<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / მუშაობის მიზანი - 1

54. მუშაობის მიზანი - 1

გაგონილია 16 შვატის თვეს (1941წლის 13 თებერვალს)

ცნობილია, რომ მონობაში (იგულისხმება შემქმნელის მონობა) მთავარი შემქმნელისათვის სიამოვნების მინიჭებაა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, თუ რას ნიშნავს გაცემა. ეს ხომ ყველასათვის ჩვეული სიტყვაა, ჩვევა კი სიტყვებს აზრს, მნიშვნელობას უკარგავს. ამიტომ საჭიროა ზუსტად გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს სიტყვა „გაცემა“.

საქმე იმაშია, რომ ადამიანის გაცემის სურვილში მიღების სურვილიცაა ჩართული. (მიღების სურვილის გამოყენება კი გამოსწორების შემდეგ შეიძლება). ამის გარეშე ხომ არავითარი კავშირი არ არსებობს გამცემსა (შემქმნელსა) და მიმღებს (ქმნილებას) შორის. შეუძლებელია იყოს პარტნიორობა იქ სადაც ერთი გასცემს, მეორე კი არაფერს უბრუნებს უკან. და მხოლოდ მაშინ არსებობს კავშირი და მეგობრობა ორს შორის, როდესაც ორივე ამჟღავნებს სიყვარულს ერთიმეორის მიმართ. მაგრამ თუ ერთი სიყვარულს ამჟღავნებს, ხოლო მეორე ამითვე არ პასუხობს მას, მაშინ ასეთ სიყვარულს არსებობის არავითარი შესაძლებლობა და უფლება არ გააჩნია. 

ბრძენები ამბობენ სიტყვებზე: „და უთხრა შემქმნელმა სიონს: ჩემი ხალხი ხარ შენ!“ (ისაია 51:16), და  საჭიროა წავიკითხოთ არა როგორც „ხალხი ხარ შენ!“, არამედ „ჩემთან ერთად ხარ?“ (ივრითულში „ამი“–ჩემი ხალხი და „იმი“–ჩემთან ერთად ერთნაირად იწერება). და ეს ნიშნავს: „იყო ჩემი პარტნიორი“ (ბერეშით ზოჰარი, მე–9 ფურცელი) ე.ი. ქმნილებები  პარტნიორობაში არიან შემქმნელთან. აქედან გამოდის, რომ, როდესაც ადამიანს შემქმნელზე გაცემა სურს, მანაც უნდა მიიღოს შემქმნელისაგან - სწორედ ესაა პარტნიორობა, როდესაც ადამიანიც გასცემს და შემქმნელიც (მდაბალიც გასცემს და უმაღლესიც).

მაგრამ მიღების სურვილი იმისაკენ უნდა ისწრაფვოდეს, რომ შემქმნელს შეერწყას და მისგან ბარაქა, სასიცოცხლო ძალა და სიკეთე მიიღოს, შექმნის მიზანი ხომ ქმნილებებისათვის სიამოვნების მინიჭებაა. თუმცა სამყარო „ნიკუდიმ“–ში (ივრითულად– ოლამ ჰანიკუდიმ) მომხდარი მსხვრევის შედეგად მიღების სურვილი „კლიპოთ“–ის – უწმინდური ძალების მმართველობის ქვეშ მოექცა, რის გამოც ქლი–ში ორი თავისებურება წარმოიშვა:

  1. მასში წარმოიშვა დამოკიდებულება შექმნელისაგან დაშორების მდგომარეობაში სიამოვნების მიღების მიმართ. „კლიპას“ მმართველობიდან თავის დაღწევის მუშაობას „განწმენდა“ (ტაჰარა) ეწოდება.

  2. მსხვრევის შედეგად მოხდა სულიერი სიამოვნებებისაგან დაცილება, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანი სულიერებას დაშორდა და არავითარი მისწრაფება არ გააჩნდა მის მიმართ. ამ მდგომარეობის გამოსწორებას „სიწმინდე“ (კდუშა) ეწოდება და ეს შემქმნელის სიდიადისაკენ სწრაფვით მიიღწევა. მაშინ შემქმნელი ადამიანს ამ სურვილებში უნათებს.

 მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ, რომ რამდენადაც სუფთა ქელიმ–ი აქვს მას (ქელიმ დე-ტაჰარა), წოდებული „გძულდეთ ბოროტება“ (ეგოიზმი), იმდენად შეუძლია სიწმინდეში მუშაობა, როგორც ნათქვამია: „შემქმნელის მოყვარულნო, გძულდეთ ბოროტება“.

აქედან გამომდინარეობს, რომ არსებობს ორი თავისებურება: განწმენდა და სიწმინდე.

სიწმინდე ეწოდება ქლის, მომზადებას შემქმნელის ბარაქის მისაღებად თანახმად მისი ჩანაფიქრისა – სიკეთე უყოს ქმნილებებს“. მაგრამ ეს ქლი ქმნილებას ეკუთვნის, ანუ მისი გამოსწორება ადამიანის ხელშია, ე.ი. მას შეუძლია აირჩიოს სიკეთისაკენ სწრაფვა იმით, რომ, რაც შეიძლება უფრო მეტად განადიდოს შემქმნელი და დაამდაბლოს საკუთარი თავი.

ხოლო  სინათლე, რომელიც ამ სიწმინდის ქლი-ში უნდა გამოვლინდეს, შემქმნელის ხელშია, რომელიც ბარაქას აძლევს ქმნილებას. და ადამიანს ძალა არ შესწევს ამას რაიმე გზით ხელი შეუწყოს და ამაზეა ნათქვამი: „საიდუმლოებანი შემქმნელს ეკუთვნის“.

შექმნის ჩანაფიქრი ქმნილებებისათვის სიამოვნების მოგვრაა. ეს ჩანაფიქრი უსასრულობიდან (ივრითულად „ეინ სოფ ბრუხ ჰუ“– უსასრულობა, დალოცვილი იყოს ის) იწყება. ამიტომ ჩვენ უსასრულობაზე, ანუ შემქმნელსა და ქმნილებას შორის არსებულ კავშირზე ვლოცულობთ. და ეს განმარტავს იმას რაც ჰარის ტექსტებში წერია, რომ ჩვენ უსასრულობისადმი უნდა ვილოცოთ, რადგან „აცმუთო“–ს (თვით შემქმნელს. „აცმუთო“ ივრითულიდან ითარგმნება, როგორც თვით ის, მისი მეობა) ქმნილებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. შემქმნელსა და ქმნილებას შორის კავშირი ხომ უსასრულობის სამყაროში იწყება, სადაც „შმო“ (მისი სახელი, ქლი) – ქმნილების ფესვი იმყოფება. 

და ეს არის განმარტება იმისა, რაც იერუსალიმის თალმუდში წერია, რომ მლოცველმა შემქმნელის სახელით უნდა ილოცოს, ანუ როგორც ზემოთაა მოხსენიებული, იქ არის „შმო“–მისი სახელი. ამ  სახელს (ქლი) უსასრულობის სამყაროში „ბარაქით აღსავსე კოშკი“ ეწოდება. ამიტომ ჩვენ მის სახელზე ვლოცულობთ, რათა მთელი ის სიკეთე მივიღოთ, რომელიც ჩვენთვის თავიდანვე იყო გამზადებული.

ამიტომ ქეთერი ეწოდება ქმნილებებისათვის სიამოვნების მინიჭების სურვილს, ხოლო თვით  ბარაქის ხოხმა (სიბრძნე) ეწოდება, რომელიც ბარაქის არსს წარმოადგენს. ამიტომ ქეთერს „უსასრულობა“ და „შემქმნელი“ ეწოდება, მაგრამ ხოხმას–სიბრძნეს ჯერ კიდევ არ ჰქვია ქმნილება, იმიტომ, რომ  მასში ჯერ კიდევ არ არსებობს ქლი–ჭურჭელი და ის განისაზღვრება როგორც სინათლე ქლის გარეშე. ამიტომ ხოხმაც შემქმნელის კატეგორიას განეკუთვნება, რადგან ქლის გარეშე შეუძლებელია ჩაწვდე სინათლეს. და მთელი განსხვავება ქეთერსა და ხოხმას შორის იმაში მდგომარეობს, რომ მასში (ხოხმაში) უფრო მეტად იხსნება ფესვი ქმნილებების წინაშე.