47. იქ, სადაც შენ მის დიდებულებას პოულობ
„იქ ,სადაც შენ მის დიდებულებას პოულობ, იქვე იპოვი მის თავმდაბლობას“ (მეგილა).
კომენტარი: ადამიანი, რომელიც მუდმივად ჭეშმარიტ შერწყმაში იმყოფება შემქმნელთან, ხედავს, რომ შემქმნელი ამდაბლებს საკუთარ თავს. ე.ი. შემქმნელი ყოველ დაბალ ადგილას იმყოფება და ადამიანმა არ იცის, თუ რა გააკეთოს.
ამიტომ ნათქვამია: „შემქმნელი, დამკვიდრებული მაღლა, თავს იმდაბლებს, რათა იხილოს ცა და მიწა“. ე.ი. ადამიანი შემქმნელის დიდებულებას ხედავს, ხოლო შემდეგ – მის „სიმდაბლეს“, თუ როგორ უშვებს ზეცას მიწამდე.
ასეთ შემთხვევაში, შეიძლება მხოლოდ ერთი რჩევა მივცეთ ადამიანს: იფიქროს, რომ თუ ეს სურვილი შემქმნელისგან გამომდინარეობს, მაშინ არაფერია ამაზე მაღალი, როგორც თქმულა: „სანაგვიდან აღამაღლებს ღატაკს“.
უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უნდა შეამოწმოს, აქვს თუ არა მას უკმარისობის შეგრძნება და თუ არ აქვს, მაშინ უნდა ილოცოს იმაზე, თუ რატომ ვერ გრძნობს ის უკმარისობას. რადგან ის, რომ უკმარისობას ვერ განიცდის, შეგნების, გაცნობიერების სინაკლულის გამოა. ამიტომ, ყოველი მცნების შესრულებისას უნდა ილოცოს იმაზე, თუ რატომ ვერ გრძნობს, რომ სრულყოფილად არ ასრულებს მცნებებს. ე.ი. ეგოიზმი მას სიმართლეს უმალავს, რადგან მას რომ დაენახა, რომ ასეთ სიმდაბლეში იმყოფება, რა თქმა უნდა, არ მოისურვებდა ასეთ მდგომარეობაში დარჩენას, არამედ ისევ და ისევ ძალისხმევას ჩადებდა მუშაობაში მანამ, სანამ „თშუვაზე“ – შემქმნელთან არ დაბრუნდებოდა, როგორც ნათქვამია: „შემქმნელი აკვდინებს და აცოცხლებს, ქვესკნელში ჩაიყვანს და ამოიყვანს“.
როდესაც შემქმნელს სურს, რომ ცოდვილმა მოინანიოს და მასთან დაბრუნდეს, ის მას ისეთი სიმდაბლის უფსკრულში უშვებს, რომ თვით ცოდვილს აღარ სურს, რომ ასეთ მდგომარეობაში დარჩეს. ამიტომ მან უნდა ეხვეწოს და ემუდაროს შემქმნელს, რათა მან თორის უფრო დიდი სინათლე მისცეს და ამით სიმართლე დაანახოს.