53. შეზღუდვა
გაგონილია 1 სივანს, შაბათ საღამოს
(1943 წლის 4 ივნისს)
შეზღუდვა ნიშნავს საკუთარი თავის, საკუთარი მდგომარეობის შეზღუდვას, რათა ადამიანმა არ ისურვოს „გადლუთი“ – სიდიდის მდგომარეობა, არამედ მზად იყოს, რომ სამუდამოდ თავის ახლანდელ მდგომარეობაში დარჩეს. ამას მუდმივი შერწყმა ეწოდება. და მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენად დიდი იქნება მისი მდგომარეობა, თუნდაც ყველაზე დაბალ მდგომარეობაში იმყოფებოდეს, თუ ის მარადიულად ანათებს, ითვლება, რომ ის მუდმივი შერწყმის ღირსი ხდება. ხოლო თუ ვინმე უფრო მაღალი მდგომარეობისაკენ მიილტვის, ამას გადაჭარბება (ზედმეტობა) ეწოდება.
და ეს ნიშნავს „და ყოველი სევდა ზედმეტი იქნება“. ანუ სევდა ადამიანს მხოლოდ ზედმეტისაკენ მისწრაფებისას ეუფლება. ამიტომ ნათქვამია, რომ როდესაც ისრაელები თორის მისაღებად მივიდნენ, მოსემ ისინი მთის ძირში შეკრიბა, როგორც წერია: „და წარსდგნენ მთის ძირში“ (მთა - „ჰარ“, სიტყვისაგან „ჰირჰურიმ“ - ეჭვები). ანუ მოსემ ისინი ფიქრის, გაგების, გონების ბოლომდე მიიყვანა, რომელზე დაბალი საფეხურიც არ არსებობს.
და მხოლოდ მაშინ დაეთანხმნენ ისინი ამ მდგომარეობაში ყოფნას ყოველგვარი ყოყმანისა და ეჭვის გარეშე და მზად იყვნენ, რომ დარჩენილიყვნენ მასში ისე, თითქოს ყველაზე დიდ და სრულყოფილ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ამასთანავე სიხარული გამოემჟღავნებინათ. როგორც ნათქვამია: „სიხარულით იმუშავეთ შემქმნელზე“. ანუ დიდობის მდგომარეობაში შეუძლებელია ითქვას, რომ მათ სიხარულში ყოფნის სამუშაო მისცა, რადგან სიდიდის მდგომარეობაში სიხარული თავისთავად მოდის. არამედ პატარაობის მდომარეობაში მიეცათ მათ სიხარულში ყოფნის მუშაობა და თუ პატარაობის მდგომარეობაში, თავისი უმნიშვნელობის შეგრძნების მიუხედავად, ადამიანი სიხარულს განიცდის, ეს დიდი მუშაობაა.
და ამ პატარაობას ეწოდება საფეხურის მთავარი მდგომარეობა და ეს მდგომარეობა მუდმივი უნდა იყოს, ხოლო სიდიდე მხოლოდ დანამატია. ადამიანი მხოლოდ მთავარისაკენ უნდა მიისწრაფვოდეს და არა დამატებითისაკენ.