122. განმარტება „შულხან არუხ“–ზე
გაგონილია ნიცავიმ–ის (თორის კვირეული თავი)
შაბათ საღამოს, 22 ელულს (1942 წლის 4 სექტემბერი)
საჭიროა გავერკვეთ რაზეა ლაპარაკი „შულხან არუხში“, სადაც ნათქვამია, რომ ადამიანი უნდა დაუბრუნდეს „საშინელი დღეების“ (დღეები როშ ჰაშანას დღესასწაულსა და ქიფურის დღესასწაულს შორის) ლოცვების კითხვას, რადგან როცა ლოცვის დრო მოვა, ის უკვე მოხუცი (გამოცდილი, გაწაფული) და ლოცვას ჩვეული იქნება.
საქმე იმაშია, რომ ლოცვა გულში უნდა იყოს, რაც გულში მუშაობის საიდუმლოებას წარმოადგენს. ანუ გული უნდა დაეთანხმოს წარმოთქმულ სიტყვებს (წინააღმდეგ შემთხვევაში ამას თაღლითობა ეწოდება და ლოცვა გულწრფელი არ არის, რადგან ადამიანი გულით არ გრძნობს იმას, რასაც ამბობს). ამიტომ ელულის თვეში ადამიანმა თავი უდიდეს სამუშაოს უნდა მიაჩვიოს. მთავარი ისაა, რომ შეძლოს სთხოვოს შემქმნელს: „ჩაგვწერე სიცოცხლის წიგნში“ და რომ მის ამ სიტყვებს გულიც დაეთანხმოს, რათა ეს თვალთმაქცობად არ იქცეს და გული და სიტყვები ერთი იყოს. ადამიანი ხომ იმას ხედავს, რასაც მისი თვალები ხედავენ, ხოლო შემქმნელი – იმას რაც გულებში ხდება.
და ადამიანი სთხოვს შემქმნელს, რომ მას სიცოცხლე მიუსაჯოს, სიცოცხლე კი მისთვის სიცოცხლის წყაროსთან – შემქმნელთან შერწყმაა. და ეს სწორედ იმით მიიღწევა, რომ ადამიანი მზადაა, რომ მხოლოდ გაცემისთვის იმუშავოს და არ იყოს მასში საკუთარი თავისათვის სიამოვნების მინიჭების არავითარი განზრახვა.
და როდესაც ადამიანი იგრძნობს იმას, რასაც ამბობს, გულს შეიძლება შეეშინდეს, რომ ლოცვა შეიძლება მართლაცდა შესმენილ იქნას და მას აღარ დარჩება სურვილები საკუთარი თავისათვის (სიამოვნების მისანიჭებლად). და მას ეჩვენება, რომ ყველა ამქვეყნიურ სიამოვნებას, ყველა თავის მეგობარს, ოჯახის წევრს, მთელ თავის ქონებას ტოვებს და მიდის უდაბნოში, სადაც არაფერია ველური ცხოველების გარდა. და ვერავინ ვერაფერს შეიტყობს მის და მისი არსებობის შესახებ. მას ეჩვენება, რომ ერთბაშად კარგავს მთელ თავის სამყაროს, სიცოცხლითა და სიხარულით სავსეს, თითქოს კვდება ამ სამყაროსათვის. და როდესაც ეს სურათი წარმოუდგება, ის გრძნობს, რომ თითქოს ჭკუიდან შეიშალა. ხანდახან ბოროტი საწყისიც (სიტრა ახრა) ეხმარება მას ამ მდგომარეობის შავ ტონებში დახატვაში და მისი სხეული წიხლს ჰკრავს ამ ლოცვას. გამოდის, რომ მისი ლოცვა არ შეიძლება შესმენილი იყოს, ვინაიდან მას თვითონ არ სურს ეს.
ამიტომ საჭიროა ლოცვისათვის მომზადება. ადამიანმა უნდა მიაჩვიოს თავი ისეთ ლოცვას, რომ მისი პირი და გული ერთი იყოს. ხოლო ჩვევის წყალობით გული შეიძლება დათანხმდეს და შეეგუოს იმ აზრს, რომ მიღება - (შემქმნელისაგან) დაშორების ტოლფასია, ხოლო ცხოვრებაში მთავარი სიცოცხლის წყაროსთან–შემქმნელთან, გაცემის თვისებასთან შერწყმაა. და საჭიროა ძალისხმევა ჩავდოთ მალხუთში, რასაც მელნით „დაწერა“ ეწოდება და მელანსა და გამთენიის ბინდს წარმოადგენს, ანუ როცა ადამიანს არ სურს, რომ მისი სამუშაო იყოს მსგავსი სახელებისა „ლივნი და შიმი“, ანუ ნათელი და გასაგები. ე.ი. მან თორითა და მცნებებით მხოლოდ მაშინ კი არ უნდა იხელმძღვანელოს, როცა ნათელია, არამედ ყოველთვის და უპირობოდ, თანაბრად სინათლესა თუ სიბნელეში. განსხვავება არ გააკეთოს თეთრსა და შავს შორის, რათა ნებისმიერ შემთხვევაში შეასრულოს თორისა და მცნებების მოთხოვნები.