<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / რაზე მიგვანიშნებს სიტყვა „ელულ“ – ის აბრევიატურა „მე - ჩემს სატრფოს (შემქმნელს), ჩემი სატრფო კი - მე“ სულიერ მუშაობაში

42. რაზე მიგვანიშნებს სიტყვა „ელულ“ – ის აბრევიატურა „მე - ჩემს სატრფოს (შემქმნელს), ჩემი სატრფო კი - მე“ სულიერ მუშაობაში

 გაგონილია 15 ელულს (1942 წლის 28 აგვისტოს)

 

იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რაზე მიგვითითებს აბრევიატურა „ელულ“ („ელულ“ – ანი ლედოდი ვედოდი ლი – მე - ჩემს სატრფოს, ჩემი სატრფო კი - მე. სატრფოში შემქმნელი იგულისხმება.)

სულიერ მუშაობაში, კიდევ რამდენიმე ცნების გარკვევაა აუცილებელი:

  1. „სამეფოთა“, „მოგონებათა“, „შოფართა“ („შოფარი“ – რქისგან გაკეთებული საყვირი) მნიშვნელობა. ასევე აზრი ნათქვამისა: „გააუქმე შენი სურვილი მისი სურვილის წინაშე, რათა მან გააუქმოს თავისი სურვილი შენს წინაშე“.

  2. რატომ უთქვამთ ბრძენთ, რომ „ცოდვილებს დაუყოვნებლივ სიკვდილი მიესჯებათ, ხოლო ცადიკებს–მართლებს - სიცოცხლე“ (ცადიკი – მართალი – ის ვინც შემქმნელს ამართლებს).

  3. რატომაა დაწერილი: „გერშონის ძენი: ლივნი და შიმი“ (შმოთ 6:17).

  4. რატომაა დაწერილი ზოჰარში, რომ „„იუდ“–ი შავი წერტილია, სადაც თეთრი საერთოდ არ არსებობს“.

  5. რას ნიშნავს რომ „უმაღლესის მალხუთი დაბალი საფეხურის ქეთერი ხდება“.

  6. რატომ მოწმობს სიხარული მუშაობის სრულყოფილებაზე. 

ზემოთ ჩამოთვლილის გასარკვევად საჭიროა გავიგოთ შექმნის მიზანი, რომელიც მდგომარეობს შემქმნელის სურვილში - სიამოვნება მიანიჭოს ქმნილებებს. მაგრამ, საჭირო იყო გამოსწორება იმისათვის, რათა ქმნილებებს სირცხვილი არ ეგრძნოთ მუქთა პურის ჭამის გამო. და ამიტომ მოხდა ციმცუმი – შეკვეცა და ამ შეკვეციდან დაეშვა ეკრანი, რომელიც მიღების სურვილებს გაცემის სურვილებად აქცევს. და როგორც კი მიღების სურვილები–ქელიმი გაცემის განზრახვას შეიძენენ და გამოსწორდებიან, ჩვენ მაშინვე მივიღებთ მანამდე დაფარულ სინათლეს, რომელიც თავიდანვე ქმნილებებისათვის იყო განკუთვნილი. ანუ მივიღებთ მთელ იმ სიამოვნებას, რომელიც შემქმნელის მიერ შექმნის ჩანაფიქრში იყო მომზადებული.

 

აქედან გასაგები ხდება ნათქვამის აზრი: „გააუქმე შენი სურვილი მისი სურვილის წინაშე...“, - ე.ი. გააუქმე შენი მიღების სურვილი გაცემის სურვილის, ანუ შემქმნელის სურვილის წინაშე. ანუ საკუთარი თავის სიყვარული შემქმნელის სიყვარულით შეცვალე, რაც შემქმნელის წინაშე თავის ანულირებას, შემქმნელთან შერწყმას ნიშნავს. ამის შემდეგ შემქმნელს შეუძლია შენი სიამოვნების მიღების სურვილი სინათლით აღავსოს, რადგან ის უკვე გამოსწორებულია გაცემის განზრახვით.

და ამაზეა ნათქვამი: „...რათა მან გააუქმოს თავისი სურვილი შენი სურვილის წინაშე“ - რაც იმას ნიშნავს, რომ შემქმნელი თავის სურვილს აუქმებს. ეს ციმცუმის – შეკვეცის საიდუმლოებაა, რაც შემქმნელის და ქმნილების თვისებათა სხვაობის შედეგია. ხოლო ახლა, როდესაც ქმნილება შემქმნელს ემსგავსება, სინათლეს შეუძლია გავრცელდეს ქმნილების გამოსწორებულ სურვილში, რომელმაც გაცემის განზრახვა შეიძინა. შექმნის ჩანაფიქრი ხომ ქმნილებათათვის სიამოვნების მინიჭებას წარმოადგენს და ახლა ამ ჩანაფიქრის განხორციელება შესაძლებელი ხდება.

 

აქედან შეგვიძლია გავიგოთ ქებათა-ქებაში დაწერილის არსი: „მე ჩემს სატრფოს...“ - ე.ი. იმით, რომ ჩემი „მე“ საკუთარი თავისათვის მიღების განზრახვას აუქმებს შემქმნელის წინაშე და მას მთლიანად გაცემის განზრახვით ცვლის, მაშინ ის ღირსი ხდება „... და ჩემი სატრფო მე“. ე.ი. სატრფო, ანუ შემქმნელი მე შექმნის ჩანაფიქრში ჩადებული უმაღლესი სიამოვნებით მავსებს. ასე რომ, ყველაფერი, რაც ადრე დაფარული და შეზღუდული იყო, ახლა გახსნილი ხდება, ანუ ვლინდება შექმნის ჩანაფიქრი, რომელიც ქმნილებებისათვის სიამოვნების მინიჭებაში მდგომარეობს.

 

საჭიროა ვიცოდეთ, რომ გაცემის სურვილები შეესაბამება ასოებს იუდ-ჰეი შემქმნელის „სახელში“ (იუდ-ჰეი-ვავ-ჰეი) და ისინი ფაქიზ სურვილებს წარმოადგენენ. სწორედ ისინი აღივსებიან სინათლით. ამგვარად ქმნილება ღირსი ხდება „...და ჩემი სატრფო მე“ - ე.ი. ყოველივე სიკეთეს იღებს შემქმნელისაგან, ანუ მის გახსნას აღწევს.

 

თუმცა არსებობს პირობა, რომ ადამიანი მანამ ვერ გახდება შემქმნელის „სახის“ („პანიმ“) გახსნის ღირსი, სანამ უკანა („ახორაიმ“) მხარეს, ანუ „სახის“ დაფარვას არ მიიღებს და არ იტყვის, რომ ეს მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გახსნა, სანამ დაფარვის მდგომარეობაშიც ისეთივე სიხარულში არ იქნება, თითქოს უკვე შემქმნელის გახსნის ღირსი გახდა. მაგრამ შეუძლებელია ასეთი მდგომარეობის გაძლება, რომ დაფარვა მისთვის გახსნის ტოლფასი იყოს. ეს მხოლოდ გაცემის განზრახვით მუშაობის დროსაა შესაძლებელი. მაშინ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას გრძნობს მუშაობის დროს, მთავარი მისთვის ხომ  შემქმნელისათვის სიამოვნების მინიჭებაა და თუ შემქმნელს უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანის დაფარულ მდგომარეობაში მუშაობა, ის მზადაა ამისათვის.

მაგრამ თუ ადამიანში ჯერ კიდევ არსებობს ეგოისტური სურვილების ნაპერწკლები, მაშინ მასში ეჭვები ჩნდება და უჭირს იმის დაჯერება, რომ შემქმნელი სამყაროს სიკეთითა და მოწყალებით მართავს. ამაზე მიგვითითებს შემქმნელის „სახელის“ (იუდ-ჰეი-ვავ-ჰეი) პირველი ასო იუდ, რომელსაც ეწოდება „შავი წერტილი, სადაც თეთრი საერთოდ არ არსებობს“. ანუ მასში სრული სიბნელე და შემქმნელის „სახის“ დაფარვა სუფევს.

 

მაშასადამე, როდესაც ადამიანი ისეთ მდგომარეობას აღწევს, რომ ყოველგვარი საყრდენი ეცლება, ის შავი წყვდიადის მდგომარეობაში შედის, – უმაღლესი სამყაროს მდგომარეობებიდან ყველაზე დაბალში და აქედან წარმოიშვება მომდევნო, უფრო დაბალი საფეხურის ქეთერი, ანუ გაცემის ქლი. რამდენადაც უმაღლესის ყველაზე დაბალი ნაწილი მალხუთია, რომელსაც თვითონ არაფერი გააჩნია და სწორედ ამიტომ ეწოდება მალხუთი (სამეფო, სახელმწიფო). ე.ი. თუ საკუთარ თავზე შემქმნელის ძალაუფლებას (მეფობას) ყოველგვარი სამაგიეროს, საზღაურის გარეშე, სიხარულით მიიღებს, მაშინ ამის შედეგად ქეთერად, ანუ გაცემის სურვილად, ყველაზე ფაქიზ, ნათელ ქლით გადაიქცევა. მაშასადამე იმის წყალობით, რომ მალხუთის მდგომარეობას სრულ სიბნელეში იღებს, – მალხუთისაგან ქეთერის ქლი, ე.ი. გაცემის ქლი წარმოიქმნება.

 

ნათქვამია: „პირდაპირია შემქმნელის გზები. ცადიკები – მართალნი გაივლიან მას, ცოდვილნი კი მარცხს განიცდიან“. ცოდვილნი, ე.ი. ისინი, ვინც საკუთარი ეგოიზმის ძალაუფლების ქვეშ იმყოფებიან, ამ სიბნელის მდგომარეობაში მოხვედრისას, იძულებული არიან დაეცნენ მისი ჭაპანის სიმძიმის ქვეშ. ხოლო ცადიკები–მართლები ე.ი. ისინი, ვინც გაცემისკენ მიისწრაფვიან, მაღლდებიან ამ მდგომარეობის მეშვეობით, ე.ი. გაცემის ქელიმის ღირსი ხდებიან.

 

დავაზუსტოთ განსაზღვრებები ცადიკი–მართალი და ცოდვილი:

 

ცოდვილი ისაა, ვინც ჯერ კიდევ ვერ განსაზღვრა, ვერ გადაწყვიტა თავის გულში, რომ უნდა იმუშაოს და გაისარჯოს იმისათვის, რათა გაცემის ქელიმი – ჭურჭლები შეიძინოს.

 

ცადიკი–მართალი ისაა, ვის გულში უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაცემის სურვილის მოპოვებაა აუცილებელი, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია ამას. 

 

როგორც ზოჰარში წერია, უთხრა შხინამ რაბი შიმონ ბარ იოხაის (რაშბი): „შენგან ვერსად დავიმალები“ და ამიტომ გაიხსნა მის წინაშე. თქვა რაშბიმ: „ჩემსკენაა წადილი მისი“, ე.ი. „მე ჩემს სატრფოს, ჩემი სატრფო კი მე“. მაშასადამე ის სახელი ჰავაიას “ვავ-ის” და “ჰეი-ს” გაერთიანებას იწვევს, აკი არ არსებობს შემქმნელის სრულყოფილება და მისი ტახტის სრულყოფილება მანამ, სანამ არ გაერთიანდება “ჰეი” და “ვავ”, სადაც “ჰეი” - სიამოვნების მიღების საბოლოო სურვილია, “ვავ”-ი კი “ჰეი-ს აღავსებს და მაშინ სრული გამოსწორების მდგომარეობა დგება.

და ამაზეა ნათქვამი, რომ ცადიკებს–მართლებს დაუყოვნებლივ სიცოცხლე მიესჯებათ. ე.ი. თვითონ ადამიანმა უნდა თქვას, რომელ წიგნში სურს რომ ჩაწერონ მისი სახელი - მართალთა წიგნში, ე.ი. სურს, რომ გაცემის სურვილი მისცენ, თუ - არა. ადამიანს ხომ გაცემის სხვადასხვაგვარი სურვილი შეიძლება გააჩნდეს. მაგალითად, ხანდახან ადამიანი ამბობს: მართალია, მე მსურს რომ გაცემის სურვილი მომცენ, მაგრამ ისე, რომ ბოლომდე არ გააუქმონ მიღების სურვილი. მაშასადამე მას ორი სამყარო სურს საკუთარი თავისათვის, ე.ი. უნდა, რომ გაცემის სურვილიც თავისი სიამოვნებისათვის გამოიყენოს. 

 

მაგრამ მართალთა წიგნში მხოლოდ ის იწერება, ვისაც სურს საკუთარი მიღების სურვილი მთლიანად გაცემის სურვილზე შეცვალოს და არაფერი მიიღოს საკუთარი თავისათვის. და ეს იმისათვის, რათა მომავალში საშუალება არ ჰქონდეს თქვას: „რომ მცოდნოდა, რომ მიღების სურვილი მთლიანად უნდა გამქრალიყო, არ ვილოცებდი ამაზე“. ამიტომ ადამიანმა ხმამაღლა უნდა განაცხადოს თავისი განზრახვის შესახებ, ჩაწერილი იყოს მართალთა წიგნში, რათა შემდეგ პრეტენზიები არ წამოაყენოს.

საჭიროა ვიცოდეთ, რომ სულიერ მუშაობაში მართალთა წიგნი და ცოდვილთა წიგნი ერთ ადამიანს ეხება. ე.ი. თვით ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი და აბსოლუტურად ზუსტად იცოდეს, თუ რა სურს, რადგან ცადიკიც–მართალიც და ცოდვილიც ერთ პიროვნებაშია.

ამიტომ ადამიანმა უნდა თქვას, სურს თუ არა, რომ მართალთა წიგნში იყოს ჩაწერილი, რათა დაუყოვნებლივ სიცოცხლე მიესაჯოს, ე.ი. შერწყმული იყოს სიცოცხლის წყაროსთან, და ყველაფრის გაკეთება მხოლოდ შემქმნელისათვის სურდეს. ასევე თუ უნდა, რომ ცოდვილთა წიგნში ჩაიწეროს, სადაც საკუთარი თავისათვის მიღების მსურველნი იწერებიან, ის ამბობს, რომ დაუყოვნებლივ მკვდრებს მიაწერონ, რადგან მიღების სურვილი გაუქმდება მასში და მკვდარს დაემსგავსება.

 

მაგრამ ხანდახან ადამიანი ყოყმანობს. არ სურს რომ დაუყოვნებლივ და საბოლოოდ გაქრეს მასში ეგოიზმი. უჭირს ერთბაშად იმის გადაწყვეტა, რომ მისი მიღების სურვილის ნაპერწკლებს დაუყოვნებლივ სიკვდილი მიესაჯოთ. ის თანახმა არაა, რომ მისი მიღების ყველა სურვილი ერთბაშად გაქრეს, არამედ სურს, რომ ეს თანდათანობით, ნელნელა მოხდეს და არა ერთბაშად და მომენტალურად. ე.ი. უნდა, რომ მასში, ცოტა მიღების ქელიმი მოქმედებდეს, ცოტაც  – გაცემის.

 

გამოდის, რომ ამ ადამიანს არ გააჩნია მყარი და ნათელი აზრი. მყარი აზრი კი იმას ნიშნავს, რომ ერთი მხრივ ადამიანი ამტკიცებს,– მთლიანად ჩემი, ჩემი ეგოიზმისააო, ხოლო მეორე მხრივ ამბობს, – მთლიანად შემქმნელისააო. ამას ეწოდება მყარი აზრი. მაგრამ რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს, თუ მისი სხეული არ ეთანხმება მის გადაწყვეტილებას, რომ ყველაფერი შემქმნელისათვის იყოს?

 

ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი აკეთებს ყველაფერს, რაც ხელეწიფება იმისათვის, რათა მისი ყველა სურვილი შემქმნელისათვის იყოს. ე.ი. ის ევედრება შემქმნელს, რომ ჩანაფიქრის განხორციელება შეძლოს და მისი ყველა სურვილი შემქმნელს მიუძღვნას. სწორედ ამაზეა ჩვენი ლოცვა: „გაგვიხსენე ჩვენ სიცოცხლისთვის და ჩაგვწერე სიცოცხლის წიგნში“.

ამას ჰქვია მალხუთი, როდესაც ადამიანი თავის თავზე იღებს შავი წერტილის მდგომარეობას, სადაც თეთრი ფერი საერთოდ არ არსებობს (შემქმნელის სრული დაფარვის მდგომარეობა). ეს საკუთარი სურვილის ანულირებას ნიშნავს იმისათვის, რათა შემქმნელს თავი შეახსენოს და მაშინ შემქმნელი გააუქმებს თავის სურვილს ადამიანის სურვილის წინაშე. რით შეუძლია ადამიანს, რომ შემქმნელს თავი შეახსენოს? შოფარში – რქის საყვირში ჩაბერვით, სიტყვისაგან „შუფრა დე-იმა“ (დედის სილამაზე), სადაც ყველაფერი თშუვაზე – მონანიებაზეა დამოკიდებული. ე.ი. როდესაც ადამიანი სიბნელეში, დაფარვაში იმყოფება, ის უნდა ეცადოს, რომ პატივი მიაგოს და არ უგულებელჰყოს ეს მდგომარეობა, ე.ი. ის ლამაზად და პატივის ღირსად მიიჩნიოს და ამას „დედის სილამაზე“ ეწოდება.

 

ნათქვამიდან შესაძლოა გავიგოთ, თუ რას ნიშნავს „გერშონის შვილები: ლივნი და შიმი“. თუ ადამიანი ხედავს, რომ ის სულიერი სამუშაოდან გააგდეს (გირშუ), მან უნდა იცოდეს, რომ ეს „ლივნის“ გამო მოხდა, ანუ იმის გამო, რომ მას მაინცდამაინც „თეთრი ფერი“ (ლავან) სურს. ე.ი. თუ მას „თეთრ ფერს“ მისცემენ, ანუ თუ მას, რაღაც სინათლე უნათებს და ის სასიამოვნო გემოს გრძნობს თორასა და ლოცვაში, მაშინ ის მზადაა გაიგონოს და შეასრულოს თორა და სულიერი კანონები.

 

და ამას ეწოდება „შიმი“, ე.ი. ის მხოლოდ „თეთრი სინათლის“ ნათებისას არის მზად, რომ მოისმინოს (ლიშმოა, იგივე ფესვი აქვს, რაც „შიმი“–ს). ხოლო როდესაც ადამიანი მუშაობისას სიბნელეს გრძნობს, მას არ შეუძლია საკუთარ თავზე ასეთი სამუშაო აიღოს და ამიტომ ის მეფის სასახლიდან უნდა განიდევნოს, შემქმნელის ძალაუფლების საკუთარ თავზე მიღება ხომ უსიტყვო, უპირობო უნდა იყოს. მაგრამ თუ ადამიანი ამბობს, რომ ის მზადაა მხოლოდ „თეთრი სინათლის“ დროს, ანუ დღის სინათლეზე იმუშაოს, ხოლო სიბნელის დროს თანახმა არაა რომ გაისარჯოს, ასეთი ადამიანი ღირსი არაა, რომ მეფის სასახლეში იყოს.

სამეფო სასახლეში შესვლის ღირსი ხომ მხოლოდ ის ხდება, ვისაც გაცემის განზრახვით სურს მუშაობა. და როდესაც ადამიანი ასეთი განზრახვით მუშაობს, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას განიცდის მუშაობის დროს. და მაშინაც კი, როდესაც ის გრძნობს, რომ წყვდიადითაა მოცული, ის არ კრთება, არამედ მხოლოდ ის სურს, რომ შემქმნელმა ყველა წინააღმდეგობის გადასალახი ძალა მისცეს. ე.ი ის არ სთხოვს შემქმნელს „თეთრ სინათლეში“ გაიხსნას მის წინაშე, არამედ სთხოვს მხოლოდ ძალას, რათა ყოველგვარი დაფარვის გადალახვა შეძლოს.

 

ამიტომ მას, ვისაც გაცემის განზრახვით მუშაობა სურს, უნდა ესმოდეს, რომ თუ ის გამუდმებით „თეთრ ფერად“ წოდებულ შემქმნელის გახსნის მდგომარეობაში იქნება, ეს მას მუშაობის გაგრძელების საშუალებას მისცემს, რადგან ნათებისას ადამიანს შეუძლია საკუთარი თავისათვის მიღების განზრახვითაც იმუშაოს. ასეთ შემთხვევაში ის ვერასოდეს გაიგებს, არის თუ არა მისი მუშაობა სუფთა და უანგარო (ე.ი. არის თუ არა ის შემქმნელისათვის) და ამიტომ ვერასოდეს გახდება შემქმნელთან შერწყმის ღირსი.

 

ამიტომ ადამიანს მაღლიდან წყვდიადის შეგრძნებას აძლევენ და მაშინ ის ხედავს, თუ რამდენად „სუფთაა“ მისი მუშაობა. და თუ მას წყვდიადის მდგომარეობაშიდაც არ ტოვებს სიხარულის შეგრძნება, ეს იმის ნიშანია, რომ რომ ის გაცემის განზრახვით მუშაობს, რადგან ადამიანს უნდა უხაროდეს და სწამდეს, რომ ზემოდან შანსი მისცეს შემქმნელისათვის ემუშავა.

და ეს როგორც ბრძენთ უთქვამთ: „გაუმაძღარი ყოველთვის ბრაზობს“. ანუ ის, ვინც საკუთარი მიღების სურვილშია ჩაფლული, ბრაზობს, რადგან ყოველთვის უკმარისობას განიცდის, არ შეუძლია საკუთრი ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილება. ხოლო ის, ვისაც გაცემის გზით სურს სიარული, ყოველთვის მოხარული უნდა იყოს, მიუხედავად იმ გარემოებებისა, რომელიც ეგზავნება. ის მოხარული უნდა იყოს, რადგან საკუთარი თავისათვის მიღების არანაირი განზრახვა არ გააჩნია. 

 

ამიტომ ის ამბობს, რომ თუ ის მართლაც მხოლოდ გაცემისათვის მუშაობს, მაშინ, რა თქმა უნდა, მოხარული უნდა იყოს, რომ შემქმნელისათვის სიამოვნების მინიჭების ღირსი გახდა. ხოლო თუ გრძნობს, რომ ის ჯერ კიდევ არ მუშაობს გაცემის განზრახვით, მაინც უნდა უხაროდეს, რადგან არაფერი სურს საკუთარი თავისთვის და უხარია, რომ მის ეგოიზმს არ შეუძლია ამ სამუშაოსაგან რაიმე სიამოვნება მიიღოს. ეს უნდა იყოს მისი სიხარულის საბაბი.

 

მაგრამ თუ ის ფიქრობს, რომ მისი ძალისხმევისაგან როგორღაც მისი ეგოიზმიც იხეირებს, მაშინ ის ბოროტ საწყისს საშუალებას აძლევს, რომ მის სამუშაოს ჩაეჭიდოს და ეს მასში დარდს და გაღიზიანებას იწვევს.