<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / სულიერი შემეცნების არსი

3. სულიერი შემეცნების არსი

 

ჩვენ სამყაროებში მრავალ საფეხურსა და ფორმას ვასხვავებთ. და უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველივე რაც საფეხურებისა და ფორმების შესახებაა ნათქვამი, მხოლოდ სულების მიერ ამ სამყაროებიდან მიღებულის აღქმას ეხება. და ეს გამომდინარეობს წესიდან: „რასაც არ შევიცნობთ - ვერ ვუწოდებთ სახელს“. ეს იმიტომ რომ სიტყვა „სახელი“ შემეცნებაზე მიუთითებს. ეს წააგავს ადამიანს, რომელიც რაიმეს სახელს მას შემდეგ აძლევს, რაც მას გარკვეულწილად შეიცნობს, ანუ სახელს თავისი შეცნობის შესაბამისად არქმევს.

 

და ამიტომ მთელი რეალობა (სინამდვილე), სულიერი შემეცნების თვალსაზრისით, 3 ნაწილად იყოფა: 

 

1. „აცმუთო“– შემქმნელის არსი. 

2. უსასრულობა. 

3. სულები. 

1. შემქმნელის არსზე ჩვენ საერთოდ არ ვსაუბრობთ, რამეთუ ქმნილებათა ფესვი და ადგილი შექმნის ჩანაფიქრიდან იწყება, სადაც ისინი ჩართული არიან საიდუმლოებაში: „ქმედების შედეგი მის საწყის ჩანაფიქრშია“. 

 

2. უსასრულობა, რომელიც შექმნის ჩანაფიქრს წარმოადგენს, ქმნილებებისათვის უსაზღვრო სიამოვნების მინიჭების საიდუმლოებაა და მას „ეინ სოფ ბარუხ ჰუ“ (უსასრულობა, კურთხეული იყოს ის) ეწოდება. და ეს არის კავშირი, რომელიც არსებობს აცმუთოსა (შემქმნელის არსსა) და სულებს შორის. ამ კავშირს ჩვენ აღვიქვამთ როგორც ქმნილებებისათვის სიამოვნების მინიჭების სურვილის საიდუმლოს. 

 უსასრულობა - ეს ყოველივეს საწყისია და მას ეწოდება „სინათლე ქლის (ჭურჭლის) გარეშე“, მაგრამ იქიდან იღებს საწყისს ქმნილებათა ფესვი, ანუ კავშირი, რომელიც შემქმნელსა და ქმნილებებს შორის არსებობს და რომელსაც ქმნილებებისათვის სიამოვნების მინიჭების სურვილი ეწოდება. ეს სურვილი უსასრულობის სამყაროში იღებს სათავეს და „ასია“–ს სამყარომდე ეშვება (სიტყვა „ასია“ ივრითულად კეთებას ნიშნავს). 

 

3. სულები, რომლებიც იმ წყალობის მიმღებნი არიან, რისი ბოძებაც შემქმნელს სურს.

 „უსასრულობა“–ს ასე იმიტომ ეწოდება, რომ ის აცმუთოსა და სულებს შორის არსებულ კავშირს წარმოადგენს და ის ჩვენს მიერ აღიქმება როგორც ქმნილებებისათვის სიამოვნების მინიჭების სურვილის საიდუმლოება. და სიამოვნების მიგვრის ამ კავშირის გარდა ჩვენ არაფერზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. იქ არის ყველაფრის საწყისი და ამას ეწოდება „სინათლე ქლის გარეშე“. მაგრამ იქ სათავეს ქმნილებათა ფესვი, ანუ შემქმნელსა და ქმნილებებს შორის არსებული კავშირი იღებს, რომელსაც შემქმნელის ქმნილებებისათვის სიამოვნების მინიჭების სურვილი ეწოდება. და ეს სურვილი უსასრულობის სამყაროში იღებს სათავეს და „ასია“–ს სამყარომდე ეშვება. 

 

ყველა სამყარო თავის თავთან მიმართებაში განისაზღვრება როგორც „სინათლე ქლის გარეშე“, რომლის შესახებაც ჩვენ არ ვსაუბრობთ. ისინი მიიჩნევიან როგორც „აცმუთო“ (მისი არსი), და ჩვენი შემეცნება მათ ვერ წვდება. 

 

და არ გაგიკვირდეს, რომ ჩვენ იქ მრავალ თვისებას (ფორმას) ვასხვავებთ - ეს იმიტომ, რომ ეს თვისებები იქ პოტენციალში, ძალების სახით არსებობენ, ხოლო შემდეგ, როდესაც სულები მოვლენ, ეს თვისებები სულებში გამოვლინდება, რომლებიც სინათლეებს გამოსწორებისა და მოწესრიგების შესაბამისად იღებენ, ისე, რომ სულებს მათი მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ, თითოეულს - შესაბამისად თავისი ძალისა და მომზადებისა. და მაშინ ვლინდება ეს თვისებები მოქმედებაში. მაგრამ მაშინ როდესაც სულები უმაღლეს სინათლეს არ წვდებიან, ყოველივე საკუთარი თავის მიმართ (თავისთავად) „აცმუთო“–დ (მის არსად) ითვლება. 

 

და სულებთან მიმართებაში, რომლებიც სამყაროებისაგან იღებენ, სამყაროები უსასრულობად მიიჩნევა, ვინაიდან სამყაროებსა და სულებს შორის არსებული კავშირი, სადაც სამყაროები სულებზე გასცემენ, შექმნის ჩანაფიქრიდან გამომდინარეობს და აცმუთოსა და სულებს შორის საერთო დამოკიდებულებას წარმოადგენს. ამ კავშირს, როგორც ზემოთ არის ნახსენები, „უსასრულობა“ ეწოდება. და როდესაც ჩვენ ვლოცულობთ და ვთხოვთ შემქმნელს, რომ დაგვეხმაროს და სასურველი მოგვცეს, ჩვენ უსასრულობას ვგულისხმობთ, იქ ხომ ქმნილებათა ფესვია, რომელსაც სურს მათ სიკეთე და ნეტარება მისცეს და მას შემქმნელის ქმნილებებისათვის სიამოვნების მინიჭების სურვილი ეწოდება.

 

ლოცვა მიმართულია შემქნელისადმი, რომელმაც ჩვენ შეგვქმნა და რომლის სახელიცაა „ქმნილებებისათვის სიამოვნების მინიჭების სურვილი“. მას უსასრულობას უწოდებენ, ვინაიდან აქ „ციმცუმ“–ამდე–შეკვეცამდე არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი. და შეკვეცის შემდეგაც მასში არავითარი ცვლილება არ ხდება. სინათლე უცვლელია და ის სამუდამოდ ამ სახელით რჩება. 

 

და ეს სახელების სიმრავლე მხოლოდ მიმღებთა მიმართ არსებობს. ამიტომაც პირველი სახელი, რომელიც ქმნილებათა ფესვის საიდუმლოებაში გამოვლინდა, „უსასრულობა“ (კურთხეულ იყოს ის) იყო. და ამ სახელის გამოვლინება ყოველგვარი ცვლილების გარეშე რჩება, ხოლო ყველა შეკვეცა და ცვლილებათა სიმრავლე მხოლოდ მიმღებთა მიმართ ხდება. და ის ყოველთვის პირველი სახელით ანათებს, რომელსაც ქმნილებებისათვის უსაზღვრო სიამოვნების მინიჭების სურვილი ეწოდება. და ამიტომ ჩვენ ვლოცულობთ „უსასრულობად“ წოდებული შემქმნელის მიმართ, რომელიც შეკვეცის გარეშე, უსასრულოდ ანათებს. ხოლო შემდეგში დასასრულის წარმოშობა წარმოდგენს გამოსწორებას მიმღებთათვის, რათა მათ მისი სინათლის მიღება შეძლონ. 

 

უმაღლესი სინათლე ორი ცნებისაგან შედგება: შემმეცნებელი და შეცნობილი (შემეცნების საგანი). და ყველაფერი, რასაც უმაღლესი სინათლის შესახებ ამბობენ, ეს მხოლოდ შემმეცნებლის შთაბეჭდილებაა შეცნობილისაგან. 

 

მაგრამ თითოეულ მათგანს თავისთავად, ანუ ცალკე შემმეცნებელს ან ცალკე შეცნობილს (შემეცნების საგანს) უსასრულობა არ ეწოდება, არამედ შეცნობის საგანს „აცმუთო“ (მისი არსი) ეწოდება, ხოლო შემმეცნებელს – „სულები“. და ეს განახლებული ფორმაა, რომელიც საერთოს ნაწილს წარმოადგენს. და მისი განახლებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მასში მიღების სურვილია ჩაბეჭდილი (ჩადებული). და ამ თვალსაზრისით ქმნილებას ეწოდება „არსებული არარსებულისაგან“ (ივრითულდ „იეშ მეაინ“). 

 

ყველა სამყარო თავისთავად, საკუთარი თავის მიმართ განისაზღვრება როგორც უბრალო ერთიანობა, ხოლო შემქმნელი უცვლელი რჩება, რაც ნიშნავს „მე ჰავია არ შემიცვლია“ (ჰავაია – ჩემი სახელი, იუდ-ჰეი-ვავ-ჰეი). შემქმნელში არ არსებობს სფირები და ფორმები. და თვით ყველაზე უფრო დახვეწილი, ფაქიზი სახელებიც კი არ გამოხატავენ სინათლის არსს, რამეთუ ეს აცმუთოა, რომელიც სრულიად ჩაუწვდომელია. ხოლო ყოველივე, რასაც სფირებისა და ფორმების შესახებ ვამბობთ, მხოლოდ იმას წარმოადგენს, რასაც ადამიანი მასში შეიცნობს (წვდება). რამეთუ შემქმნელს სურდა, რომ ჩვენ მისი ბარაქა შეგვეცნო და გაგვეგო როგორც შემქმნელის ქმნილებებისათვის სიამოვნების მინიჭების სურვილის საიდუმლოება. 

 

და იმისათვის, რათა შეგვეცნო ის, რაც მას სურდა, რომ შეგვეცნო და გაგვეგო, ანუ მისი ქმნილებებისათვის სიამოვნების მინიჭების სურვილის საიდუმლოება, შემქმნელმა შექმნა და ჩვენ მოგვცა გრძნობის ეს ორგანოები. ეს ორგანოები აღიქვამენ იმ შთაბეჭდილებას, რომელსაც უმაღლესი სინათლისაგან იღებენ და მასში მრავალ თვისებას ასხვავებენ. ეს იმიტომ, რომ ჩვენს საერთო გრძნობათა ორგანოს „მიღების სურვილი“ ეწოდება და ის, ქმნილებათა მიღების უნარის შესაბამისად, მრავალი ნაწილისაგან შედგება. აქედან მრავალი სახის დაყოფა და მდგომარეობა გამომდინარეობს, რომელთაც აღმასვლები და დაღმასვლები, გავრცელება, გაუჩინარება და ა.შ. ეწოდება.

 

და ვინაიდან სიამოვნების მიღების სურვილს „ქმნილება“ და „განახლებული თვისება“ ეწოდება, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც ამ სურვილში შემეცნება იღებს სათავეს, ჩნდება შეგრძნების შესაბამისად აღქმულის აღწერის შესაძლებლობა. რადგან აქ უკვე არსებობს უმაღლესი სინათლის და მიღების სურვილის ურთიერთდამოკიდებულება და ამას „სინათლე და ქლი“ ეწოდება. მაშინ როცა ქლის გარეშე სინათლის შესახებ შეუძლებელია რაიმეს თქმა, რადგან სინათლე მიმღების მიერ შეცნობის გარეშე „აცმუთო“–დ, შემქმნელის არსად ითვლება. და მის შესახებ ლაპარაკი აკრძალულია, ვინაიდან ის შეუცნობადია. და როგორ შეიძლება სახელი მივცეთ იმას, რასაც არ შევიცნობთ? 

 

და აქედან გავიგებთ, რომ ლოცვაში, როდესაც ჩვენ შემქმნელს ვთხოვთ, რომ ხსნა, ჯანმრთელობა და ა.შ. გამოგვიგზავნოს, აქ ორი კატეგორია უნდა განვასხვავოთ: 

 

1. შემქმნელი. 

2. ის, რაც მისგან გამომდინარეობს. 

პირველი კატეგორიის შესახებ, რომელიც აცმუთო–დ მიიჩნევა, აკრძალულია საუბარი. მეორე კატეგორია კი, რომელიც მისგან გამომდინარეობს, განისაზღვრება როგორც სინათლე, რომელიც ჩვენს ქელიმ–ში (ჭურჭლებში) ანუ მიღების სურვილში ეშვება. ამას უსასრულობა ეწოდება. და ეს არის შემქმნელის კავშირი ქმნილებებთან და გამოხატულება მისი სურვილისა სიამოვნება მიანიჭოს ქმნილებებს. ასე რომ მიღების სურვილი განეკუთვნება მის შემვსებ სინათლეს, რომელიც საბოლოო ჯამში სურვილს აღწევს.

 

და მაშინ, როდესაც მიღების სურვილი გავრცელებულ (დაშვებულ) სინათლეს იღებს, ამ სინათლეს უსასრულობა ეწოდება. და ის მიმღებებამდე მრავალი სამოსით დაფარული ეშვება იმისათვის, რათა ქმნილებებმა მისი მიღება შეძლონ. აქედან გამოდის, რომ ყველა კატეგორიებს და ცვლილებებს სწორედ მიმღებში აქვს ადგილი და ეს იმდენად, რამდენადაც მიმღები შთაიბეჭდება მათგან. მაგრამ აუცილებელია დავაზუსტოთ, თუ რაზეა საუბარი. როდესაც ლაპარაკია სამყაროებში არსებული თვისებების შესახებ, მაშინ პოტენციური თვისებები იგულისხმება, ხოლო როდესაც მიმღები იძენს ამ თვისებებს, მაშინ ისინი ხორცს ისხამენ. 

 

სულიერი შემეცნება იმას ჰქვია, როდესაც შემმეცნებელი და შეცნობილი ერთად ვლინდებიან, რადგან შემმეცნებლის გარეშე შეცნობის საგანს არავითარი ფორმა არ გააჩნია, აკი არავინაა ამ ფორმის აღმქმელი. 

 

ამიტომ ამ კატეგორიას „აცმუთო“ ეწოდება და ამაზე საუბრის, ამის სიტყვიერი აღწერის არავითარი საშულება არ არსებობს. და როგორ შეიძლება ითქვას, რომ შეცნობის საგანი რაიმე ფორმას მიიღებს თავისთავად, ჩვენს მიერ აღქმის გარეშე? 

 

და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ იმ ადგილიდან, სადაც ჩვენი გრძნობის ორგანოები გავრცელებული სინათლის აღქმას იწყებენ, რომელიც წარმოადგენს შემქმნელის სურვილს სიამოვნება მიანიჭოს ქმნილებებს და რეალურად აღწევს მიმღებებს. 

 

ეს წააგავს იმას, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ მაგიდას. ჩვენი შეხების ორგანოს მიხედვით ის მყარია. და ასევე აღვიქვამთ მის სიგრძესა და სიგანეს ჩვენი ორგანოების შეფასების მიხედვით. მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ მაგიდა ასე უნდა გამოიყურებოდეს იმის თვალში, ვისაც გრძნობის ჩვენგან განსხვავებული ორგანოები გააჩნია. მაგალითად, ანგელოზის თვალში, რომელიც მაგიდას თავისი გრძნობის ორგანოების მიხედვით აღიქვამს. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება საგანი ანგელოზის თვალში, ჩვენ ხომ არაფერი ვიცით მისი გრძნობის ორგანოების შესახებ. 

 

და ამიტომ, ისევე როგორც ჩვენ შემქმნელს ვერ ვწვდებით, ასევე არ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ფორმა აქვთ სამყაროებს შემქმნელის თვალში, მასთან მიმართებაში. ჩვენ სამყაროებს მხოლოდ ჩვენი აღქმისა და შეგრძნების მიხედვით ვწვდებით. და ასეთი იყო შემქმნელის სურვილი, რომ ამგვარად შეგვეცნო ის. 

 

ამიტომაც ნათქვამია: „სინათლე უცვლელია“, არამედ ყველა ცვლილება მხოლოდ ქელიმში (ჭურჭლებში), ანუ ჩვენს გრძნობის ორგანოებშია, ყოველივე ხომ ჩვენი აღქმის მიხედვით იზომება. და აქედან ისწავლე, რომ თუ ბევრი ადამიანი ერთ სულიერ ობიექტს უყურებს, თითოეული მათგანი თავისი აღქმისა და გრძნობის ორგანოების შესაბამისად შეიცნობს და ამიტომ თითოეული მათგანი განსხვავებულ ფორმას ხედავს. ეს ფორმა, აგრეთვე, თვით ადამიანის თვალშიც იცვლება მისი აღმასვლისა და დაღმასვლის მდგომარეობების შესაბამისად. როგორც ზემოთ წერია, ეს სინათლე უბრალო სინათლეა და ყველა ცვლილება მხოლოდ მიმღებებში ხდება. 

 

დაე იყოს სურვილი, რომ ჩვენ შემქმნელის სინათლის მიღების ღირსნი გავხდეთ, მისი გზით ვიაროთ და შემქმნელისათვის ჯილდოს მისაღებად კი არ ვიმუშაოთ, არამედ მისთვის სიმოვნების მისანიჭებლად. და წამოვაყენოთ შხინა ფერფლიდან და ღირსი გავხდეთ შემქმნელთან შერწყმის და ქმნილებებისათვის მისი გამოვლენის.