97. კალოსა და მეღვინეობის (მარანის) ნარჩენები-2
„კალო“ (გორენ) სულიერებაში კეთილი საქმეების შემცირებას ნიშნავს, როდესაც ადამიანი სინაკლულეს გრძნობს შემქმნელთან მუშაობაში. ამიტომ ის ამცირებს თავის კეთილ მოქმედებებს. შემდეგ ის „მეღვინეობის“ (იეკევ) მდგომარეობას აღწევს, რაც შემქმნელის სახელის დაგმობას ნიშნავს.
სუქოთი ნიშნავს სიხარულს, გვუროთ–ს, რომელსაც სიხარული მოაქვს. ეს არის სიყვარულით დაბრუნების (თშუვა მეაჰავა) საიდუმლოება, როდესაც ადამიანის განზრახული ცოდვები დამსახურებებად იქცევიან. და მაშინ „კალოც“ და „მარანიც“ კი ერთვებიან სიწმინდეში. ამიტომ სუქოთის ძირითადი თვისება იცხაკია (ისააკი) (მარცხენა ხაზი), და ყველა მასშია ჩართული. (ხოლო ფესახის ძირითადი თვისება სიყვარული, ანუ მარჯვენა ხაზია). ამიტომ წერია, რომ აბრაამმა შვა იცხაკი (ისააკი).
მამა და შვილი ხომ გამომწვევი და გამოწვეული, მიზეზი და შედეგია. რამეთუ თავიდან „აბრაამი“ რომ არ ყოფილიყო, რომელიც მარჯვენა ხაზის საიდუმლოებას წარმოადგენს, შეუძლებელი იქნებოდა „იცხაკის“ თვისებასთან მისვლა, რომელიც მარცხენა ხაზის საიდუმლოებას წარმოადგენს, მაგრამ მარცხენა ხაზი მარჯვენაში ერთვება. ამიტომაც არის ნათქვამი: „და შენ მამა ხარ ჩვენი“, ვინაიდან აბრაამმა თქვა: „წაშლიან სიწმინდეს სახელისა შენისა“ (ბრალდებაზე: „ცოდვები შვილებისა შენისა“). და იგივე თქვა იაკობმა. ეს ნიშნავს, რომ დანაშაულებები წაშლიან სახელის სიწმინდეს, და თუ გამოუსწორებელი დარჩებიან, მაშინ ნაპრალს ქმნიან.
ესე იგი დანაშაულებები ისრაელის ხალხს შორის ნაპრალს ქმნიან სიწმინდეში.
მაგრამ იცხაკი ასე პასუხობს ამ ბრალდებაზე: „ნახევარი - ჩემზეა, ნახევარი - შენზე“, ესე იგი დანაშაულებათა ნაწილი და კეთილ საქმეთა ნაწილი - ერთიც და მეორეც სიწმინდეში შევა. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ სიყვარულით დაბრუნების (თშუვა მეაჰავა) წყალობით, როდესაც მისი დანაშაულებები დამსახურებებად იქცევიან. და მაშინ არავითარი ნაპრალი, გარღვევა არ წარმოიქმნება, როგორც ნათქვამია: „არ იყოს არც ნაპრალი (ზარალი, დანაკლისი) და არც გოდება“ (ფსალმუნი 144), არამედ ყველაფერი გამოსწორებული და შეყვანილი იქნება სიწმინდეში.
და ამაშია ბრძენთა მიერ ნათქვამის არსი: „იცხაკის ნაგავი და ჯორები (რაც ასევე განშორებებს ნიშნავს, რადგან სიტყვა ჯორს – „პერედ“ ივრითულში იგივე ფესვი გააჩნია რაც სიტყვა განშორებას – „პრედა“) უფრო დიდებულია, ვიდრე ავიმელეხის ვერცხლი და ოქრო“. ნაგავი ეწოდება რაღაც უმნიშვნელოს, რასაც არავითარი ფასეულობა არ გააჩნია. ესე იგი ადამიანი შემქმნელისადმი თავის მონობას აღიქვამს როგორც რაიმე უსარგებლოს, უვარგისს, ნაგვის ტოლფასს და შემდეგ ის შორდება მას. ის არაფრად აგდებს თავის სამუშაოს და ამიტომ შორდება შემქმნელს. ამას ეწოდება „იცხაკის ნაგავი და ჯორები (განშორებები)“. და ვინაიდანაც იცხაკმა ყველაფერი სიყვარულით დაბრუნების მეშვეობით გამოასწორა, გადააქცია რა ყველა თავისი დანაშაული დამსახურებებად, მოგება, რომელიც მან ამ ნაგვისა და განშორებების წყალობით მიიღო უფრო დიდი იყო ვიდრე ავიმელეხის მთელი ვერცხლი და ოქრო.
ვერცხლი (ქესეფ) შემქნელისკენ სწრაფვას (ქისუფინ) ნიშნავს, ხოლო ოქრო (ზაჰავ) - სიტყვისაგან „მომეცი ეს“ (ზე-ჰავ), რაც თორისაკენ, ესე იგი თორის შეცნობისაკენ სწრაფვას ნიშნავს. და ვინაიდან იცხაკმა ყველაფერი გამოასწორა, ე.ი. სიყვარულით დაბრუნებას მიაღწია და დანაშაულებები მას დამსახურებებად ჩაეთვალა, ის, თავისთავად, ძალიან მდიდარი გახდა. რამეთუ შეუძლებელია 613-ზე მეტი მცნების შესრულება, მაშინ როცა ცოდვებსა და დანაშაულებებს სათვალავი არ აქვს. და ამიტომ გამდიდრდა იცხაკი, როგორც ნათქვამია: „და მიიღო ასჯერ მეტი“ (სიტყვასიტყვით: „იპოვა ასი კარიბჭე“) - ესე იგი მთელი ასი პროცენტით სიწმინდეს ეკუთვნოდა, ყოველგვარი ნარჩენების გარეშე, რამეთუ მის მიერ ნარჩენებიც გამოსწორებულ იქნა.
ამიტომაც სუქის საფარი, სახურავი კალოსა და მარნის ნარჩენებისაგან კეთდება (ან როგორც ბრძენთ უთქვამთ: ნარჩენებისაგან გამდიდრდა მოსე). აი რატომ არის სუქოთის დღესასწაული დაკავშირებული იცხაკის სახელთან, რომელიც „მხიარულების მომტანი გვუროთ–ის“ საიდუმლოებას წარმოადგენს. გარდა ამისა სუქოთი დაკავშირებულია მოსეს სახელთან.