<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / ორი მდგომარეობა

50. ორი  მდგომარეობა

 

გაგონილია 20 სივანის თვეს 

ამ სამყაროს ორი შესაძლო მდგომარეობა გააჩნია. პირველ მდგომარეობაში სამყაროს „ტანჯვა“ ეწოდება, ხოლო მეორე მდგომარეობაში – „წმინდა შხინა“. რადგან მანამ, სანამ ადამიანი ღირსი არ გახდება, რომ ყველა მისი მოქმედება გაცემის განზრახვით გამოასწოროს, ის სამყაროში მხოლოდ ტანჯვასა და ტკივილს შეიგრძნობს. ხოლო შემდეგ, როდესაც  ღირსი ხდება, ის ხედავს, რომ მთელი სამყარო შხინითაა (შემქმნელის არსებობითაა) განმსჭვალული. მაშინ შემქმნელს „მთელი სამყაროს აღმვსები“ ეწოდება, ხოლო სამყაროს – „წმინდა შხინა“, რომელიც შემქმნელისგან იღებს. და ამ მდგომარეობას ეწოდება შემქმნელის და შხინას ერთიანობა, რადგან ისევე როგორც შემქმნელი გასცემს, ასევე სამყარო ახლა მხოლოდ გაცემითაა დაკავებული.

და ეს ნაღვლიან მელოდიას წააგავს, როდესაც არიან მუსიკოსები, რომელთაც შეუძლიათ ის ტანჯვა გამოხატონ, რომელიც მელოდიას უდევს საფუძვლად. რადგან ნებისმიერი მელოდია მეტყველ ენას წააგავს. ის იმ ნათქვამს ხსნის, რისი თქმაც ადამიანს ზეპირად სურდა. და თუ მელოდია მსმენელს ცრემლებამდე აღელვებს, ისე რომ ის მუსიკით გადმოცემული ტანჯვის გამო ტირის, მაშინ მას „მელოდია“ ეწოდება და მისი მოსმენა ყველას უყვარს.

და მართლაც, როგორ შეიძლება, რომ ადამიანმა ტანჯვისაგან სიმოვნება მიიღოს? და ეს იმიტომ, რომ  მელოდია აწმყოს კი არა, წარსულის ტანჯვას გამოხატავს. ანუ ის წარსული ტანჯვა უკვე „დატკბა“ (გამოსწორდა) და ადამიანი სასურველით აღივსო. ამიტომ ადამიანებს უყვართ ასეთი მელოდიების მოსმენა, რაც სამართლის, შეზღუდვების „დატკბობაზე“ (ჰამტაკათ ჰადინიმ) მეტყველებს და ის ტანჯვა. რომელიც ადამიანს გააჩნდა, უკვე „დატკბა“. ამიტომ ის ტკბილია და სასიამოვნოა მისი მოსმენა. ასეთ შემთხვევაში სამყაროს „წმინდა შხინა“ ეწოდება.

მთავარი, რაც ადამიანმა უნდა იცოდეს და გრძნობდეს არის ის, რომ „დედაქალაქს მმართველი გააჩნია“. როგორც ბრძენები გადმოგვცემენ აბრაამის ნათქვამს: „არ არსებობს დედაქალაქი მმართველის გარეშე!“ და არ უნდა გვეგონოს, რომ ყოველივე რაც ამქვეყნად ხდება შემთხვევითია. მაგრამ ბოროტი საწყისი (სიტრა ახრა) ცოდვისაკენ უბიძგებს ადამიანს და ათქმევინებს, რომ ყველაფერი შემთხვევითია. და ეს არის „ხამათ კერი“, ანუ შემქმნელის რისხვა ადამიანის მიერ მოვლენების შემთხვევად მიჩნევის გამო, „კერი“ (სიტყვისაგან „მიკრე“–შემთხვევა) ადამიანს შთააგონებს აზრს, რომ ყველაფერი შემთხვევითობაა. (და ისიც რომ ბოროტ საწყისს ადამიანისათვის მოაქვს ფიქრები იმაზე, რომ სამყარო შემთხვევით, მმართველის გარეშე არსებობს, ესეც არ არის შემთხვევითი, არამედ ესეც შემქმნელის სურვილია.)

ადამიანს კი უნდა სწამდეს, რომ გასამრჯელო (ჯილდო) და სასჯელი არსებობს, არის სამართალი და არის მოსამართლე და ყველაფერი გასამრჯელოსა (ჯილდოსა) და სასჯელის მეშვეობით იმართება. რადგან, როდესაც ადამიანი ზოგჯერ შემქმნელისათვის მუშაობის სურვილს და მისწრფებას იღებს და ფიქრობს, რომ ეს მას შემთხვევით ემართება, მან უნდა იცოდეს, რომ ამ „გაგონებას“ მუშაობა უძღოდა წინ (როგორც სინაის მთასთან თქვა ისრაელის ხალხმა – „გავაკეთებთ და გავიგონებთ“). და ადამიანმა აღავლინა ლოცვა და ითხოვა ზეცისაგან, რომ შესაძლებლობა მისცემოდა რაიმე ქმედება მაინც გაეკეთებინა გაცემის განზრახვით და ამას „მან“–ის აღვლინება ეწოდება („მან“ – მეი ნუკვინ–სიტყვასიტყვით მდედრის წყლები).

თუმცა ადამიანს ეს უკვე დაავიწყდა და მნიშვნელობა არ მიანიჭა ამ მოქმედებას, იმიტომ, რომ მყისვე, ადგილზევე არ მიიღო საკუთარ ლოცვაზე პასუხი, რათა შეძლებოდა ეთქვა „რამეთუ გესმის შენ ყოველის (თითოეულის) ლოცვა (ყოველი პირის ლოცვა)“. მაგრამ მას უნდა სწამდეს, რომ სულიერი კანონების (უმაღლესი წესრიგის) თანახმად, ლოცვის პასუხი შესაძლოა მრავალი დღის და თვის შემდეგ მოვიდეს. და ადამიანმა არ უნდა იფიქროს, რომ მან ეს გამოღვიძება ახლა შემთხვევით მიიღო. 

ხანდახან ადამიანი ამბობს: „ახლა მე ვგრძნობ, რომ არაფერი მაკლია, არავითარი საზრუნავი არ გამაჩნია და ჩემი გონება ნათელი და მშვიდია. ამიტომ ახლა მე შემიძლია მოვახდინო  ჩემი გონებისა და სურვილების შემქმნელზე სამუშაოდ კონცენტრაცია“. გამოდის, რომ მას შეუძლია თქვას, რომ მისი შემქმნელისათვის მუშაობა საკუთარ ძალასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. გამოდის, რომ მას თითქოს შემთხვევით შეუძლია სულიერების შეძენით იყოს დაკავებული. მაშინ ადამიანმა უნდა ირწმუნოს, რომ ეს მისი ლოცვის პასუხია, რომ თავის ადრინდელ ლოცვაზე ახლა მიიღო პასუხი.

და ზოგჯერ, როდესაც ადამიანი რომელიმე წიგნს უღრმავდება, შემქმნელი მას თვალს უხელს და გამოღვიძების შეგრძნებას აძლევს, ადამიანი კი ამასაც, ჩვეულებისამებრ შემთხვევას მიაწერს. მაგრამ ყოველივე შემქმნელის მიერ იმართება. და თუმცა ადამიანმა იცის, რომ მთელი თორა შემქმნელის სახელებს წარმოადგენს, მიუხედავად ამისა, მას შეუძლია თქვას, რომ სულიერების შეგრძნება ამ წიგნის მეშვეობით მიიღო. 

მაგრამ, მან უნდა იცოდეს, რომ ბევრჯერ, როდესაც ის წიგნს შლის და იცის, რომ მთელი თორა შემქმნელის სახელებია, მიუხედავად ამისა, ის არანაირ ნათებასა და შეგრძნებას არ იღებს, არამედ ყველაფერი მშრალი და უგემურია და ამ ცოდნას მისთვის არავითარი სარგებელი არ მოაქვს.

 ამიტომ, როდესაც ადამიანი რაიმე წიგნს კითხულობს და თავის იმედებს შემქმნელზე ამყარებს, მისი სწავლა რწმენას უნდა ეფუძნებოდეს. მას უნდა სწამდეს, რომ შემქმნელი მართავს ყოველივეს და რომ ის აუხელს მას თვალს. მაშინ მას შემქმნელის  საჭიროება უჩნდება და მასთან შეხებას (კავშირს) პოულობს და ამის მეშვეობით მას შეუძლია შემქმნელთან შერწყმის ღირსი გახდეს.

არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ძალა: უმაღლესი ძალა და ქვედა ძალა. უმაღლესი ძალა ნიშნავს იმას, რომ მთელი სამყარო შემქმნელისათვის შეიქმნა, როგორც წერია: „ყველაფერი, რასაც ჩემი სახელი ჰქვია, ჩემი პატივისათვის (დიდებისათვის) შევქმენი“. ხოლო ქვედა ძალა ეს მიღების სურვილია, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი მისთვისაა შექმნილი, რომ მატერიალურიც და სულიერიც, საკუთარი თავის სიყვარულისთვისაა შექმნილი. მიღების სურვილი ამტკიცებს, რომ მას ერგება (ეკუთვნის) ეს სამყაროც, და მომავალი (სულიერი) სამყაროც (ოლამ ჰაბა). და რა თქმა უნდა ამ დაპირისპირებაში შემქმნელი იმარჯვებს, მაგრამ ასეთ გზას „ტანჯვის გზა“ ეწოდება და ის ძალიან გრძელია.

მაგრამ არსებობს მოკლე გზაც, რომელსაც „თორის გზა“ ეწოდება. და ყოველი ადამიანის მისწრაფება ის უნდა იყოს, რომ დრო დააჩქაროს, რასაც „ახიშენა“ (დაჩქრება) ეწოდება. სხვაგვარად მისი გზა „ბეითო“–დ წოდებული ტანჯვის გზა იქნება (ბეითო–სიტყვასიტყვით თავის დროზე, ანუ დროის ბუნებრივი დინების, სვლის მიხედვით). როგორც ბრძენთ უთქვამთ: „თუ ღირსი იქნებიან - დროს დავაჩქარებ (ახიშენა), ხოლო თუ არ იქნებიან ღირსი - ყველაფერი თავის დროზე მოხდება (ბეითო) და მე დაგიყენებთ  ჰამანის მსგავს მეფეს, რომელიც გაიძულებთ თქვენს უნებლიედ დაუბრუნდეთ სწორ გზას“.

თორა კი იწყება სიტყვებით: „თავდაპირველად ... მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე“ და მთავრდება სიტყვებით: „... მთელი ისრაელის  თვალწინ“. დასაწყისში ადამიანი ხედავს, რომ მიწიერი ცხოვრება „უსახო და უდაბური, ბნელი“–ა, ხოლო შემდეგ, როდესაც საკუთარ თავს გამოასწორებს და გაცემის განზრახვას შეიძენს, მაშინ ხდება ღირსი: „თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი!...“ სანამ სინათლე „...მთელი ისრაელის თვალწინ“ არ გამოვლინდება.