22. თორა „ლიშმა“
გაგონილია 9 შვათის თვეს (1941 წლის 6 თებერვალს)
თორას მაშინ ჰქვია „ლიშმა“ – შემქმნელისათვის გაცემის განზრახვა, როდესაც მას იმისთვის სწავლობენ, რომ აბსოლუტურად ნათლად, გონებრივი შემეცნების ფარგლებში, თავისი ცოდნის ჭეშმარიტებაში ყოველგვარი ეჭვის შეტანის გარეშე იცოდნენ, რომ „არის სასამართლო და არის მოსამართლე“.
„არის სასამართლო“ ნიშნავს, რომ რეალობას ისეთს ხედავენ, როგორიც ის ჩვენს თვალებს წარმოუდგება, ესე იგი ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც რწმენასა და გაცემაში ვმუშაობთ, მაშინ დღითიდღე ვიზრდებით და ვმაღლდებით, რადგან ყოველ ჯერზე ვხედავთ ცვლილებებს უკეთესობისკენ.
და პირიქით, როდესაც ჩვენ მიღებისთვის და ცოდნისთვის ვმუშაობთ, მაშინ ვხედავთ, რომ დღითიდღე ძირს ვეშვებით მანამ, სანამ ამქვეყნიური სიმდაბლის უკიდურეს საფეხურს არ მივაღწევთ.
და როდესაც ჩვენ ამ ორ მდგომარეობას ვაკვირდებით, ვხედავთ, რომ არის სასამართლო და არის მოსამართლე, იმიტომ რომ თუ ჭეშმარიტი თორის კანონებს არ ვასრულებთ, ადგილზევე, დაუყონებლივ ვისჯებით. მაშინ ვხედავთ, რომ სამართლიანი სამსჯავრო არსებობს, ანუ ვხედავთ, რომ სწორედ ეს არის საუკეთესო, ღირსეული გზა, რომელსაც შეუძლია ჭეშმარიტებასთან მიგვიყვანოს.
და ამიტომაც ეწოდება სამსჯავროს სამართლიანი, ვინაიდან მხოლოდ ასეთი გზით შეიძლება დასახულ სრულყოფილებამდე მისვლა. ესე იგი ცოდნის ფარგლებში სრულად და აბსოლუტურად ვაცნობიერებთ, რომ მასზე ამაღლებული არაფერია და რომ მხოლოდ რწმენითა და გაცემით შეიძლება შექმნის ჩანაფიქრის მიღწევა.
ამიტომ თუ იმის გაგების მიზნით ვსწავლობთ, რომ არის სასამართლო და არის მოსამართლე, ამას „თორა ლიშმა“ ეწოდება. და ეს წარმოადგენს არსს ნათქვამისა: „დიადია სწავლება, რომელსაც მოქმედებისაკენ მივყავართ“. ერთი შეხედვით უნდა გვეთქვა - რომელსაც მოქმედებებისაკენ მივყავართ და არა მოქმედებისაკენ, ანუ მრავლობით რიცხვში და არა მხოლობითში, ესე იგი მრავალი მოქმედების შესრულებას შევძლებთ.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ სწავლამ მას მხოლოდ რწმენა უნდა მოუტანოს. ხოლო რწმენას ეწოდება „ერთი მცნება“, რომელიც მთელ სამყაროს დამსახურებების მხარეზე გადაწონის. რწმენას ასევე „მოქმედება“ ეწოდება, იმიტომ რომ ყველა ვინც ამქვეყნად რაიმე მოქმედებას აკეთებს, მას უნდა გააჩნდეს მიზეზი, რომელიც უბიძგებს, რომ ეს მოქმედება ცოდნის ფარგლებში ჩაიდინოს. და ეს თითქოს საერთოა გონებასა და მოქმედებას შორის.
მაგრამ თუ საუბარია რაიმეზე, რაც ცოდნაზე მაღლაა და გონება მას არ აძლევს ამ მოქმედების შესრულების საშუალებას, არამედ პირიქით, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთ მოქმედებაში არავითარი გონება არ არსებობს, არამედ მხოლოდ მოქმედებაა. და ამაშია არსი ნათქვამისა: „ბედნიერია ის ვინც შეასრულა ერთი მცნება, რამეთუ საკუთარი თავიც და მთელი სამყაროს დამსახურებების მხარეზე გადახარა“. და ამაზეა ნათქვამი: „დიადია სწავლება, რომელსაც მოქმედებისაკენ მივყავართ“. აქ იგულისხმება მოქმედებები ცოდნის გარეშე, რომელსაც „ცოდნაზე ამაღლებული“ ეწოდება.