64. ლო ლიშმადან ლიშმამდე
(მიღების განზრახვიდან გაცემის განზრახვამდე)
გაგონილია ვაიეხის კვირაში, 1 ტევეთს
(1947 წლის 27 დეკემბერს), დილის ტრაპეზაზე
ლო ლიშმადან (საკუთარი თავისათვის მიღების განზრახვიდან) ლიშმამდე (შემქმნელზე გაცემის განზრახვამდე) მიდიან.
შეიძლება ითქვას, რომ თუ ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ, აღმოვაჩენთ, რომ სულიერი მუშაობის ის პერიოდი, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ საკუთარი თავისათვის მიღების განზრახვით მუშაობს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს უფრო იოლია, რომ ქმედებები შემქმნელს მივაწეროთ (მივაკუთვნოთ). გაცემის განზრახვით მუშაობისას კი ადამიანი საკუთარ თავს მიაწერს ჩადენილ კეთილ ქმედებებს, იმიტომ, რომ ის მთლიანად შემქმნელზე მუშაობს და ყველა მისი ქმედება შემქმნელისათვისაა განკუთვნილი. გამოდის, რომ ისაა თავისი ქმედებების ბატონი.
ხოლო როდესაც ის მიღების განზრახვით მუშაობს, მაშინ კეთილ ქმედებებს ის არ სჩადის შემქმნელისათვის. ამიტომ მას არ შეუძლია შემქმნელს პრეტენზიით მიმართოს, რომ მას ჯილდო ეკუთვნის. გამოდის, რომ შემქმნელი მოვალე არ ხდება მის თვალში. და რატომ ჩაიდინა ადამიანმა ეს კეთილი საქმე - მხოლოდ იმიტომ, რომ შემქმნელმა ისე მოაწყო, რომ ეგოისტურ სურვილებს ეიძულებინათ ადამიანი ეს მოქმედებები ჩაედინა.
მაგალითად, თუ მასთან ხალხი მოვიდა სახლში, და მას ესირცხვილება უსაქმურად ჯდომა, მაშინ ის იღებს წიგნს და თორის სწავლას იწყებს. გამოდის, რომ თორას შემქმნელისთვის კი არ სწავლობს, ანუ იმისთვის კი არა, რომ შემქმნელის მცნება შეასრულოს – კეთილგანწყობა ჰპოვოს შემქმნელის თვალში, არამედ იმისათვის, რათა თავის სტუმრებს მოაწონოს თავი. ყოველივე ამის შემდეგ როგორ შეიძლება, რომ თორის შესწავლისათვის შემქმნელისაგან მოითხოვოს ჯილდო და არა სტუმრებისაგან, ვისთვისაც სწავლობდა? გამოდის რომ, შემქმნელი არ ხდება მისი მოვალე, არამედ მას შეუძლია, რომ მისი გარჯის საფასური და თორის სწავლის გამო სათანადო პატივისცემა სტუმრებისაგან მოითხოვოს, შემქმნელისგან მოთხოვნა კი არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია.
და როდესაც ადამიანი საკუთარ ქმედებებს ანალიზს უკეთებს და ამბობს, რომ ბოლოს და ბოლოს თორის სწავლითაა დაკავებული, ის თავიდან იცილებს მიზეზს, რომელიც სწავლას ავალდებულებს, ე.ი. სტუმრებს და განაცხადებს, რომ ახლა ის მხოლოდ შემქმნელისთვის სწავლობს. მაშინ მან დაუყოვნებლივ უნდა თქვას, რომ ყველაფერი ზემოდან მოდის. ე.ი. შემქმნელს სურდა, რომ ადამიანს თორა ესწავლა (საკუთარი თავი გამოესწორებინა) და მისთვის სწავლის ჭეშმარიტი მიზეზი მიეცა, მაგრამ ვინაიდან ადამიანი ჭეშმარიტების მიღების ღირსი არ იყო, შემქმნელი მას ყალბ მიზეზს უგზავნიდა, რათა ამ ყალბი მიზეზის წყალობით თორა ესწავლა.
გამოდის, რომ ყველაფერს შემქმნელი აკეთებს და არა ადამიანი. ამიტომ ვალდებულია ის, რომ ადიდოს შემქმენლი, რომელიც ასეთ უბადრუკ მდგომარეობებშიც კი არ ტოვებს მას და ძალას და ენერგიას აძლევს იმისთვის, რომ თორის სწავლა მოისურვოს.
და თუ ადამიანი ყურადღებით შეხედავს მის თავს მომხდარს, მაშინ აღმოაჩენს, რომ შემქმნელი - ერთადერთია ვინც მოქმედებს, როგორც ნათქვამია: „ის ერთადერთი აკეთებს და გააკეთებს ყველა მოქმედებას“, ადამიანი კი საკუთარი კეთილი ქმედებებით არავითარ ქმედებას არ სჩადის. და მიუხედავად იმისა, რომ ის ამ მცნებას ასრულებს, მაგრამ ის ამას მცნების გამო კი არ აკეთებს, არამედ სხვა, გარეშე მიზეზების გამო, რაც შემქმნელისაგან მოწყვეტის გამო ხდება.
მაგრამ სიმართლე იმაშია, რომ თვით შემქმნელია ადამიანის ყველა მოქმედების გამომწვევიც და მიზეზიც. თუმცა შემქმნელი ადამიანის წინაშე სხვა სამოსელში იმოსება და არა მცნების სამოსელში. ე.ი. ადამიანი სხვა მიზეზის გამო ასრულებს მცნებას და არა შემქმნელის მიმართ შიშისა და სიყვარულის გამო. გამოდის, რომ ლო ლიშმას–მიღების განზრახვით მუშაობისას უფრო იოლია შემქმნელს მიაწერო საკუთარი კეთილი ქმედებები და თქვა, რომ ეს შემქმნელი აკეთებს კეთილ ქმედებებს და არა ადამიანი. ადამიანს ხომ არ სურდა ამ მოქმედებების მცნების გამო გაკეთება, არამედ სხვა, გარეშე მიზეზის გამო.
მაშინ როდესაც ლიშმას - გაცემის განზრახვით მუშაობისას ადამიანმა იცის, რომ მცნების გამო მუშაობს, ე.ი. მან თვითონ მოინდომა მცნების შესრულება. იმიტომ კი არა, რომ შემქმნელმა მას გულში მცნების შესრულების აზრი და სურვილი ჩაუნერგა, არამედ იმიტომ, რომ მან თვითონ აირჩია ეს.
სიმართლე იმაშია, რომ ყველაფერს შემქმნელი აკეთებს, მაგრამ შეუძლებელია ადამიანმა პირადი მართვის საფეხურს მიაღწიოს მანამ, სანამ „ჯილდოთი და სასჯელით“ მართვის საფეხურს არ ჩაწვდება.