16. რა არის შემქმნელის დღე და შემქმნელის ღამე მუშაობაში
გაგონილია იერუსალიმში 1941 წელს
ბრძენებმა თქვეს დაწერილის შესახებ: „ოი თქვენ, ვისაც შემქმნელის დღე გწყურიათ! რაში გჭირდებათ თქვენ შემქმნელის დღე? ეს ხომ წყვდიადია თქვენთვის და არა სინათლე!“ (ამოს 5). იგავი მამალზე და ღამურაზე, რომლებიც მზის სინათლეს ელოდებოდნენ: მამალმა ღამურას უთხრა: „მე სინათლეს ველოდები, იმიტომ რომ ის ჩემი სინათლეა, ხოლო შენ რისთვის გჭირდება სინათლე?“ (სინედრიონი 98,72). რაც იმას ნიშნავს, რომ იმდენად რამდენადაც ღამურას თვალები არ გააჩნია რომ დაინახოს, რაში არგებს მას მზის შუქი? არამედ პირიქით, მას ვისაც თვალები არ გააჩნია, მზის სინათლე უფრო დიდ წყვდიადად გადაექცევა.
და უნდა გავიგოთ ეს იგავი, ანუ რა კავშირი აქვს თვალებთან, შემქმნელის სინათლის დანახვასთან, რასაც დაწერილი „შემქმნელის დღეს“ უწოდებს და გვიყვება იგავს ღამურის შესახებ, რომ ის ვისაც თვალები არ გააჩნია, სიბნელეში იმყოფება. და კიდევ უნდა გავიგოთ, თუ რა არის „შემქმნელის დღე“ და „შემქმნელის ღამე“ და რა განსხვავებაა მათ შორის. გასაგებია, რომ ადამიანების დღე მზის ამოსვლით განისაზღვრება, მაგრამ შემქმნელის დღე, რით განვსაზღვრავთ მას?
პასუხი ისაა, რომ ეს მზის გამონათებას ჰგავს, ანუ მზის ამოსვლას დედმიწაზე ჩვენ „დღეს“ ვუწოდებთ, ხოლო მზის ჩასვლას – „სიბნელეს“. შემქმნელთან დაკავშირებითაც ასევეა – „დღე“ მის გამოვლენას ეწოდება, ხოლო „სიბნელე“ – მის დაფარვას. ე.ი. როდესაც შემქმნელი გამოვლინებულია და ეს ადამიანისათვის დღესავით ნათელია – ამას „დღე“ ეწოდება, როგორც ბრძენებმა თქვეს დაწერილის შესახებ: „სინათლეში წამოდგება (გამოვლინდება) მკვლელი, მოკლავს საწყალს და ბეჩავს, ღამით კი ქურდს დაემსგავსება“. ღამით ქურდს იმიტომ დაემსგავსება, რომ დღის სინათლეზე დღესავით ნათელია, რომ ის სულების წასაღებად მოვიდა, რომ ის მკვლელია და ამიტომ შესაძლებელია მისი სულის გადარჩენა (პსახიმ 2). როგორც ვხედავთ, გმარის მიხედვით დღეს უწოდებენ იმას, რაც დღესავით ნათელია.
გამოდის, რომ შემქმნელის დღე იმის სიცხადეს ნიშნავს, რომ ის სამყაროს სიკეთითა და მოწყალებით მართავს. მაგალითად, როდესაც ადამიანი ლოცულობს, ის დაუყოვნებლივ იღებს პასუხს თავის ლოცვაზე და იღებს იმას, რასაც ლოცვის დროს ითხოვს. რა გზასაც არ უნდა დაადგეს – ყველგან წარმატებას აღწევს. ამას ეწოდება შემქმნელის დღე, ხოლო სიბნელეს ან ღამეს შემქმნელის დაფარვა ეწოდება, რაც ადამიანში ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა შემქმნელის მართვა კარგი და კეთილისმყოფელი და მასში უცხო ფიქრებს აჩენს. ანუ უმაღლესი მართვის დაფარვა უჩენს მას ყველა ამ უცხო აზრსა და ფიქრს,– ამას ეწოდება სიბნელე და ღამე. ესე იგი ადამიანი გრძნობს, რომ სამყარო მისთვის წყვდიადმა მოიცვა.
ამით აიხსნება დაწერილი: „ოი თქვენ, ვისაც შემქმნელის დღე გწყურიათ! რაში გჭირდებათ თქვენ შემქმნელის დღე? ეს ხომ წყვდიადია თქვენთვის და არა სინათლე!“
ის ვინც ნამდვილად ელოდება შემქმნელის დღეს, მიილტვის, რომ რომ ცოდნაზე ამაღლებული რწმენის ღირსი გახდეს და ეს რწმენა იმდენად ძლიერი იყოს, თითქოს ის აბსოლუტური სიცხადით ხედავდეს, რომ შემქმნელი სამყაროს სიკეთითა და მოწყალებით მართავს.
ე.ი. მას არ სურს იმის დანახვა, რომ შემქმნელი სამყაროს სიკეთითა და მოწყალებით მართავს, რადგან მხედველობა რწმენის საწინააღმდეგოა, ანუ რწმენა სწორედ იმ ადგილასაა, სადაც ის გონებას უპირისპირდება და ადამიანი აკეთებს იმას, რაც მის გონებას ეწინააღმდეგება, – ამას ცოდნაზე ამაღლებული რწმენა ეწოდება.
ამგვარად, მათ სწამთ, რომ შემქმნელი ქმნილებებს სიკეთით და მოწყალებით მართავს. და თუმცა ამას ნათლად ვერ ხედავენ, ისინი არ ეუბნებიან შემქმნელს, რომ მათ ამ სიკეთისა და მოწყალების გონებით დანახვა სურთ, არამედ უნდათ, რომ მათში ეს ცოდნაზე ამაღლებულ რწმენად დარჩეს. და ისინი თხოვენ შემქმნელს, რომ იმდენად ძლიერი რწმენის ძალა მისცეს, თითქოსდა ისინი ამას გონებაში ხედავდნენ. ანუ არ იყოს განსხვავება რწმენასა და გონებაში არსებულ ცოდნას შორის. მათთვის, ვისაც შემქმნელთან შერწყმა სურს ამას „შემქმნელის დღე“ ეწოდება.
ესე იგი თუ ისინი ამას როგორც ცოდნას ისე აღიქვამენ, მაშინ შემქმნელის სინათლე, ანუ უმაღლესი ბარაქა მათ მიღების ჭურჭლებში შედის, რომლებსაც დაშორების ჭურჭლები ეწოდება. მათ ეს არ სურთ, რადგან ეს სიწმინდის საპირისპირო მიღების სურვილში შედის, ხოლო სიწმინდე საკუთარი თავისთვის მიღების სურვილის საწინააღმდეგოა, მათ კი შემქმნელთან შერწყმა სურთ, რაც მხოლოდ თვისებათა მსგავსების მეშვეობითაა შესაძლებელი. მაშინ როგორ შეიძლება ამის მიღწევა, ეს ხომ ბუნებას ეწინააღმდეგება?
ამიტომ ადამიანმა დიდი მუშაობა უნდა გასწიოს, მანამ სანამ მეორე ბუნებას, გაცემის სურვილს შეიძენდეს. ხოლო მისი შეძენის შემდეგ ის მზადაა უმაღლესი ბარაქა მიიღოს და ზიანი არ მიაყენოს, რადგან ნებისმიერი ნაკლოვანება მიღების სურვილისგანაა. და მაშინაც კი, როდესაც რაიმეს გაცემის განზრახვით აკეთებს, სადღაც, გულის სიღრმეში, იმედი გააჩნია, რომ თავისი გაცემის სანაცვლოდ გასამრჯელოს მიიღებს. ერთი სიტყვით, ადამიანს არავითარი მოქმედების გაკეთება არ შეუძლია, თუ ამ მოქმედების სანაცვლოდ გასამრჯელოს არ ელის. ანუ ის ვალდებულია სიამოვნება მიიღოს, ხოლო ნებისმიერი სიამოვნება, რომელსაც ადამიანი საკუთარი თავისათვის იღებს, მას უცილობლად შემქმნელისაგან აშორებს. ის უკვე აღარაა შერწყმული შემქმნელთან, რადგან შერწყმა თვისებათა მსგავსებით იზომება და ამიტომ ადამიანს საკუთარი ძალებით არ შეუძლია წმინდა გაცემა გააკეთოს მიღების გარევის გარეშე.
ამიტომ იმისათვის, რათა ადამიანმა გაცემის ძალა შეიძინოს, მას სხვა ბუნება ესაჭიროება, რათა ძალა ჰქონდეს თვისებათა მსგავსებას მიაღწიოს, ანუ ისეთი გახდეს, როგორიც შემქმნელია, რომელიც გასცემს და არაფერს იღებს სანაცვლოდ, – მას ხომ არაფერი აკლია. შემქმნელი საჭიროების გამო არ გასცემს, ანუ ის უკმარისობას არ განიცდის, თუ არავიზე გაცემა არ შეუძლია, არამედ ჩვენ ეს ისე უნდა აღვიქვათ როგორც თამაში. ანუ ის იმიტომ კი არ გასცემს, რომ ეს მისთვის აუცილებელია, არამედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თამაშივითაა.
და ეს როგორც ბრძენებმა მოგვითხრეს მატრონიტას (მალხუთის) კითხვის შესახებ: „რას აკეთებს შემქმნელი სამყაროს შექმნის შემდეგ?“ და პასუხი იყო: „ზის და ვეშაპს ეთამაშება“, როგორც ნათქვამია: „ეს ვეშაპი სათამაშოდ შექმენი“. (კერპთაყვანისმცემლობა, მე–3 გვერდი) ვეშაპი შერწყმას და ერთობას ნიშნავს (როგორც ნათქვამია „ჩაეხუტება ადამიანი“). ანუ მიზანი შემქმნელის ქმნილებებთან ერთობაა და ეს მხოლოდ თამაშია და არა სურვილი და საჭიროება. განსხვავება სურვილსა და თამაშს შორის კი იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერი, რაც სურვილში მოდის, აუცილებლობაა და თუ ვერ იღებს სასურველს, უკმარისობას განიცდის, ხოლო თამაშში, მაშინაც კი, როდესაც სასურველს ვერ აღწევს, ეს სინაკლულედ არ ითვლება, რადგან ამას ისეთი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთელი მისი სურვილი ხომ თამაშია და არა სერიოზული განზრახვა.
გამოდის, რომ სრულყოფილების მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის მუშაობა აბსოლუტური გაცემისათვის იყოს და ამისათვის არავითარი გასამრჯელოს მიღების სურვილი და მისწრაფება არ გააჩნდეს. ეს კი მაღალი საფეხურია, რადგან თვით შემქმნელი იქცევა ასე. და ამას „შემქმნელის დღე“ ჰქვია, შემქმნელის დღეს ხომ სრულყოფილება ეწოდება, როგორც ნათქვამია: „ჩაქრებიან დილის ვარსკვლავები, სინათლეს ელიან და არ ჩანს“, რამეთუ სინათლე სრულყოფილებაა.
და როდესაც ადამიანი მეორე ბუნებას ანუ გაცემის სურვილს შეიძენს, რომელსაც შემქმნელი პირველი ბუნების - მიღების სურვილის ნაცვლად აძლევს, მაშინ ამ გაცემის სურვილით ადამიანს შეუძლია შემქმნელისათვის სრულყოფილად იმუშავოს. და ამას შემქმნელის დღე ეწოდება.
ამიტომ ის, ვინც ჯერ კიდევ არ გამხდარა მეორე ბუნების ღირსი, რომელიც შემქმნელზე გაცემის განზრახვით მუშობის შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ იმედი აქვს, რომ გაცემის თვისებას შეიძენს, ესე იგი უკვე გაისარჯა და გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეეძლო იმისათვის, რათა ეს ძალა შეეძინა, შეიძლება ითქვას, რომ ის „შემქმნელის დღეს“ ელის, ანუ შემქმნელთან თვისებათა მსგავსება აქვს. და როდესაც შემქმნელის დღე დგება, ის საოცრად გახარებულია იმის გამო, რომ განთავისუფლდა საკუთარი თავისთვის მიღების სურვილის მართვისაგან, რომელიც შემქმნელს აშორებდა. ახლა კი ის შემქმნელს ერწყმება და ეს მისთვის მწვერვალზე ასვლის ტოლფასია.
ხოლო ის ვინც მხოლოდ საკუთარი თავისათვის მუშაობს, პირიქით, მანამ სანამ ფიქრობს, რომ მუშაობისათვის რაიმე გასამრჯელოს მიიღებს, ის მოხარულია, ხოლო როდესაც ხედავს, რომ მისი მიღების სურვილი თავისი ნამუშევრის სანაცვლოდ არავითარ გასამრჯელოს არ იღებს, მაშინ მას მოწყენილობა და სიზარმაცე ეუფლება. და ზოგჯერ „ის თავდაპირველ მოქმედებებში ეჭვდება“ და ამბობს: „რომ მცოდნოდა რომ ასე იქნებოდა, არ დავიფიცებდი“–ო. უფრო მეტიც, „შემქმნელის დღე“ ეს გაცემის ძალის შეძენაა და თუ მას ეტყვიან, რომ მისი მოგება თორისა და მცნებების შესრულებაშია, მაშინ ის უპასუხებს, რომ ეს მისთვის სიბნელეა და არა სინათლე, რადგან ამ ცოდნას სიბნელე მოაქვს.