<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / ჭეშმარიტება და რწმენა

43. ჭეშმარიტება და რწმენა

 

ჭეშმარიტება ეწოდება იმას, რასაც ადამიანი გრძნობს და საკუთარი თვალით ხედავს. ამას ასევე „ჯილდო და სასჯელი“ ეწოდება, როდესად არაფრის დამსახურება არ შეიძლება წინასწარი ძალისხმევის გარეშე.

 

ეს წააგავს ადამიანს, რომელიც სახლში ზის, სარჩოს მოსაპოვებლად თითსაც კი არ ანძრევს და ამბობს, რადგან შემქმნელი კეთილი, მოწყალე და ყველას მასაზრდოვებელია, ის უეჭველად მასაც უზრუნველყოფს ყოველივე აუცილებელით, თვითონ კი ვალდებული არ არის რაიმეზე იზრუნოს. ცხადია, თუ ადამიანი ასე მოიქცევა, ის შიმშილით მოკვდება. საღი აზრიც ამას გვკარნახობს და საკუთარი თვალითაც ვხედავთ, რომ მართლაც ასეა, რომ ასეთი ადამიანი შიმშილით მოკვდება.

 

მაგრამ ამასთან ერთად, ადამიანი ვალდებულია ცოდნაზე ამაღლებული რწმენით სწამდეს, რომ მას ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეც შეუძლია ყოველივე აუცილებელი მოიპოვოს, რადგან ასე მოუმზადა მას პირადმა მმართველობამ. ე.ი. მხოლოდ შემქმნელი აკეთებს და კვლავაც გააკეთებს ყველა მოქმედებას, ადამიანს კი აქ არავითარი წვლილი არ მიუძღვის, არამედ ყველაფერს შემქმნელი აკეთებს, ადამიანს კი, არც რაიმეს დამატება შეუძლია და არც დაკლება.

 

მაგრამ როგორ შეიძლება, რომ ერთმანეთს შევუთავსოთ ეს ორი სრულიად განსხვავებული, ურთერთგამომრიცხავი მიდგომა? ერთი გონებაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ადამიანის მონაწილეობის გარეშე, ანუ, წინასწარ გაწეული გარჯისა და ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია რაიმეს მიღწევა. ამას ჭეშმარიტება ჰქვია, რადგან შემქმნელს სურს, რომ ადამიანმა სწორედ ასე იგრძნოს და ამიტომ ამ გზას ჭეშმარიტების გზა ეწოდება. 

 

მაგრამ თუ ეს ორი გზა ერთიმეორის გამომრიცხავია, მაშ როგორ შეიძლება რომ ეს მდგომარეობა ჭეშმარიტად იწოდებოდეს? საქმე იმაშია, რომ ჭეშმარიტებად იწოდება არა გზა და მდგომარეობა, არამედ აღქმა, რომ შემქმნელს სურს, რათა ადამიანმა სწორედ ასე შეიგრძნოს. ანუ ჭეშმარიტებად იწოდება შემქმნელის სურვილი, რომელსაც სურს, რომ ადამიანი ასე ხედავდეს და გრძნობდეს.

 

მაგრამ ამასთან ერთად, ადამიანს უნდა სწამდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ასე ვერ გრძნობს და ვერ ხედავს, შემქმნელს ადამიანის მიერ გაწეული ძალისხმევის გარეშეც შეუძლია დაეხმაროს მას ყოველგვარი სიკეთის მიღწევაში. ამას ეწოდება შემქმნელის პირადი მმართველობა ადამიანზე. მაგრამ ადამიანს არ შეუძლია მიაღწიოს პირად მმართველობას მანამ, სანამ ჯილდოსა და სასჯელის ცნებებს არ შეიცნობს.

 

და ეს იმიტომ, რომ პირადი მმართველობა მარადიულია, ადამიანის გონება კი - არა. ამიტომ შეუძლებელია, რომ დროით შეზღუდული გონება მარადიულს ჩაწვდეს. ხოლო მას შემდეგ, რაც ადამიანი ჯილდოთი და სასჯელით მმართველობას ჩაწვდება, მაშინ ეს წვდომა, გახდება ის ჭურჭელი, რომელშიც ის პირად მმართველობას შეიცნობს.

 

აქედან შეგვიძლია გავიგოთ ნათქვამი: „გვიხსენი შემქმნელო და წარმატება გვარგუნე წილად“. „გვიხსენი“ - ჯილდოს და სასჯელს აღნიშნავს. ე.ი. ადამიანი ვალდებულია ილოცოს, რათა შემქმნელმა მას სამუშაო და გასარჯელი მისცეს, რისი წყალობითაც ის ჯილდოს ღირსი გახდება. მაგრამ ამასთანავე, მან, წარმატებაზეც, ანუ პირად მმართველობაზეც უნდა ილოცოს, რათა ყოველგვარი მუშაობისა და ძალისხმევის გარეშე ამქვეყნად არსებული ყოველივე სიკეთის ღირსი გახდეს.

 

ჩვენ სამყაროშიც იგივეს ვხედავთ. (ორი თანმიმდევრული მდგომარეობა, რომელიც სულიერ სამყაროში ერთ სულში, თითქოს სხვადასხვა დროს ხდება, ჩვენს სამყაროში ორ ცალკეულ სხეულში იმოსება.). არიან ადამიანები, რომლებიც გასამრჯელოს მხოლოდ დიდი ძალისხმევის, მძიმე შრომის და მახვილი გონების მეშვეობით იძენენ. ამასთან ერთად ჩვენ ვხედავთ, რომ ნაკლებად ნიჭიერი, ნაკლებად ენერგიული და ზარმაცი ადამიანები, რომლებიც თავს ძალას არ ატანენ, წარმატებას განიცდიან და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ხდებიან.

 

მიზეზი კი ისაა, რომ ეს ორი განსხვავებული მატერიალური მდგომარეობა, მისი შესაბამისი უმაღლესი ფესვებიდან – „ჯილდოთი და სასჯელით“ მართვისა და „პირადი მმართველობიდან“ გამომდინარეობს. და განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ სულიერში ეს ერთ ადგილას, ერთ ობიექტში, მაგრამ თანმიმდევრულად ვლინდება, ე.ი. ერთი სულის (ადამიანის) ორ მდგომარეობაში. ხოლო მატერიალურში ეს ერთ დროში მაგრამ ორ ობიექტში, ანუ ორ სხვადასხვა ადამიანში ვლინდება.