<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / რას ნიშნავს „სხვა ღმერთები“ მუშაობაში

15. რას ნიშნავს „სხვა ღმერთები“ მუშაობაში

გაგონილია 24 ავის თვეს (1945 წლის 3 აგვისტოს)

დაწერილია: „არ შექმნა სხვა ღმერთები ჩემს წინაშე“ და ზოჰარი გვიხსნის, რომ მის ასაწონად ქვებია საჭირო. 

და ამაზე იკითხა: „როგორ წონიან მუშაობას ქვების დახმარებით, რათა ამის მეშვეობით შეიტყონ საკუთარი მდგომარეობა შემქმნელის გზაზე?“ და უპასუხა: „ცნობილია, რომ, როდესაც ადამიანი ჩვეულზე უფრო მეტად მუშაობს, მაშინ მისი სხეული წიხლების კვრას, ურჩობას იწყებს და მთელი ძალით ეწინააღმდეგება ამ მუშაობას, რამდენადაც გაცემა სხეულისათვის უღელი და მძიმე ტვირთია, და მას არ შეუძლია ამ სამუშაოს ატანა. სხეულის წინააღმდეგობა ადამიანში უცხო აზრების ფორმით ვლინდება და ის იწყებს ცნობილი კითხვის დასმას: „ვინ და რა?“ (ვინ არის შემქმნელი, რომ მისი ხმა ვისმინო? რა სარგებლობა მოაქვს თქვენთვის ამ მუშაობას?) ამ კითხვების შესახებ ადამიანი ამბობს, რომ რა თქმა უნდა, მათ ბოროტი საწყისი (სიტრა ახრა) უგზავნის, რათა მუშაობაში ხელი შეუშალოს.

და თქვა, რომ თუ ადამიანი ამბობს, რომ ისინი ბოროტი საწყისიდან მოდიან, მაშინ ის არღვევს დაწერილს: „არ შექმნა სხვა ღმერთები ჩემს წინაშე“.

ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს უნდა სწამდეს, რომ ეს კითხვები მასთან წმინდა შხინა–დან მოდის, რადგან „არავინ არ არის მის გარდა“, არამედ წმინდა შხინა ადამიანს მის ჭეშმარიტ მდგომარეობას აჩვენებს, თუ როგორ მიდის ის შემქმნელის გზაზე. ესე იგი ამ უცხო აზრების გამოგზავნის მეშვეობით შხინა ხედავს, თუ როგორ პასუხობს ის ამ კითხვებს, რომლებიც უცხო აზრებად ითვლებიან. და ადამიანმა უნდა იცოდეს ეს ყველაფერი და ხედავდეს მის ჭეშმარიტ მდგომარეობას მუშაობაში იმისათვის, რათა იცოდეს თუ რა გააკეთოს. 

და ეს ჰგავს იგავს ადამიანის შესახებ, რომელსაც სურს გაიგოს, თუ რამდენად უყვარს ის მეგობარს. რა თქმა უნდა, პირისპირ მეგობარი ფარავს თავის თავს სირცხვილის გამო, ამიტომ ადამიანი ისეთ ვინმეს მიუგზავნის მას, ვინც მას ბოროტად მოიხსენიებს მეგობრის წინაშე, თავად კი უყურებს მის რეაქციას შორიდან და მაშინ ადამიანს შეუძლია სიმართლე შეიტყოს, თუ რამდენად ძლიერია მეგობრის სიყვარული მის მიმართ. 

და მორალი იმაშია, რომ როდესაც წმინდა შხინა ადამიანს თავის სახეს უჩვენებს, ე.ი. შემქმნელი ადამიანს სასიცოცხლო ძალას და სიხარულს აძლევს, ასეთ მდგომარეობაში ადამიანს ერიდება თქვას, თუ რას ფიქრობს ის იმის შესახებ, რომ გაცემის განზრახვით იმუშაოს და საკუთარი თავისათვის არაფერი მიიღოს. ხოლო მაშინ, როდესაც არ არის მისი სახის წინაშე, ანუ როცა სასიცოცხლო ძალა და სიხარული ნელდება, ამას ეწოდება, რომ „არ არის მის წინაშე“. მაშინ ადამიანს შეუძლია დაინახოს თავისი ჭეშმარიტი მდგომარეობა გაცემის თვალსაზრისიდან გამომდინარე, ხოლო თუ ადამიანს სწამს, რომ „არავინ არ არის მის გარდა“, როგორც დაწერილია, და რომ ყველა უცხო აზრს შემქმნელი უგზავნის, ანუ მხოლოდ ის მოქმედებს, მაშინ, რა თქმა უნდა, უკვე იცის, რა გააკეთოს და როგორ გასცეს პასუხი ამ რთულ კითხვებს. და ეს იმას ჰგავს, თითქოს შხინა მას ელჩებს უგზავნის, რათა დაინახოს, თუ როგორ ბოროტად მოიხსენიებს ადამიანი მას, მის ზეციურ მმართველობას. ასე შეიძლება ამის ახსნა. 

და ადამიანს შეუძლია გაიგოს, რომ ყველაფერი შემქმნელისაგან მოდის, რადგან ცნობილია, რომ ეს უცხო აზრები, რომლითაც სხეული ადამიანს დარტყმებს აყენებს, მასთან მაშინ არ მოდის, როდესაც ის მუშაობით არაა დაკავებული. ეს დარტყმები (დამთრგუნველი აზრები) ადამიანში იმდენად ნათლად შეიგრძნობა, რომ მას ტვინს უჭყლეტენ. ისინი მას მაშინ ეწვევიან, როდესაც ის თორასა და მუშაობაში ჩვეულებრივზე უფრო დიდ გარჯას გასწევს.

და ამას ეწოდება „მისი ასაწონი ქვები“. ანუ ეს ქვები (ივრითულად „ავანიმ“) – კითხვები, რომლის გაგებასაც (ივრითულდ „ლეჰავინ“) ის ცდილობს, მის თავში მაშინ ვარდებიან (ჩნდებიან), როდესაც მას თავისი მუშაობის მიზნის შეფასება სურს. როდესაც ცდილობს გაიგოს, მართლა ღირს თუ არა გაცემის განზრახვით, მთელი სულით და გულით მუშაობა, ისე, რომ მისი ყველა მისწრაფება და იმედი, იმაში მდგომარეობდეს, რომ ყოველივე, რასაც ამქვეყნად შეიძენს, შემქმნელისათვის სიამოვნების მინიჭებას ემსახურებოდეს და არა რაიმე მატერიალურს.

 

და მაშინ იწყება ცხარე კამათი, როდესაც ადამიანი ხედავს, რომ ხან ერთ მხარეს გააჩნია უპირტესობა და ხან მეორეს. ამაზე გვაფრთხილებს ნათქვამი: „არ შექმნა სხვა ღმერთები ჩემი სახის წინაშე“, რათა არ თქვათ, რომ სხვა ღმერთებმა მოგცეს ქვები თქვენი მუშობის ასაწონად, არამედ „ჩემი სახის წინაშე“. ანუ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის „ჩემი სახე“ და ეს იმისთვის, რომ ადამიანმა დაინახოს საფუძვლის და ფუნდამენტის ჭეშმარიტი ფორმა, რომელზედაც მუშაობის შენობა იგება. 

ძირითადი სირთულე მუშაობაში იქედან გამომდინარეობს, რომ ეს ორი დაწერილი ერთიმეორეს გამორიცხავს.

  1. ერთი მხრივ ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ მთელი მისი მუშაობა შემქმნელთან შერწყმისაკენ იყოს მიმართული, რათა მისი ყველა სურვილი მხოლოდ და მხოლოდ შემქმნელისათვის სიამოვნების მინიჭებას ემსახურებოდეს და არაფერი სურდეს საკუთარი თავის სასარგებლოდ.

  1. მეორე მხრივ კი ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ არის მთავარი მიზანი, რადგან შექმნის მიზანი ის არ იყო, რომ ქმნილებებს შემქმნელზე გაეცათ, მას ხომ არაფერი აკლია და არ სჭირდება, რომ ქმნილებებმა რაიმე მისცენ, არამედ პირიქით, შექმნის მიზანი იყო შემქმნელის სურვილი, რომ სიკეთე ეყო ქმნილებებისათვის, ანუ ის რომ ქმნილებებს შემქმნელისაგან სიკეთე და სიამოვნება მიეღოთ.

და ეს ორი რამ ერთმანეთის გამომრიცხავი, საპირისპიროა, როგორც ორი პოლუსი (კიდიდან კიდემდე). ერთი მხრივ ხომ, ადამიანმა უნდა გასცეს, მეორე მხრივ კი - მიიღოს. მაშასადამე არსებობს ქმნილების გამოსწორება, რაც შერწყმის – თვისებათა მსგავსების მიღწევას ნიშნავს, რომ მის ყველა მოქმედებას მხოლოდ გაცემის განზრახვა გააჩნდეს. ამის შემდეგ კი მას შეუძლია შექმნის მიზანს მიაღწიოს, რაც შემქმნელისაგან სიკეთის და სიამოვნების მიღებას ნიშნავს.

ამიტომ, როდესაც ადამიანი თავის თავს გაცემის გზით სვლას აჩვევს, მაშინ თავისთავად არ გააჩნია მიღების ქელიმი – ჭურჭლები, ხოლო როდესაც მიღების გზით მიდის, გაცემის ქელიმი – ჭურჭლები არ გააჩნია. ამიტომ „მისი ასაწონი ქვები“–ს მეშვეობით ის ორივეს შეიძენს ერთად. მას შემდეგ რაც ადამიანი მუშაობისას წარმოქმნილ პრეტენზიებს და უთანხმოებას უმკლავდება, ის თავის თავზე ზეციურ მმართველობას იღებს და გაცემის თვისებას იძენს გულსა და გონებაში, რაც იმას იწვევს, რომ უმაღლესი ბარაქის მოზიდვისას მას უკვე მყარი საფუძველი გააჩნია იმისათვის, რათა ყველაფერი გაცემის განზრახვით გააკეთოს. ამიტომ, თუნდაც რაიმე ნათების მიღების დროს, ის მას უკვე გაცემის განზრახვით იღებს.

და ეს იმიტომ, რომ მისი მუშაობის მთელი საფუძველი მხოლოდ გაცემის თვისებაზე იგება და ამას გაცემის განზრახვით მიღება ეწოდება.