6. რა არის თორისა და სულიერი მუშაობის საყრდენი
გაგონილია 1944 წ.
როდესაც ადამიანი თორას სწავლობს და სურს, რომ მისი ყველა ქმედება გაცემისათვის იყოს, ის უნდა ცდილობდეს, რომ ყოველთვის გააჩნდეს საყრდენი თორაში. საყრდენი – ეს საზრდოა: სიყვარული და თრთოლა, სულის ამაღლებული მდგომარეობა, მხნეობა და ა. შ. და ეს ყველაფერი მან თორიდან უნდა მიიღოს, ანუ თორამ მას ასეთი შედეგები უნდა მისცეს.
ხოლო როდესაც ადამიანი თორას სწავლობს და ასეთ შედეგებს ვერ იღებს, მაშინ ეს არ ნიშნავს, რომ ის თორას სწავლობს, ვინაიდან თორაში ის სინათლე იგულისხმება, რომელიც თორის სამოსელშია დაფარული. ანუ ბრძენთა ნათქვამში - „შევქმენი ბოროტი საწყისი და შევქმენი თორა როგორც სანელებელი“ (მის გამოსასწორებლად), - იგულისხმება თორაში არსებული სინათლე, რადგან სინათლე, რომელსაც თორა შეიცავს, ადამიანს პირველწყაროსთან აბრუნებს.
და ასევე საჭიროა ვიცოდეთ, რომ თორა ორ ნაწილად იყოფა:
1. თორა.
2. მცნება.
და სინამდვილეში შეუძლებელია ამ ორი ცნების არსის გაგება მანამ, სანამ ადამიანი ღირსი არ გახდება შემქმნელის გზით იაროს, საიდუმლოებით: „შემქმნელი მათთვისაა, ვინც მის წინაშე თრთის“. რამეთუ როდესაც ადამიანი შემქმნელის სასახლეში შესვლისთვის მომზადების პერიოდში იმყოფება, მას არ შეუძლია ჭეშმარიტების გზის გაგება. თუმცა შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი, რომ მიუხედავად მომზადების პერიოდში ყოფნისა, ადამიანს რაიმეს გაგება მაინც შეუძლია. როგორც ბრძენთ უთქვამთ: „მცნება შველის და იცავს, როდესაც მას ასრულებენ, ხოლო თორა შველის და იცავს, მიუხედავად იმისა, დაკავებული არიან მისით თუ არა“.
საქმე იმაშია, რომ „როდესაც მას ასრულებენ“ ნიშნავს - როდესაც მას რაღაც ნათება გააჩნია. და ამ შეძენილი სინათლის გამოყენება ადამიანს მხოლოდ მანამ შეუძლია, სანამ მას სინათლე უნათებს და ის მოხარულია ამის გამო. ამას „მცნება“ ეწოდება. ე. ი. ადამიანი ჯერ კიდევ არ გამხდარა თორის ღირსი, და მხოლოდ სინათლე აძლევს მას წმინდა სასიცოცხლო ძალას.
ხოლო თორა იმას ნიშნავს, რომ მან რაღაც გზა შეიცნო მუშაობაში და ეს შეძენილი გზა ადამიანს სამსახურს უწევს მაშინაც კი, როდესაც ის თორით არ არის დაკავებული, ე.ი. იმ დროს, როდესაც მას სინათლე არ გააჩნია. და ეს იმიტომ, რომ მხოლოდ ნათება დატოვებს ადამიანს, ხოლო გზა, რომელსაც ის მუშაობისას იძენს, მას ნათების გაქრობის შემდეგაც ემსახურება.
მაგრამ ამასთანავე, საჭიროა ვიცოდეთ, რომ მცნება, მაშინ როდესაც მას ასრულებენ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თორა, როდესაც მისით არ არიან დაკავებული. ე.ი. თორის სწავლა იმას ნიშნავს, რომ ახლა ადამიანი სინათლეს იღებს, – ამას ჰქვია რომ ის თორითაა დაკავებული, ანუ იღებს იმ ნათებას რომელიც თორაშია. ამიტომ მცნების შესრულება, როდესაც ადამიანს სინათლე გააჩნია, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თორა, როდესაც მას სინათლე არ აქვს, ანუ როდესაც თორას სასიცოცხლო ძალა არ გააჩნია.
ერთი მხრივ, თორა მნიშვნელოვანია, რადგან გზა, რომელიც ადამიანმა თორაში შეიცნო (შეიძინა), მის სამსახურშია, მაგრამ მას სინათლედ წოდებული სასიცოცხლო ძალა არ გააჩნია, ხოლო მცნებების შესრულებისას ის ამ სინათლეს – სასიცოცხლო ძალას იღებს. ამ თვალსაზრისით მცნება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თორა.
ამიტომ, როდესაც ადამიანს სასიცოცხლო ძალა არ გააჩნია, მას ცოდვილი ეწოდება, რადგან ახლა მას არ შეუძლია თქვას, რომ შემქმნელი სამყაროს სიკეთითა და მოწყალებით მართავს. და ვინაიდან ის ადანაშაულებს შემქმნელს, მას ცოდვილი ეწოდება, ის ხომ ახლა გრძნობს, რომ არავითარი სასიცოცხლო ძალა არ გააჩნია და სიხარულის არანაირი საბაბი არ აქვს. მას არ შეუძლია თქვას, რომ ახლა შემქმნელის მადლობელია, რადგან მისგან სიკეთესა და სიამოვნებას იღებს.
და არ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს სწამს, თითქოს შემქმნელი სხვებს სიკეთითა და მოწყალებით მართავს, რადგან თორის გზა ჩვენს მიერ აღიქმება როგორც შეგრძნება „ორგანოებში“ (სურვილებში). და თუ ადამიანი არ გრძნობს სიკეთესა და სიამოვნებას, რას აძლევს მას ის, რომ სხვა ადამიანს გააჩნია სიკეთე და სიამოვნება. მაგრამ მას რომ ნამდვილად სწამდეს ის, რომ მეგობრის მიმართ უმაღლესი მართვა სიკეთითა და მოწყლებით ვლინდება, ეს რწმენა მას სიხარულსა და სიამოვნებას მოუტანდა, რადგან ექნებოდა რწმენა იმისა, რომ შემქმნელი სამყაროს სიკეთითა და მოწყალებით მართავს.
და თუ ამას ადამიანისათვის სასიცოცხლო ძალა და სიხარული არ მოაქვს, რას არგებს იმის თქმა, რომ მის მეგობარს შემქმნელი სიკეთითა და მოწყალებით მართავს. რადგან მთავარი ის არის, რასაც ადამიანი საკუთარ სხეულში გრძნობს: ის ან კარგად გრძნობს თავს, ან – ცუდად. მისთვის მეგობარი კარგად არის მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად ის იღებს სიამოვნებას იმით, რომ მეგობარი კარგად არის.
ე.ი. ჩვენ ვსწავლობთ, რომ სხეულის შეგრძნებისათვის მიზეზს კი არა აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას, გრძნობს თუ არა სხეული თავს კარგად. და თუ ადამიანი თავს კარგად გრძნობს, მაშინ ამბობს, რომ შემქმნელი კეთილი და მოწყალეა, ხოლო თუ ის თავს ცუდად გრძნობს, მას არ შეუძლია თქვას, რომ შემქმნელის მმართველობა კარგი და კეთილია.
ამიტომ, სწორედ მაშინ, როდესაც მას მეგობრის კეთილდღეობა ახარებს და ამაღლებულ განწყობას ჰგვრის, მას შეუძლია თქვას, რომ შემქმნელი კეთილი მმართველია. ხოლო თუ ის სიხარულს არ განიცდის და თავს ცუდად გრძნობს, მაშინ როგორ შეუძლია იმის თქმა, რომ შემქმნელი კეთილი და მოწყალეა?
ამიტომ, თუ ადამიანი ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ სასიცოცხლო ძალასა და სიხარულს არ გრძნობს, - მაშინ მას არ აქვს სიყვარული შემქმნელის მიმართ და არ ძალუძს გაამართლოს ის და მოხარული იყოს მსგავსად ადამიანისა, რომელიც ღირსი გახდა დიდი და მნიშვნელოვანი მეფისათვის გაეწია სამსახური.
და საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ უმაღლესი სინათლე აბსოლუტური მოსვენების მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო შემქმნელის სახელთა ასეთი სიმრავლე ქმნილებათა შემეცნებიდან გამომდინარეობს. ე.ი. ყველა სახელი, რომელიც უმაღლეს სინათლეს გააჩნია, ქმნილებათა წვდომის შედეგია. ანუ მათი შეცნობის მიხედვით ეწოდება ასე უმაღლეს სინათლეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი უმაღლეს სინათლეს თავისი შემეცნებისა და შეგრძნების მიხედვით არქმევს სახელს.
და თუ ადამიანი არ გრძნობს, რომ შემქმნელი რაიმეს აძლევს მას, მაშინ, როგორი სახელი უნდა მისცეს შემქმნელს, თუ მისგან არაფერს იღებს? მაგრამ, როდესაც ადამიანს სწამს შემქმნელის, მაშინ ამბობს, რომ მის მიერ განცდილი ნებისმიერი მდგომარეობა შემქმნელისგანაა. და მაშინ თავისი შეგრძნების მიხედვით არქმევს შემქმნელს სახელს.
ე.ი. თუ ადამიანი კარგად გრძნობს თავს იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფება, მაშინ ამბობს, რომ შემქმნელს კეთილი და მოწყალე ეწოდება, ვინაიდან გრძნობს, რომ შემქმნელისაგან სიკეთეს იღებს. და მაშინ ადამიანს წმინდანი ეწოდება, რადგან ის ამართლებს თავის ბატონს (ივრითულად სიტყვა „წმინდანი“ – „ცადიკ“ წარმოდგება სიტყვისაგან „ამართლებს“ – „მაცდიკ“).
ხოლო თუ ადამიანი ცუდად გრძნობს თავს მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფება, მაშინ მას არ შეუძლია თქვას, რომ შემქმნელი მას სიკეთეს უგზავნის და ამიტომ მას ცოდვილი ეწოდება, რადგან თავის ბატონს ადანაშაულებს.
მაგრამ არ არსებობს ისეთი შუალედური რეალობა, სადაც ადამიანი ერთდროულად კარგადაც იგრძნობდა თავს და ცუდადაც, არამედ ან კარგად, ან – ცუდად.
და ბრძენთ უთქვამთ: „სამყარო შექმნილია ან აბსოლუტური ცოდვილებისათვის, ან აბსოლუტური წმინდანებისათვის“. და ეს იმიტომ, რომ შეუძლებელია ადამიანმა თავი ერთდროულად კარგადაც იგრძნოს და ცუდადაც.
და რასაც ბრძენები ამბობენ, რომ თითქოს შუალედური მდგომარეობა არსებობს, ეს იმიტომ რომ ქმნილებებს დროის ცნება გააჩნიათ და ამიტომ მათთან მიმართებაში შეიძლება შუალედურ მდგომარეობაზე ვიმსჯელოთ ორი, ერთიმეორეზე მიყოლებული დროის სახით: როგორც ვსწავლობთ, რომ არსებობს აღმასვლები და დაღმასვლები, რომლებიც დროის ორ სხვადსხვა მომენტში ხდება. ადამიანი ზოგჯერ ცოდვილია, ზოგჯერ კი – წმინდანი. მაგრამ შეუძლებელია, რომ ადამიანმა თავი ერთდროულად კარგადაც იგრძნოს და ცუდადაც. ეს ერთდროულად არ არსებობს რეალობაში.
ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ იმის მტკიცება, რომ თორა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მცნება, მაშინ შეიძლება, როდესაც დაკავებული არ არიან თორით, ანუ როდესაც ადამიანს სასიცოცხლო ძალა არ გააჩნია. მაშინ თორა უფრო მნიშვნელოვანია მცნებაზე, რომელშიც სასიცოცხლო ძალა არ არსებობს, რადგან ადამიანს ასეთი მცნებისაგან არაფრის მიღება არ შეუძლია, ხოლო თორიდან ადამიანს მუშაობის გზა, მეთოდი რჩება, რომელიც მან მაშინ შეიძინა, როდესაც თორით იყო დაკავებული. და სასიცოცხლო ძალის გაუჩინარების მიუხედავად, გზა, მეთოდი მაინც მასთან რჩება და ადამიანს მისით სარგებლობა შეუძლია.
მაგრამ არის დრო, როდესაც მცნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თორა. ეს მაშინ ხდება როდესაც მცნებაში სასიცოცხლო ძალა არსებობს, ხოლო თორაში კი - არა. ამიტომ, იმ დროს, როდესაც ადამიანი თორით არ არის დაკავებული, ანუ როდესაც მუშაობისას სიხარული და სასიცოცხლო ძალა არ გააჩნია, მას ლოცვის გარდა სხვა არავითარი გამოსავალი არა აქვს. მაგრამ ლოცვის დროს ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის ცოდვილია, რადგან არ გრძნობს სამყაროში არსებულ სიკეთესა და ნეტარებას. ადამიანი ფიქრობს, რომ მას შეუძლია ირწმუნოს, რომ შემქმნელისაგან მხოლოდ სიკეთე გამომდინარეობს, მაგრამ ყველა მისი ფიქრი და მოქმედება როდია სინამდვილეში სულიერი მუშაობის ფარგლებში.
ადამიანი სულიერი მუშაობის გზაზე მაშინაა, როდესაც მისი ფიქრი მოქმედებას, ანუ ორგანოებში შეგრძნებას იწვევს. და როდესაც ორგანოები იგრძნობენ, რომ შემქმნელი კეთილი და მოწყალეა, ისინი აქედან სასიცოცხლო ძალასა და სიხარულს მიიღებენ. ხოლო თუ ადამიანს სასიცოცხლო ძალა არ გააჩნია, რას არგებს მას ყველა ეს ანგარიშები, მის ორგანოებს ხომ ახლა არ უყვართ შემქმნელი, რადგან ვერ გრძნობენ, რომ ის მათ ყოველივე კარგს აძლევს.
ამიტომ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თუ ის მუშაობისას სიხარულსა და სასიცოცხლო ძალას არ გრძნობს, ეს იმის ნიშანია, რომ ეს ადამიანი ცოდვილია, რადგან მას ეს სიკეთე არ გააჩნია. და ადამიანის არცერთი ანგარიში ჭეშმარიტი არაა, თუ ის მას მოქმედებისაკენ არ უბიძგებს, ანუ თუ ორგანოებში ისეთ შეგრძნებას არ იწვევს, რომ ადამიანმა შემქმნელი შეიყვაროს, იმის გამო, რომ ის სიკეთესა და წყალობას აძლევს ქმნილებებს.