<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / თავდაჯერებულობა სინათლის სამოსელი

72. თავდაჯერებულობა სინათლის სამოსელი

გაგონილია 10 ნისანს (1947 წლის 31 მარტს)

თავდაჯერებულობა არის სინათლის სამოსელი, რომელსაც „სიცოცხლე“ ეწოდება. რადგან არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც არ არსებობს სინათლე ქლის–ჭურჭლის გარეშე. ამიტომ სიცოცხლის სინათლედ წოდებულ სინათლეს არ შეუძლია გაანათოს, არამედ ვალდებულია, რომ რაიმე ქლიში, სურვილში შეიმოსოს. ხოლო ქლის, რომელშიც სიცოცხლის სინათლე იმოსება, „თავდაჯერებულობა“ ეწოდება, რადგან ადამიანი ხედავს, რომ ნებისმიერი მძიმე მოქმედების შესრულება ხელეწიფება.

გამოდის, რომ სინათლე თავდაჯერებულობის ქლიში შეიძლება იქნას შეცნობილი და შეგრძნობილი. ამიტომ ადამიანის სიცოცხლეს მისი თავდაჯერებულობის დონით ზომავენ, რადგან თავისი თავდაჯერებულობით ადამიანს შეუძლია თავისი სიცოცხლის დონის გაზომვა.

ამიტომ ადამიანს შეუძლია თვითონ დაინახოს, რომ მანამ, სანამ მას სიცოცხლის შეგრძნება გააჩნია, თავდაჯერებულობა მას ყველაფერში უნათებს, და ვერ ხედავს ვერაფერს, რასაც შეეძლოს წინ აღუდგეს მის მიერ სასურველის მიღწევას. და ეს იმიტომ, რომ მას სიცოცხლის სინათლე, ანუ უმაღლესი ძალა უნათებს ზემოდან. ის გრძნობს, რომ „ზეადამიანური“ ძალებით მოქმედება შეუძლია, უმაღლესი სინათლე ხომ მატერიალური ძალებისაგან განსხვავებით შეუზღუდავია თავის შესაძლებლობებში.

ხოლო როდესაც სიცოცხლის სინათლე ტოვებს ადამიანს, ანუ ის სიცოცხლის გარკვეული დონიდან ძირს ეშვება, ის „ჭკვიანი და დაკვირვებული“ ხდება და ყველაფერს მომგებიანობის თვალსაზრისით აფასებს: ღირს რაიმეს გაკეთება თუ არა, ხდება თავშეკავებული და აღარ არის ისეთი მოუსვენარი და მღელვარე როგორც ადრე იყო, როდესაც სიცოცხლის შეგრძნების მაღალი დონიდან დაშვება დაიწყო.

მაგრამ ადამიანს ჭკუა არ ჰყოფნის თქვას, რომ მთელი ეს „სიბრძნე და გამჭრიახობა“, რომელიც ახლა ყოველივეს განსჯის საშუალებას აძლევს, არის მის მიერ იმ სიცოცხლის სულის დაკარგვის შედეგი, რომელიც ადრე გააჩნდა. და ამიტომ ის ფიქრობს, რომ ჭკვიანი გახდა, განსხვავებით წინანდელი მდომარეობისა, სიცოცხლის სულის დაკარგვამდე, როდესაც ის დაუფიქრებელად და აჩქარებულად მოქმედებდა.

თუმცა მან უნდა იცოდეს, რომ მთელი ეს სიბრძნე, რომელიც ახლა შეიძინა, იმიტომ მიიღო, რომ მასში წინათ არსებული სიცოცხლის სული დაკარგა. ადრე მისი ყველა მოქმედების საზომი ის სიცოცხლის სინათლე იყო, რომელიც შემქმნელმა მისცა. ახლა კი, როდესაც ის დაცემის პერიოდში იმყოფება, უწმინდურ, ეგოისტურ ძალებს (სიტრა ახრა) ძალა უჩნდებათ, რომ ადამიანთან თავისი ყველა „სამართლიანი“ პრეტენზიებით მოვიდნენ.

და აქ  ერთადერთი რჩევის მიცემაა შესაძლებელი - ადამიანმა უნდა უთხრას საკუთარ თავს: „მე ახლა არ შემიძლია ველაპარაკო საკუთარ სხეულს და ვეკამათო მას, იმიტომ რომ მე მკვდარი ვარ და მკვდრეთით აღდგომას ველოდები. და მაშინ მან „გონებაზე მაღლა“ მუშაობა უნდა დაიწყოს. ე.ი. საკუთარ სხეულს უნდა უთხრას: ყველა შენი პრეტენზია გამართლებულია და გონების ფარგლებში არაფერი შემიძლია გიპასუხო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მუშაობას ხელახლა ვიწყებ, თორისა და მცნებების ტვირთს (შემქმნელზე გაცემის განზრახვას) ვიღებ ჩემს თავზე და „გერი“-უცხოელი ვხდები. ბრძენთ კი უთქვამთ: „გერი"–უცხოელი, რომელიც ებრაელობას იღებს, ახალშობილს წააგავს“ („გერი“–მიღების სურვილი, რომელიც ებრაელობას–გაცემის განზრახვას იღებს, სულიერ სამყაროში იბადება). და ახლა მე ხსნას ველოდები და მწამს, რომ ის აუცილებლად დამეხმარება, და მე კვლავ სიწმინდისაკენ (გაცემისაკენ) მიმავალ გზას დავუბრუნდები.

და როდესაც სიწმინდის ძალას შევიძენ, მაშინ შევძლებ სათანადო პასუხი გაგცე. მანამდე კი ვალდებული ვარ გონებაზე მაღლა ვიარო, იმიტომ რომ წმინდა (გაცემის განზრახვის მქონე) გონება არ გამაჩნია. ამიტომ შენ შენი გონებით ჩემი დამარცხება შეგიძლია. და მე სხვა გზა არ მაქვს გარდა იმისა, რომ მჯეროდეს ბრძენების, რომელთაც უთქვამთ, რომ მე თორა და მცნებები გონებაზე ამაღლებული რწმენით უნდა შევასრულო და რა თქმა უნდა, უნდა მწამდეს, რომ რწმენის ძალით მაღლიდან დახმარების ღირსი გავხდები, როგორც  ნათქვამია: „განსაწმენდად (გამოსასწორებლად) მოსულს ეხმარებიან“.