<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / არავინ არის მის გარდა

1. არავინ არის მის გარდა

გაგონილია ითროს კვირის პირველ დღეს

(1944 წლის 6 თებერვალს)

ნათქვამია: „არავინ არის მის გარდა“, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყაროში არანაირი სხვა ძალა არ არსებობს, რომელსაც შემქმნელის წინააღმდეგ რაიმეს გაკეთება შეეძლოს, ხოლო როცა ადამიანი ხედავს, რომ სამყაროში არის მოვლენები და ძალები, რომლებიც უმაღლესი ძალების არსებობას უარყოფენ, ამის მიზეზი ისაა, რომ ასეთია თვით შემქმნელის ნება. ეს არის გამოსწორების მეთოდი, რომელსაც ეწოდება: „მარცხენა უკუაგდებს, ხოლო მარჯვენა მიიზიდავს“ და ის, რასაც მარცხენა უკუაგდებს, გამოსწორების ფარგლებში შედის. ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროში არსებობს მოვლენები, რომლებიც თავიდანვე იმ განზრახვით მოდიან, რომ ადამიანი სწორ გზას ააცდინონ და სიწმინდისაგან განაგდონ.

ამ უკუგდებებისაგან ის სარგებელია, რომ მათი დახმარებით ადამიანი იძენს საჭიროებას და ძლიერ სურვილს იმისა, რომ მას შემქმნელი დაეხმაროს, ვინაიდან სხვაგვარად ხედავს, რომ იღუპება. არ კმარა რომ მუშაობაში წინ ვერ იწევს, ის ხედავს, რომ უკან იხევს, ანუ „საკუთარი თავისთვისაც“ კი არ შესწევს ძალა თორისა და მცნებების შესრულებისა. და მხოლოდ ყველა დაბრკოლების ცოდნაზე ამაღლებული რწმენით ჭეშმარიტი გადალახავის მეშვეობით შეუძლია თორისა და მცნებების შესრულება, მაგრამ მას ყოველთვის როდი გააჩნია ცოდნაზე ამაღლებული რწმენით გადალახვის ძალა. ანუ ის იძულებულია, რომ შემქმნელის გზას გადაუხვიოს და მას არ შეუძლია ამ გზის გაგრძელება მიღების განზრახვითაც კი.

და ყოველთვის მას შერყვნილი უფრო მეტი აქვს, ვიდრე შენარჩუნებული, დაღმასვლები გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე აღმასვლები და ვერ ხედავს ამ მდგომარეობათა დასასრულს და ფიქრობს, რომ სამუდამოდ სიწმინდის გარეთ დარჩება, რადგან ხედავს, რომ ცოდნაზე ამაღლებული რწმენის გარეშე თუნდაც უმნიშვნელო სულიერი მოქმედების შესრულებაც კი უჭირს. მაგრამ ყოველთვის როდი შესწევს გამკლავების ძალა და რით დამთავრდება ყოველივე ეს? 

მაშინ ის იმ გადაწყვეტილებამდე მიდის, რომ თვით შემქმნელის გარდა არავის შეუძლია მისი დახმარება. ამიტომ იბადება მის გულში ნამდვილი მოთხოვნა შემქმნელის მიმართ, რომ მან თვალები აუხილოს, გული გაუხსნას და ნამდვილად დააახლოვოს შემქმნელთან მარადიულ შერწყმას. გამოდის, რომ ყველა უკუგდება, რომელსაც ადამიანი განიცდიდა, შემქმნელისაგან იყო. ესე იგი იმიტომ კი არა, რომ ის ცუდი იყო ან ამის გამკლავების ძალა არ შესწევდა, არამედ იმ ადამიანებს, რომელთაც ჭეშმარიტად სურთ შემქმნელთან მიახლოება, ზემოდან დახმარება ეძლევათ, – მათ მცირედით დაკმაყოფილებისა და პატარა, უჭკუო ბავშვის დონეზე დარჩენის საშუალებას არ აძლევენ, რომ იმის თქმის შესაძლებლობა არ ჰქონდეთ, რომ მადლობა ღმერთს, რომ თორა, მცნებები და კეთილი საქმეები გააჩნიათ და სხვა რაღა აკლიათ?

და ეს სწორედ მაშინ, როცა ადამიანს მართლა ჭეშმარიტი სურვილი გააჩნია. მაშინ ის ზემოდან დახმარებას იღებს და მას გამუდმებით აჩვენებენ თუ რაოდენ ცუდია ის მის ახლანდელ მდგომარეობაში. ანუ, უგზავნიან მას მუშაობის საწინააღმდეგო ფიქრებსა და აზრებებს. და ეს იმისათვის, რათა დაინახოს, რომ შემქმნელთან ერთობის სისრულე არ გააჩნია.

და რამდენადაც ცდილობს რომ გაუმკლავდეს, ის ყოველთვის ხედავს, თუ რაოდენ შორსაა სიწმინდისაგან სხვა მომუშავეებთან შედარებით, რომლებიც გრძნობენ, რომ სრულ კავშირში არიან შემქმნელთან. მას კი ყოველთვის საჩივარი და სასაყვედურო გააჩნია და არ შეუძლია შემქმნელის მოქცევის გამართლება მის მიმართ. და ეს მას ტკივილს ანიჭებს – რატომ ვერ არის თანხმობაში შემქმნელთან? ეს მანამ, სანამ იმ შეგრძნებამდე არ მივა, რომ მასში არაფერია წმინდა. და თუმცა ხანდახან ზემოდან რაღაც გამოღვიძებას იღებს, რომელიც გარკვეული დროით გამოაცოცხლებს, მაგრამ მყისვე სიმდაბლის მდგომარეობაში ეცემა. სწორედ ეს აიძულებს მას ბოლოს და ბოლოს გააცნობიეროს, რომ მხოლოდ შემქმნელს შეუძლია მისი დახმარება და ნამდვილი მიახლოვება.

ადამიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს შემქმნელთან შერწყმის გზით იაროს. ისე რომ მისი ყველა ფიქრი შემქმნელის შესახებ იყოს. ანუ თუნდაც ყველაზე უფრო საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდეს, რომ შეუძლებელი იყოს ამაზე უფრო დაბლა დაცემა, შემქმნელის მართვიდან არ უნდა გამოვიდეს და არ უნდა თქვას, რომ არსებობს რაღაც სხვა ძალა, რომელიც სიწმინდეში შესვლის საშუალებას არ აძლევს და რომელმაც შეიძლება სიკეთე უყოს ან ზიანი მიაყენოს. ანუ არ უნდა იფიქროს, რომ არსებობს უწმინდური ძალები, რომლებიც საშუალებას არ აძლევს ადამიანს კეთილი საქმეები აკეთოს და შემქმნელის გზით იაროს, არამედ ყოველივე შემქმნელისაგან გამომდინარეობს.

როგორც ბაალ შემ ტოვი წერდა: „ის, ვინც ამბობს, რომ სამყაროში სხვა ძალა, ანუ „კლიპოთ“–ი არსებობს, სხვა ღმერთების მსახურებაში იმყოფება“. და მაინცდამაინც თავისი ურწმუნოება კი არ უბიძგებს დანაშაულისაკენ, არამედ თუ თვლის, რომ შემქმნელის გარდა სხვა ძალა და განგება არსებობს, ამით ის დანაშაულს სჩადის. უფრო მეტიც, თუ ის თვლის, რომ ადამიანს დამოუკიდებელი ნება გააჩნია, ანუ ამბობს, რომ თითქოს გუშინ მას თვითონ არ სურდა შემქმნელის გზით სიარული, ამასაც ურწმუნოების დანაშაული ეწოდება. ანუ მას არ სწამს, რომ მხოლოდ შემქმნელია სამყაროს მმართველი.

თუმცა, როდესაც ის დანაშაულს სჩადის, რა თქმა უნდა, მან უნდა მოინანიოს და დამწუხრდეს იმის გამო, რომ კანონი დაარღვია, მაგრამ აქაც სინანულისა და ტკივილის მიზეზი უნდა გამოარკვიოს, ანუ რას მიიჩნევს ის დანაშაულის ჩადენის მიზეზად და სწორედ ამაზე უნდა სწუხდეს.

მაშინ ადამიანმა უნდა ინანოს და თქვას, რომ იმიტომ ჩაიდინა დანაშაული, რომ შემქმნელმა ის სიწმინდისაგან განდევნა ბინძურ ადგილზე, საპირფარეშოში, სანაგვეზე.

სხვა სიტყვებით, შემქმნელმა ადამიანს გართობისა და მყრალ ადგილას ჰაერის სუნთქვის სურვილი მისცა. (შეგვიძლია ვთქვათ ის რაც წიგნებში წერია: ხანდახან ადამიანი ღორის გარდასახვაში მოდის, რაც ასე შეიძლება განიმარტოს, რომ ადამიანი იღებს სურვილს და მოწადინებას სიმოვნება მიიღოს იმისაგან, რაც უკვე ნარჩენებად აღიარა, ხოლო ახლა მათით საზრდოობა სურს.

ხოლო როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ ამჟამად აღმასვლაში იმყოფება და ცოტა მუშაობის გემო გააჩნია, მან არ უნდა თქვას: „ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, როდესაც მესმის, რომ ღირს შემქმნელის მუშა იყო“. არამედ მან უნდა იცოდეს, რომ ახლა წყალობა ჰპოვა შემქმნელის თვალში. ამიტომ დაიახლოვა შემქმნელმა და ამის გამო გრძნობს გემოს მუშაობაში. და გამუდმებით ფრთხილად უნდა იყოს, რომ არასოდეს გამოვიდეს სიწმინდის მართვისაგან და თქვას, რომ შემქმნელის გარდა კიდევ ვიღაც სხვა მოქმედებს.

(თუმცა აღსანიშნავია, რომ შემქმნელის თვალში წყალობის პოვება, ან პირიქით, დამოკიდებულია არა თვითონ ადამიანზე, არამედ მხოლოდ შემქმნელზე. და რატომ ჰპოვა მან მოწყალება შემქმნელის თვალში ახლა, ხოლო შემდეგ კი არა, – ამის გაგება ადამიანს არ შეუძლია თავისი გარეგანი გონებით.)

და როდესაც წუხს იმის გამო, რომ შემქმნელი არ იახლოებს მას, ფრთხილად უნდა იყოს, რომ საკუთარი თავის გამო არ განიცდიდეს, ანუ იმის გამო, რომ ის არის დაშორებული შემქმნელისაგან, რადგან გამოდის, რომ ამით საკუთარი თავისათვის მიღებაზე ზრუნავს, ხოლო მიმღები დაცილებულია შემქმნელისაგან. არამედ ადამიანი შხინის განდევნის გამო უნდა წუხდეს, ანუ იმის გამო, რომ ის შხინას ტკივილს აყენებს. 

და მაგალითისათვის ადამიანმა უნდა წარმოიდგინოს, რომ ის ტკივილს განიცდის რომელიმე პატარა ორგანოში. მიუხედავად ამისა, ეს ტკივილი, ძირითადად, გონებასა და გულში იგრძნობა. გული და გონება ხომ ადამიანის არსია. და რა თქმა უნდა, შეუძლებელია ცალკეული ორგანოს შეგრძნება შევადაროთ შეგრძნებას მთელი ორგანიზმისა, სადაც ძირითადი ტკივილი იგრძნობა.

ასევეა ტკივილიც, რომელსაც ადამიანი შემქმნელისაგან დაშორების გამო განიცდის. ადამიანი ხომ წმინდა შხინის მხოლოდ ცალკეული ორგანოა, იმდენად, რამდენადაც წმინდა შხინა – ეს ისრაელის სულების ერთობლიობაა. და ამიტომ კერძო ტკივილის შეგრძნება შეუდარებელია საერთო ტკივილის შეგრძნებასთან, ანუ შხინა იტანჯება იმის გამო რომ მისი ორგანოები დაცილებული არიან მისგან და მას არ შეუძლია რომ ასაზრდოვოს ისინი.

(უნდა გავიხსენოთ რა თქვეს ამის შესახებ ბრძენებმა: „მაშინ, როდესაც ადამიანი წუხს, რას ამბობს შხინა? _ სირცხვილი ჩემს თავს და ა.შ.). და იმით, რომ დაცილების წუხილს საკუთარ თავს არ უკავშირებს, ამით გადაურჩება მიღების სურვილის ხაფანგში მოხვედრას, ანუ სიწმინდისაგან მოწყვეტას.

ასევეა, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ ის ოდნავ მიახლოებულია სიწმინდესთან და უხარია, რომ შემქმნელის კეთილგანწყობა ჰპოვა, ის მაშინაც ვალდებულია განაცხადოს, რომ მის სიხარულში მთავარი ის არის, რომ ახლა სიხარული მაღლა, წმინდა შხინას აქვს, იმის გამო, რომ მას საშუალება გააჩნია თავისი კერძო ორგანო დაიახლოვოს და არ ესაჭიროება თავისი კერძო ორგანოს გარეთ გაძევება.

და ადამიანი მოხარულია იმის გამო, რომ ღირსი გახდა შხინისათვის სიხარული მიენიჭებინა. და ეს ყველაფერი იგივე ანგარიშია, რადგან როდესაც სიხარული აქვს კერძოს, ეს ხომ მხოლოდ ნაწილია იმ სიხარულისა, რაც სრულიად მთელს გააჩნია. და ამ ანგრიშების მეშვეობით ის თავის განკერძოებულობას კარგავს და აღარ ებმება უწმინდური ძალების ანუ საკუთრი თავისათვის მიღების სურვილის ბადეში.

თუმცა სიამოვნების მიღების სურვილი აუცილებელია, ვინაიდან „სულ ესაა ადამიანი“. იმიტომ, რომ ყოველივე ის, რაც ადამიანშია, გარდა მიღების სურვილისა, ქმნილებას არ განეკუთვნება, არამედ შემქმნელს მიეწერება. მაგრამ სიამოვნების მიღების ეს სურვილი გამოსწორებულ უნდა იქნას გაცემის განზრახვით. ანუ სიამოვნება და სიხარული, რომელსაც მიღების სურვილი იღებს, იმ განზრახვით უნდა იყოს, რომ ზემოთ არის სიხარული იმის გამო, რომ ქმნილებები სიამოვნებას განიცდიან. რადგან ეს იყო შექმნის მიზანი, რომ ქმნილებები დამტკბარიყვნენ. და ამას ეწოდება შხინის სიხარული ზემოთ.

და ამიტომ ადამიანი ვალდებულია რომ იფიქროს რჩევებზე, თუ როგორ მიანიჭოს სიამოვნება შემქმნელს და რა თქმა უნდა, თუ სიამოვნება ექნება თვითონ, ამით სიამოვნებას მიჰგვრის შემქმნელს. ამიტომ, ის ყოველთვის იმას უნდა ცდილობდეს, რომ შემქმნელის დარბაზში იმყოფებოდეს. მაშინ, მას ექნება მისი საგანძურით გართობის საშუალება, რითაც, რა თქმა უნდა, შემქმნელს სიამოვნებას მიანიჭებს. ამიტომ, ყველა მისი მისწრაფება მხოლოდ ზეცისაკენ უნდა იყოს მიმართული.