8. რა განსხვავებაა სიწმინდის ჩრდილსა და
ბოროტი საწყისის (სიტრა ახრა) ჩრდილს შორის
გაგონილია თამუზის თვეს (ივლისი. 1944 წ.)
ნათქვამია: „სანამ დღე სულს დაღაფავს და ჩრდილები გაქრებიან“ (ქებათა ქება, თავი 2). და აუცილებელია გავიგოთ, რა არის მუშაობაში „ჩრდილი“ და რას ნიშნავს ორი ჩრდილი. საქმე იმაშია, რომ, როდესაც ადამიანი შემქმნელის მართვის არსებობას ვერ გრძნობს და არ ესმის. რომ ის სამყაროს - სიკეთითა და მოწყალებით მართავს, მაშინ ეს მდგომარეობა განისაზღვრება როგორც ჩრდილი, რომელიც მზეს ფარავს. და ისევე როგორც ამქვეყნად ჩრდილი მზის დაფარვისას მასში არანაირ ცვლილებას არ ახდენს და მზე მთელი თავისი ძალით აგრძელებს ნათებას, ასევე ის, რომ ადამიანი შემქმნელის მართვის არსებობას ვერ გრძნობს, არავითარ ცვლილებას არ იწვევს ზემოთ. იქ ყველაფერი უცვლელი რჩება, როგორც წერია: „მე ჩემი ჰავაია (იუდ-ჰეი-ვავ-ჰეი) არ შემიცვლია“.
თუმცა ყველა ცვლილება მხოლოდ მათშია, ვინც იღებს (მიმღებებშია). და ამ ჩრდილში, ანუ ამ დაფარვაში, შეგვიძლია ორი სახეობა გამოვყოთ.
1) როდესაც ადამიანს ჯერ კიდევ შესწევს ძალა გაუმკლავდეს ამ სიბნელეს და დაფარვას, გაამართლოს შემქმნელი და ილოცოს მასზე, რომ მან თვალი აუხილოს და დაანახოს, რომ ყველა ის დაფარვა, რომელსაც ის გრძნობს – შემქმნელისგანაა. ანუ შემქმნელი ყოველივე ამას იმისათვის უკეთებს, რომ მან ლოცვა აღავლინოს და მასთან შერწყმა მოისურვოს. და მხოლოდ შემქმნელისგან მიღებული ტანჯვა უბიძგებს მას, რომ ეცადოს თავი დაიხსნას ამ რეალობისაგან, ტანჯვას გაექცეს და ყველფერი გააკეთოს რისი ძალაც შესწევს. ამიტომ, როდესაც ის დაფარვასა და ტანჯვას განიცდის, რა თქმა უნდა, ცნობილ საშუალებას მიმართავს და ბევრს ლოცულობს იმისათვის, რათა შემქმნელმა ამ მდგომარეობიდან დაიხსნას. ასეთ მდგომარეობაში, მას ჯერ კიდევ სწამს შემქმნელის მართვის.
2) ის ისეთ მდგომარეობამდე მიდის, რომ აღარ შეუძლია გაუმკლავდეს და თქვას, რომ ყველა იმ ტანჯვასა და ტკივილს, რომელსაც ის განიცდის, მას შემქმნელი უგზავნის, რათა მათი მეშვეობით უფრო მაღალ საფეხურზე ამაღლების მიზეზი ჰქონდეს. და მაშინ, ღმერთმა ნუ ქნას, მას ურწმუნოების მდგომარეობა ეუფლება, რადგან არ შეუძლია შემქმნელის მართვა ირწმუნოს და ბუნებრივია, რომ ძალა არ შესწევს ილოცოს. გამოდის, რომ არსებობს ორი სახის ჩრდილი და ამას ნიშნავს: „და ჩრდილები გაქრებიან“ ანუ ჩრდილები გაქრნენ სამყაროდან.
კლიპას (ნაჭუჭის) ჩრდილს ეწოდება: „სხვა ღმერთი უნაყოფოა და არ მოაქვს ნაყოფი“, ხოლო სიწმინდეს ეწოდება: „მისი ჩრდილი მწადდა და ვიჯექი მასში და ტკბილი იყო მისი ნაყოფი ჩემი ხახისთვის“. ანუ ის ამბობს, რომ ყველა დაფარვას და ტანჯვას, რომელსაც ის გრძნობს, ყველა ამ მდგომარეობას მას შემქმნელი უგზავნის იმისთვის, რათა ცოდნაზე ამაღლებული რწმენით მუშაობის საშუალება ჰქონდეს. და როდესაც ძალა შესწევს თქვას, რომ ყოველივე ამას მას შემქმნელი უწყობს, ეს კარგია ადამინისათვის, რადგან მას საშუალება ეძლევა გაცემის და არა საკუთარი თავისათვის მიღების განზრახვით იმუშაოს.
და მაშინ ადამიანი ხვდება ანუ სწამს, რომ შემქმნელს სწორედ ისეთი მუშაობა ჰგვრის სიამოვნებას, რომელიც ცოდნაზე ამაღლებულ რწმენაზეა დამყარებული. გამოდის, რომ ის იმას კი არ თხოვს შემქმნელს, რომ ჩრდილები გაქრნენ სამყაროდან, არამედ ამბობს, რომ შემქმნელს მისგან სწორედ ასეთი მუშაობა სურს, როდესაც ის მთლიანად ცოდნაზე მაღლაა. და მაშინ, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ამბობს: „რა თქმა უნდა, შემქმნელი სიამოვნებას განიცდის ამ მუშაობიდან და რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დაფარვის მდგომარეობაში ვმუშაობ?“ მას ხომ სურს გაცემის განზრახვით იმუშაოს, იმისათვის, რათა შემქმნელს სიამოვნება მიანიჭოს. ამიტომ, არანაირ არასრულფასოვნებას არ განიცდის ამ მუშაობაში, თუნდაც გრძნობდეს, რომ შემქმნელი დაფარულია და სიამოვნებას არ იღებს მისი მუშაობისაგან. ე.ი. ადამიანი ეთანხმება შემქმნელის მართვას. მაშასადამე, ადამიანი მთელი გულით და სულით ეთანხმება იმას, რომ შემქმნელის არსებობა ისე იგრძნოს სულიერი მუშაობის დროს, როგორც ეს თვით შემქმნელს სურს, რადგან ადამიანი საკუთარ სიამოვნებაზე კი არ ზრუნავს, არამედ იმაზე, თუ როგორ მიანიჭოს სიამოვნება შემქმნელს. გამოდის რომ ამ ჩრდილს მისთვის სიცოცხლე მოაქვს.
და ამას ეწოდება: „მისი ჩრდილი მწადდა“, ანუ ადამიანი ისეთი მდგომარეობისაკენ მიილტვის, სადაც როგორმე ცოდნაზე ამაღლებული რწმენით გადალახვის მოქმედების შესრულებას შესძლებს. და გამოდის, რომ თუ ადამიანი დაფარვის დროს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ შეუძლია ლოცვა, ძალისხმევას არ ატანს, თუ არ თხოვს შემქმნელს, რომ დაიახლოვოს ის და ამ შანსს ხელიდან უშვებს, მაშინ მას ორმაგ დაფარვას უგზავნიან და ის ლოცვის უნარსაც კარგავს. ეს ცოდვის გამო ხდება, რომ არ ცდილობს მთელი თავისი ძალით ილოცოს შემქმნელზე და ამიტომ ასეთ სიმდაბლემდე ეშვება. მაგრამ, როდესაც ადამიანი ასეთ მდგომარეობას აღწევს, მას ზემოდან იწყალებენ და კიდევ ერთხელ უგზავნიან გამოღვიძებას, რის შემდეგაც ყველაფერი იგივე თანმიმდევრობით მეორდება, სანამ საბოლოო ჯამში მისი რწმენა არ გამყარდება. მაშინ შემქმნელი ადამიანის ლოცვას შეისმენს, დაიახლოვებს მას და პირველსაწყისთან დააბრუნებს.