38. მისი საგანძური შემქმნელის წინაშე თრთოლაა
გაგონილია 10 ნისანს (1947 წლის 31 მარტს)
საგანძური არის ჭურჭელი, რომელშიც ადამიანის ქონება ინახება. მაგალითად, მარცვლეულს სარდაფში ინახავენ, ძვირფასეულობას კი – უფრო დაცულ ადგილას. ე.ი. ნებისმიერი შეძენილი საგანი განისაზღვრება სინათლესთან მისი დამოკიდებულების მიხედვით, ხოლო ქლის, ჭურჭელს უნდა შეეძლოს დაიტიოს ეს საგანი. რადგან როგორც ცნობილია, არ არსებობს სინათლე ქლის გარეშე და ეს წესი მატერიალურ სამყაროშიც მოქმედებს.
მაგრამ რა არის ის სულიერი ჭურჭელი, რომელშიც იმ სულიერი ბარაქის მიღებას შევძლებთ, რომელიც შემქმნელს სურს რომ მოგვცეს? როგორი უნდა იყოს ეს ჭურჭელი, რომ სინათლეს შეესაბამებოდეს? ზუსტად ისე, როგორც მატერიალურ სამყაროშია, ჭურჭელი უნდა შეეფერებოდეს იმას, რაც მასში ინახება და ისინი ერთიმეორეს უნდა შეესატყვისებოდნენ. მაგალითად, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საიმედოდ შენახული, გაფუჭებისაგან დაცული ღვინის მარაგი გვაქვს, რომელიც ახალ ტომრებში ჩავასხით. ან ბევრი ფქვილი წამოვიღეთ კასრებით. არამედ როგორც მიღებულია– ღვინის ჭურჭელი კასრი და დოქია, ხოლო ფქვილის - ტომარა და არა კასრი და დოქი.
ამიტომ ისმის კითხვა: როგორი უნდა იყოს სულიერი ჭურჭელი, რომ ამ ჭურჭლის საშუალებით უმაღლესი ბარაქიდან დიდი სიმდიდრე შევქმნათ? არსებობს წესი, რომლის თანახმადაც „ძროხას უფრო მეტად სურს ხბოს გამოკვება, ვიდრე ხბოს რძის მოწოვა“. ეს იმიტომ, რომ შემქმნელს გააჩნია სურვილი სიამოვნება მიანიჭოს ქმნილებებს. ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ „ციმცუმი“–სინათლის შეკვეცა ჩვენს სასარგებლოდ მოხდა და მისი მიზეზი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ის იყო, რომ ამ ბარაქის დასატევად სათანადო ქელიმი არ გაგვაჩნდა. მსგავსად მატერიალური ჭურჭლისა, რომელიც უნდა შეესატყვისებოდეს იმას, რასაც მასში ინახავენ. ამიტომ საჭიროა გვესმოდეს, რომ დამატებითი ქელიმის შეძენით ჩვენში ჩნდება ადგილი, სადაც დამატებითი სულიერი ბარაქის დატევას შევძლებთ.
ამაზე პასუხობენ: „არ არის შემქმნელის საგანძურში არანაირი სხვა სიმდიდრე შემქმნელის წინაშე თრთოლის გარდა“.
მაგრამ უნდა ავხსნათ, თუ რა არის შემქმნელის წინაშე თრთოლა, რომ ის წარმოადგენს ჭურჭელს, რომლიდანაც საგანძურს აკეთებენ, რათა მასში ყოველივე ძვირფასი, მნიშვნელოვანი ჩადონ. ბრძენებს უთქვამთ, რომ ეს არის სწორედ ის თრთოლა, რომელიც მოსემ შეიგრძნო, როდესაც „სახე დაიფარა მოსემ, რადგან შეეშინდა შემქმნელის ხილვისა“, ხოლო ჯილდოდ შემქმნელის ხილვის ღირსი გახდა.
თრთოლის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს ეშინია იმ უზარმაზარი სიამოვნების, რომელიც იქ არის, რადგან არ შეუძლია მისი გაცემის განზრახვით მიღება. და მის მიერ განცდილი თრთოლისათვის მიღებული გასამრჯელოს მეშვეობით ის თავად შექმნის ქლის, რომელშიც უმაღლესი ბარაქის მიღება შეუძლია. სწორედ ამაში მდგომარეობს ადამიანის სამუშაო, ყოველივე დანარჩენს კი, თრთოლის გარდა, შემქმნელს მიაწერენ. ხოლო რაც შეეხება თრთოლას, მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ არ მივიღოთ, ხოლო ყველაფერი, რასაც შემქმნელი გვაძლევს, მიღებისთვისაა განკუთვნილი. ამიტომ ნათქვამია: „ყველაფერი ზეციური მმართველობის ხელთაა, გარდა შემქმნელის წინაშე თრთოლისა“.
ჩვენთვის აუცილებელია ეს ჭურჭელი, სხვაგვარად იმ უგუნურს დავემსგავსებით, რომელზეც ბრძენებს უთქვამთ: „რა უგუნურია ის, ვინც კარგავს იმას, რასაც აძლევენ“. რაც იმას ნიშნავს, რომ, როდესაც არ შეგვიძლია გაცემის განზრახვით მიღება, უწმინდური ძალა გვართმევს მთელ ბარაქას, და ყველაფერი მიღების ქელიმში, ე.ი. სიტრა ახრაში, უწმინდურობაში შედის.
ამის შესახებ ნათქვამია: „დაიცავით მცნებები“, რადგან დაცვის არსი შიშში, თრთოლაში მდგომარეობს. თუმცა სინათლის ბუნებრივი თვისებაა, რომ თავისი თავი დაიცვას, – ის მაშინვე ქრება, როდესაც ეგოისტურ ქელიმში სურთ მისი მიღება. მაგრამ რამდენადაც ეს შესაძლებელია, თავად ადამიანმა უნდა გააკეთოს ეს, როგორც ბრძენთ უთქვამთ: „ცოტათი მაინც გაუფრთხილდით თავს ქვემოდან და დიდ დაცვას მიიღებთ ზემოდან“.
თრთოლას ადამიანს მიაწერენ, როგორც ბრძენთ უთქვამთ: „ყველაფერი ზეციური მმართველობის ხელთაა, გარდა შემქმნელის წინაშე თრთოლისა“. და ეს იმიტომ, რომ შემქმნელს ყველაფრის მიცემა შეუძლია ადამიანისათვის თრთოლის გარდა, რამეთუ რას იძლევა შემქმნელი? ის სიყვარულს უმატებს და არა თრთოლას.
ხოლო თრთოლის შეძენა შესაძლებელია თორისა და მცნებების სასწაულებრივი ძალის მეშვეობით. როდესაც ადამიანი თორასა და მცნებებს იმ განზრახვით ასრულებს, რომ სიამოვნება მიანიჭოს თავის შემქმნელს. მაშინ გაცემის განზრახვა მოსავს მცნებების შესრულებისა და თორის შესწავლის ამ მოქმედებებს და ადამიანი თრთოლამდე მიჰყავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი „წმინდა უსულოს“ (დომემ დე კდუშა) საფეხურზე შეიძლება დარჩეს მიუხედავად იმისა, რომ თორასა და მცნებებს მთელი გულმოდგინებითა და უკიდურესი სიზუსტით ასრულებს.
ამიტომ ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, თუ რა მიზნით ასრულებს თორას და მცნებებს. ამაზე უთქვამთ ბრძენებს: „დაე თქვენი სიწმინდე ჩემი გულისთვის იყოს“. რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ შემქმნელი უნდა იყოს მათი მიზანი, ანუ მთელი მათი მუშაობა შემქმნელისათვის სიამოვნების მისანიჭებლად უნდა იყოს მიმართული და მათ ყველა მოქმედებას გაცემის განზრახვა უნდა ჰქონდეს.
როგორც ბრძენთ უთქვამთ: „ყველას ვინც იცავს, ადგილი აქვს ხსოვნაში“. იგულისხმება ყველა, ვინც თორას იმ განზრახვით იცავს, რომ ხსოვნას მიაღწიოს, რაზეც ნათქვამია: „მისი გახსენებისას ძილი არ მეკარება“.
გამოდის რომ თორის დაცვის მთავარი მიზანი ხსოვნის მიღწევაა, ე.ი. ადამიანი თორასა და მცნებებს იმისათვის იცავს, რომ შემქმნელი ახსოვდეს. ე.ი. შემქმნელია მის მიერ თორისა და კანონების დაცვის მიზეზი და მიზანი, რადგან მის გარეშე შეუძლებელია, რომ ადამიანმა შემქმნელთან შერწყმას მიაღწიოს, როგორც ნათქვამია „მე და მას არ შეგვიძლია ერთ ადგილას ვიარსებოთ“ თვისებათა სხვაობის გამო.
თუმცა ჯილდო და სასჯელი დაფარულია ადამიანისაგან და მან მხოლოდ უნდა ირწმუნოს, რომ ჯილდო და სასჯელი არსებობს. და ეს იმიტომ რომ შემქმნელს სურს, რომ ყველამ მისთვის იმუშაოს და არა საკუთარი სარგებლისათვის, რადგან ეს მათ შემქმნელის თვისებებისაგან აშორებს. ხოლო ჯილდო და სასჯელი გახსნილი რომ ყოფილიყო, მაშინ ადამიანი საკუთარი თავისადმი სიყვარულის გამო იმუშავებდა, ანუ იმისათვის, რომ შემქმნელს ყვარებოდა ის. ან პირიქით, – საკუთარი თავისადმი სიძულვილის გამო, ე.ი. იმის შიშით, რომ შემქმნელი შეიძულებდა მას. გამოდის რომ მისი მუშაობის მთელი მოტივი თავად ადამიანია და არა შემქმნელი, ხოლო შემქმნელს კი სურს, რომ ის იყოს ადამიანის მამოძრავებელი მიზეზი.
გამოდის, რომ თრთოლა სწორედ მაშინ მოდის, როდესაც ადამიანი საკუთარ არარაობას შეიცნობს და განაცხადებს, რომ მეფის მსახურობა, ანუ მეფისათვის სიამოვნების მინიჭების სურვილი მისთვის დიდ ჯილდოდ ითვლება. და არ შეუძლია ადამიანს გამოხატოს ამ მსახურების უსაზღვრო მნიშვნელოვნება მის თვალში. ცნობილი წესის თანახმად: დიდი, პატივცემული ადამიანისათვის მიცემა მისგან მიღების ტოლფასია. და რამდენადაც უფრო არარაობად გრძნობს ადამიანი თავის თავს, იმდენად უფრო შეუძლია შემქმნელის სიდიადის შეფასება. მაშინ მასში იღვიძებს სურვილი, რომ ემსახუროს შემქმნელს. ხოლო თუ ადამიანი ამაყია, მაშინ ამბობს შემქმნელი: „მე და მას არ შეგვიძლია ერთ ადგილას ვიარსებოთ“.
ამაზეა ნათქვამი, რომ უგუნური, ცოდვილი და უხეში ერთად დადიან. საქმე იმაშია, რომ მას თრთოლა არ გააჩნია, ე.ი. არ შეუძლია საკუთარი თავის დამდაბლება შემქმნელის წინაშე, და იმის თქმა, რომ მისთვის დიდი პატივია შემქმნელისათვის ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე მუშაობა. ამიტომ მას არ შეუძლია შემქმნელისაგან სიბრძნე (ხოხმა) მიიღოს და უგუნური რჩება. ხოლო იყო უგუნური ეს იგივეა, რაც იყო ცოდვილი, როგორც ბრძენებს უთქვამთ: „ადამიანი არ სცოდავს მანამ, სანამ მას უგუნურების სული არ დაეუფლება“.