98. სულიერება ეწოდება იმას რაც არასოდეს გაქრება
გაგონილია 1948 წ.
სულიერება ეწოდება იმას, რაც არასოდეს გაქრება. ამიტომ სიამოვნების მიღების სურვილს მისი ნამდვილი სახით, ანუ საკუთარი თავისათვის მიღების განზრახვით, მატერიალური სამყარო ეწოდება, რადგან ის დაკარგავს ამ ფორმას და შეიძენს ახალ, გაცემის ფორმას.
ადგილის რეალობა სულიერში რეალობის ადგილით განისაზღვრება, რადგან ყველა, ვინც იქ, ამ ადგილას მიდის, ერთი და იგივე სურათს ხედავს. ამისაგან განსხვავებით წარმოსახვის ნაყოფს არ ეწოდება რეალური ადგილი, რადგან ის წარმოადგენს ფანტაზიას, რომლის შესახებაც ყველას თავისი წარმოდგენა გააჩნია.
და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ თორას 70 სახე გააჩნია, ეს 70 საფეხურზე მიგვითითებს. ყოველ საფეხურზე თორა იმ საფეხურის თანახმად იხსნება, რომელზეც ადამიანი იმყოფება. ხოლო სამყარო - ეს რეალობაა და ყველა, ვინც სამყაროში არსებული 70 საფეხურიდან ერთერთზე ადის, ისევე აღიქვამს მას, როგორც ყველა სხვა, ვინც იმავე საფეხურს აღწევს.
კაბალისტურ წიგნებში ზოგჯერ გვხვდება თორის ფრაზების კომენტარები, რომლებშიც მაგალითად ნათქვამია: „ასე ეუბნებოდა აბრაამი იცხაკს“. ისინი მოგვითხრობენ იმის შესახებ, თუ რა ითქვა მაშინ და განმარტავენ მაშინდელ ნათქვამს. იბადება კითხვა: საიდან იცოდნენ მათ, რას ეუბნებოდნენ ისინი ერთიმეორეს?
მათთვის ეს ცნობილი იყო იმიტომ, რომ ის ვინც აბრაამის ან ვინმე სხვის მიერ მიღწეულ საფეხურს აღწევს, ხედავს და იცის ის, რასაც აბრაამი ხედავდა და იცოდა. ამიტომ მათ იციან, თუ რა თქვა აბრაამმა.
აი, რატომ ხსნიდნენ ბრძენები ფრაზებს თორიდან, – იმიტომ, რომ მათაც შეიცნეს ის საფეხური. ხოლო ნებისმიერი საფეხური სულიერებაში წარმოადგენს რეალობას, რომელსაც ყველა ხედავს. მსგავსად მათი, ვინც ინგლისში, ქალაქ ლონდონში ჩადის, ხედავს იმას, რაც ამ ქალაქშია და ესმის ის რაზეც იქ საუბრობენ.