც არასასურველია. ხოლო შემდეგ ამბობს, რომ შემქმნელს ესმის ისრაელის თითოეული შვილის ლოცვა მოწყალებაზე. ე.ი. მას მხოლოდ მოწყალებისათვის ლოცვა ესმის, სხვა ლოცვა კი – არა.
და აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მთელი ის სიმძიმე, რომელსაც ადამიანი მის სულიერ მუშაობაში გრძნობს, იმ ურთიერთგამომრიცხავი წინააღმდეგობებითაა გამოწვეული, რომელიც მას ყოველ ნაბიჯზე ხვდება. მაგალითად, არსებობს წესი, რომ ადამიანი მდაბალი, უბადრუკი უნდა იყოს, მაგრამ თუ ის ამ უკიდურესობას მიყვება, თუმცა ბრძენთაგან ნათქვამია; „იყავი ზედმიწევნით თავმდაბალი“, ამისდა მიუხედავად, ეს უკიდურესობა კანონს არ წარმოადგენს, რადგან ცნობილია, რომ ადამიანი მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ უნდა წავიდეს და არ დანებდეს მსოფლიოში არსებულ აზრთა სიმრავლეს. როგორც წერია: „და სიამაყით აღივსოს გული მისი შემქმნელის გზაზე“. და თუ ასეა, მაშინ ამას არ შეიძლება წესი ვუწოდოთ და არ შეიძლება ითქვას, რომ ის სრულყოფილია.
და თუ მეორე უკიდურესობას, ანუ ამპარტავნებას მივყვებით - არც ესაა კარგი, რადგან „ყველა ამპარტავანს,- თქვა შემქმნელმა, მე და მას არ შეგვიძლია ერთ ადგილას ვიარსებოთ“. ასევე ვხედავთ დაპირისპირებას ტანჯვასთან მიმართებაში. თუ შემქმნელი ვინმეს ტანჯვას უგზავნის, რადგან უნდა გვჯეროდეს, რომ შემქმნელი კეთილი და მოწყალეა, მაშასადამე გამოდის, რომ ეს ტანჯვა, რომელიც შემქმნელმა ადამიანს გამოუგზავნა, მის სასარგებლოდაა. მაშინ რატომღა ვლოცულობთ, რომ მან ეს ტანჯვა აგვარიდოს?
და საჭიროა ვიცოდეთ, რომ ტანჯვა ადამიანს ეძლევა მხოლოდ და მხოლოდ მისივე გამოსასწორებლად, რათა მზად იყოს შემქმნელის სინათლე მიიღოს. ტანჯვის დანიშნულება სხეულის განწმენდაა, როგორც ბრძენთ უთქვამთ: „როგორც მარილი ატკბობს ხორცს, ასევე ტანჯვა განწმენდს სხეულს“. ხოლო ლოცვა იმისათვის დააწესეს, რათა ტანჯვა შეეცვალა, რადგან ისიც განწმენდს სხეულს. ლოცვას თორის გზა ეწოდება და ამიტომ ის უფრო ეფექტურია სხეულის დასატკბობად (ადამიანის ეგოიზმისაგან განსაწმენდად), ვიდრე ტანჯვა. ამიტომ ადამიანი ვალდებულია ილოცოს, რადგან ამას სიკეთე მოაქვს პირადად მისთვის და საერთოდ ყველასათვის.
წინააღმდეგობები იწვევს სიმძიმესა და პაუზებს სულიერ მუშაობაში, როდესაც ადამიანი ცუდად გრძნობს თავს და მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლია. მას ეჩვენება, რომ ის ღირსი არაა თავის თავზე შემქმნელისათვის მუშაობის ტვირთი იზიდოს, მსგავსად ნათქვამისა: “როგორც ხარი უღლის და ვირი საპალნის ქვეშ". და ასეთ დროს მას „არასასურველი“ ჰქვია. მაგრამ მისი ერთადერთი განზრახვა რწმენის, ანუ მალხუთის თვისების მიღწევაა, ე.ი. მას სურს შხინა ფერფლიდან წამოაყენოს, რაც სამყაროში შემქმნელის სახელის განდიდებას, შემქმნელის სიდიადის ზრდას ნიშნავს. მას სურს დაიხსნას წმინდა შხინა სიღარიბისა და სიღატაკის მდგომარეობისაგან. მაშინ შემქმნელს ყველას ლოცვა ესმის, იმისიც კი, ვინც არასასურველია, ანუ იმისი, ვინც თვითონ გრძნობს, რომ ჯერ კიდევ შორსაა სულიერი მუშაობისაგან.
და ამას ჰქვია, რომ შემქმნელს ყველას ლოცვა ესმის. როდის ესმის მას ყოველი ადამიანის? იმ დროს, როდესაც ისრაელის ხალხი მოწყალებაზე ლოცულობს. ე.ი. უბრალო მოწყალებაზე, როდესაც ადამიანი შხინის ფერფლიდან წამოყენებისათვის - რწმენის შეძენისათვის ლოცულობს. ეს წააგავს ადამიანს, რომელსაც სამი დღე არ უჭამია და როდესაც თხოვს ვინმეს, რომ მას რაიმე საჭმელი მისცენ, ბუნებრივია, რომ ზედმეტს არაფერს ითხოვს, არამედ მხოლოდ იმას, რაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად სჭირდება.
და ასევეა შემქმნელისათვის მუშაობაში, - როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ ის ცასა და მიწას შორისაა გამოკიდებული, ის არაფერ ზედმეტს არ სთხოვს შემქმნელს, არამედ მხოლოდ რწმენის სინათლეს, რომ შემქმნელმა გაუხილოს თვალები და დაეხმაროს მას რწმენის შეძენაში. ამას ეწოდება შხინის ფერფლიდან წამოყენება და ასეთი ლოცვა ყველასაგან მიიღება, მიუხედავად ადამიანის მდგომარეობისა. თუ ის რწმენას სულის გადასარჩენად ითხოვს, - მისი ლოცვა მიიღება.
ამას ეწოდება წყალობის თხოვნა, ის ხომ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის ლოცულობს, რომ ზემოთ შეიბრალონ და სიცოცხლის შენარჩუნების საშუალება მისცენ. ამიტომ ზოჰარში წერია, რომ საბრალოს ლოცვა, ე.ი. წმინდა შხინისათვის ლოცვა მყისვე მიიღება.