<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / მიწის უპირატესობა ყველაფერშია

34. მიწის უპირატესობა ყველაფერშია

 

გაგონილია ტევეთის თვეში (1942 წელს)

 

ცნობილია, რომ არაფერი ვლინდება თავისი ჭეშმარიტი ფორმით, არამედ მხოლოდ თავისი საპირისპიროს მეშვეობით, ისევე „როგორც სინათლის უპირატესობა ვლინდება სიბნელიდან“. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოვლენა თავის საპირისპიროზე მიგვითითებს და სწორედ დაპირისპირების მეშვეობით შეიძლება საპირისპირო ცნების ჭეშმარიტი არსის შეცნობა.

ამიტომ შეუძლებელია რაიმეს მთელი სისრულით შეცნობა, თუ მისი საპირისპირო არ არსებობს. მაგალითად, შეუძლებელია შეაფასო რაიმე როგორც კარგი, თუ არ არსებობს მისი საპირისპირო, რომელიც ცუდზე მიგვითითებს. ისევე, როგორც მწარე და ტკბილი, სიძულვილი და სიყვარული, შიმშილი და სიმაძღრე, წყურვილი და წყურვილის დაოკება, დაშორება და შერწყმა. აქედან გამოდის, რომ შეუძლებელია შერწყმის სიყვარულის მიღწევა მანამ, სანამ დაშორების სიძულვილს არ მივაღწევთ.

 

იმისთვის, რათა ადამიანმა დაშორების სიძულვილის საფეხურს მიაღწიოს, მან ჯერ უნდა გაიგოს, თუ რას ნიშნავს საერთოდ დაშორება და რისგან, ვისგან არის ის დაშორებული. მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მას ამ დაშორების გამოსწორება სურს.

ე.ი. ადამიანი პასუხისმგებელია, რომ გაარკვიოს, თუ ვისგან ან რისგან არის მოშორებული, რის შემდეგადაც მას უკვე შეუძლია, რომ ამ მდგომარეობის გამოსწორებას ეცადოს და შეუერთდეს იმას, ვისაც დაშორებულია. და თუ ადამიანს ესმის, რომ დაახლოება მას სარგებელს მოუტანს, მაშინ მას შეუძლია შეაფასოს, თუ რა ზარალი ელოდება იმ შემთხვევაში, თუ დაშორებული დარჩება. 

 

 მოგება ან ზარალი სიამოვნების ან ტანჯვის შეგრძნების მიხედვით იზომება. ე.ი. ადამიანი ცდილობს მოშორდეს და სიძულვილს განიცდის იმის მიმართ, რაც მას ტანჯვას ჰგვრის. დაშორების ეს მანძილი ადამიანის მიერ განცდილი ტანჯვის ზომაზეა დამოკიდებული. ადამიანის ბუნება ისეთია, რომ ის ტანჯვას გაურბის, ამიტომ ერთი მეორეზეა დამოკიდებული და რამდენადაც უფრო დიდია განცდილი ტანჯვა, მით უფრო მეტად ცდილობს ადამიანი ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რათა მოშორდეს თავისი ტანჯვის მიზეზს. ე.ი, ტანჯვა სიძულვილს იწვევს ტანჯვის გამომწვევი მიზეზის მიმართ, და ადამიანი ამავე ზომით შორდება მას.

 

ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანს უნდა ესმოდეს, თუ რა არის თვისებათა მსგავსება იმისათვის, რათა იცოდეს, თუ რა უნდა გააკეთოს შერწყმის მისაღწევად, რომელსაც თვისებათა მსგავსება ეწოდება. ამის მეშვეობით ის გაიგებს, თუ რა არის თვისებათა სხვაობა და დაშორება.

კაბალისტური წიგნებიდან ცნობილია, რომ შემქმნელი კარგი და კეთილისმყოფელია, ე.ი. მისი მმართველობა ვლინდება ქმნილებების მიმართ როგორც კარგი და კეთილი და ასე ვართ ვალდებული რომ ვირწმუნოთ.

ამიტომ, როდესაც ადამიანი აკვირდება იმას, რაც მის გარემომცველ სამყაროში ხდება, აკვირდება საკუთარ თავს და სხვებს, თუ რაოდენ ტანჯავს მათ განგება იმის ნაცვლად, რომ სიამოვნებას ჰგვრიდეს, როგორც ეს კეთილ და მოწყალე შემქმნელს შეეფერება, ამ მდგომარეობაში მას უჭირს თქვას, რომ უმაღლესი მმართველობის დამოკიდებულება კარგი და კეთილისმყოფელია და რომ მათთვის მხოლოდ სიკეთე მოაქვს.

მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ, რომ იმ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანს არ შეუძლია თქვას, რომ შემქმნელი თავის ქმნილებებს მხოლოდ სიკეთეს უგზავნის, ამ ადამიანს ცოდვილი ეწოდება, რადგან ტანჯვის შეგრძნება აიძულებს მას, რომ დაადანაშაულოს შემქმნელი. და ის მხოლოდ მაშინ ამართლებს მას, როდესაც ხედავს, რომ შემქმნელი მას სიამოვნებას ჰგვრის, როგორც ნათქვამია: „ცადიკი – მართალი არის ის, ვინც შემქმნელს ამართლებს“, ე.ი. ამბობს, რომ შემქმნელი სამყაროს სამართლიანად მართავს.

გამოდის, რომ ტანჯვის შეგრძნება ადამიანს შემქმნელისაგან აშორებს, რადგან ბუნებრივია, რომ ადამიანმა შეიძულოს ის, ვინც მას ტანჯვას აყენებს. გამოდის, რომ შემქმნელის სიყვარულის ნაცვლად ის პირიქით, მისი მოძულე ხდება.

მაგრამ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ შემქმნელის სიყვარულს მიაღწიოს? ამისთვის მოცემული გვაქვს „სასწაულებრივი საშუალება“ (სგულა) – თორა და მცნებები (კაბალა), რამეთუ სინათლე, რომელიც მასშია, ადამიანს შემქმნელთან აბრუნებს. თორაში არსებული სინათლე ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, რომ იგრძნოს შემქმნელისაგან დაშორებული მდგომარეობის მთელი სიმძიმე, საშიშროება. და ნელ-ნელა, თუ ადამიანი თორის სინათლის შეძენისაკენ მიისწრაფვის, მასში შემქმნელისაგან დაშორების სიძულვილი ჩნდება. ე.ი. ის იწყებს იმ მიზეზის შეგრძნებას, რომელიც მას და მის სულს შემქმნელისაგან წყვეტს და აშორებს.

ე.ი. ადამიანს უნდა სწამდეს, რომ შემქმნელის მმართველობა კეთილი და მოწყალეა, ადამიანი კი საკუთარი თავის სიყვარულშია ჩაფლული, რაც მასში თვისებათა სხვაობას იწვევს შემქმნელის მიმართ და ეს იმისთვის, რათა გაცემის განზრახვა შეიძინოს, რასაც თვისებათა მსგავსება ეწოდება. მხოლოდ ასეთი სახით შეუძლია მას სიკეთისა და სიამოვნების მიღება. მაგრამ რამდენადაც ადამიანს არ შეუძლია შემქმნელის მიერ ბოძებული სიკეთისა და სიამოვნების მიღება, ეს მასში შემქმნელისაგან მოშორების სიძულვილს იწვევს.

 

მაშინ მას შესაძლებლობა აქვს გააცნობიეროს თვისებათა მსგავსების უზარმაზარი სარგებელი და ადამიანი იწყებს შემქმნელთან შერწყმისკენ მისწრაფებას. გამოდის, რომ ყველა ფორმა თავის საპირისპირო, მეორე ფორმაზე მიუთითებს და ამიტომ ყველა დაცემა, რომელსაც ადამიანი განიცდის, როდესაც ის შემქმნელს შორდება, აძლევს მას შანსს, რომ ურთიერთსაპირისპირო მდგომარეობები განასხვავოს.

ე.ი. დაცემებიდან ადამიანმა უნდა გაიგოს ამაღლების სარგებელი. სხვაგვარად მას შესაძლებლობა არ ექნება დააფასოს ის, რომ ზემოდან იახლოვებენ და ამაღლებებს აძლევენ და ვერ შეძლებს ის ამ მნიშვნელოვნების აღქმას. ეს ჰგავს ადამიანს, რომელსაც საჭმელს აძლევენ, მაგრამ არასოდეს განუცდია შიმშილის შეგრძნება. გამოდის, რომ ადამიანის მიერ განცდილი დაცემები, ანუ დაცილების პერიოდები მას საშუალებას აძლევენ, რომ ამაღლებების დროს დაახლოვების მნიშვნელოვნება იგრძნოს, ხოლო ამაღლებები კი მასში შემქმნელისაგან დაშორების მომტანი დაცემების სიძულვილს იწვევენ.

 

ე.ი. მას არ შეუძლია შეაფასოს დაცემების მთელი ნეგატიურობა, რადგან ადამიანი ცუდად იხსენიებს უმაღლეს მმართველობას და ვერც კი გრძნობს, თუ ვიზე ლაპარაკობს ასე უარყოფითად. დაე იცოდეს, რომ მან უნდა გამოასწოროს ეს დიდი ცოდვა, ანუ ის რომ ბოროტად იხსენიებს შემქმნელს და დაუბრუნდეს მას.

 

გამოდის, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანს ეს ორი ფორმა გააჩნია, მას შეუძლია შეაფასოს მანძილი ამ ორს შორის, როგორც ნათქვამია: „სინათლის უპირატესობა სიბნელიდან ვლინდება“. და მხოლოდ მაშინ ძალუძს შემქმნელთან შერწყმის სათანადო დაფასება, რომლის მეშვეობითაც შეუძლია მიიღოს ის სიკეთე და სიამოვნება, რომელიც ჩადებულია შექმნის ჩანაფიქრში – სიამოვნება მიანიჭოს ქმნილებებს.

 

და ყველაფერს, რაც ჩვენ თვალწინ წარმოგვიდგება, შემქმნელისაგან ვიღებთ იმისათვის, რათა ყოველივე ისე აღვიქვათ, როგორც აღვიქვამთ, რადგან ეს არის შექმნის მიზნის სრულყოფილების მიღწევის გზები.

 

მაგრამ შემქმნელთან შერწყმის მიღწევა არც თუ ისე იოლია და დიდი ძალისხმევისა და გარჯის ჩადებაა საჭირო იმისათვის, რათა სიკეთისა და სიამოვნების შეგრძნების ღირსი გახდნენ. მანამდე კი ადამიანი ვალდებულია გაამართლოს უმაღლესი მმართველობა და ირწმუნოს გონებაზე ამაღლებული რწმენით, რომ შემქმნელი კეთილი და მოწყალეა ქმნილებების მიმართ და თქვას: „თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ესმით“.

ნათქვამია ბრძენების მიერ: „მოვიდა ხავაკუკი და ერთი პრინციპი დაადგინა: ცადიკი – მართალი თავისი რწმენით იცხოვრებს“. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი წვრილმანებით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ მთელ თავის ძალისხმევას ერთ წერტილში უნდა გაუკეთოს კონცენტრაცია, რომ შემქმნელის რწმენა შეიძინოს. და ამისათვის ლოცვა უნდა აღავლინოს, დახმარება სთხოვოს შემქმნელს, რომ ცოდნაზე ამაღლებული რწმენის გზით სვლა შეძლოს. რწმენას სასწაულებრივი თვისება გააჩნია, – მისი მეშვეობით ადამიანი დაშორების მიმართ სიძულვილს აღწევს. ე.ი. რწმენა ირიბად ადამიანში შემქმნელისაგან მოშორების მიმართ სიძულვილს იწვევს.

 

ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი სხვაობაა რწმენასა და ნათელ ცოდნას შორის.

 

რადგან, როდესაც ადამიანს ხედვა და ცოდნა ეძლევა, როდესაც მას გონება ავალდებულებს და აჩვენებს, რომ რაიმეს გაკეთება ღირს, მაშინ გადაწყვეტილების ერთხელ მიღება უკვე საკმარისია იმისათვის, რათა მან ამ გადაწყვეტილებისამებრ იმოქმედოს. გონება ხომ თან ახლავს მის ნებისმიერ მოქმედებას, რათა ადამიანმა ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც მას გონება კარნახობს და აძლევს მას იმის ნათელ შეგრძნებას, რომ სწორედ ისე უნდა გადაწყვიტოს, როგორც ამას გონება ავალდებულებს.

ხოლო რწმენა ძალდატანებით თანხმობას წარმოადგენს, ანუ ადამიანი თავის გონებას უნდა გაუმკლავდეს და თქვას, რომ აუცილებელია ისე იმოქმედოს, როგორც მას ცოდნაზე ამაღლებული რწმენა ავალდებულებს. ამიტომ ცოდნაზე ამაღლებული რწმენა მხოლოდ მოქმედების დროსაა ეფექტური, ე.ი. როდესაც სწამს. და მხოლოდ მაშინ შეუძლია ცოდნაზე ამაღლებულ მუშაობაში გაისარჯოს. მაგრამ, როდესაც ის ერთი წამითაც კი ანებებს თავს რწმენას, ანუ წამიერად სუსტდება თავის რწმენაში, მყისვე წყვეტს თორის შესწავლასა და სულიერ მუშაობას და ვეღარ შველის მას მის მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილება, საკუთარ თავზე აეღო ცოდნაზე ამაღლებული რწმენა.

 

მაგრამ თუ საკუთარ გონებაში გადაწყვიტა, რომ რაღაც ვნებს და საშიშროებას უქმნის მის სიცოცხლეს, მაშინ საჭირო არაა, რომ ისევ და ისევ დაუბრუნდეს თავის გადაწყვეტილებას და დაარწმუნოს საკუთარი თავი, თუ რატომაა რაიმე მისთვის მავნე და საშიში, არამედ საკმარისია, რომ ერთხელ შეიგნოს და ასპროცენტიანად გააცნობიეროს ეს გონებაში, რის შემდეგაც ის იძულებულია ისე იმოქმედოს, როგორც მას გონება კარნახობს, რომელიც ადგენს, თუ რა არის კარგი და რა – ცუდი. ასე რომ ადამიანი უკვე წარსულში მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედებს.

აქედან ვხედავთ, თუ რა განსხვავებაა იმას შორის, რასაც გონება გვავალდებულებს და იმას შორის, რასაც მხოლოდ რწმენა გვავალდებულებს. და რა არის იმის მიზეზი, რომ რწმენაზე დაფუძნებისას ადამიანი ვალდებულია, რომ მუდმივად ახსოვდეს რწმენის ფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღწეული საფეხურიდან ეცემა და ცოდვილის მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს მდგომარეობები, როდესაც ადამიანი თავისი საფეხურიდან ეცემა, შესაძლოა დღეში ბევრჯერ განმეორდეს, რადგან შეუძლებელია, რომ მთელი დღის განმავლობაში წამიერად მაინც არ შეწყდეს მასში ცოდნაზე ამაღლებული რწმენა.

 

და უნდა ვიცოდეთ, რომ რწმენის დავიწყების მიზეზი იმაშია, რომ ის ცოდნასა და გონებაზე ამაღლებულია და სხეულის ყველა სურვილს ეწინაღმდეგება. და რადგან სხეულის სურვილები ადამიანის ბუნებიდან–მიღების სურვილიდან გამომდინარეობენ და აღბეჭდილი არიან მის გულსა და გონებაში, ამიტომ სხეული გამუდმებით საკუთარი ბუნებისაკენ ექაჩება, მიიზიდავს ადამიანს. და მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი თავისი რწმენის ერთგული რჩება, ეს რწმენა მას ძალას აძლევს, რათა სხეულის სურვილებისაგან თავი დაიხსნას და ცოდნის ზემოთ, ანუ სხეულის გონების წინააღმდეგ იმოქმედოს.

 

ამიტომ მანამ, სანამ ადამიანი გაცემის „შერწყმა“–დ წოდებული ქელიმის–ჭურჭლების ღირსი არ გახდება, შეუძლებელია, რომ ის რწმენაში მუდმივად იმყოფებოდეს. და როდესაც მას რწმენის სინათლე არ უნათებს, მაშინ ის ხედავს, რომ ისეთ უბადრუკ მდგომარეობაში იმყოფება, რომელზე უარესიც არ არსებობს. ყოველივე ეს შემქმნელთან თვისებათა სხვაობის, საკუთარი თავისათვის მიღების სურვილის შედეგია. და შემქმნელიდან ეს დაშორება იწვევს ადამიანში ტანჯვის შეგრძნებას, ანგრევს ყველაფერს, რასაც ადამიანი აშენებს და წყალში ყრის მის ყველა ძალისხმევას.

 

და ის ხედავს, როგორც კი რწმენას კარგავს, მყისვე იმაზე უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე გაცემის განზრახვით მუშაობის დაწყებამდე იყო. ამის შედეგად ადამიანში ჩნდება სიძულვილი შემქმნელისაგან დაშორების მიმართ, რადგან დაუყონებლივ იწყებს როგორც პირადი, ასევე მთელი მსოფლიოს ტანჯვის შეგრძნებას და არ შეუძლია გაამართლოს შემქმნელის დამოკიდებულება ქმნილებების მიმართ და თქვას, რომ მისი მმართველობა კეთილი და მოწყალეა. და მაშინ გრძნობს, რომ მთელი სამყარო ჩამობნელდა მისთვის და აღარაფერი გვრის სიხარულს.

 

ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც ის იწყებს მმართველობის შესახებ საკუთარი ბოროტი ენით ნათქვამის, თავისი უარყოფითი აზრების გამოსწორებას, მასში ჩნდება სიძულვილი შემქმნელისაგან დაშორების მიმართ, ხოლო ამ დაშორების მიმართ სიძულვილის გრძნობას ის მიჰყავს შემქმნელთან სიახლოვის, შერწყმის სიყვარულამდე. ე.ი. რამდენადაც დიდ ტანჯვას განიცდის დაშორებისას, იმდენად უახლოვდება ადამიანი შემქმნელთან შერწყმას. როგორც ზემოთ ითქვა, რა ზომითაც გრძნობს ის სიბნელეს, ანუ ბოროტებას, იმ ზომით აღწევს შერწყმას, ანუ სიკეთეს. და მან უკვე იცის, თუ როგორ დააფასოს შემქმნელთან თუნდაც მცირე სიახლოვის მდგომარეობა.

აქედან შეგვიძლია გავიგოთ, რომ ამქვეყნად არსებული ყველა ტანჯვა, არის მხოლოდ მომზადება ჭეშმარიტი ტანჯვისათვის, რომელსაც ადამიანმა უნდა მიაღწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ შეძლებს თუნდაც ყველაზე მცირე სულიერი საფეხურის მიღწევას, რადგან არ არსებობს სინათლე ქლის–ჭურჭლის გარეშე. და ჭეშმარიტი ტანჯვა ეწოდება იმას, რომ ის ბოროტად იხსენიებს, ადანაშაულებს უმაღლეს მართვას. და სწორედ ამაზე ლოცულობს, რომ ცუდად არ მოიხსენიოს შემქმნელის მმართველობა.

მხოლოდ ამ ტანჯვას აქცევს ყურადღებას შემქმნელი და ამას ჰქვია „შემქმნელს ესმის ყოველის ლოცვა“ (სიტყვასიტყვით ყოველი პირის ლოცვა). მიზეზი კი იმისა, რომ შემქმნელი მხოლოდ ამ ტანჯვაზე პასუხობს, ის არის, რომ ადამიანი არ ითხოვს დახმარებას საკუთრი ეგოისტური სურვილების დასაკმაყოფილებლად, რადგან შემქმნელს რომ მისთვის სასურველი მიეცა, ეს კიდევ უფრო დააშორებდა ადამიანს შემქმნელისაგან თვისებათა სხვაობის გამო.

 

არამედ პირიქით, ადამიანი ითხოვს რწმენას, რათა შემქმნელმა მას ეგოიზმის გასამკლავებელი ძალა მისცეს, რომ შემქმნელის მსგავსი თვისებები შეიძინოს. რადგან ის ხედავს, რომ მუდმივი რწმენის უქონლობისას, ანუ როდესაც რწმენის სინათლე მას არ უნათებს, ადამიანს ეჭვები ებადება შემქმნელის მართვასთან დაკავშირებით და ის ცოდვილი ხდება, რადგან ადანაშაულებს შემქმნელს.

 

გამოდის, რომ ადამიანის მთელი ტანჯვა მისი ბოროტი ენის და უარყოფითი დამოკიდებულების შედეგია უმაღლესი მართვის მიმართ. მაშასადამე მას ტკივილს აყენებს ის, რომ იმის ნაცვლად რომ ხოტბა შეასხას შემქმნელს და თქვას: „კურთხეული იყოს შემქმნელი, რომელმაც თავისი დიდებისათვის შეგვქმნა“, ანუ იმის ნაცვლად, რომ ქმნილებები პატივს სცემდნენ შემქმნელს, ის ხედავს, რომ სამყაროს მართვა არ განადიდებს შემქმნელს, რადგან თითოეულს უამრავი პრეტენზია და საჩივარი გააჩნია. მათი აზრით განგება ცხადი, გამოვლინებული უნდა იყოს რათა დაინახონ, რომ შემქმნელი სამყაროს სიკეთითა და მოწყალებით მართავს. ხოლო რამდენადაც უმაღლესი მართვა გამოვლენილი არაა ქმნილებებისათვის, ისინი ამბობენ, რომ ასეთი მართვა არ განადიდებს შემქმნელს და სწორედ ეს იწვევს ტკივილს ადამიანში.

გამოდის, რომ ტანჯვა, რომელსაც ადამიანი განიცდის, აიძულებს მას, რომ ცუდად მოიხსენიოს, დაადანაშაულოს შემქმნელი. ამიტომ თხოვს, რომ რწმენის ძალა მისცეს მას, რათა შეიცნოს, რომ შემქმნელი კეთილია და სიკეთის მქმნელი და ეს იმიტომ კი არა, რომ ამ კარგის მიღება მას საკუთარი სიამოვნებისათვის სურს, არამედ იმისათვის, რათა არ დაგმოს შემქმნელის მმართველობა, რაც მასში ტანჯვას იწვევს.

 

ე.ი. ადამიანს თავის მხრივ სურს, რომ ცოდნაზე ამაღლებული რწმენით სწამდეს, რომ შემქმნელი სამყაროს სიკეთითა და მოწყალებით მართავს. მას სურს, რომ მისი რწმენა სრულ და ცხად შეგრძნებას იწვევდეს მასში, ისე, თითქოს ის ცოდნის ფარგლებში იმყოფება.

ამიტომ, როდესაც ადამიანი თორითა და მცნებებით არის დაკავებული და სურს, რომ შემქმნელის სინათლე მოიზიდოს, ეს იმიტომ კი არა, რომ სურს საკუთარ თავს სიამოვნება მიანიჭოს, არამედ იმიტომ, რომ მისთვის აუტანელია ის მდგომარეობა, როდესაც შემქმნელის მართვის გამართლება არ შეუძლია. არ შეუძლია თქვას, რომ ის კეთილი და მოწყალეა. ეს ადამიანში ტანჯვას იწვევს, რადგან ის შეურაცხჰყოფს შემქმნელის სახელს. მას ხომ კეთილი და სიკეთის მქმნელი ეწოდება, მისი სხეული (მისი ეგოისტური სურვილები) კი ადამიანს საპირისპიროში არწმუნებს. ეს არის მისი ყველა ტანჯვის მიზეზი, რადგან, როდესაც ადამიანი მოშორებულია შემქმნელს, მას არ შეუძლია უმაღლესი მართვის გამართლება. და ამას ჰქვია, რომ ადამიანისათვის საძულველია შემქმნელისაგან მოშორების მდგომარეობა.

 

და როდესაც ადამიანში ასეთი ტანჯვა ჩნდება, შემქმნელს ესმის მისი ლოცვა (მიმართვა გულში) და თავისკენ იახლოვებს. მაშინ ადამიანი შემქმნელთან შერწყმის ღირსი ხდება, რადგან ტანჯვა, რომელსაც ის შემქმნელისგან მოშორების გამო განიცდის, შემქმნელთან აახლოვებს მას.

 

ასეთ მდგომარეობაზე ნათქვამია: „სინათლის უპირატესობა სიბნელიდან ვლინდება“ და ასევე: „მიწის უპირატესობა ყველაფერშია“. „მიწა“, ანუ ქმნილება „ყველაფერშია“ და იმ „უპირატესობის“ მეშვეობით, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს დაინახოს სხვაობა დაშორებისა და სიახლოვის მდგომარეობებს შორის, ადამიანი ღირსი ხდება, რომ „ყველაფერს“ შეერწყას, შემქმნელი ხომ ყველაფრის ფესვია.