<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / ცოდვა არ აბათილებს მცნებას (კეთილ საქმეს)

52.  ცოდვა არ აბათილებს მცნებას (კეთილ საქმეს)

გაგონილია 9 იარს შაბათის საღამოს (1943 წლის 14 მაისს)

 

„ცოდვა არ აბათილებს მცნებას (კეთილ საქმეს) და მცნება (კეთილი საქმე) არ აბათილებს ცოდვას“. მუშაობა  იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა სიკეთის გზით იაროს, მაგრამ ის ბოროტება, რომელიც მასშია ჩადებული, მას ამის საშუალებას არ აძლევს. და უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანმა არ უნდა აღმოფხვრას საკუთარი თავიდან ბოროტება, რადგან ეს სრულიად შეუძლებელია. არამედ საჭიროა მხოლოდ გვძულდეს ბოროტება, როგორც ნათქვამია: „შემქმნელის მოყვარულნო, გძულდეთ ბოროტება!“. ანუ მხოლოდ სიძულვილია საჭირო, რამეთუ სიძულვილი შერწყმულთ განაშორებს.

ამიტომ ბოროტება როგორც ასეთი, თავისთავად არ არსებობს, არამედ ბოროტების არსებობა ბოროტების სიყვარულზე ან მის სიძულვილზეა დამოკიდებული. ესე იგი თუ ადამიანს ბოროტებისადმი სიყვარული გააჩნია, მაშინ ის ბოროტების  მორჩილებაში ექცევა, ხოლო თუ მას სძულს ბოროტება, ის მისგან თავს აღწევს და ბოროტება ადამიანზე ბატონობის ყოველგვარ შესაძლებლობას კარგავს. გამოდის, რომ  ადამიანის ძირითადი მუშაობა ბოროტებასთან ბრძოლაში კი არ მდგომარეობს, არამედ იმაში თუ რამდენად უყვარს ან სძულს ბოროტება. და ამიტომ ცოდვა მორიგ ცოდვას იწვევს. 

და უნდა ვიკითხოთ, რის გამო ეკუთვნის ასეთი სასჯელი ადამიანს? როდესაც ადამიანი თავისი სულიერი მუშაობის წინანდელი დონიდან ეცემა, მას უნდა დავეხმაროთ, რათა წამოდგომა შეძლოს. აქ კი ვხედავთ, რომ პირიქით, მას კიდევ უფრო უმატებენ დაბრკოლებებს, რათა იმაზე უფრო დაბლა დაეცეს, ვიდრე პირველი ვარდნისას.

არამედ ადამიანს ისევ ბოროტებას უმატებენ, იმისათვის რათა სიძულვილი იგრძნოს  ბოროტების მიმართ და დაინახოს, თუ რამდენად აშორებს მას ცოდვა შემქმნელისათვის მუშაობისაგან. და თუმცა ის პირველი ცოდვის გამო სინანულს განიცდის, ეს სინანული საკმარისი არაა იმისათვის, რათა მასში ბოროტების მიმართ სიძულვილი გააღვიძოს. ამიტომ ცოდვა მორიგ ცოდვას იწვევს, ადამიანის სინანული იზრდება და თითოეული ასეთი მონანიება  მასში ბოროტებისადმი სიძულვილს ბადებს - მანამ სანამ ეს სიძულვილი ისეთ ზღვარს არ მიაღწევს, რომ ის შორდება ამ ბოროტებას, სიძულვილს ხომ დაშორება მოაქვს.

გამოდის, რომ თუ ადამიანი ბოროტების მიმართ სიძულვილის ისეთ ზომას გამოავლენს, რომელიც მას ბოროტებას დააშორებს, მას უკვე არ ჭირდება ისეთი გამოსწორება, რომ ცოდვამ მორიგი ცოდვა გამოიწვიოს. ამგვარად ის დროს იგებს და დროის ამ მოგებისას ის შემქმნელისადმი სიყვარულს იძენს. ამიტომ წერია: „შემქმნელის მოყვარულნო, გძულდეთ ბოროტება!“. ანუ მხოლოდ უნდა გძულდეთ ბოროტება, ხოლო თვით ბოროტება თავის ადგილას რჩება და მხოლოდ მისდამი სიძულვილია საჭირო.

და ეს გამომდინარეობს ნათქვამიდან: „ბევრად არ დაგიმცირებია იგი ღმერთზე“ (ქართულ ფსალმუნებში წერია „ანგელოზებზე“, მაგრამ ივრითულში წერია „ღმერთზე“) (ფსალმუნი, თავი 8, მუხლი 5). ამიტომ თქვა გველმა: „და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“ (თორა, დაბადება, თავი 3, მუხლი 5). ე.ი. ადამიანი ძალისხმევას ხარჯავს, სურს რომ შემქმნელის მსგავსად გაიგოს უმაღლესი მმართველობის ყველა გზა. და ამაზეა ნათქვამი: „ადამიანის სიამაყეს დაამცირებს“, იმიტომ რომ მას ყველაფრის გაგება თავისი გარე, ამქვეყნიური გონებით სურს და თუ ამას ვერ ახერხებს, თავს დამცირებულად გრძნობს.

საქმე იმაშია, რომ თუ ადამიანში რაიმეს შემეცნების მისწრაფება იღვიძებს, ეს იმის ნიშანია, რომ მან სასურველი უნდა შეიცნოს. და როდესაც ის საკუთარ ცოდნაზე მაღლდება და ყველაფერს გონებაზე ამაღლებული რწმენით იღებს, ეს უაღრეს სიმდაბლედ ითვლება, რომლის მსგავსიც კაცობრიობაში არ არსებობს. გამოდის, რომ, რაც უფრო მეტის გაგება სურს და ამას გონებაზე ამაღლებული რწმენით იღებს, იმდენად უფრო დამცირებულ მდგომარეობაში იმყოფება. 

და ამით გავიგებთ კომენტარს წინადადებაზე „და (კაცი) მოსე ძალიან თავმდაბალი იყო“, თავმდაბალი და მომთმენი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსე უაღრესად იტანჯებოდა საკუთარი სიმდაბლისაგან, ისე – როგორც არავინ სხვა. 

ადამ ჰარიშონ–ი (სიტყვასიტყვით „პირველი ადამიანი“. პირველ ადამიანში იგულისხმება ადამიანთაგან პირველი, რომელშიც სულიერების შეცნობის სურვილმა გაიღვიძა) ცოდვამდე სიცოცხლის ხის ნაყოფს ჭამდა და სრულყოფილებაში იმყოფებოდა, მაგრამ არ შეეძლო, რომ იმ საფეხურს გაცილებოდა, რომელზეც იდგა, ის ხომ საკუთარ მდგომარეობაში ვერანაირ ნაკლს ვერ ხედავდა. ამიტომ მან ვერ შეძლო შემქმნელის წმინდა სახელების შეცნობა. მან კაცობრიობისათვის საშინელი რამ ჩაიდინა – სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფი იგემა. ამ ცოდვის გამო ყველა სინათლეები გაუჩინარდნენ მისგან და იძულებული გახდა, რომ მუშაობა თავიდან დაეწყო.

და ამაზე ნათქვამია, რომ ადამი განდევნილ იქნა ედემის ბაღიდან, რადგან სიცოცხლის ხის ნაყოფი  რომ ეჭამა და უკვდავი გამხდარიყო (აქ იგულისხმება სამყროების შინაგანი ნაწილი), ის სამარადჟამოდ იქ დარჩებოდა, ანუ ისევ სურვილის გარეშე დარჩებოდა და იმისათვის რათა შეეცნო წმინდა სახელები, რომლებიც სიკეთისა და ბოროტების გამოსწორებით ვლინდებიან, ვალდებული იყო, რომ სიბრძნის ხის ნაყოფი ეჭამა.

ეს წააგავს ადამიანს რომელსაც სურს, რომ თავის მეგობარს დიდი, ღვინით სავსე კასრი მისცეს, ხოლო მეგობარს მხოლოდ პატარა ჭიქა გააჩნია. მაშინ რას  აკეთებს მასპინძელი? ის ავსებს მეგობრის პატარა ჭიქას, რომელიც იმას სახლში მიაქვს და იქ ღვრის, რის შემდეგაც ის ისევ მიდის, ისევ ავსებს ჭიქას ღვინით და ისევ ბრუნდება სახლში, ეს მანამ გრძელდება, სანამ ღვინის ყველა კასრს არ მიიღებს. 

და კიდევ ერთი იგავი მაქვს გაგონილი ორი მეგობარის შესახებ, რომელთაგან ერთი – მეფე, მეორე კი - ღარიბ–ღატაკი გახდა. შეიტყო რა ღარიბმა, რომ მისი მეგობარი მეფე გახდა, მისკენ გაემართა და თავის გაჭირვებაზე უამბო. მაშინ მეფემ მას ხაზინადართან წერილი გაატანა, რომელშიაც ბრძანებდა, რომ მისი ღატაკი მეგობრისათვის ნება დაერთოთ ორი საათის განმავლობაში იმდენი ფული გამოეტანა ხაზინიდან რამდენსაც მოისურვებდა. ღარიბი კი ხაზინადართან პატარა ყუთით გამოცხადდა, ხაზინაში შევიდა და ყუთი ფულით აავსო.

და როდესაც ის გამოვიდა, მსახურმა წიხლი ჰკრა ყუთს და მთელი ფული მიწაზე დაიყარა. და ასე მეორდებოდა ყოველ ჯერზე. ღარიბი ტიროდა: „რატომ უკეთებდა ასე მეგობარი?!“ ხოლო ბოლოს კი მსახურმა უთხრა: „მთელი ფული, რომელიც შენ ამ პერიოდის განმავლობაში აიღე, - შენია! შეგიძლია ყველაფერი წაიღო. შენ ხომ არ გაგაჩნდა ჭურჭლები (ქელიმ) იმისათვის, რათა შენთვის საკმარისი ფული აგეღო ხაზინიდან. ამიტომაც იხმარა მან ასეთი ხრიკი.