45. ორი მდგომარეობა თორასა და მუშაობაში
გაგონილია 1 ელულს (1948 წლის 5 სექტემბერს)
არსებობს ორი მდგომარეობა თორაში და ორი მდგომარეობა მუშაობაში: შიში და სიყვარული.
.
თორა - ეს სრულყოფილების მდგომარეობაა, როდესაც არ საუბრობენ ადამიანის მუშაობაზე, მდგომარეობაზე, რომელშიც ის იმყოფება, არამედ საუბრობენ თვით თორაზე.
1. სიყვარული - ესაა მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აქვს სურვილი შეიცნოს შემქმნელის გზა, მისი საიდუმლოებები, და ამის მისაღწევად მთელს თავის ძალისხმევასა და ენერგიას ხარჯავს. თორის შესწავლისას შეძენილი ნებისმიერი შემეცნება მასში აღფრთოვანებას იწვევს, უხარია, რომ ყველაზე მთავარის ღირსი გახდა. ასეთ შემთხვევაში, მასში თორის მნიშვნელოვნებით გამოწვეული აღფრთოვანების შესაბამისად, ადამიანი თანდათანობით თვითონაც იზრდება, მანამ, სანამ მის მიერ გაწეული გარჯის თანახმად თორის საიდუმლოებებს არ გაუხსნიან.
2. შიში - ესაა მდგომარეობა, როდესაც ადამიანს სურს, რომ შემქმნელისათვის იმუშაოს და თუ „არ ეცოდინება შემქმნელის კანონები, როგორ იმუშავებს მასზე?“ ამიტომ ის შიშსა და მღელვარებაში იმყოფება, რამეთუ არ იცის, როგორ იმუშაოს შემქმნელზე. და როდესაც ადამიანი შემქმნელის კანონებს სწავლობს, ის გარკვეულ გემოს პოულობს თორაში და ამ გარემოების გამოყენება შეუძლია. ის აღფრთოვანებას და მღელვარებას განიცდის იმის გამო, რომ რაღაც წვდომის ღირსი ხდება თორაში, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ ამ გზით სვლა განაგრძოს. ასე თანდათანობით მის წინაშე თორის საიდუმლოებები იხსნება.
და აქ არსებობს უთანხმოება გარე, ადამიანის სიბრძნესა და შინაგან, თორის სიბრძნეს შორის: გარე მეცნიერებებში აღფრთოვანება ამცირებს და ბინდავს გონებას, რადგან გრძნობა გონების საპირისპიროა. მაშინ, როდესაც თორის სიბრძნეში თავისთავად აღფრთოვანებაც გონების ტოლფასია, იმიტომ რომ თორა სიცოცხლეა, როგორც წერია: „სიბრძნე სიცოცხლეს ანიჭებს მის მფლობელს“, სიბრძნე და სიცოცხლე ეს ხომ ერთი და იგივეა. ამიტომ სიბრძნე გრძნობაში ისევე იხსნება როგორც გონებაში, რადგან სიცოცხლის სინათლე სულის ყველა ნაწილს ავსებს. (და ვფიქრობ, რომ უნდა ვცდილობდეთ, გამუდმებით აღფრთოვანებული ვიყოთ თორის სიბრძნით, რამეთუ სწორედ აღფრთვანება განასხვავებს თორის სიბრძნეს გარე მეცნიერებებისგან.)
ასევეა მუშაობაშიც, რომელიც მარცხენა ხაზად ითვლება, რადგან ის მიღებასთანაა დაკავშირებული. ადამიანს სურს მიიღოს, რადგან უკმარისობის გრძნობას განიცდის. უკმარისობა კი სამი სახის არსებობს:
1) პირადი უკმარისობა;
2) საერთო უკმარისობა;
3) შხინის ტანჯვა.
უკმარისობის ნებისმიერი შეგრძნება შევსებას მოითხოვს და ამიტომ ის მიღებასთან, მარცხენა ხაზთანაა დაკავშირებული. ხოლო თორა ისეთ მდგომარეობას ეწოდება, როდესაც ადამიანი უკმარისობის შეგრძნების გამო კი არ მუშაობს, რომელსაც გამოსწორება ესაჭიროება, არამედ იმიტომ, რომ სურს შემქმნელს სიამოვნება მიანიჭოს (ლოცვით, ხოტბით და მადლიერებით). და როდესაც ამ სამუშაოს შესრულებისას ის თავს სრულყოფილებაში გრძნობს და ვერანაირ ნაკლს ვერ ხედავს სამყაროში - ამას თორა ეწოდება. ხოლო თუ ის მუშაობისას რაიმე ნაკლს გრძნობს, ამას მუშაობა ეწოდება.
მუშაობის მიზეზი ორი შეიძლება იყოს:
1) შემქმნელისადმი ადამიანის სიყვარული, მისი სურვილი შეერწყას შემქმნელს, როდესაც გრძნობს, რომ სწორედ აქ შეუძლია გამოავლინოს სიყვარულის ის უნარი, რომელიც მასშია და შემქმნელი შეიყვაროს.
2) შემქმნელის შიში, მისდამი ძრწოლვა, რომელიც ადამიანს გააჩნია.