<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / თავდაპირველად მსოფლიოს გამოსწორება მოხდება

69. თავდაპირველად მსოფლიოს გამოსწორება მოხდება

გაგონილია სივანის თვეს (1943 წლის ივნისი)

 

ნათქვამია, რომ თავდაპირველად მსოფლიოს გამოსწორება მოხდება, ხოლო შემდეგ– სრული ხსნა, ე.ი. მაშიახის (მესია) მოსვლა, როდესაც „თვალნი შენნი იხილავენ მასწავლებელს შენსას“, „და აღივსება დედამიწა შემქმნელის ცოდნით“. და ამაზე წერია, რომ თავდაპირველად სამყაროების შინაგანი ნაწილი გამოსწორდება, ხოლო შემდეგ – გარეგანი ნაწილი. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ  სამყაროს გარე ნაწილის გამოსწორებისას უფრო მაღალი საფეხური მიიღწევა, ვიდრე შინაგანი ნაწილის გამოსწორებისას.

ისრაელი მიეკუთვნება სამყაროების შინაგან ნაწილს, როგორც  ნათქვამია: „თქვენ - მცირერიცხოვანნი ხართ ხალხებს შორის“. მაგრამ შინაგანი ნაწილის გამოსწორების შედეგად გარეგანი ნაწილიც გამოსწორდება, ოღონდ თანდათანობით, პატარა ულუფებად. და ყოველ ჯერზე გარეგანი ნაწილი უფრო გამოსწორებული ხდება (მანამ, სანამ გროშის გროშზე დამატებით დიდი კაპიტალი არ დაგროვდება), სანამ გარეგანი ნაწილი მთლიანად არ იქნება გამოსწორებული.

 

ყველაზე კარგად შინაგან და გარეგან ნაწილთა შორის სხვაობა მაშინ ჩანს, როდესაც ადამიანი მცნებას (გარკვეულ გამოსწორებას) ასრულებს და შეიგრძნობს, რომ ყველა  მისი ორგანო (სურვილი) როდია თანახმა ეს მოქმედებები შეასრულოს. ეს წააგავს ადამიანს, რომელიც მარხვას იცავს. მაშინ ამბობენ, რომ მხოლოდ მისი შინაგანი ნაწილი დათანხმდა ამ შეზღუდვაზე, გარეგანი ნაწილი კი იტანჯება, სხეული ხომ ყოველთვის დაპირისპირებაში იმყოფება სულთან. ამიტომ მხოლოდ სულით, და არა სხეულით განსხვავდება ისრაელი სხვა ხალხებისგან. სხეულებით კი ისინი მსგავსნი, თანასწორნი არიან, ისრაელის სხეულიც ხომ მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს.

ამიტომ, როდესაც გამოსწორდებიან ცალკეული ნაწილები, რომელიც ისრაელს მიეკუთვნებიან, მთელი მსოფლიოც გამოსწორდება. და რამდენადაც გამოვასწორებთ საკუთარ თავს, იმდენად გამოსწორდება მსოფლიოს დანარჩენი ხალხები. ამაზე უთქვამთ ბრძენთ: „ვინც ღირსი ხდება - საკუთარ თავსაც და მთელ მსოფლიოსაც დამსახურებების მხარეზე გადაწონის“ (გამოასწორებს და ამართლებს  არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ მსოფლიოს), და არ არის ნათქვამი: „მთლიანად ისრაელს გადაწონის“, არამედ ნათქვამია „მთელ მსოფლიოსაც დამსახურებების მხარეზე გადაწონის“, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შინაგანი ნაწილი გარეგანს გამოასწორებს.