56. თორას „მაჩვენებელი“ ეწოდება
გაგონილია ბეშალახის კვირის 1 დღეს
(1941 წლის 2 თებერვალს)
თორას „მაჩვენებელი“ (ივრითულად „იორე“) ეწოდება, სიტყვებისაგან „ძირს ჩამოგდება“ (ივრითულად „იარა იარე“ (შმოთი 19:13)), რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანი თორას სწავლობს, რამდენადაც ცდილობს, რომ გაისარჯოს ამ სწავლაში, იმავე ზომით გრძნობს თავის დაშორებულობას.
ე.ი. მას ჭეშმარიტებას ანახებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი რწმენის ზომას აჩვენებენ, რომელიც ჭეშმარიტების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს. და მისი რწმენის სიმტკიცეზე შენდება მის მიერ თორისა და მცნებების შესრულების მთელი საფუძველი. სწორედ მაშინ ეხილება ადამიანს თვალი იმაზე, რომ მთელი მისი საფუძველი მხოლოდ მისთვის მიცემულ აღზრდაზეა აგებული. ეს აღზრდა ხომ სრულიად საკმარისია მისთვის თორისა და მცნებების მთელი სისრულითა და სიზუსტით შესასრულებლად. და ყოველივეს, რაც აღზრდიდან გამომდინარეობს, ეწოდება „რწმენა ცოდნის ფარგლებში“.
თუმცა ეს გონებას ეწინააღმდეგება. გონება ხომ გვკარნახობს, რომ, რაც უფრო მეტ გარჯას დებს ადამიანი თორაში, მით უფრო ახლოს უნდა იგრძნოს ადამიანმა თავი შემქმნელთან. მაგრამ როგორც ზემოთ ითქვა, თორა ყოველთვის უფრო დიდ ჭეშმარიტებას ანახებს ადამიანს.
თუ ადამიანი ჭეშმრიტებას ეძებს, თორა უფრო აახლოვებს მას ჭეშმარიტებასთან და აჩვენებს მისი რწმენის ზომას შემქმნელისადმი. და ეს იმისათვის, რათა ადამიანს საშუალება ჰქონდეს, რომ შემქმნელს მოწყალება სთხოვოს და ილოცოს, რათა მან ნამდვილად დაიახლოვოს ის, ე.ი. ადამიანი რწმენის ღირსი გახდეს და მაშინ შეძლებს განადიდოს შემქმნელი და მადლობა გადაუხადოს მას იმის გამო, რომ თავისთან დაიახლოვა ის.
მაგრამ თუ ადამიანი ვერ ხედავს, თუ რამდენად დაშორებულია შემქმნელისაგან და ფიქრობს, რომ გამუდმებით უმატებს და წინ მიიწევს, გამოდის, რომ ის თავის ყველა სულიერ შენობას არამყარ საფუძველზე აშენებს და არ გრძნობს ლოცვის საჭიროებას, რათა შემქმნელმა თავისთან დაიახლოვოს ის. გამოდის, რომ მას არ აქვს ძალისხმევის ჩადების საშუალება სრული რწმენის შესაძენად, რამეთუ ადამიანი ძალისხმევას მხოლოდ იმაში სდებს, რაც აკლია.
პირიქითაა მაშინ, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ არ გამხდარა სიმართლის დანახვის ღირსი: რაც მეტად ირჯება ის თორასა და მცნებებში, მით უფრო სრულყოფილად გრძნობს თავს და ვერანაირ ნაკლს ვერ ამჩნევს საკუთარ თავში. ამიტომ მას არ შეუძლია მეტი ძალისხმევა ჩადოს და სთხოვოს შემქმნელს, რომ ჭეშმარიტი რწმენის ღირსი გახადოს, რადგან გამოსწორება მხოლოდ იმას სჭირდება, ვინც ნაკლოვანებებს გრძნობს თავის თავში. მაგრამ თუ ადამიანი ჭეშმარიტად სწავლობს თორას და მცნებებს, მაშინ თორა მას სიმართლეს უჩვენებს. თორას ხომ სასწაულებრივი თვისება (სგულა) გააჩნია, – ის ადამიანს მისი რწმენის ზომასა და ნამდვილ მდგომარეობას აჩვენებს. (რაზეც ნათქვამია: „როდესაც შეიცნობს ის, რომ შესცოდა...“).
და როდესაც ადამიანი თორას სწავლობს, ის თავის ჭეშმარიტ მდგომარეობას ხედავს, - თუ რამდენად შორსაა სულიერებისაგან, და რამდენად მდაბალი ქმნილებაა, რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს მასზე უფრო უარესი ადამიანი. მაშინ ბოროტი საწყისი მასთან სხვა არგუმენტით მოდის და არწმუნებს მას, რომ მისი სხეული (სურვილები) მართლაც ძალიან მახინჯია და არ არსებობს მსოფლიოში მასზე უფრო საშინელი ადამიანი. ის ამას იმისათვის აკეთებს, რომ ადამიანი სასოწარკვეთამდე მიიყვანოს.
ბოროტ საწყისს ეშინია, რომ ადამიანმა გულთან ახლოს არ მიიტანოს ეს მდგომარეობა და მისი გამოსწორება არ მოისურვოს. ამიტომ ის ეთანხმება იმას, რასაც ადამიანი საკუთარი თავის შესახებ ამბობს, რომ ის საშინელია და არწმუნებს ადამიანს, რომ უფრო დიდი ნიჭითა და უკეთესი თვისებებით რომ დაბადებულიყო, შეძლებდა საკუთარ თავში ცოდვილის დამარცხებას, მის გამოსწორებას და შემქმნელთან შერწყმას.
ბოროტი საწყისის ამ არგუმენტებს ადამიანმა უნდა უპასუხოს. რომ ზუსტად ამაზეა ლაპარაკი თალმუდში, მასეხეთ თაანითში, (მე–20 გვერდზე) სადაც წერია, რომ რაბი შიმონ ბარ იოხაის შვილი, რაბი ელიაზარი ბრუნდებოდა შემოღობილი სასახლიდან, მისი რავის სახლიდან („სახლი“- ქლი, „რავი“-სიტყვიდან „დიდი“. ე.ი. ის მაღალი სულიერი მდგომარეობის მიღწევის შემდეგ იყო). მიდიოდა ის სახედარზე ამხედრებული (სახედარი - „ხამორ“, სიტყვიდან „ხომერ“ - მატერია. „ვირზე შემჯდარი სიარული“ - ნიშნავს მთელი თავისი ეგოისტური მატერიის გამოსწორების მიღწევას, მის შემქმნელზე გაცემის განზრახვით გამოყენებას). მიდიოდა ის მდინარის პირას (მდინარე - სიბრძნის სინათლის დინებაა. ნაპირი, „საფა“ სიტყვიდან „საზღვარი, ნაპირი“. ე.ი. რაბი ელიაზარმა სიბრძნის ზღვარს მიაღწია) და დიდიად მოხარული იყო. უხეში აზრის იყო თავის თავზე, რადგან ბევრი ისწავლა თორა. შეხვდა მას ერთი ადამიანი, უკიდურესად მახინჯი (ესე იგი თავისი ნამდვილი თვისებები დაინახა). უთხრა მას: „მშვიდობა შენდა, რებე!“ არ უპასუხა მას სალამით რაბი ელიაზარმა, არამედ თქვა: „რა საშინელია ეს ადამიანი საკუთარ სიმახინჯეში! ნუთუ თქვენს ქალაქში ყველა ასეთივე მახინჯია როგორც შენ?“ უპასუხა მას იმ ადამიანმა: „არ ვიცი. წადი ჩემს შემქმნელთან და უთხარი მას, თუ რაოდენ მახინჯია ის ქლი (ჭურჭელი) რომელიც მან შექმნა“. დაინახა რაბი ელიაზარმა, რომ შესცოდა და ჩამოვიდა სახედრიდან ...“
და ნათქვამიდან გავიგებთ, რომ თორის ბევრი სწავლის შედეგად ის ღირსი გახდა სიმართლე დაენახა, თუ რა მანძილია მასსა და შემქმნელს შორის - ე.ი. რამდენადაა დაშორებული ან დაახლოვებული შემქმნელთან. ამიტომაა ნათქვამი, რომ მისი აზრი საკუთარ თავზე უხეში იყო - ე.ი. მან მთელი სისრულით დაინახა თავისი სიამაყე, ანუ მთელი თავისი ეგოიზმი. და მაშინ ღირსი გახდა რომ სიმართლე დაენახა: რომ თვითონ ის არის ყველაზე უფრო მახინჯი ადამიანი. და როგორ გახდა ის სიმართლის დანახვის ღირსი? იმით, რომ ბევრს სწავლობდა თორას.
მაშინ როგორ შეძლებს ის შემქმნელთან შერწყმას, ის ხომ ასეთი საშინელი (ეგოისტი) ადამიანია? ამიტომ იკითხა, ყველა ადამიანები მასსავით მახინჯები არიან, თუ მხოლოდ ისაა ასეთი მახინჯი. მაგრამ სხვა ადამიანები მახინჯები არ არიან.
პასუხი იყო: „არ ვიცი“. ე.ი. ვერ გრძნობენ და ამიტომ არ იციან. და რატომ ვერ გრძნობენ? პასუხი უბრალოა: იმიტომ, რომ სიმართლის დანახვის ღირსი არ გამხდარან, რადგან მათ აკლიათ თორა, რომელიც სიმართლეს გაუხსნიდა.
ამაზე უპასუხა მას ელიაუმ: „წადი ჩემს შემქმნელთან და უთხარი მას“, რადგან დაინახა, რომ ისეთ მდგომარეობაში ეშვება, რომლიდან ამოსვლასაც ვერ შეძლებს. მოევლინა მას წინასწარმეტყველი ელიაუ და უთხრა „წადი ჩემს შემქმნელთან და უთხარი მას“. რაც იმას ნიშნავს, რომ იმდენად რამდენადაც შემქმნელმა შეგქმნა შენ ასეთი საშინელი, მან ზუსტად იცის, რომ ამ ქელიმით შესაძლებელია მიზნის სრულყოფილი მიღწევა. ამიტომ ნუ ღელავ, წინ გასწიე და წარმატებას მიაღწევ!