<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / ძლიერი ხელით და გადმოღვრილი რისხვით

70. ძლიერი ხელით და გადმოღვრილი რისხვით

გაგონილია 5 სივანს (1943 წლის 8 ივნისი)

რატომ  არის დაწერილი: „ძლიერი ხელით და გადმოღვრილი რისხვით გმართავთ მე თქვენ“ (იეხეზკელი (ეზეკიელი) 20:33) მაგრამ ხომ ნათქვამია,  რომ არ არსებობს ძალადობა სულიერებაში? როგორც ნათქვამია: „შენ მე არ მომიხმობდი, იაკობ, რამეთუ ტვირთად გაწექი მე შენ, ისრაელო.“ (ე.ი. თუ ადამიანმა საკუთარი სურვილები გამოასწორა, შემქმნელზე მუშაობა წარმოუდგენლად მძიმედან სასიამოვნოდ და შთამაგონებლად გადაიქცევა. ხოლო თუ არ გამოასწორა, მაშინ „შენ მე არ მომიხმობდი, იაკობ...“  –  ე.ი. ეს არ არის შემქმნელისთვის მუშაობა. (ჰამაგიდ მიდუბნა–ს – დუბნელი მოქადაგის განმარტება). მაგრამ თუ ასეა, მაშინ რას ნიშნავს „ძლიერი ხელით და გადმოღვრილი რისხვით გმართავთ მე თქვენ“?

ადამიანმა, რომელსაც შემქმნელისათვის მუშაობა სურს, რათა მას შეერწყას (თვისებების მსგავსებით) და მის სასახლეში შევიდეს, უნდა იცოდეს, რომ ყველას როდი აძლევენ შესვლის საშუალებას, არამედ ამოწმებენ მას, სხვა სურვილი ხომ არ გააჩნია შერწყმის სურვილის გარდა. და თუ მას ნამდვილად არ აქვს სხვა სურვილი, შესვლის ნებას აძლევენ.

და როგორ ამოწმებენ ადამიანს, რომ მას მხოლოდ ერთი სურვილი გააჩნია? უქმნიან მას წინააღმდეგობებს, ანუ უგზავნიან მას უცხო აზრებს და უცხო წარგზავნილებს, რათა ხელი შეუშალონ, რომ  მან ეს გზა მიატოვოს და იაროს ცხოვრებაში როგორც ყველა სხვამ.

და თუ ადამიანი ყველა მის წინაშე  წარმოქმნილ სიძნელეს უმკლავდება და ნებისმიერ საზღვარსა და წინაღობას გადალახავს, თუ ჩვეულებრივი წინააღმდეგობებით შეუძლებელია მისი გზიდან აცდენა, მაშინ  შემქმნელი მას უწმინდური ძალების მთელ ჯარს უგზავნის. ამ ძალებს ადამიანი შეცდომაში შეჰყავს, რათა მხოლოდ შემქმნელთან შერწყმაზე კი არ იზრუნოს, არამედ რაიმე სხვაზეც. და ამას ჰქვია, რომ შემქმნელი ძლიერი ხელით განაგდებს ადამიანს, რადგან თუ ის „ძლიერ ხელს“ არ გამოიჩენს, ძნელია მისი უკუგდება, იმიტომ რომ მას ძლიერი სურვილი აქვს მხოლოდ შემქმნელს შეერწყას და არაფერს სხვას. 

მაგრამ ვისაც არ გააჩნია დიდი სურვილი, როდესაც შემქმნელს მისი უკუგდება სურს, ის მას უმნიშვნელო შეფერხებებს უგზავნის - მას ძლიერ ვნებას, მისწრაფებას აძლევს მატერიალურის მიმართ. ადამიანი უკვე თავს ანებებს მის სულიერ მუშაობას და საჭირო არ არის, რომ ძლიერი ხელით უკუაგდონ.

მაგრამ თუ ადამიანი წინააღმდეგობებსა და დაბრკოლებებს გადალახავს, მაშინ  ადვილი არაა მისი გზიდან გადაცდენა, არამედ ძლიერი ხელით უნდა უკუაგდონ. და თუ ის შემქმნელის ძლიერ ხელსაც უმკლავდება და არავითარ შემთხვევაში მზად არ არის, რომ სიწმინდის ადგილიდან (შემქმნელის გზიდან) ფეხი მოიცვალოს, არამედ სწორედ შემქმნელთან შერწყმა სურს და გრძნობს, რომ ხელს კრავენ და უკუაგდებენ, მაშინ ადამიანი ამბობს, რომ რისხვა დაატყდა თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას შესვლის ნებას მისცემდნენ. და ადამიანს ეჩვენება, რომ შემქმნელი განრისხებულია მასზე და ამიტომ არ უშვებენ მას მეფის სასახლეში რომ შემქმნელს შეერწყას.

გამოდის, რომ მანამ, სანამ ადამიანი მზად არ არის რომ ფეხი მოიცვალოს და სურს გაარღვიოს საზღვარი და შემქმნელთან შევიდეს, არ შეიძლება ითქვას, რომ მას რისხვა დაატყდა თავს. მხოლოდ  ყველა უკუგდების შემდეგ, თუ ის ფეხს არ იცვლის და ჯიუტად სურს შეერწყას შემქმნელს, როდესაც მის წინაშე შემქმნელის „ძლიერი ხელი და მრისხანება“ გამოვლინდება, მაშინ შესრულდება ნათქვამი: „მე ვიმეფებ თქვენზე“, რამეთუ მხოლოდ უდიდესი ძალისხმევის ფასად გაიხსნება მისთვის შემქმნელის ძალაუფლება და ღირსი გახდება შევიდეს  მის სასახლეში.