67. განერიდე ბოროტებას
გაგონილია სუქოთის დღესასწაულის მიწურულს
(1943 წელს) იერუსალიმში
აუცილებელია ერიდო ბოროტებას და ოთხ აღთქმას გაუფრთხილდე:
-
„თვალთა აღთქმა“ (ბრით ეინაიმ) - რომელიც გვაფრთხილებს, რომ ქალების ყურებას ვერიდოთ. ამ აკრძალვის მიზეზი ის კი არაა, რომ ეს ადამიანში არასასურველ ვნებას აღძრავს, ეს ხომ ასწლოვან მოხუცებზეც ვრცელდება - არამედ ნამდვილი მიზეზი იმაშია, რომ ეს ძალიან მაღალი ფესვიდან გამომდინარეობს და თუ ქალების მზერას თავს არ აარიდებენ, ამან შეიძლება წმინდა შხინას მზერამდე მიიყვანოს. და საკმარისია მისთვის, ვისაც ესმის.
-
„სიტყვის (ენის) აღთქმა“ (ბრით ჰა-ლაშონ) - რომელიც გვავალდებულებს, რომ ფრთხილად ვიყოთ „ჭეშმარიტებისა და სიცრუის“ ანალიზისას, რომელიც ადამის ცოდვით დაცემის შემდეგ ძირითადად ითვლება, ხოლო სიბრძნის ხის ცოდვით დაცემამდე „ტკბილისა და მწარის“ ანალიზი კეთდებოდა, რომელიც სრულიად სხვაგვარად ხდება. ზოგჯერ ხდება, რომ მისი დასაწყისი ტკბილია, ხოლო ბოლო – მწარე. გამოდის, რომ სინამდვილე შეიძლება მწარე იყოს, მაგრამ ამასთან ერთად–ჭეშმარიტი (ნამდვილი).
ამიტომ სიცრუის თქმას უნდა ვერიდოთ, მაშინაც კი, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ ის მხოლოდ ამხანაგს ატყუებს. უნდა ვიცოდეთ, რომ სხეული მანქანას წააგავს და როგორ მოძრაობასაც ეჩვევა, ისევე აგრძელებს. ამიტომ, როდესაც მას სიცრუესა და ტყუილს აჩვევენ, მაშინ უკვე სხვა გზით სვლა აღარ შეუძლია. და ამიტომ ადამიანი იძულებულია, რომ საკუთარი თავის მიმართაც კი იცრუოს და ითაღლითოს.
გამოდის, რომ ადამიანი იძულებულია საკუთარი თავი მოატყუოს და არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია თავს სიმართლე უთხრას, რადგან დაინტერესებული არ არის მის დანახვაში. შეიძლება ითქვას, რომ ის, ვინც ფიქრობს, რომ მეგობარს ატყუებს, სინამდვილეში შემქმნელს ატყუებს, იმიტომ, რომ ადამიანის გარდა მხოლოდ შემქმნელი არსებობს. ადამიანი ხომ ქმნილებად თავიდანვე მხოლოდ საკუთარი აღქმის მიმართ იწოდება. იმიტომ, რომ შემქმნელს სურს ასე, რომ ადამიანმა თავი შემქმნელისაგან გამოყოფილ არსებად იგრძნოს. სინამდვილეში კი „მთელი დედამიწა შემქმნელითაა აღსავსე“.
მაშასადამე როდესაც ადამიანი ამხანაგს ატყუებს, ის შემქმნელს ატყუებს, როდესაც ამხანაგს ტკივილს აყენებს, - შემქმნელს აყენებს ტკივილს. ამიტომ თუ ადამიანი სიმართლის თქმასაა მიჩვეული, ეს მას სარგებელს მოუტანს შემქმნელთან დამოკიდებულებაში. ანუ თუ რაიმეს დაპირდება შემქმნელს, ეცდება რომ დანაპირები შეასრულოს, რადგან სიტყვის გატეხვა არ ჩვევია. ამით ის ღირსი გახდება, რომ „შემქმნელი მის ჩრდილად“ იქცეს. და როდესაც ადამიანი დანაპირებს ასრულებს, მაშინ შემქმნელიც ასრულებს დანაპირებს ადამიანის მიმართ, როგორც ნათქვამია: „კურთხეულია ის, ვინც ამბობს და ასრულებს“.
არსებობს ასეთი წესი: იყო თავშეკავებული საუბრისას, რადგან საუბრის დროს ადამიანმა შეიძლება თავისი გულის ნადები გაამხილოს, რაც უწმინდურ ძალებს საშუალებას აძლევს, რომ სიწმინდეს ჩაეჭიდონ. ეს იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი, რომელიც საბოლოოდ არ არის გამოსწორებული, რაღაც თავის სიღრმისეულს, საკრალურს ამხელს, ამით ის უწმინდურ ძალებს საშუალებას აძლევს, რომ მას უმაღლესი მართვის წინაშე ბრალი დასდონ, მისი მოქმედებები აბუჩად აიგდონ და თქვან: „რას აკეთებს ის უზენაესისათვის, თუ მთელი მისი განზრახვა მუშაობაში საკუთარი თავისკენაა მიმართული?“
სწორედ ამაშია პასუხი ურთულეს კითხვაზე. ხომ ცნობილია, რომ „მცნებას მცნება მოსდევს“? მაშ რატომ ვხედავთ, რომ ხშირად ადამიანი სულიერი მუშაობიდან ვარდება?
საქმე იმაშია, რომ უწმინდური ძალა ცილს სწამებს ადამიანს და მის მუშაობას აკრიტიკებს, შემდეგ კი დაეშვება და მის სულს ეუფლება. ანუ, მას შემდეგ, რაც უკვე უჩივლა შემქმნელთან, რომ ადამიანის მუშაობა სუფთა (გაცემის განზრახვით) არ არის და რომ ის საკუთარი თავისათვის შრომობს, ის ქვემოთ ეშვება და ადამიანს სიცოცხლის სულს ართმევს კითხვით: „რას გაძლევს შენ ეს მუშაობა?“ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი სიცოცხლის სულის რაღაც ნათების ღირსი გახდა, ის ისევ კარგავს მას.
და აქედან გამოსავალი მხოლოდ თავმდაბლობაშია. იმაში, რომ უწმინდურმა ძალამ არაფერი იცოდეს ადამიანის საქმიანობის შესახებ, როგორც ნათქვამია: „გული ბაგეებს არ უმხელს“. იმდენად, რამდენადაც უწმინდურმა ძალამ მხოლოდ ის იცის, რასაც ლაპარაკითა და მოქმედებებით ამხელენ და ამას შეუძლია რომ ჩაებღაუჭოს.
საჭიროა ვიცოდეთ, რომ ძირითად ტანჯვასა და ტკივილს ადამიანში ბრალმდებლები იწვევენ. ამიტომ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, საუბრებისაგან თავი უნდა შეიკავოს. უფრო მეტიც, მაშინაც კი, როდესაც რაიმე უბრალოზე და ყოველდღიურზე საუბრობენ, ადამიანის გულის საიდუმლოება მაინც ვლინდება. როგორც ნათქვამია: „სული ჩემი გამოვიდა მის სიტყვებთან ერთად“. ამაში მდგომარეობს „სიტყვის აღთქმა“, რომლის დარღვევასაც უნდა ვერიდოთ.
ყველაზე უფრო მეტი სიფრთხილე ამაღლების დროს გვმართებს, ვინაიდან დაცემის დროს ძალიან ძნელია მაღალ დონეზე დარჩენა და მიღწეულის შენარჩუნება.