<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->

20. ლიშმა

გაგონილია 1945 წ.

„ლიშმა“ არის შემქმნელისათვის გაცემის განზრახვა. იმისათვის, რათა ადამიანი ლიშმას ღირსი გახდეს, მას სჭირდება გამოღვიძება ზემოდან, ეს ხომ ზეციური ნათებაა, რომლის ჩაწვდომაც შეუძლებელია ადამიანური გონებით. არამედ ეს მხოლოდ იმას შეუძლია გაიგოს, ვინც იგემებს. და ამაზეა ნათქვამი: „იგემეთ და იხილეთ, რომ კარგია შემქმნელი“.

ამიტომ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე შემქმნელისათვის მუშაობის ტვირთს იღებს, მისი ეს გადაწყვეტილება სრულყოფილი უნდა იყოს, ანუ სრულიად გაცემისათვის იყოს მიმართული და არავითარ შემთხვევაში მიღებისათვის. და თუ ადამიანი ხედავს, რომ მისი ორგანოები–სურვილები არ ეთანხმებიან ამ აზრს, მას სხვა გამოსავალი არ გააჩნია, არამედ მხოლოდ ლოცვა, რომ შემქმნელს თავისი გულის ნადები გაუზიაროს და დახმარება სთხოვოს, რომ მისი სხეული დათანხმდეს საკუთარი თავი შემქმნელს დაუმორჩილოს (ანუ მისი სურვილები თანახმა იყვნენ, რომ შემქმნელის სურვილებს დაემსგავსონ).

 

მაგრამ ნუ იტყვი, რომ ვინაიდან „ლიშმა“ საჩუქარია ზემოდან, მაშასადამე ადამიანის ნებისმიერი ძალისხმევა და შრომა ამაოა, და რას არგებს გამოსწორების ყველა ის მცდელობა, რომელსაც ის გაცემის განზრახვის შესაძენად აკეთებს, ყველაფერი ხომ მხოლოდ შემქმნელზეა დამოკიდებული. სწორედ ამაზე უთქვამთ ბრძენთ: „თავისუფალი არა ხარ, რომ თავი აარიდო მას“, არამედ ადამიანი ვალდებულია, რომ მიაღწიოს გამოღვიძებას ქვემოდან (არამეულად „ჰითარუთა დელეთათა“) და ამას ლოცვა ეწოდება.

მაგრამ შეუძლებელია, რომ ადამიანში ჭეშმარიტი ლოცვა დაიბადოს თუ მან წინასწარ არ იცის, რომ ლოცვის გარეშე „ლიშმა“-ს მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ, იმ მოქმედებებისა და მცდელობების მეშვეობით, რომელსაც ის „ლიშმა“-ს მისაღწევად აკეთებს, მასში გამოსწორებული ქელიმ–ჭურჭლები ყალიბდება, რომელთაც გაცემის თვისების შეძენა სურთ. და მაშინ, ყველა მოქმედებებისა და მცდელობების შემდეგ მასში ნამდვილი ლოცვა ჩნდება, რადგან ხედავს, რომ მისმა ვერანაირმა მოქმედებამ შედეგი ვერ გამოიღო. და მხოლოდ მაშინ, როდესაც მასში გულის სიღრმიდან ამოსული ნამდვილი ლოცვა ჩნდება, შემქმნელი შეისმენს ამ ლოცვას და ადამიანს საჩუქრად გაცემის თვისებას - „ლიშმა“-ს აძლევს.

ასევე აუცილებელია ვიცოდეთ, რომ „ლიშმა“-ს თვისების შეძენისას, ადამიანი თავის ბოროტ საწყისს–თავის მიღების ეგოისტურ განზრახვას აკვდინებს. ბოროტ საწყისს ხომ „საკუთარი თავისთვის მიმღები“ ეწოდება, ხოლო გაცემის თვისების შეძენის მეშვეობით ადამიანი თავის ეგოისტურ განზრახვას აუქმებს. სიკვდილი იმას ნიშნავს, რომ ის უკვე აღარ იყენებს მიღების სურვილს თავის სასარგებლოდ და ვინაიდან ეს სურვილი თავის ფუნქციას კარგავს, ის მკვდრად ითვლება.

მაგრამ თუ ადამიანი ანგარიშს აძლევს საკუთარ თავს, თუ რა მოიპოვა ამქვეყნად მის მიერ გაწეული გარჯის შედეგად, ის ხედავს, რომ არც თუ ისე რთულია რომ შემქმნელს დაუმორჩილოს თავი და ეს ორი მიზეზის გამო:

 

  1.  ასე თუ ისე, უნდა თუ არა, ის მაინც ვალდებულია გაისარჯოს ამ სამყაროში.

  2. ამავე დროს, თუ ის შემქმნელზე გაცემის განზრახვით (ლიშმა) მუშაობს, მაშინ ის თვით მუშაობისაგან იღებს სიამოვნებას.

და ამიტომ, გავიხსენოთ დუბნელი „მაგიდ“–ის („მაგიდ“ სიტყვასიტყვით მეტყველს ნიშნავს) მაგალითი, რომელიც ასე განმარტავს ფრაზას: „შენ მე არ მომიხმობდი, იაკობ, რამეთუ ტვირთად გაწექი მე შენ, ისრაელ“ - ადამიანი, რომელიც შემქმნელზე მუშაობს, ის არავითარ გარჯას არ გრძნობს, არამედ პირიქით, სიამოვნებასა და აღფრთოვანებას განიცდის. ხოლო ის ვინც შემქმნელისათვის კი არ მუშაობს, არამედ რაღაც სხვა მიზნებისათვის, მას არ შეუძლია შემქმნელს პრეტენზიები განუცხადოს იმაზე, რომ ის მას სასიცოცხლო ძალას, შთაგონებას არ აძლევს მუშაობაში, ის ხომ სხვა მიზნისათვის მუშაობს. ადამიანს მხოლოდ იმას შეუძლია უსაყვედუროს, ვისთვისაც მუშაობს, რათა მან ენერგია, სასიცოცხლო ძალა და სიამოვნება მისცეს მუშაობის დროს. და ასეთ ადამიანზეა ნათქვამი: „მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი“ (ფსალმუნი 113).

და ნუ გაგიკვირდება, რატომ ხდება ასე, რომ როდესაც ადამიანი ზეცის მმართველობას იღებს თავის თავზე, ე.ი. სურს შემქმნელისათვის გაცემის განზრახვით იმუშავოს, ის მიუხედავად ამისა, არავითარ გამოღვიძებას, გამოცოცხლებას არ გრძნობს, რომელიც აიძულებდა მას საკუთარ თავზე შემქმნელისათვის მუშაობის ჭაპანი ეტვირთა. მან კი ეს პირობა იძულებით, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ უნდა მიიღოს, როდესაც მისი სხეული–ეგოისტური სურვილები არანაირად არ ეთანხმება ასეთ მონობას. რატომ არის, რომ ასეთ შემთხვევაში შემქმნელი ადამიანს სასიცოცხლო ძალასა და სასიამოვნო შეგრძნებას არ აძლევს?

 

საქმე ისაა, რომ ეს დიდი გამოსწორებაა, რადგან მიღების სურვილი რომ ამ მუშაობას დათანხმებოდა, ადამიანი ვერასოდეს მიაღწევდა „ლიშმა“-ს, არამედ ყოველთვის საკუთარი სარგებლისათვის, ანუ საკუთარი ვნების დასაოკებლად იმუშავებდა. და ეს წააგავს ქურდს, რომელიც თვითონ გაჰკივის დაიჭირეთ ქურდიო, და მაშინ სრულიად გაუგებარია, თუ ვინაა ნამდვილი ქურდი, რომ დაიჭირო და ნაქურდალი წაართვა.

მაგრამ როდესაც ქურდი, ე.ი. მიღების სურვილი არავითარ სიამოვნებას არ გრძნობს გაცემის განზრახვით მუშაობაში, და მზად არაა საკუთარ თავზე შემქმნელისათვის მუშაობის ჭაპანი იტვირთოს, მაშინ სხეული საკუთარ თავს სურვილის წინააღმდეგ მუშაობას აჩვევს, რის შედეგადაც მას საშუალება უჩნდება, რომ მხოლოდ შემქმნელისათვის სიამოვნების მინიჭების განზრახვით იმუშაოს. მთელი მისი განზრახვა ხომ მხოლოდ შემქმნელისაკენ უნდა იყოს მიმართული, როგორც ნათქვამია: „მაშინ იპოვი შენს სიხარულს უფალში“ (ისაია 58:14) (ე.ი. სიამოვნება რომელსაც იგრძნობ–შემქმნელისათვის იქნება).  

ე.ი. უწინ, როდესაც შემქმნელზე მუშაობდა, ეს მას სიამოვნებას არ გვრიდა და მისი შრომა იძულებითი იყო, ხოლო როდესაც ადამიანი საკუთარ თავს გაცემის განზრახვით მუშაობას აჩვევს, ის ღირსი ხდება, რომ შემქმნელში სიამოვნება, სიხარული ჰპოვოს და თვით მუშაობიდან მიიღოს სიამოვნება და სასიცოცხლო ძალა. და ამას ჰქვია, რომ მაშინ მისი სიამოვნებაც კი შემქმნელისათვის იქნება.