<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / სიწმინდის სასიცოცხლო ძალა

35. სიწმინდის სასიცოცხლო ძალა

 

გაგონილია 1945 წელს ქ. იერუსალიმში

ნათქვამია: „აი ზღვა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, ცხოველნი - მცირენი დიდებთან ერთად“ (ფსალმუნი 104:25).

 

 ახსნა:

„აი ზღვა“ - ნიშნავს უწმინდურ სურვილთა (სიტრა ახრა) ზღვას. „დიდი და უკიდეგანო“ - ე.ი. ის ვლინდება თითოეულის წინაშე და ყვირის: „მომეცი, მომეცი!“ (ჰავ-ჰავ!), რაც მიღების დიდ ქელიმს გულისხმობს. „იქ ქვეწარმავალია“ - ნიშნავს, რომ იქ არის უმაღლესი სინათლეები, რომელსაც ადამიანი აბიჯებს და ფეხქვეშ თელავს.

„ურიცხვი“ ნიშნავს, რომ იქ არიან ცხოველნი - მცირენი დიდებთან ერთად. ე.ი. ადამიანის როგორც პატარა ასევე დიდი ცხოველები (სასიცოცხლო ძალები), ამ ზღვაშია ჩართული.

ეს კი იმიტომ, რომ არსებობს წესი: „ზეციდან ძღვენს იძლევიან, უკან კი არ მიაქვთ“ (ყველაფერი, რასაც ზეციდან იძლევიან, უკან აღარ იბრუნებენ, არამედ ქვემოთ რჩება). ამიტომ თუ ადამიანმა ზემოდან რაიმე მოიზიდა, ხოლო შემდეგ ზიანი მიაყენა მას, მაშინ ის უკვე ქვემოთ რჩება, მაგრამ ადამიანის ხელში კი არა, არამედ უწმინდური სურვილების ზღვაში ვარდება.

 

ე.ი. თუ ადამიანმა გარკვეული ნათება მოიზიდა, მაგრამ ძალა არ შესწევს, რომ ის მუდმივად შეინარჩუნოს, მაშინ ეს ნათება იძულებულია რომ გაუჩინარდეს, გაქრეს მისგან. ეს იმიტომ, რომ მისი ქელიმი (ჭურჭლები) ჯერ კიდევ არ არის გამოსწორებული, განწმენდილი სინათლის შესაბამისად, რათა ადამიანმა გაცემის განზრახვით მიღება შეძლოს, მსგავსად სინათლისა, რომელიც გამცემიდან მოდის.

მაშინ ეს ნათება ბოროტი საწყისის ხელში ხვდება. ასე ადამიანი რამდენჯერმე იზიდავს და კარგავს სინათლეს, რის შედეგადაც ეს სინათლე უწმინდური სურვილების ზღვაში გროვდება. და ეს მანამ, სანამ ის გარკვეულ ზომას, ზღვარს არ მიაღწევს, ე.ი. სანამ ადამიანი ძალისხმევის აუცილებელ ზომას ბოლომდე არ გაიღებს, რის შემდეგაც ბოროტი საწყისი უკან დაუბრუნებს მას ყველაფერს, რაც მიითვისა. და ეს არის საიდუმლოება: „სიმდიდრე შთანთქა და უკან ამოანთხევს“ (იობი).

 

გამოდის, რომ ყველაფერი, რაც ბოროტმა საწყისმა მიითვისა, მხოლოდ გირაო იყო. ე.ი. ის ძალაუფლება, რომელიც ბოროტ საწყისს ადამიანზე გააჩნია, მას იმისათვის აქვს მიცემული, რომ ადამიანს საშუალება მისცეს გამოავლინოს, გააანალიზოს თავისი ეგოისტური სურვილები და სიწმინდეში შეიყვანოს ისინი. მაშასადამე ბოროტი საწყისის მასზე ბატონობის გარეშე ადამიანი მცირედს დაჯერდებოდა და თავის ყველა მიღების სურვილში შემქმნელისაგან მოშორებული დარჩებოდა.

 

ამგვარად ადამიანი ვერასოდეს შეძლებდა იმ ქელიმ–ჭურჭლების შეკრებას, რომლებიც მისი სულის ფესვს განეკუთვნებიან, ვერ შეძლებდა მათ სიწმინდეში შეყვანას და მისთვის განკუთვნილი სინათლის მოზიდვას. ამიტომ გამოსწორება იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ის რაიმე სინათლეს იზიდავს, ხოლო შემდეგ ეცემა, ის ვალდებულია, რომ ისევ თავიდან, ანუ ახალი ანალიზი დაიწყოს. ხოლო ის, რაც მას წარსულში გააჩნდა, ბოროტი საწყისის ხელში ჩავარდა და მის განკარგულებაში ინახება გირაოს სახით. შემდეგ კი ადამიანი იღებს სიტრა ახრასაგან (ბოროტი საწყისისაგან) ყველაფერს, რაც მან ადამიანისაგან მთელი ამ დროის მანძილზე მიიღო.

 

თუმცა ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ადამიანს შეუძლია მუდმივად შეინარჩუნოს თუნდაც უმცირესი ნათება, ის უკვე სრულყოფილ ადამიანად მიიჩნევა, ე.ი. ამ ნათებით მას წინსვლა შეუძლია. ამიტომ, როდესაც ადამიანი ნათებას კარგავს, ის უნდა წუხდეს ამის გამო.

 

ეს წააგავს ადამიანს, რომელმაც მიწაში მარცვალი ჩათესა, იმისათვის, რათა მისგან დიდი ხე გაზრდილიყო, მაგრამ მყისვე უკან ამოიღო მიწიდან ეს მარცვალი. ხოლო თუ ეს ასეა, მაშინ რა აზრი ჰქონდა მის მიერ თესლის მიწაში დასათესად გაწეულ მუშაობას? უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მან უბრალოდ თესლი კი არ ამოიღო მიწიდან და გააფუჭა ის, არამედ შეიძლება ითქვას, რომ მან მთელი ხე ამოძირკვა თავისი დამწიფებული ნაყოფით და დაღუპა ის. საქმე ისაა, რომ მას ეს პატარა ნათება რომ არ დაეკარგა, მისგან დიდი სინათლე აღმოცენდებოდა. გამოდის, რომ მან თითქოს პატარა ნათება კი არ დაკარგა, არამედ დიდი სინათლე.

 

საჭიროა ვიცოდეთ საერთო წესი, რომ ადამიანს არ შეუძლია სასიცოცხლო ძალის და სიამოვნების გარეშე იცხოვროს, რაც შექმნის პირველსაწყისიდან, ფესვიდან გამომდინარეობს და წარმოადგენს შემქმნელის სურვილს - სიამოვნება მიანიჭოს ქმნილებებს. ამიტომ არცერთ ქმნილებას არ შეუძლია იარსებოს სიამოვნებისა და სასიცოცხლო ძალის გარეშე, რის გამოც ნებისმიერი ქმნილება ვალდებულია იაროს და ეძებოს ადგილი, საიდანაც სიამოვნებისა და ტკბობის მიღებას შეძლებს.

 

თუმცა სიამოვნების მიღება სამ დროშია შესაძლებელი: წარსულში, აწმყოში და მომავალში, მაგრამ ძირითად სიამოვნებას აწმყოში ვიღებთ. და თუმცა ვხედავთ, რომ ადამიანს შეუძლია სიამოვნება წარსულიდანაც და მომავლიდანაც მიიღოს, მაგრამ ეს სწორედ იმის გამო, რომ წარსული და მომავალი მას აწმყოში უნათებს.

 

ამიტომ, თუ ადამიანი სიამოვნებას აწმყოში ვერ პოულობს, მაშინ ის წარსულისაგან იღებს სასიცოცლო ძალას და შეუძლია მოუყვეს სხვებს, თუ რა კარგად გრძნობდა თავს წარსულში, ან კიდევ ცდილობს წარმოიდგინოს და იმედი იქონიოს, რომ კარგი მომავალი ელის. მაგრამ წარსულიდან და მომავლიდან შეგრძნებული სიამოვნების შეფასება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად უნათებენ ისინი ადამიანს აწმყოში. და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს წესი მიეკუთვნება, როგორც მატერიალურ, ასევე სულიერ სიამოვნებას.

 

როგორც ვხედავთ, მაშინაც კი, როდესაც ადამიანი მატერიალურ სფეროში მუშაობს, ის წუხს იმის გამო, რომ საკუთარ თავს მუშაობას აიძულებს და ერთადერთი, რაც მას მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევს, არის ის, რომ მომავლიდან ნათებას იღებს და ელის, რომ თავისი ნამუშევრის საფასურად გასამრჯელოს მიიღებს. ამ ნათებას ის აწმყოში გრძნობს და ამიტომ ძალა შესწევს, რომ მუშაობა განაგრძოს.

 

მაგრამ თუ ადამიანს არ შეუძლია მომავალი გასამრჯელოს წარმოდგენა, მაშინ ის სიამოვნებას მომავალი გასამრჯელოდან კი არ იღებს, არამედ იმისგან, რომ მუშაობის მიერ მოგვრილი ტანჯვისაგან დაიხსნის თავს. და ის ახლა, აწმყოში განიცდის სიამოვნებას იმისაგან, რაც მომავალში მოხდება. ე.ი. მომავალი მას აწმყოში უნათებს და აძლევს შეგრძნებას, რომ სულ ცოტაც და დასრულდება მუშაობა, ანუ სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო დრო ამოიწურება და ის დასვენებას შეძლებს.

 

გამოდის, რომ ადამიანს ნებისმიერ შემთხვევაში უნათებს სიამოვნება იმ დასვენებისაგან, რომელსაც საბოლოოდ მიიღებს, ე.ი. ის სარგებელს ხედავს იმაში, რომ თავს დააღწევს ტანჯვას, რომელსაც აწმყოში მუშაობისას განიცდის და ეს მას მუშაობის გაგრძელების ძალას აძლევს. ხოლო თუ ადამიანს შესაძლებლობა არ აქვს წარმოიდგინოს, რომ მალე განთავისუფლდება ახლანდელი ტანჯვისაგან, ის სასოწარკვეთასა და ნაღველს მიეცემა და შესაძლოა, რომ ამ მდგომარეობამ თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს.

 

ზემოთ მოხსენიებულთან დაკავშირებით უთქვამთ ბრძენებს: „თვითმკვლელს არ აქვს წილი მომავალ სამყაროში“, რადგან ის უარყოფს უმაღლეს მმართველობას,– იმას, რომ შემქმნელი სამყაროს სიკეთითა და მოწყალებით მართავს. მაგრამ ადამიანს უნდა სწამდეს, რომ მას იმიტომ უგზავნიან ამ მდგომარეობებს, რომ ასეთი სახით ზემოდან სურთ, რომ მას გამოსწორება მოუტანონ, ე.ი. იმისათვის, რათა მან „რეშიმო“–ები („რეშიმო“–სულიერი გენი, შთაბეჭდილება, მეხსიერება სულიერი მდგომარეობისაგან) მიიღოს ამ მდგომარეობებიდან და განსაკუთრებული ძალით შეძლოს სამყაროს გზის გახსნა და გაგება. ამ მდგომარეობებს „ახორაიმი“ (ზურგშექცეული მდგომარეობა, უკანა მხარე) ეწოდება და როდესაც ადამიანი გადალახავს ამ მდგომარეობას, მაშინ ის შემქმნელის „სახის“ გახსნის ღირსი გახდება, ე.ი. სინათლე ახორაიმში–უკანა მხარეში გაანათებს.

 

არსებობს წესი, რომ ადამიანს არ შეუძლია იცოცხლოს სიამოვნების მიღების გარეშე. გამოდის, რომ თუ ადამიანს აწმყოსაგან არ შეუძლია სიამოვნების მიღება, ის მაინც იძულებულია, რომ სასიცოცხლო ძალა წარსულიდან ან მომავლიდან მიიღოს. მაშასადამე სხეული საკუთარი თავისათვის სასიცოცხლო ძალას მის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალებით ეძებს. და თუ ადამიანი თანახმა არაა, რომ სასიცოცხლო ძალა მატერიალურისაგან მიიღოს, მას სხვა გამოსავალი არ გააჩნია გარდა იმისა, რომ სასიცოცხლო ძალის სულიერიდან მიღებას დათანხმდეს. ამიტომ სხეული ვალდებულია დათანხმდეს სიამოვნების გაცემის ჭურჭლებიდან მიღებას, რადგან არ შეუძლია იცოცხლოს სასიცოცხლო ძალის გარეშე.

 

აქედან გამომდინარე გამოდის, რომ მაშინ, როდესაც ადამიანი ეჩვევა თორისა და მცნებების „ლო ლიშმა“ (საკუთარი თავისათვის მიღების განზრახვით) შესრულებას, ე.ი. თავისი მუშაობის სამაგიეროდ გასამრჯელოს მიღებას, მაშინ მას შეუძლია მოსალოდნელი საზღაური წარმოიდგინოს და ამ მომავალი სიამოვნების ხარჯზე იმუშაოს.

ხოლო თუ ადამიანი უანგაროდ შრომობს და სურს ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე იმუშაოს, მაშინ როგორ შეძლებს წარმოიდგინოს, რომ საიდანღაც სასიცოცხლო ძალას მიიღებს. მას ხომ არ შეუძლია მომავლის არანაირი სურათის წარმოდგენა, რადგან არაფერი აქვს, რაზეც დაყრდნობას შეძლებდა. ამიტომ, როდესაც ის „ლო ლიშმაში“–მიღების განზრახვაში იმყოფება, არ არის იმის აუცილებლობა, რომ ზემოდან სასიცოცხლო ძალა მისცენ, რადგან ის სასიცოცხლო ძალას მომავლის სურათიდან იღებს, ხოლო ზემოდან ადამიანს აუცილებელს აძლევენ და არა ზედმეტს. 

ამიტომ, თუ ადამიანს მხოლოდ შემქმნელის სასარგებლოდ სურს მუშაობა და მზად არაა, რომ სასიცოცხლო ძალა რაიმე სხვა სახით მიიღოს, მაშინ სხვა გამოსავალი არ არის და ზემოდან იძულებული არიან, რომ მას სასიცოცხლო ძალა მისცენ. ის ხომ არაფერს ითხოვს გარდა მისთვის აუცილებელი სასიცოცხლო ძალისა, რათა სიცოცხლის გაგრძელება შეძლოს. მაშინ ის იღებს სასიცოცხლო ძალას წმინდა შხინა–ს შენობიდან.

 

ამის შესახებ უთქვამთ ბრძენებს: „ყოველი, ვინც საზოგადოების ტანჯვით იტანჯება, მთელი საზოგადოების ნუგეშს ხედავს და მისი ღირსი ხდება“. საზოგადოება წმინდა შხინას ეწოდება, რადგან ის საკრებულოს ნიშნავს, ანუ ისრაელის საკრებულოს, ხოლო მალხუთი ყველა სულების ერთობლიობაა.

ადამიანს არანაირი გასამრჯელო არ სურს საკუთარი თავისათვის, არამედ სურს, რომ მხოლოდ შემქმნელის სასარგებლოდ იმუშაოს, რასაც შხინის ფერფლიდან წამოყენება ეწოდება, იმისათვის, რათა ის (შხინა) იმდენად დამცირებული არ იყოს, როგორც მაშინ, როდესაც შემქმნელის სასარგებლოდ მუშაობა არ სურთ. და როდესაც ადამიანი ხედავს, რომ რაიმე სარგებლის მიღება შეუძლია, მაშინ სამუშაო ძალა, „საწვავი“ უჩნდება, ხოლო როდესაც საქმე შემქმნელის სარგებელს ეხება და ადამიანი ხედავს, რომ თვითონ ვერანაირ საზღაურს ვერ მიიღებს, მაშინ სხეული ეწინააღმდეგება ამ მუშაობას, რადგან მასში ფერფლის გემოს გრძნობს.

 

ასეთ ადამიანს ნამდვილად სურს შემქმნელის სასარგებლოდ მუშაობა, მაგრამ სხეული ეწინააღმდეგება ამას. ამიტომ ის სთხოვს შემქმნელს, რომ მას ძალა მისცეს, რათა შეძლოს შხინის ფერფლიდან წამოყენება. ამიტომ ის შემქმნელის სახის გამოვლინების ღირსი ხდება და დაფარვა ქრება.