37. სტატია ფურიმზე
გაგონილია 1948 წელს
გავარკვიოთ „მეგილათ ესთერ“–ში აღწერილ მოვლენათა ზუსტი აზრი:
1. დაწერილია: „ამ მოვლენების შემდეგ მეფემ ჰამანი განადიდა“. და უნდა გავიგოთ, თუ რას ნიშნავს „ამ მოვლენების შემდეგ“, ე.ი. მას შემდეგ, რაც მორდეხაიმ მეფე გადაარჩინა. ლოგიკური იქნებოდა რომ მეფეს მორდეხაი განედიდებინა, იქ კი წერია, რომ მან ჰამანი განადიდა.
2. როდესაც ესთერმა უთხრა მეფეს: „რადგან გაყიდულნი ვართ ჩვენ, მე და ჩემი ხალხი გასანადგურებლად, დასახოცად და მოსასპობად“ (ესთერი 7:4), მეფე შეეკითხა მას: „ვინ არის იგი და სად არის, ვინც ამის გაკეთება განიზრახა?“ (ესთერი 7:5), თითქოს მეფემ არაფერი იცოდა, მაგრამ წერია, რომ მეფემ უთხრა ჰამანს: „ვერცხლიც გეძლევა და ხალხიც, რათა ისე მოექცე ამ ხალხს, როგორც საჭიროდ თვლი“ (ესთერი 3:11). აქედან ჩანს, რომ მეფემ იცოდა გაყიდვის შესახებ.
3. რას ნიშნავს „თითოეულის სურვილისამებრ მოქცეულიყვნენ“? (ესთერი 1:8) ბრძენები ხსნიან, რომ აქ მორდეხაის და ჰამანის ნება იგულისხმება. მაგრამ ცნობილია, რომ იქ, სადაც წერია „მეფე“ - შემქმნელი, სამყაროს მბრძანებელი იგულისხმება და როგორ შეიძლება, რომ შემქმნელი ცოდვილის ნებას ასრულებდეს?
4. დაწერილია: „და მორდეხაიმ იცოდა ყველაფერი, რაც ხდებოდა“, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთმა მორდეხაიმ იცოდა. მაგრამ მანამდე ხომ წერია: „ხოლო ქალაქი შუშანი დაბნეულობამ მოიცვა“. გამოდის, რომ მთელმა ქალაქმა შუშანმა იცოდა ამის შესახებ.
5. დაწერილია: „რადგან არ შეიცვლება მეფის სახელით დაწერილი და მეფის ბეჭდით დაბეჭდილი განკარგულება“ (ესთერი 8:8). მაშინ როგორღა გასცა მან მეორე განკარგულება, რომელმაც პირველი გააუქმა?
6. რატომ აქვთ ბრძენებს ნათქვამი, რომ ადამიანი ვალდებულია ისე დათვრეს ფურიმში, რომ ვერ განასხვავოს დაწყევლილ ჰამანსა და დალოცვილ მორდეხაის შორის?
7. ნათქვამია, რომ „როგორც წესი, ძალდატანების გარეშე სვამდნენ“. რას ნიშნავს „როგორც წესი“? რაბი ხანანი ხსნის: ეს ნიშნავს „თორის წესის მიხედვით“. ხოლო თორის წესი მიუთითებს, რომ საჭმელი სასმელს უნდა აღემატებოდეს.
ზემოთ ნათქვამის გასაგებად საჭიროა ჯერ ავხსნათ, თუ ვინ არიან მორდეხაი და ჰამანი. როგორც ბრძენები ამბობენ: „თითოეულის სურვილისამებრ“, ე.ი. ჰამანის და მორდეხაის სურვილისამებრ.
მორდეხაის სურვილს თორის კანონები ეწოდება, როდესაც საჭმელი სასმელს აღემატება. ხოლო ჰამანის სურვილისამებრ კი პირიქით - სასმელი აღემატება საჭმელს. ისმის კითხვა, როგორ შეიძლება, რომ ნადიმი ცოდვილის სურვილისამებრ იმართებოდეს? და პასუხობენ: „ძალდატანების გარეშე სვამდნენ“. ე.ი. სასმელი სავალდებულო არ იყო, ანუ „ძალდატანების გარეშე სვამდნენ“.
და ასე ხსნიან ბრძენები ნათქვამს: „სახე დაიფარა მოსემ, რადგან შეეშინდა შემქმნელის ხილვის“ (გამოსვლა 3:6). ნათქვამია: „სახე დაიფარა მოსემ“, რის საზღაურადაც შემქმნელის სახის დანახვის ღირსი გახდა. რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანს არ ესაჭიროება სიამოვნება (ე.ი. მასზე ეკრანის გაკეთება შეუძლია), მაშინ მას მისი მიღების უფლება აქვს. ამიტომ ნათქვამია: „გავუგზავნე მე დახმარება გმირს“ (ფსალმუნი 89), გმირს – ე.ი. იმას, ვისაც შემქმნელის გზით შეუძლია იაროს და ამიტომ შემქმნელი მას ეხმარება.
ამიტომ დაწერილია, რომ სმა მიმდინარეობდა „როგორც წესი“, ე.ი. ძალდატანების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ საჭიროებდნენ სასმელს, მაგრამ შემდეგ, როდესაც უკვე სმა დაიწყეს, გულმა გაუწიათ სასმელისაკენ, დამოკიდებული გახდნენ მასზე და მისი საჭიროება იგრძნეს. სხვანაირად უკვე არ შეეძლოთ წინსვლა. ამას ეწოდება ძალდატანება, და მორდეხაის მეთოდის გაუქმება.
ამიტომ უთქვამთ ბრძენებს, რომ ის თაობა დასაღუპად იყო განწირული, რადგან სიამოვნება მიიღო იმ ცოდვილის ნადიმისაგან. მაგრამ „ძალდატანების გარეშე“ რომ მიეღოთ სასმელი, არ გააუქმებნენ მორდეხაის ნებას, რომელიც ისრაელის მიდგომას გამოხატვს. ხოლო შემდეგ, როდესაც ძალდატანებით დაიწყეს სმა, ამით მათ თვითონვე დასაღუპად გაწირეს თორის კანონები, რომელიც ისრაელს აღნიშნავს. ამაში მდგომარეობს წესის აზრი: „საჭმელი სასმელს უნდა აღემატებოდეს“, „სასმელი“ ხომ სინათლე ხოხმას გახსნის საიდუმლოებაა, რასაც ცოდნა ეწოდება, ხოლო „საჭმელი“ მოწყალების სინათლეს ეწოდება, რომელიც რწმენის საიდუმლოებაა.
ამაში მდგომარეობს ორი სამეფო მცველის ბიგთანისა და თერეშის არსი, რომელთაც ხელის აღმართვა განიზრახეს სამყაროს მმართველზე. „შეიტყო ეს ამბავი მორდეხაიმ ... გამოიძიეს ეს საქმე და დადასტურდა“ (ესთერი 2:22,23), რომ ეს ასე იყო. თუმცა მარტივი და სწრაფი როდი იყო მორდეხაისთვის ამ საქმის გამოძიება, არამედ დიდი მუშაობის შედეგად შეიტყო ამ უზნეო ჩანაფიქრის შესახებ და როცა ეს ნაკლი ნათლად გაიხსნა მის წინაშე, მაშინ „ორივე ხეზე ჩამოკიდეს“ (ესთერი 2:23). ე.ი. ისინი ამ ნაკლის შეგრძნების შემდეგ ჩამოკიდეს და სამყაროს ასეთი ქცევები და სურვილები მოაცილეს.
„ამ მოვლენების შემდეგ“, ე.ი. ყველა იმ მცდელობისა და ძალისხმევის შემდეგ, რომელიც მორდეხაიმ ამ ძიებაში ჩადო, მეფემ მისი დაჯილდოება მოისურვა ამ სამუშაოსათვის, რადგან ის მხოლოდ გაცემის განზრახვით მუშაობდა და არა საკუთარი სარგებლისათვის. მაგრამ, არსებობს წესი, რომლის მიხედვითაც ადამიანს არ შეუძლია იმის მიღება, რაც არ სჭირდება, რამეთუ არ არსებობს სინათლე ქლის–სურვილის გარეშე. და რადგან მორდეხაის არაფერი სჭირდება საკუთარი თავისთვის, როგორ შეიძლება, რომ მას რამე მისცე?
მეფეს რომ ეკითხა მორდეხაისათვის, რისი მიღება სურს მას გაწეული მუშაობისათვის, მორდეხაი ხომ ცადიკია – მართალია (ცადიკი – მართალი – ის ვინც შემქმნელს ამართლებს) და მხოლოდ გაცემის განზრახვით მუშაობს, ამიტომ ის სულიერ საფეხურებზე ამაღლების არანაირ მოთხოვნილებას არ განიცდის, არამედ მცირედით კმაყოფილდება. მეფეს კი სურს მისცეს მას ხოხმას – სიბრძნის სინათლე, რომელიც მარცხენა ხაზიდან ეშვება, ხოლო მორდეხაი მხოლოდ მარჯვენა ხაზში მუშაობს.
მაშინ რა გააკეთა მეფემ - აამაღლა ჰამანი, ე.ი. მარცხენა ხაზი განადიდა, როგორც ნათქვამია: „და დასვა იგი ყველა მინისტრზე მაღლა და უბოძა მას ძალაუფლება“ (ესთერი 3:1). და „მეფის ყველა მსახური, რომელიც სამეფო კარიბჭესთან იყო, უჩოქებდა და თაყვანს სცემდა ჰამანს, რადგან ასეთი ბრძანება გასცა მეფემ“ (ესთერი 3:2), რომ ჰამანს ძალაუფლება მიცემოდა და ყველა დათანხმდა ამას.
დაჩოქება საკუთარ თავზე ძალაუფლების აღიარებას ნიშნავს. ჰამანის მუშაობის მეთოდი მათ უფრო მეტად მოწონდათ, ვიდრე მორდეხაის გზა და ამიტომ ყველა იუდეველმა შუშანში ჰამანის მმართველობა მიიღო, რადგან მორდეხაის შეხედულება მათთვის რთული გასაგები იყო. ყველასთვის ცნობილია, რომ შემქმნელის გზით სვლა უფრო იოლია მარცხენა ხაზში მუშაობისას, რომელსაც „ცოდნა“ ეწოდება. და როგორც წერია, ისინი ეკითხებოდნენ მორდეხაის: “რატომ არღვევ მეფის ბრძანებას?“. მაგრამ ხედავდნენ რა, თუ რა მკაცრად იდგა მორდეხაი რწმენის გზაზე, იბნეოდნენ და არ იცოდნენ ვისკენ იყო სიმართლე“.
მაშინ წავიდნენ ისინი ჰამანთან, რათა მისთვის ეკითხათ, თუ ვის მხარეზე იყო სიმართლე, როგორც წერია: „მაშინ უთხრეს ეს ჰამანს, რათა ენახათ, იდგებოდა თუ არა მორდეხაი თავის სიტყვაზე, რადგან ნათქვამი ჰქონდა, იუდეველი ვარო“ (ესთერი 3:4). ხოლო იუდეველისათვის საჭმელი უნდა აღემატებოდეს სასმელს, ე.ი. მათთვის მთავარი რწმენაა. და ეს არის იუდაიზმის მთელი საფუძველი. (იუდეველი სიტყვისაგან „იეჰუდი“,„იხუდ“–ერთობა, ანუ ერთობა შემქმნელთან).
ძალიან განრისხდა ჰამანი, როდესაც შეიტყო, რომ მორდეხაი არ ეთანხმებოდა მის აზრს. და ყველამ დაინახა მორდეხაის გზა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ეს იყო ის ერთადერთი გზა, რომლითაც იუდეველებს უნდა ევლოთ, ხოლო ყველა სხვა გზით მოსიარულეს უკვე შეიძლებოდა კერპთაყვანისმცემელი წოდებოდა. ამიტომ თქვა ჰამანმა: „და მაინც, ყოველივე ეს არაფრად მიღირს, სანამ სამეფო კარიბჭესთან მჯდარ იუდეველ მორდეხაის ვხედავ!“, რადგან მორდეხაი ამტკიცებდა, რომ მხოლოდ მის გზას მიჰყავს მეფის კარიბჭესთან და არა ჰამანის გზას.
ნათქვამიდან ვიგებთ, თუ რატომაა დაწერილი, რომ „შეიტყო მორდეხაიმ ყველაფერი, რაც ხდებოდა“ (ესთერი 4:1), თითქოს სწორედ მორდეხაიმ იცოდა. მაგრამ წერია, რომ „ქალაქი შუშანი დაბნეულობამ მოიცვა“ (ესთერი 3:15). გამოდის, რომ ყველამ იცოდა. საქმე იმაშია, რომ ქალაქი შუშანი დაბნეულობამ მოიცვა იმიტომ, რომ არ იცოდნენ ვის მხარეზე იყო სიმართლე. მორდეხაიმ იცოდა, რომ ჰამანის გაბატონება ისრაელი ერის განადგურებას გამოიწვევდა, ე.ი. ჰამანი აღგვიდა სრულიად ისრაელს პირისაგან მიწისა. ეს ნიშნავდა ისრაელი ერის გზის განადგურებას, რომლის საფუძველიც გონებაზე ამაღლებული რწმენაა. ამ რწმენას დაფარული „ხასადიმ“ – მოწყალება ეწოდება, რადგან ისინი დახუჭული თვალებით დადიან შემქმნელთან ერთად და საკუთარი თავის შესახებ ამბობენ: „თვალები აქვთ და ვერ ხედავენ“. ჰამანს ხომ მხოლოდ მარცხენა ხაზს – ცოდნას შეუძლია ჩაეჭიდოს, რომელიც რწმენის საპირისპიროა.
ამიტომ ჰამანმა კენჭი ჰყარა იომ ქიფურში, როგორც წერია: „ერთი წილი შემქმნელს ხოლო მეორე - უწმინდურ ძალას“. შემქმნელის წილი მარჯვენა ხაზს, მოწყლების სინათლეს აღნიშნავს, რომელიც ჭამას, ანუ რწმენას ნიშნავს. ხოლო უწმინდური ძალისათვის განკუთვნილი წილი მარცხენა ხაზს წარმოადგენს, სადაც არაფერში არ არსებობს წარმატება და აქედან ეშვება ყველანაირი უწმინდური ძალა. ამიტომ, ის რაც მარცხენა ხაზიდან გამოდის, ბარიერს უქმნის სინათლეს, ახშობს მას, რადგან მარცხენა ხაზი ყინავს სინათლეს.
ამის შესახებ ნათქვამია: „კენჭი ჰყარა ბედისწერის დასადგენად“. ე.ი. გაშიფრა ამოსული წილი და განაცხადა „პურ“ (ბედი), რომელიც ნიშნავს „პი-ორ“ (სინათლის პირი, ბაგე). და უწმინდური ძალებისათვის კენჭისყრის გამო მთელი სინათლე დაიხშო და ქვემოთ დაეცა.
ჰამანი კი ფიქრობდა, რომ „ცადიკი–მართალი მოამზადებს, ხოლო ცოდვილი შეიმოსება“. ე.ი. მას ეგონა, რომ მორდეხაისა და მისი მოკავშირეების მიერ გაწეული შრომითა და გარჯით მოპოვებულ გასამრჯელოს მიითვისებდა. ჰამანი ფიქრობდა, რომ მორდეხაის მიერ შესრულებული გამოსწორებების წყალობით გამოვლენილ სინათლეს დაისაკუთრებდა. და ეს იმიტომ, რომ დაინახა, რომ მეფემ ის უფლებამოსილ ჰყო სინათლე ხოხმა მოეზიდა ქვემოთ. და ამიტომ როდესაც ჰამანმა მეფეს იუდეველთა განადგურების თხოვნით მიმართა, ანუ თხოვნით გაეუქმებინა ისრაელის ძალაუფლება – რწმენა და ხასადიმი–მოწყალება, რათა ცოდნა გახსნილიყო სამყაროში, მაშინ მეფემ უპასუხა მას: „ვერცხლიც გეძლევა და ხალხიც, რათა ისე მოექცე ამ ხალხს, როგორც საჭიროდ თვლი“. ე.ი. ჰამანის შეხედულებისამებრ, ანუ მისი ძალაუფლების მიხედვით, რომელიც მარცხენა ხაზს და ცოდნას ნიშნავს.
მთელი განსხვავება პირველ და მეორე გზავნილებს შორის იყო სიტყვაში „იუდეველი“. წერილობით ბრძანებაში (წერილობითი ბრძანება ეს არის მეფისაგან გაცემული განკარგულების ჩანაწერი, ამიტომ ამ ბრძანებას ურთავდნენ ახსნა - განმარტებას, რომელიც ხსნიდა მეფის განზრახვას) ეწერა: „ამ ბრძანების ხელნაწერი გადაეცეს ყველა სახელმწიფოს, როგორც კანონი, რომელიც ყველა ხალხს ამცნობს, რომ მზად იყვნენ ამ დღისთვის“ და არ ეწერა, ვისი განადგურებისთვის უნდა მომზადებულიყვნენ. ხოლო ჰამანმა თავად მისცა განმარტება წერილობით ბრძანებას: „და დაიწერა ყველაფერი, რაც ჰამანმა ბრძანა“.
ხოლო მეორე გზავნილებაში უკვე ეწერა სიტყვა „იუდეველები“, როგორც ნათქვამია: „ამ ბრძანების ხელნაწერი გადაეცეს ყველა სახელმწიფოს, როგორც კანონი და განაცხადი მთელი ხალხისათვის, რომ იუდეველები მზად იყვნენ იმ დღისათვის, როდესაც შურს იძიებენ საკუთარ მტრებზე“. ამიტომ როდესაც ჰამანი მეფესთან მივიდა, მან უთხრა მას: „წინასწარ მომზადებული ვერცხლი შენ გადმოგეცა“, (ივრითულად სიტყვა „ფული“ და სიტყვა „ვერცხლი“ ერთნაირად ჟღერს–„ქესეფ“. ეს სიტყვა წარმოქმნილია სიტყვისაგან „ქისუფიმ“ – სურვილი, მონატრება) ე.ი. არ არის საჭირო არანაირი დამატებითი მოქმედება, არამედ ეძლევა მას ეს ხალხი, რათა ისე მოექცეს, როგორც საჭიროდ თვლის. ე.ი. ხალხს უკვე სურს ჰამანის სურვილის შესრულება, სურს მიიღოს მისი ძალაუფლება.
მაგრამ მეფეს არ უთქვამს მისთვის, რომ მორდეხაისა და იუდეველების ძალაუფლება გაეუქმებინა, არამედ წინასწარ მოამზადა, რომ ამ დროში სინათლე ხოხმა გახსნილიყო, რომელიც ასე მოსწონდა ჰამანს. და ბრძანების ასლში ეწერა: „გადაეცეს თითოეულ სახელმწიფოს, როგორც კანონი და განცხადება მთელი ხალხისათვის“.
ეს ნიშნავს, რომ კანონი ავალდებულებდა, რომ სინათლე ხოხმა ყველა ხალხებისათვის ყოფილიყო გახსნილი, მაგრამ არ ეწერა, რომ უნდა გაუქმებულიყო მორდეხაისა და იუდეველთა ძალუფლება, რომელიც რწმენას აღნიშნავს. არამედ იგულისხმებოდა, რომ სინათლე ხოხმა გამოვლინდებოდა, ხოლო ისინი, მიუხედავად ამისა, ხასადიმს–მოწყალებას აირჩევდნენ.
ჰამანი კი ამტკიცებდა, რომ ვინაიდან სინათლე ხოხმას გახსნის დრო დადგა, რა თქმა უნდა, ამ სინათლის გახსნა იმისთვის არ მოხდებოდა, რომ ის გამოუყენებელი დარჩენილიყო, რადგან რა აზრი აქვს იმის გაკეთებას, რისი გამოყენებაც არ შეიძლება. გამოყენების გარეშე კი გამოდიოდა, რომ ეს გახსნა აზრს მოკლებული იყო. შემქმნელს კი, სინათლე ხოხმას გახსნისას უეჭველად სურდა, რომ ის გამოეყენებინათ.
ხოლო მორდეხაი ამტკიცებდა, რომ გახსნა მხოლოდ იმისათვის იყო საჭირო, რათა ეჩვენებინა, რომ მათ თვითონ, ნებაყოფლობით აირჩიეს მარჯვენა ხაზის, ანუ დაფარული ხასადიმის–მოწყალების გზით სვლა და არა იძულებით, სხვა გამოსავლის უქონლობის გამო. და ჩანს, თითქოს ისინი ძალდატანებით მიჰყვებიან ამ გზას, ვინაიდან სინათლე ხოხმა დაფარულია, მაგრამ მაშინ, როდესაც სინათლე ხოხმა გახსნილია, მათ კეთილი ნებით არჩევნის შესაძლებლობა ეძლევათ. ე.ი. ისინი მოწყალების გზას ანიჭებენ უპირატესობას, მარცხენა ხაზთან შედარებით, სადაც ხოხმის სინათლე ვლინდება.
ე.ი. გახსნა მხოლოდ იმისათვის იყო, რომ მათ ხასადიმის მნიშვნელოვნების გაცნობიერება შეძლებოდათ და გადაეწყვიტათ, რომ ხასადიმი მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხოხმა. ამის შესახებ უთქვამთ ბრძენებს: „აქამდე - ძალდატანებით, ხოლო ამ მომენტიდან მოყოლებული - სურვილის თანახმად“. და ამაზეა ნათქვამი: „შეასრულეს და თავის თავზე აიღეს ებრაელებმა“. ე.ი. სინათლე ხოხმას გახსნა მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ საკუთარი ნებით შეძლებოდათ იუდეველთა გზის არჩევა.
ამაში მდგომარეობს მორდეხაისა და ჰამანს შორის უთანხმოების არსი. მორდეხაი ამტკიცებდა, რომ შემქმნელის მიერ ხოხმას ძალაუფლების გახსნა იმას არ ნიშნავს, რომ სინათლე ხოხმა უნდა მიიღონ, არამედ იმას რომ ხასადიმი აამაღლონ. რადგან ახლა მათ შეუძლიათ აჩვენონ, რომ საკუთარი სურვილით იღებენ ხასადიმს. მათ ხოხმას მიღების შესაძლებლობა იმიტომ აქვთ, რომ ახლა მარცხენა ხაზი მბრძანებლობს, რომელიც სინათლე ხოხმას გამოსცემს, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი ხასადიმს ირჩევენ. ხასადიმის არჩევით ისინი აჩვენებენ, რომ მარჯვენა ხაზი მბრძანებლობს მარცხენაზე, ანუ მთავარი იუდეველთა კანონია.
ხოლო ჰამანი საპირისპიროს ამტკიცებდა, რომ შემქმნელის მიერ ახლა მარცხენა ხაზის – ხოხმას გამოვლენა იმიტომ მოხდა, რომ ეს ხოხმა გამოეყენებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდიოდა, რომ შემქმნელმა გააკეთა უაზრო მოქმედება, ანუ ისეთი, რომელსაც არავისთვის მოაქვს სიამოვნება. ე.ი. ყური არ უნდა დაუგდონ მორდეხაის, არამედ ყველამ ჰამანს უნდა მოუსმინოს და გამოიყენოს ახლა გახსნილი სინათლე ხოხმა.
გამოდის, რომ მეორე განკარგულებას არ შეუცვლია პირველი, არამედ მხოლოდ ახსნა–განმარტება და კომენტარი გაუკეთა პირველ გზავნილებას. „ყველა ხალხისათვის გახსნა“ – სინათლე ხოხმას გახსნას ნიშნავს და ეს იუდეველთათვის იყო განკუთვნილი. ე.ი. იმისათვის, რათა იუდეველებს ხასადიმის სინათლის საკუთარი კეთილი ნებით არჩევა შეძლებოდათ და არა იმიტომ, რომ სხვა გზა არ გააჩნდათ. ამიტომ წერია მეორე გზავნილებაში: „რათა მზად იყვნენ იუდეველები ამ დღეს საკუთარ მტრებზე შურის საძიებლად“. ე.ი. ხოხმას იმისათვის მიეცა ახლა ძალაუფლება, რომ მათ აჩვენონ, რომ ისინი ხასადიმს ანიჭებენ უპირატესობას ხოხმასთან შედარებით. და ამას ეწოდება „საკუთარ მტრებზე შურისძიება“, რადგან მტრებს სწორედ სინათლე ხოხმას მიღება სურთ, ხოლო იუდეველები კი განაგდებენ ამ სინათლეს.
აქედან გასაგებია მეფის მიერ ნათქვამი: "ვინ არის იგი და სად არის, ვინც ამის გაკეთება განიზრახა?“ და რატომ იკითხა მეფემ, მან ხომ თავად უთხრა ჰამანს: „ვერცხლიც გეძლევა და ხალხიც, რათა ისე მოექცე ამ ხალხს, როგორც საჭიროდ თვლი“. (მაგრამ ხოხმას გახსნა მხოლოდ იმისათვის მოხდა, რომ ხალხს ისე გაეკეთებინა „როგორც საჭიროდ თვლი“, ე.ი. იმისათვის, რათა არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა ყოფილიყო. და ამას ეწოდება „მოექცე ამ ხალხს, როგორც საჭიროდ თვლი“. ხოლო თუ ხოხმის გახსნა არ ხდება, მაშინ არჩევანი არ არსებობს და ამიტომ ჩანს, თითქოს ხასადიმს სხვა გამოსავალის უქონლობის გამო ირჩევენ). ე.ი. ეს ყველაფერი მეფის მიერ გაცემული ბრძანების ძალით ხდება, რომელმაც დაადგინა, რომ ახლა სინათლე ხოხმას გახსნის დროა.
იგულისხმება, რომ მარცხენა ხაზს მარჯვენასთვის უნდა ემსახურა, რისი მეშვეობითაც ყველა დაინახავდა, რომ მარჯვენა უფრო მნიშვნელოვანი იყო მარცხენაზე და ამის გამო ისინი ხასადიმს ირჩევენ. ამაშია „მეგილათ ესთერის“ საიდუმლოება, რომელიც ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავ წინააღმდეგობას წააგავს, რადგან მეგილა („მეგალე“) ნიშნავს, რომ ის ყველასათვის გახსნილია, ხოლო ესთერი („ჰესთერ“) ნიშნავს რომ დაფარულია. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი გახსნა მხოლოდ იმისთვის ხდება, რათა დაფარვის არჩევის შესაძლებლობა მისცეს.
ახლა შეგვიძლია გავიგოთ ბრძენთა მიერ ნათქვამი: „ადამიანი ვალდებულია ისე დათვრეს ფურიმში, რომ ვერ განასხვავოს დაწყევლილ ჰამანსა და დალოცვილ მორდეხაის შორის“ (ესთერი). საქმე იმაშია, რომ მორდეხაისა და ესთერთან დაკავშირებულ მოვლენებს მეორე ტაძრის მშენებლობამდე ჰქონდა ადგილი. ტაძრის მშენებლობა სინათლე ხოხმას მიზიდვას ნიშნავს, ხოლო მალხუთს ტაძარი ეწოდება. ამიტომ გაგზავნა მორდეხაიმ ესთერი მეფესთან თავისი ხალხისათვის სათხოვნელად. ხოლო მან უპასუხა: „მეფის ყველა მსახურმა და მის სახელმწიფოთა ყველა ხალხმა იცის, რომ ყოველი კაცისთვის თუ ქალისთვის, ვინც კი მეფისგან მოუხმობლად შევა მეფესთან შიდა ეზოში, ერთი კანონია – სიკვდილი. მე კი არ მივუწვევივარ მეფეს აგერ უკვე ოცდაათი დღეა“ (ესთერი 4:11).
რაც იმას ნიშნავს, რომ აკრძალულია გარ დე ხოხმას სინათლის ქვემოთ მოზიდვა. ხოლო ის, ვინც მაინც მოიზიდავს გარის სინათლეს (ეს სამი სფირაა, რომლიდანაც თითოეული თავის მხრივ ათი სფირისაგან შედგება, საერთო ჯამში კი ისინი ოცდაათ სფირას წარმოადგენენ), სიკვდილი მიესჯება, იმიტომ რომ მარცხენა ხაზი სიცოცხლის წყაროსაგან მოწყვეტას იწვევს. „მხოლოდ ის გადარჩება, ვისაც მეფე თავის ოქროს კვერთხს გაუწვდის“ (ესთერი 4:11), რადგან ოქრო ხოხმას თვისებას და გარს ნიშნავს.
გამოდის, რომ მხოლოდ ზემოდან გამოღვიძების წყალობით შეიძლება სიცოცხლის შენარჩუნება, ე.ი. შემქმნელთან შერწყმით, რასაც სიცოცხლე ეწოდება, და არა ადამიანის გამოღვიძებით ქვემოდან. და თუმცა ესთერი მალხუთის საიდუმლოებაა, ე.ი. მას ხოხმა სჭირდება, მაგრამ ეს მხოლოდ ზემოდან გამოღვიძების მეშვეობითაა შესაძლებელი, ხოლო თუ ის თავად მოიზიდავს სინათლე ხოხმას, მაშინ ის მთელ თავის მდგომარეობას დაკარგავს. ამაზე უპასუხა მას მორდეხაიმ: „შვება და ხსნა სხვა მხრიდან მოუვა იუდეველებს“, ე.ი. იმის შედეგად, რომ სრულიად გააუქმებენ მარცხენა ხაზს და მხოლოდ მარჯვენა ხაზით – ხასადიმით დარჩებიან, მაშინ „შენ და შენი მამის სახლი დაიღუპებით“, რაზეც მიუთითებს ზოჰარი: „ქალიშვილის საფუძველი მამისგანაა“ და ამიტომ სჭირდება მას სინათლე ხოხმა.
ესე იგი აუცილებელია, რომ „საჭმელი აღემატებოდეს სასმელს“. მაგრამ თუ იუდეველებს სხვა გამოსავალი არ დარჩებათ და იძულებული იქნებიან მარცხენა ხაზი გააუქმონ, მაშინ მთელი მისი არსი გაბათილდება. ამის შესახებ თქვა ესთერმა: „თუ დავიღუპები, დავიღუპები“. ე.ი. თუ მეფესთან წავალ, დავიღუპები, რადგან შესაძლოა შემქმნელს მოვშორდე, რადგან, ასეთი გამოღვიძება ქვემოდან ადამიანს სიცოცხლის წყაროსაგან წყვეტს. ხოლო თუ არ წავალ, მაშინ „შვება და ხსნა სხვა მხრიდან მოვა ებრაელთათვის“, ე.ი. სხვა სახით, როდესაც ისინი მთლიანად გააუქმებენ მარცხენა ხაზს, როგორც მორდეხაიმ უთხრა ესთერს.
ამიტომ მან მორდეხაის გზა მიიღო და ჰამანი ნადიმზე მოიწვია, ე.ი. მარცხენა ხაზი მოიზიდა, როგორც მას მორდეხაიმ უთხრა. ხოლო შემდეგ მარცხენა ხაზი მარჯვენაში ჩართო და ასეთი სახით შესაძლებელია ერთდროულად ქვემოდან სინათლის გახსნაც და შემქმნელთან შერწყმაში ყოფნაც. ამაში მდგომარეობს „მეგილათ ესთერის“ საიდუმლო, ე.ი. მიუხედავად იმისა, რომ სინათლე ხოხმა უკვე გახსნილია, ის მაინც იქ არსებულ დაფარვას ირჩევს (რამდენადაც ესთერი–„ჰესთერი“ დაფარვას აღნიშნავს).
ხოლო „და არ იცოდა“–ს შესახებ ახსნილია ათი სფირის თალმუდის (თალმუდ ესერ სფიროთ), მე–15 ნაწილში. მიუხედავად ხოხმას ნათებისა, შეუძლებელია მისი მიღება ხასადიმის სინათლის გარეშე, იმიტომ რომ ეს შემქმნელისაგან დაშორებას იწვევს. მაგრამ მათი მარხვისა და ლოცვის წყალობით სასწაული მოხდა, მათ ხასადიმის სინათლე მოიზიდეს და ამგვარად სინათლე ხოხმას მიღება შეძლეს.
თუმცა ასეთი მდგომარეობა შეუძლებელია საბოლოო გამოსწორებამდე („გმარ თიკუნ“), რადგან ეს თვისება საბოლოო გამოსწორებას ეკუთვნის და მხოლოდ მაშინ იქნება გამოსწორებული. როგორც ზოჰარში წერია: „მომავალში სიკვდილის ანგელოზი წმინდა ანგელოზად იქცევა“. გამოდის, რომ, მაშინ აღარ იქნება განსხვავება ჰამანსა და მორდეხაის შორის და თვით ჰამანიც კი გამოსწორდება. და ამაშია ნათქვამის აზრი: „ადამიანი ვალდებულია ისე დათვრეს ფურიმში, რომ ვერ განასხვავოს დაწყევლილ ჰამანსა და დალოცვილ მორდეხაის შორის“.
და საჭიროა დავამატოთ, თუ რატომ არის ნათქვამი, რომ ხეზე ჩამოკიდეს ისინი (ბიგთანი და თერეში). იმისთვის, რათა გაეგოთ, რომ ეს იგივე სიბრძნის ხის ცოდვა იყო, სადაც ასევე გარ-ი („გარ“–აბრევიატურა სიტყვების „გიმელ რიშონოთ“– პირველი სამი, იგულისხმება პირველი სამი სფირა) იყო დაზიანებული. და ნათქვამია, რომ მორდეხაი „მეფის კარიბჭესთან იჯდა“. შეგვიძლია დავამატოთ, რომ მინიშნებაა ისიც, რომ ის იჯდა და არ იდგა, რადგან ჯდომა ვაკ-ს („ვაკ“–აბრევიატურა სიტყვების „ვავ კცავოთ“–ექვსი ბოლო, კიდე) აღნიშნავს, ხოლო ფეხზე დგომა – გარ-ს.