25. ის რაც გულიდან გამოდის
გაგონილია 1 ავის თვეს (1944 წლის 21 ივლისს ) წიგნ „ზოჰარ“–ის
დასრულების აღსანიშნავად გამართულ ტრაპეზზე
“ის რაც გულიდან გამოდის და გულში შედის”. რატომ ვხედავთ, რომ მაშინაც კი, როდესაც ადამიანის გულში უკვე შევიდა, ის მაინც ეცემა თავისი სულიერი საფეხურიდან?
საქმე იმაშია, რომ როდესაც ადამიანს თავისი რავისაგან („რავი“ ივრითულად დიდს, მასწავლებელს ნიშნავს) თორის სიტყვები ესმის, ის მაშინვე ეთანხმება მის აზრს და თავის თავზე იღებს, რომ რავის მიერ ნათქვამი მთელი სულით და გულით შეასრულოს. მაგრამ შემდეგ, როდესაც ადამიანი სხვა გარემოში ხვდება, ის ხედავს, სწადს და იზიარებს ამქვეყნად „მოხეტიალე“ უამრავ სურვილს. და მაშინ ის, მისი გონება, მისი გული და სურვილები ბათილდებიან უმრავლესობის (აზრისა და სურვილების) წინაშე, მანამ სანამ არ შეიძენს ძალას, რომლითაც მთელი მსოფლიოს დამსახურებების მხარეზე გადახრას შეძლებს. მანამდე კი ისინი ამარცხებენ მას და ადამიანი მათ სურვილებში ერევა.
მაშინ ის წააგავს „სასაკლაოზე მიდენილ ფარას“. მას არავითარი არჩევანი არ გააჩნია და იძულებულია, რომ იფიქროს, ისურვოს და მოითხოვოს იგივე, რასაც უმრავლესობა მოითხოვს. მაშინ ის ირჩევს მათ უცხო აზრებს, მისწრაფებებს და მდაბალ ვნებებს, - საპირისპიროს თორის სულისკვეთებისა და არავითარი ძალა არ შესწევს იმისათვის, რათა უმრავლესობის ზეგავლენას შეეწინააღმდეგოს.
ასეთ შემთხვევაში მას ერთი გამოსავალი აქვს - თავის რავს და წიგნებს შეეთვისოს, შეერწყას, რასაც „წიგნებიდან და მათი ავტორებისაგან საზრდოობა“ ეწოდება. და მხოლოდ მათთან შერწყმით შეუძლია ადამიანს საკუთარი აზრები და სურვილები უკეთესობისკენ შეცვალოს. მაშინ ვერანაირი კამათი და მწვავე დისკუსია ვერ დაეხმარება მას საკუთარი აზრის შეცვლაში, არამედ მხოლოდ შერწყმა, რამეთუ შერწყმა საოცარი საშუალებაა, რომელიც პირველსაწყისთან გვაბრუნებს.
და მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი სიწმინდეში იმყოფება, მას შეუძლია საკუთარ თავს ეკამათოს და ლამაზად იმჭერმეტყველოს იმაზე, თუ როგორ გვავალდებულებს გონება შემქმნელის გზით ვიაროთ. მაგრამ მთელი ამ „სიბრძნისა“ და თავდაჯერებულობის შემდეგ, რომლითაც თავისი ბოროტი საწყისის დამარცხებას ცდილობს, მან მკაფიოდ უნდა გააცნობიეროს, რომ ყოველივე ამას არანაირი ღირებულება არ გააჩნია და ეს ის იარაღი არაა, რომლითაც ეგოიზმთან ბრძოლაში გამარჯვება შეიძლება, რადგან ყველა ეს ჭკვიანური დასკვნა მხოლოდ ზემოთხსენებული შერწყმის შედეგია.
ესე იგი ყველა მისი ჭკვიანური დასკვნა იმის შესახებ, რომ ადამიანმა ყოველთვის შემქმნელის გზით უნდა იაროს, რაზედაც ის მოსაზრებების მთელ თავის შენობას ამყარებს, - მის რავთან შერწყმას ეფუძნება. და თავისთავად, როგორც კი ის ამ საყრდენს კარგავს, მაშინ მის არცერთ დასკვნას არავითარი ძალა აღარ გააჩნია, მას ხომ ახლა საფუძველი გამოეცალა. ამიტომ, ადამიანი არ უნდა ენდოს საკუთარ გონებას, არამედ კვლავ წიგნებსა და მათ ავტორებს უნდა „მიეწებოს“, შეერწყას. მხოლოდ ამას შეუძლია მისი შველა და არა გონებას ან სიბრძნეს, რადგან მათში არავითარი სასიცოცხლო ძალა არ არსებობს.