19. რას ნიშნავს, რომ შემქმნელს სძულს სხეულები
(საკუთარი თავისთვის მიღების ეგოისტური სურვილები)
გაგონილია 1943 წელს იერუსალიმში
წიგნი ზოჰარი ამბობს, რომ შემქმნელი ვერ იტანს სხეულებს, ანუ საკუთარი თავისათვის მიღების ეგოისტურ სურვილს, რომელსაც „სხეული“ ეწოდება. შემქმნელმა სამყარო თავისი დიდებისათვის შექმნა, როგორც ნათქვამია: „ყოველივე ჩემი სახელით წოდებული, ჩემი დიდებისათვის შევქმენი, გავაჩინე და გავაკეთე ის“ (ესაია). ეს ეწინააღმდეგება სხეულის პრეტენზიას იმაზე, რომ ყველაფერი მისთვის, ანუ მის სასარგებლოდ არსებობს. ხოლო შემქმნელი პირიქით ამბობს - რომ ყველაფერი შემქმნელის სასარგებლოდ უნდა იყოს. ამიტომ უთქვამთ ბრძენთ: „თქვა შემქმნელმა, მე და მას არ შეგვიძლია ერთ ადგილას ვიარსებოთ.“
აქედან გამოდის, რომ მთავარი რაც ადამიანს შემქმნელთან შერწყმას აშორებს, მისი მიღების სურვილია. ეს მაშინ შეიმჩნევა, როდესაც „ცოდვილი“ მოდის, ანუ საკუთარი თავისათვის მიღების სურვილი მოდის და კითხულობს: „რატომ გსურს რომ შემქმნელისათვის იმუშავო?“ და შეიძლება იფიქრო, რომ ეს არის კითხვა ადამიანის, რომელსაც გონებით გაგება სურს. თუმცა ეს არასწორია, რადგან ის იმას არ კითხულობს, თუ ვისთვის მუშაობს ადამიანი, რაც გონიერი კითხვა იქნებოდა და რომელიც ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდებოდა.
მაგრამ ცოდვილის კითხვა - სხეულის კითხვაა. ის ხომ კითხულობს: „რისთვის გინდა ეს სამუშაო?“ ე.ი. რა სარგებელს მიიღებ შენს მიერ ჩადებული ძალისხმევის სანაცვლოდ? ანუ ის კითხულობს: თუ შენ საკუთარი სარგებლისათვის არ მუშაობ, მაშინ რას მიიღებს აქედან შენი სხეული, რომელსაც საკუთარი თავისთვის მიღების სურვილი ეწოდება?
და იმდენად, რამდენადაც ეს სხეულის პრეტენზიაა, მას არ უნდა შევეკამათოთ, არამედ ასევე სხეულის პასუხი უნდა გავცეთ – „კბილები უნდა ჩავულეწოთ“, და „იქაც რომ ყოფილიყო, მაინც ვერ გადარჩებოდა“, რადგან საკუთარი თავისთვის მიღების სურვილს ხსნის დროსაც კი არ გააჩნია გამოსწორება. ხსნა ხომ იმას ნიშნავს, რომ მთელი მოგება გაცემის ქელიმში (ჭურჭლებში) შედის და არა მიღების.
საკუთარი თავისთვის მიღების სურვილი ყოველთვის დაუკმაყოფილებელი უნდა დარჩეს, რადგან მისი ავსება ჭეშმარიტად სიკვდილის ტოლფასია. და ამის მიზეზი, როგორც ზემოთ აღინიშნა, ის არის, რომ სამყარო შემქმნელის დიდებისთვისაა შექმნილი (და ეს არის პასუხი იმაზე, რაც წერია, რომ მისი სურვილია სიამოვნება მიანიჭოს ქმნილებებს და არა საკუთარ თავს). ეს იმას ნიშნავს, რომ შექმნის მთავარი მიზანი ქმნილებებისათვის სიამოვნების მინიჭებაა და ეს მიზანი ყველასათვის გამხელილი უნდა იყოს. და ეს სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ის შემქმნელის სადიდებლადაა შექმნილი - მაშინ ამ ქელიმში ვლინდება შექმნის ჩანაფიქრი, სიამოვნება მიანიჭოს ქმნილებებს.
ამიტომ ადამიანი ვალდებულია, რომ მუდამ შეამოწმოს საკუთარი თავი, მისი მუშაობის მიზანი, ანუ მოუტანს თუ არა მისი თითოეული მოქმედება სიამოვნებას შემქმნელს. ადამიანს ხომ სურს, რომ მისი მსგავსი გახდეს, რაზედაც ნათქვამია: „შენი ყველა ქმედება ზეცისათვის, შემქმნელისათვის იყოს“. ანუ ადამიანს თავისი ნებისმიერი მოქმედებით სურს სიამოვნება მიანიჭოს შემქმნელს, როგორც წერია, სიხარული მოუტანოს თავის შემქმნელს.
ხოლო თავის ეგოისტურ სურვილს მან უნდა უთხრას: „მე უკვე გადავწყვიტე, რომ არანაირი სიამოვნების მიღება არ მსურს, რადგან შენ გსურს ამ სიამოვნების მიღება. რადგან შენი სურვილების გამო მე იძულებული ვარ დაშორებული ვიყო შემქმნელისაგან, თვისებების სხვაობა ხომ მისგან მოწყვეტასა და დაშორებას იწვევს“.
ადამიანს არ შეუძლია მიღების სურვილისაგან თავის დახსნა და ამის გამო ის გამუდმებით ხან აღმასვლასა და ხან დაღმასვლაში იმყოფება, მაგრამ მან იმედი არ უნდა დაკარგოს. მას უნდა სწამდეს, რომ ღირსი გახდება იმისა, რომ შემქმნელმა თვალი აუხილოს. ის გადალახვის ძალას შეიძენს და შეძლებს მხოლოდ შემქმნელისათვის იმუშაოს. როგორც წერია: „ერთი რამ ვითხოვე შემქმნელისაგან, მხოლოდ მას ვითხოვ“ (ფსალმუნი 27). „მას“ - ე.ი. წმინდა შხინას, რათა „მთელი ჩემი ცხოვრება ვიმყოფებოდე შემქმნელის სახლში“. და აი შემქმნელის სახლს წმინდა შხინა ეწოდება.
და აქედან გავიგებთ ბრძენთა ნათქვამს: „და აიღეთ თქვენთვის პირველ დღეს ციტრუსოვანი ხის (მშვენიერი ხის–ეთროგის) ნაყოფი … და იხარეთ უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე შვიდი დღე.“ (თორა, ვაიკრა (ლევიანნი) 23:40) იგულისხმება წელიწადის დროების ათვლის პირველი დღე. და უნდა გავიგოთ, რატომ უნდა გვიხაროდეს თუ აქ წელიწადის დროების ათვლასთან გვაქვს საქმე? და თქვა, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ძალისხმევას ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია, რადგან მისი მეშვეობით მყარდება კავშირი ადამიანსა და შემქმნელს შორის. ანუ ადამიანი გრძნობს, რომ მას შემქმნელი სჭირდება, რადგან ძალისხმევის მიტანებისას ის ხედავს, რომ შემქმნელის გარდა ამ სამყაროში არავის შეუძლია მისი ხსნა იმ მდგომარეობიდან, რომელშიც მოხვდა. და მაშინ ის ხედავს, რომ „არავინ არსებობს მის გარდა“, ვისაც შეუძლია მისი დახსნა ამ გამოუვალი მდგომარეობიდან, რომელსაც არ შეუძლია გაექცეს. ამას ჰქვია, რომ მას მჭიდრო შეხება, კავშირი აქვს შემქმნელთან და ადამიანმა არ იცის ამ შეხების სათანადო დაფასება. ანუ ადამიანს უნდა სწამდეს, რომ მაშინ ის შერწყმულია შემქმნელთან, ესე იგი მისი ყველა აზრი მხოლოდ შემქმნელისკენაა მიმართული მისგან დახმარების მოლოდინში. წინააღმდეგ შემთხვევაში ხედავს, რომ ის დაკარგულია.
ხოლო ის ვინც შემქმნელის პირადი მმართველობის ღირსი ხდება და ხედავს, რომ ყველაფერს შემქმნელი აკეთებს, როგორც წერია: „მხოლოდ ის ერთი ასრულებს და შეასრულებს ყველა მოქმედებას“, მას თავისთავად არც რაიმეს დამატება შეუძლია და არც ლოცვა იმაზე, რომ შემქმნელი დაეხმაროს, რადგან ადამიანი ხედავს, რომ მისი ლოცვის გარეშეც ყველაფერს შემქმნელი აკეთებს. ამიტომ არ აქვს შესაძლებლობა კეთილი საქმეები გააკეთოს, რადგან ხედავს, რომ მის გარეშეც ყველაფერს შემქმნელი აკეთებს. მაშასადამე მას არ ესაჭიროება შემქმნელი იმისათვის, რათა რაიმეს გაკეთებაში დაეხმაროს და მაშინ ადამიანს თავისთავად არანაირი შეხება არ გააჩნია შემქმნელთან, მას ხომ იმდენად არ სჭირდება შემქმნელი, რომ მისი დახმარების გარეშე თავი დაკარგულად იგრძნოს.
გამოდის, რომ ის კავშირი, რომელიც მას ძალისხმევის ჩადებისას ჰქონდა შემქმნელთან, აღარ გააჩნია. ეს წააგავს ადამიანს, რომელიც სიცოცხლეს და სიკვდილს შორის იმყოფება და მეგობარს სთხოვს, რომ სიკვდილისაგან იხსნას. როგორ ითხოვს მაშინ შველას მეგობრისაგან? რა თქმა უნდა, ყველა მის განკარგულებაში არსებული ძალებით სთხოვს მეგობარს, რომ შეიწყალოს და სიკვდილისგან იხსნას. და რა თქმა უნდა, ერთი წამითაც კი არ ავიწყდება ლოცვა, რადგან ხედავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლეს კარგავს.
ხოლო ის, ვინც მეგობარს რაიმე ზედმეტს, ფუფუნების საგანს სთხოვს, რომელიც არც თუ ისე ესაჭიროება, მაშინ მთხოვნელი ისეთი დაჟინებით, ჯიუტად არ სთხოვს მეგობარს, რომ სასურველი მისცეს. გამოდის, რომ თუ სიცოცხლის საშიშროებაზე არაა საუბარი, მაშინ მთხოვნელი არც თუ ისე მჭიდრო კავშირშია მომცემთან. ამიტომ, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ შემქმნელს სიკვდილისგან ხსნა უნდა სთხოვოს, ე.ი. იმ მდგომარეობიდან, რომელსაც ეწოდება „ცოდვილები თავიანთ სიცოცხლეშივე მკვდრებად ითვლებიან“, მაშინ ადამიანსა და შემქმნელს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. ამიტომ წმინდანის სამუშაო იმაშია, რომ შემქმნელის დახმარება სჭირდებოდეს, სხვაგვარად ის დაღუპულია. და ამისაკენ მიილტვიან წმინდანები, ანუ მუშაობისაკენ, რათა შემქმნელთან მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ.
და აქედან გამოდის, რომ თუ შემქმნელი წმინდანებს მუშაობის შესაძლებლობას აძლევს, მაშინ ისინი ძალიან მოხარულები არიან. ამიტომ თქვეს: „წელიწადის დროების ათვლის პირველი დღე“, რაც მათთვის სასიხარულოა, რადგან მუშაობის შესაძლებლობა გააჩნიათ. ანუ ახლა სჭირდებათ შემქმნელი და შეუძლიათ მიაღწიონ მასთან მჭიდრო კავშირს, რამეთუ მეფის სასახლეში საჭიროების გარეშე მისვლა მიუღებელია.
ამაზე წერია: „და აიღეთ თქვენთვის“. დააზუსტა „თქვენთვის“, რადგან „ყველაფერი ზეცის ხელთაა, ზეცის წინაშე თრთოლის გარდა“. ე.ი. შემქმნელს შეუძლია სინათლის და ბარაქის მიცემა, რადგან მას ეს გააჩნია, ხოლო სიბნელე და უკმარისობა მის საზღვრებში არ არსებობს.
და არსებობს კანონი, რომ მხოლოდ უკმარისობის შეგრძნება ბადებს ზეცის წინაშე თრთოლას. უკმარისობის შეგრძნების ადგილს მიღების სურვილი ჰქვია, ანუ მხოლოდ მაშინ გააჩნია ადამიანს გარჯის შესაძლებლობა, როდესაც წინააღმდეგობას ხვდება და სხეული ეკითხება: „რას გაძლევს შენ ეს სამუშაო?!“ და არ შეუძლია ადამიანს ამ კითხვას პასუხი გასცეს, არამედ უნდა მიიღოს შემქმნელისათვის მუშაობის ტვირთი ცოდნაზე ამაღლებით - „როგორც ხარი უღელში და ვირი ტვირთის ქვეშ“ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ე.ი. „თქვა მან - და შევასრულოთ მისი სურვილი“. და ამას „თქვენ“ ეწოდება - ანუ ეს სამუშაო თქვენია და არა ჩემი, ანუ სამუშაო, რომლის შესრულებასაც თქვენი მიღების სურვილი გავალდებულებთ.
ხოლო თუ შემქმნელი მას რაიმე ნათებას აძლევს ზეციდან, მაშინ მისი მიღების სურვილი ნებდება და ადამიანი აბათილებს საკუთარ თავს, როგორც სანთელი ჩირაღდნის წინაშე. და მაშინ უკვე არ აქვს გარჯის საშუალება, რადგან მას არ სჭირდება იძულების გზით მიიღოს თავის თავზე ზეცის მმართველობა, „როგორც ხარი უღელში და ვირი ტვირთის ქვეშ“. როგორც წერია: „შემქმნელის მოყვარულნო - გძულდეთ ბოროტება!“, რამდენადაც მხოლოდ ბოროტების ადგილიდან იბადება შემქმნელისადმი სიყვარული. ე.ი. რამდენადაც უფრო დიდი სიძულვილი გააჩნია ბოროტების მიმართ, ანუ ხედავს, თუ როგორ უშლის ხელს მიღების სურვილი მიზნის სრულყოფილ მიღწევაში, იმდენად სჭირდება შემქმნელის სიყვარულის შეძენა. ხოლო თუ ადამიანი საკუთარ თავში ბოროტებას ვერ გრძნობს, მას არ შეუძლია შემქმნელის სიყვარულის დამსახურება - მას ხომ ეს არ სჭირდება, რადგან უკვე კმაყოფილებას განიცდის თავის სამუშაოში.
ამიტომ ადამიანი არ უნდა ბრაზობდეს, როდესაც საკუთარ ეგოიზმთან სჭირდება მუშაობა, როდესაც ის მას ხელს უშლის მუშაობაში. და რა თქმა უნდა, ადამიანი უფრო კმაყოფილი იქნებოდა, თუ მისი მიღების სურვილი გაქრებოდა მისი სხეულიდან, ანუ მას თავისი კითხვებით არ შეაწუხებდა და ხელს არ შეუშლიდა თორისა და კანონების შესრულებაში.
არამედ ადამიანს უნდა სწამდეს, რომ მიღების სურვილი, რომელიც მას მუშაობაში აბრკოლებს, ზემოდან მოდის, რომ ზეციდან აძლევენ მას ეგოიზმის გახსნის ძალას. და ეს იმიტომ, რომ სწორედ მიღების სურვილის გამოღვიძებისას უჩნდება ადამიანს მუშაობის შესაძლებლობა, რათა შემქმნელთან მჭიდრო კავშირი დაამყაროს და მისი დახმარებით მიღების სურვილზე გაცემის განზრახვა შეიძინოს.
და ადამიანს უნდა სწამდეს, რომ შემქმნელს სიამოვნებას ანიჭებს იმით, რომ სთხოვს მას შერწყმის მდგომრეობას დააახლოვოს, რაც თვისებათა მსგავსებას, ანუ ეგოიზმის გაუქმებას ნიშნავს იმისათვის, რათა გაცემის განზრახვით იმუშაოს. და ამაზე ამბობს შემქმნელი: „მძლიეს ჩემმა ვაჟებმა. ე.ი. მე მოგეცით თქვენ მიღების სურვილი, ხოლო თქვენ კი მთხოვთ, რომ მის ნაცვლად გაცემის სურვილი მოგცეთ.
აქედან გასაგებია გმარა-ში აღწერილი იგავი: ერთხელ რაბი პინხას ბენ იაირი ტყვეების გამოსასყიდად გაემგზავრა. გადაუღობა მას გზა მდინარემ სახელად „გინაი“. რაბი პინხასმა უთხრა მას: „გაჰყავი შენი წყალი და გამატარე!“. ხოლო მდინარემ უპასუხა: „შენ შენი ბატონის სურვილის შესასრულებლად მიდიხარ, ხოლო მე კი – ჩემი. შენ ან შეასრულებ ან არ შეასრულებ, მე კი უეჭველად ვასრულებ“.
ეს ნიშნავს, რომ რაბი პინხასმა მდინარეს, ანუ მიღების სურვილს უთხრა, რომ გაეტარებინა ის, რათა მიეღწია საფეხურისათვის, სადაც შემქმნელის ნების შესრულებას შეძლებდა, ე.ი. ყველაფერი გაცემის განზრახვით, შემქმნელისათვის სიამოვნების მისანიჭებლად ეკეთებინა. ხოლო მდინარე, ანუ ეგოიზმი პასუხობს მას, რომ შემქმნელმა ის ისეთი ბუნებით შექმნა, რომელიც სიამოვნებისა და კმაყოფილებისაკენ მიისწრაფვის და ამიტომ არ სურს შემქმნელისაგან ბოძებული ამ ბუნების შეცვლა. და რაბი პინხას ბენ იაირი მასთან ბრძოლას იწყებს, ანუ ცდილობს ის გაცემის სურვილად გადააქციოს - ეს კი ქმნილებასთან ომს ნიშნავს, რომელიც შემქმნელმა მიღების სურვილად წოდებული ეგოისტური ბუნებით შექმნა. და ესაა შემქმნელის მიერ შექმნილი მთელი ქმნილების არსი, რასაც „არსებული არარსებულისაგან“ ეწოდება.
და უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც მუშაობისას ეგოიზმი ადამიანს თავის პრეტენზიებს უცხდებს, მასთან ნებისმიერი კამათი ამაოა და ვერავითარი გონივრული, სამართლიანი არგუმენტი ვერ დაეხმარება თავისი ბოროტი საწყისის დაძლევაში. არამედ როგორც წერია: „ჩაულეწე მას კბილები“ - რაც იმას ნიშნავს რომ მოქმედებას უნდა მივმართოთ და არა კამათს, ე.ი. ადამიანმა ძალები უნდა მოიკრიბოს იძულების გზით და ეს არის ბრძენთა ნათქვამის საიდუმლოება: „აიძულებენ მას, სანამ არ იტყვის მსურსო“, ანუ მუდმივი, მუყაითი შრომის წყალობით ჩვევა მეორე ბუნებად იქცევა.
და ძირითადად უნდა ვეცადოთ, რომ ადამიანს გაცემის განზრახვის შეძენის და ეგოიზმის დაძლევის ძლიერი სურვილი გააჩნდეს. სურვილის სიძლიერე იზომება დაყოვნებებისა და შესვენებების რაოდენობით, ანუ გადალახვიდან გადალახვამდე არსებული პაუზის ხანგრძლივობით. და ზოგჯერ ადამიანი შუაში წყვეტს მუშაობას და დაცემას განიცდის. ეს დაცემა შეიძლება იყოს პაუზა, რომელიც გრძელდება ერთი წამის, საათის, დღის, ან თვის განმავლობაში. ხოლო შემდეგ ის თავიდან იწყებს მუშაობას ეგოიზმის დასაძლევად და გაცემის სურვილის შესაძენად.
ძლიერი სურვილი ეწოდება იმას, როდესაც პაუზა მას ბევრ დროს არ ართმევს და ის მყისვე იღვიძებს და მუშობას აგრძელებს. ეს წააგავს ადამიანს, რომელსაც დიდი ლოდის დამსხვრევა სურს და ამისათვის უროს იღებს. ის მთელი დღე მრავალჯერ ურტყამს ლოდს, მაგრამ დარტყმები სუსტია. ე.ი. არ ურტყამს მას ერთი მოქნევით, არამედ ნელნელა უშვებს უროს და ჩივის, რომ ეს სამუშაო მისთვის არაა, არამედ აქ გოლიათია საჭირო, რომელიც ამ დიდი ლოდის დამსხვრევას შეძლებდა და განაცხადებს, რომ ის არ დაბადებულა ისეთი ძალებით, რომ ლოდის დამსხვრევა შეძლებოდა.
მაგრამ თუ ადამიანი აწევს ამ დიდ უროს და მთელი ძალით დაარტაყავს ლოდს - არა ნელნელა და თანდათანობით, არამედ ერთბაშად, მთელი ძალისხმევით, ლოდი მაშინვე დანებდება მას და უროს ქვეშ დაიმსხვრევა.
და ამაზე თქმულა: „როგორც ძლიერი ურო დაამსხვრევს კლდეს“. ასევეა სულიერ მუშაობაშიც, რომელიც მიღების ქელიმ–ების, ჭურჭლების სიწმინდეში შეტანას წარმოადგენს. და მართალია, ჩვენ ძლიერი ურო, ანუ თორის სიტყვები გაგვაჩნია, რომლებიც ჩვენ კეთილ რჩევებს გვაძლევს, მაგრამ თუ ადამიანი განუწყვეტლივ არ მოქმედებს, არამედ დიდი შესვენებებით, ის ბრძოლის ველიდან გარბის და ამბობს, რომ ამისათვის არაა გაჩენილი და რომ ამ სამუშაოს შესასრულებლად განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანია საჭირო.
არამედ მას უნდა სწამდეს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიზნის მიღწევა და ამისათვის უნდა ეცადოს, რომ ყოველ ჯერზე უფრო დიდი ძალისხმევა ჩადოს და მაშინ შეძლებს ამ ლოდის მოკლე დროში დამსხვრევას.
და ასევე უნდა ვიცოდეთ, იმისთვის რათა ძალისხმევამ ადამიანს შემქმნელთან შეხება მოუტანოს, საჭიროა, რომ მან ერთი ძალიან რთული პირობა შეასრულოს - მიიღოს ეს გარჯა როგორც უმაღლესი ფასეულობა, ანუ მას დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს. ხოლო თუ ძალისხმევა მისთვის მნიშვნელოვანი არაა, მაშინ ის სიხარულით ვერ იმუშავებს, ე.ი. მოხარული არ იქნება იმის გამო, რომ შემქმნელთან კავშირს მიაღწია.
ზუსტად ამაზე მიგვანიშნებს ეთროგი, როგორც დაწერილია მასზე - „ციტრუსოვანი (მშვენიერი) ხის ნაყოფი“ და ის სუფთა უნდა იყოს „ხოტემ“–ის (ცხვირის) ზემოთ. (სიტყვა ციტრუსოვანი, ივრითულად – „ჰადარ“ დიდებულსაც ნიშნავს).
ცნობილია, რომ სამი თვისება არსებობს:
1) დიდებულება (დიდებული შესახედაობა);
2) სუნი;
3) გემო.
გემო ნიშნავს სინათლის დაშვებას ზემოდან ქვემოთ, ანუ პირის ქვედა ნაწილში, სადაც სასაა და გემოს შეგრძნება ხდება, ე.ი. სინათლეები მიღების ქელიმში, ჭურჭლებში ხვდებიან.
სუნი აღნიშნავს იმას, რომ სინათლეები ქვემოდან ზემოთ მოდიან, ანუ გაცემის ქელიმში–ჭურჭლებში შედიან, საიდუმლოებით „იღებს, მაგრამ არ გასცემს“ სასის და ყელის ქვეშ, რაც ნიშნავს: „და აღივსნენ შემქმნელის წინაშე თრთოლით“ (სიტყვასიტყვით „შეიყნოსეს შემქმნელის წინაშე თრთოლა“) (ესაია 11:3), როგორც მაშიახზეა (მესიაზე) ნათქვამი. ცნობილია, რომ სუნი ხოტემს–ცხვირს ეკუთვნის.
დიდებულება - ეს სილამაზეა, რომელიც ხოტემზე–ცხვირზე მაღლა დგას, ე.ი. სუნი არ გააჩნია. ესე იგი იქ არც გემოა და არც სუნი. მაშ რა არის მასში, რაც მას საშუალებას აძლევს საკუთარი მდგომარეობა შეინარჩუნოს? მასში მხოლოდ დიდებულება არის და ის ამას ეყრდნობა.
ჩვენ ვხედავთ რომ ეთროგი დიდებულია მანამ, სანამ საკვებად ვარგისი გახდება. ხოლო როგორც კი საკვებად ვარგისი ხდება, ის თავის დიდებულებას კარგავს. ეს მიანიშნებს „წელიწადის დროების ათვლის პირველი დღის“ სამუშაოზე. ე.ი. სწორედ იმ მუშაობის დროს, რომელსაც ჰქვია „და აიღეთ თქვენთვის“, ანუ მაშინ როდესაც ადამიანი, მისი სხეულის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზეცის მმართველობის უღელს იდგამს, მაშინ დიდებულების სიხარული წარმოიშობა. ე.ი. ამ მუშაობის დროს მისი დიდებულება შეიცნობა, ანუ თუ ადამიანს ეს სამუშაო სიხარულს ანიჭებს, ეს იმიტომ, რომ მისთვის ეს სამუშაო დიდებულია და არა სამარცხვინო.
ხდება ხოლმე, რომ ადამიანი უგულებელყოფს შემქმნელისათვის მუშაობას და ეს განთიადის–წყვდიადის შეგრძნების დროა (ივრითულში სიტყვა განთიადი – „შახარით“ წარმოქმნილია სიტყვისაგან შავი–„შახორ“ და მიგვანიშნებს იმ უძლიერეს წყვდიადზე, რომელიც განთიადის წინ დგება). მაშინ ის ხედავს, რომ არავის არ შეუძლია მისი ხსნა ამ მდგომარეობიდან გარდა შემქმნელისა და ის საკუთარ თავზე იღებს ზეცის მმართველობას ცოდნაზე ამაღლების გზით, „როგორც ხარი უღელში და ვირი ტვირთის ქვეშ“. და უნდა უხაროდეს, რომ ახლა მას გააჩნია რაღაც, რისი მიცემაც შემქმნელისათვის შეუძლია და ის რომ ადამიანს გაცემის საშუალება გააჩნია, სიამოვნებას ჰგვრის შემქმნელს.
მაგრამ ადამიანს ყოველთვის როდი გააჩნია ძალა თქვას, რომ ეს მშვენიერი სამუშაოა, რომელსაც დიდი ფასეულობა გააჩნია, არამედ პირიქით, მას ეთაკილება ეს სამუშაო. და ეს ძალიან ძნელი პირობაა ადამიანისათვის, თქვას, რომ ის ამ მუშობას ამჯობინებს დღის შუქზე მუშაობას, რომლის დროსაც სიბნელეს არ გრძნობს და გემოს ჰპოვებს მუშაობაში. მაშინ მას ეგოიზმთან მუშაობა არ ესაჭიროება, იმისათვის რათა მიღების სურვილი დათანხმდეს საკუთარ თავზე ზეცის მმართველობის მიღებას ცოდნაზე ამაღლებული რწმენით.
და თუ ის დაძლევს საკუთარ თავს და შეძლებს თქვას, რომ მისთვის ეს სამუშაო სასიამოვნოა იმით, რომ ახლა ის ცოდნაზე ამაღლებული რწმენის მცნებას ასრულებს და ამ სამუშაოს ყველაზე ფასეულად და შესანიშნავად მიიჩნევს, ამას მცნების სიხარული ეწოდება.
ამიტომ ლოცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლოცვაზე პასუხის მიღება, რადგან ლოცვისას ადამიანს ძალისხმევის ჩადების შესაძლებოლობა გააჩნია და ის შემქმნელის საჭიროებას გრძნობს, ანუ მას ზეცის მოწყალების იმედი აქვს. მაშინ მას შემქმნელთან ჭეშმარიტი კავშირი გააჩნია და მეფის სასახლეში იმყოფება. ხოლო ლოცვაზე პასუხის მიღებისას ის უკვე გამოდის სამეფო სასახლიდან, რადგან სასურველი უკვე მიიღო და თავის გზას გაუდგა.
აქედან გასაგებია ნათქვამი: „სურნელოვანია შენი ნელსაცხებელი და თავად სახელი შენი დაღვრილი ნელსაცხებელია“ (ქებათა ქება). ზეთს ეწოდება უმაღლესი სინათლე, მაშინ როდესაც მისგან ბარაქა იღვრება. იღვრება - ე.ი. ბარაქის შეწყვეტის დროს, როდესაც ზეთისგან სუნი რჩება. (ანუ სუნი ჰქვია იმას, რომ მასში რჩება „რეშიმო“ – მეხსიერება, შთაბეჭდილება იმაზე რაც ჰქონდა („რეშიმო“ – ნიშნავს ადამიანის მომავალ სრულყოფილ მდგომარეობას, მის შემდეგ საფეხურს, რომელიც დაფარულია მისგან და აღვიძებს მასში სწრაფვას მომავლი მდგომარეობისაკენ). ხოლო დიდებულება იმას ეწოდება, როდესაც ადამიანს არავითარი ხელჩასაჭიდი არ გააჩნია, ანუ მას რეშიმოებიც კი არ უნათებს.)
ასეთია ათიკი და არიხ-ანფინი. ბარაქის გავრცელების დროს მას, ანუ ხოხმა–სიბრძნე, გახსნილი მმართველობა ეწოდება. ხოლო ათიკი გამოდის სიტყვიდან „მოწყვეტა“ (ვე-იათეკ). ამას სინათლის გაუჩინარება ეწოდება, ანუ ის ნათებას წყვეტს, რასაც დაფარვა ჰქვია. და მაშინ დგება სინათლის შემოსვის მიმართ წინააღმდეგობის დრო და ეს არის სამეფო გვირგვინის (ქეთერ) ანუ სინათლეების მალხუთის, ზეცის მმართველობის მიღების დრო.
და ამაზეა ნათქვამი წმინდა ზოჰარში, წმინდა შხინამ უთხრა რაბი შიმონს: „არ არსებობს ადგილი, სადაც შენგან დამალვა შემეძლოს“. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე უფრო დიდი დაფარვის დროსაც კი, ის საკუთარ თავზე უზარმაზარი სიხარულით იღებს ზეცის მმართველობის ჭაპანს - იმიტომ რომ ის გაცემის სურვილის ხაზს მიყვება და ყველაფერს რაც მის ხელშია – გასცემს. და რაც მეტს აძლევს მას შემქმნელი, მით უფრო მეტს გასცემს ის. ხოლო თუ არაფერი აქვს გასაცემი, მაშინ ის დგას და წეროსავით გაჰკივის, რომ შემქმნელმა ის მავნე წყლებისაგან იხსნას. ამიტომ, ამგვარადაც არ კარგავს კავშირს შემქმნელთან.
ამ თვისებას „ათიკ“–ი ეწოდება, რადგან რაც უფრო შორს არის რომელიმე თვისება შემოსვისაგან, მით უფრო ამაღლებულად ითვლება ის, ათიკი ხომ ყველაზე მაღალი საფეხურია. ადამიანს კი შეუძლია უფრო აბსტრაქტულ ადგილას შეიგრძნოს, რომელსაც აბსოლუტური ნული ეწოდება, იმიტომ რომ ის ადამიანისთვის ხელმიუწვდომელია. ე.ი. ეგოიზმს შეუძლია მხოლოდ იმ ადგილს ჩაეჭიდოს, სადაც გარკვეულწილად სინათლე ვრცელდება. და მანამ სანამ ადამიანი საკუთარ ქელიმს–ჭურჭლებს არ განწმენდს, რათა სინათლეს არ ავნოს, შეუძლებელია, რომ მან სინათლე თავის ქელიმში გავრცელების სახით მიიღოს.
და მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ბარაქის გზით მიდის, ანუ იქ, სადაც მიღების სურვილი არც გონებაში და არც გულში არ არსებობს, სწორედ იქ შეძლებს სინათლე აბსოლუტური სრულყოფილებით გამოვლინდეს. ის ადამიანში შეგრძნების სახით ვლინდება და შესაძლებლობას აძლევს მას უმაღლესი სინათლის დიდებულება შეიგრძნოს.
ხოლო თუ ადამიანმა ჯერ კიდევ არ გამოასწორა საკუთარი ქელიმები, ისე რომ გაცემისათვის იმსახურონ, მაშინ, როდესაც სინათლეს მათში შემოსვლა სურს, ის (სინათლე) იძულებულია, რომ საკუთარი თავი შეკვეცოს და ქელიმის–ჭურჭლების განწმენდის მიხედვით ანათოს. ამ დროს გვეჩვენება, რომ სინათლე მაქსიმალურად შემცირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ, მაშინ როდესაც სინათლე ქელიმში არ იმოსება, მას შეუძლია აბსოლუტური სრულყოფილებით და სიცხადით ანათოს, ქმნილებებისათვის აუცილებელი ნებისმიერი შეკვეცის გარეშე.
აქედან გამოდის, რომ მუშაობა სწორედ მაშინაა მნიშვნელოვანი, როდესაც ადამიანი აბსოლუტური ნულის მდგომარეობას აღწევს. ე.ი. როდესაც ხედავს, რომ საკუთარ რეალობას და პიროვნებას, მეობას აუქმებს, რის გამოც ეგოიზმი მთელ თავის ძალაუფლებას კარგავს და მხოლოდ მაშინ შეუძლია ადამიანს სიწმინდეში შესვლა.
უნდა ვიცოდეთ, რომ „ერთი მეორის საპირისპიროდ შექმნა შემქმნელმა“. ე.ი. რა ზომითაც ვლინდება სიწმინდე, იმავე ზომით იღვიძებს სიტრა ახრა - ბოროტი საწყისი („სიტრა ახრა“– არამეულად „მეორე მხარე“). ანუ როდესაც ადამიანი ამტკიცებს: „მთლინად ჩემია!“–ო, ანუ ამბობს, რომ მთელი მისი სხეული სიწმინდეს ეკუთვნის, მაშინ ბოროტი საწყისიც განაცხდებს საპასუხოდ, რომ მთელი სხეული მას (ბოროტ საწყისს) უნდა ემსახუროს.
ამიტომ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ როდესაც მისი სხეული ამტკიცებს, რომ ის ბოროტ საწყისს ეკუთვნის და მთელი ძალით გაჰყვირის ცნობილ კითხვებს: „რა? და ვინ?“ - ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ჭეშმარიტი გზით მიდის, ე.ი. მთელი მისი განზრახვა შემქნელისათვის სიამოვნების მინიჭებაში მდგომარეობს.
ამიტომ ძირითადი სამუშაო სწორედ ამ მდგომარეობაში ხდება და ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს ნიშანია იმის, რომ ეს სამუშაო პირდაპირ მიზნისკენაა მიმართული. ესე იგი ის იბრძვის და თავის ისრებს პირდაპირ თავში ესვრის გველს, რომელიც ყვირის და ჩივის „ვინ და რა?“–ო, რაც ნიშნავს: „რა სარგებელი მოაქვს ამ სამუშაოს შენთვის?“, ე.ი. რას მოგცემს მხოლოდ შემქმნელის საკეთილდღეოდ მუშაობა და არა საკუთარი თავისთვის? ხოლო „ვინ?“ ფარაონის შეკითხვას აღნიშნავს, რომელიც განაცხადებს: „ვინ არის შემქმნელი, რომ მისი ხმა ვისმინო?“
და ერთი შეხედვით შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ კითხვა „ვინ?“ - გონებისმიერი (გონებიდან გამომდინარე) კითხვაა, რადგან ამქვეყნად მიღებულია, რომ თუ ადამიანს ვინმესთან მუშაობას სთავაზობენ, ის კითხულობს თუ „ვინ“ არის ის ადამიანი ვისთანაც უნდა იმუშაოს. ამიტომ, როდესაც სხეული განაცხდებს: „ვინ არის შემქმნელი რომ მისი ხმა ვისმინო?“ - ეს გონებრივი საჩივარია. არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც გონება დამოუკიდებლად, თავისთავად კი არ არსებობს, არამედ ის ჩვენი გრძნობების ანარეკლია. და ეს არის საიდუმლოება „და დანის შვილები ხუშიმ...“ (ხუშიმ იყო დანის შვილი, იაკობის შვილიშვილი. სიტყვა „ხუშიმ“ ივრითულად გრძნობის ორგანოებს ნიშნავს, ხოლო სიტყვა „დან“–ი – განსჯას. ამიტომ ეს აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს როგორც „განსჯიან შეგრძნებების მიხედვით“).
მაშასადამე გონება განსჯის მხოლოდ გრძნობების მიხედვით, რომლებიც მას აიძულებენ გამოძებნოს რაიმე საშუალება და ხრიკი, რათა გრძნობების მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. ე.ი. გონება ცდილობს, რომ უზრუნველყოს გრძნობები იმით, რასაც ისინი ითხოვენ, ხოლო გონებას როგორც ასეთს არაფერი სჭირდება საკუთარი თავისათვის და არაფერს ითხოვს. ამიტომ, თუ ადამიანი გრძნობს გაცემის მოთხოვნილებას, მაშინ გონებაც გაცემის მიმართულებით მუშაობს და არავითარ კითხვებს არ სვამს, რადგანაც ის მხოლოდ გრძნობებს ემსახურება.
გონება წააგავს ადამიანს, რომელიც სარკეში იყურება, რათა შეამოწმოს, ჭუჭყიანია თუ არა და ყველა იმ ადგილს, რომლის სიბინძურესაც სარკე აჩვენებს, იბანს და იწმენდს, რადგან სარკე ანახებს ადამიანს, რომ მის სახეზე სიმახინჯეებია და რომ მათი გასუფთავებაა საჭირო.
თუმცა ყველაზე რთული იმის გაგებაა, თუ რა ითვლება სიმახინჯედ? იქნებ ეს მიღების სურვილი–ეგოიზმია, როდესაც სხეული ითხოვს, რომ ყველაფერი საკუთარი თავისთვის გაკეთდეს? თუ იქნებ გაცემის სურვილია ეს სიმახინჯე, რომელიც აუტანელია სხეულისათვის? ამის გარკვევის ძალა გონებას არ შესწევს, ისე როგორც სარკეს არ შეუძლია თქვას, რა არის სიმახინჯე და რა - სილამაზე, ეს ყველაფერი გრძნობის ორგანოებზეა დამოკიდებული და მხოლოდ ისინი განსაზღვრავენ ამას.
ამიტომ, როდესაც ადამიანი აჩვევს საკუთარ თავს, იძულებით იმუშაოს გაცემაზე, მაშინ გონებაც გაცემის მიმართულებით იწყებს მოქმედებას და ამიტომ სრულიად არარეალურია, რომ გონებამ იკითხოს „ვინ?“, როდესაც გრძნობის ორგანოები უკვე მიჩვეულია გაცემაზე მუშაობას. ანუ ისინი უკვე აღარ სვამენ კითხვას: „რა სარგებელი მოაქვს ამ სამუშაოს თქვენთვის?“, რადგან ისინი უკვე გაცემის განზრახვით მუშაობენ და თავისთავად გონება აღარ კითხულობს: „ვინ?“.
გამოდის, რომ მთავარი მუშაობა დაკავშირებულია კითხვასთან „რა სარგებელი მოაქვს ამ სამუშაოს თქვენთვის?“, ხოლო ის, რომ ადამიანს ესმის მისი სხეულის მიერ დასმული კითხვა „ვინ?“ - ეს იმიტომ, რომ სხეულს არ სურს მაინცდამაინც დაამციროს საკუთარი თავი და ამიტომ სვამს კითხვას: „ვინ?“, რომელიც გონების მიერ დასმულ კითხვას წააგავს, სინამდვილეში კი მთავარი მუშაობა კითხვა „რა?“–სთან მუშაობაა.