<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / როგორი უნდა იყოს მასწავლებლის (რავის) რწმენა

40. როგორი უნდა იყოს მასწავლებლის (რავის) რწმენა

 

გაგონილია 1943 წელს

 

ცნობილია, რომ ორი გზა არსებობს: მარჯვენა და მარცხენა. მარჯვენა წარმოდგება სიტყვისაგან „ჰეიმინ“–„მარჯვნივ მოუხვია“ (სიტყვა „ჰეიმინ“ ისევე ჟღერს როგორც სიტყვა „ემუნა“ - რწმენა). „და ირწმუნა შემქმნელის“ (ჰეემინ) იხსნება როგორც „მარჯვნივ მოუხვია“ (ჰეიმინ). როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს ურჩევს, რომ მარჯვენა გზით იაროს, სადაც „მარჯვენა“ სრულყოფილს ნიშნავს, ხოლო მარცხენა - არასრულყოფილს, ანუ გამოუსწორებელს, მაშინ მოსწავლემ უნდა დაუჯეროს თავის მასწავლებელს (რავს), რომელიც ეუბნება, რომ მარჯვენა, სრულყოფილების გზით იაროს.

 

სრულყოფილება, რომელსაც მოსწავლემ უნდა მიაღწიოს, ეწოდება ისეთ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი საკუთარ წარმოსახვაში ხატავს სურათს, თითქოს ის უკვე შემქმნელის სრული რწმენის ღირსი გახდა და (თავისი სხეულის ნაწილებში–სურვილებში) გრძნობს, რომ შემქმნელი სამყაროს სიკეთით და მოწყალებით მართავს, ე.ი. ყველა არსება ამქვეყნად მისგან მხოლოდ სიკეთეს იღებს.

 

მაგრამ როდესაც ადამიანი საკუთარ თავს უყურებს, ის ხედავს, რომ შიშველი და არაფრის მქონეა, ხოლო როდესაც მსოფლიოს უყურებს, ხედავს, რომ მთელი მსოფლიო იტანჯება, – ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. ამაზე მან უნდა თქვას: „თვალები აქვთ მათ და ვერ ხედავენ“. ე.ი. სანამ ადამიანი „მრავალთა“ ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, რასაც „მათ“ ეწოდება, ის ვერ ხედავს სიმართლეს. ხოლო „მრავალთა“ ძალაუფლება ადამიანის ისეთ მდგომარეობას ეწოდება, როდესაც მას ორი სურვილი მართავს, – მას სწამს, რომ მთელი სამყარო შემქმნელს ეკუთვნის, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ფიქრობს, რომ არსებობს რაღაც, რაც ადამიანსაც ეკუთვნის.

 

ხოლო სინამდვლეში ადამიანმა საკუთარი ძალაუფლება უნდა გააუქმოს შემქმნელის ძალაუფლების წინაშე და თქვას, რომ ადამიანს არ სურს საკუთარი თავისთვის იცხოვროს, ხოლო მისი არსებობის მთელი მიზანი შემქმნელისათვის სიამოვნების მინიჭებაა. ამ გზით ის აბსოლუტურად აუქმებს საკუთარ ძალაუფლებას და „ერთის“ – შემქმნელის ძალაუფლების ქვეშ ექცევა. და მხოლოდ მაშინ შეუძლია ჭეშმარიტების დანახვა, რომ შემქმნელი სამყაროს სიკეთითა და მოწყალებით მართავს.

 

მაგრამ სანამ ადამიანი მრავალთა ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, ე.ი. მას ორი სურვილი გააჩნია გულსა და გონებაში, მანამდე მას შესაძლებლობა არ აქვს სიმართლე დაინახოს. გამოსავალი იმაშია, რომ ცოდნაზე ამაღლებული რწმენით იაროს და თქვას: „თვალები აქვთ, მაგრამ ვერ დაინახავენ ჭეშმარიტებას“. ნათქვამიდან გამოდის, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს უყურებს, მას ისიც კი არ შეუძლია იცოდეს, თუ რომელ მდგომარეობაში იმყოფება: დაცემაში თუ ამაღლებაში. მაგალითად, მას ეჩვენება, რომ დღეს ის დაცემაშია, მაგრამ ესეც არასწორია. სწორედ ამ დროს ის შეიძლება ამაღლების მდგომარეობაში იმყოფებოდეს, რადგან თავის ჭეშმარიტ მდგომარეობას ხედავს, ე.ი. ესმის, თუ რამდენად დაშორებულია შემქმნელისაგან და გამოდის, რომ ახლა ის ჭეშმარიტებას უახლოვდება. და პირიქით, როდესაც ის საკუთარ თავს ამაღლების მდგომარეობაში გრძნობს, სინამდვილეში ის საკუთარი თავისთვის მიღების სურვილის ძალაუფლების ქვეშ, ე.ი. დაცემაში იმყოფება.

და მხოლოდ მას, ვინც ერთის–შემქმნელის ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, შეუძლია განასხვავოს სიმართლე ტყუილისაგან. ამიტომ ადამიანი უნდა ენდოს უმაღლესის (რავის) აზრს და დაიჯეროს მისი ნათქვამი, ე.ი. მრავალი ეჭვის მიუხედავად ისე მოიქცეს, როგორც მას მასწავლებელი კარნახობს.

 

ადამიანი უნდა ენდოს მასწავლებლის აზრს და თქვას, რომ სანამ მრავალთა ძალაუფლების ქვეშ იმყოფება, მას არ შეუძლია სიმართლის გაგება და მისი სხვა წიგნებში დანახვა. როგორც ცნობილია, სანამ ადამიანი სიმართლის გახსნის ღირსი ხდება, თორა მისთვის სასიკვდილო შხამს წარმოადგენს.

 

რატომ ამბობენ, რომ თუ ის ღირსი არ გახდება, თორა მისთვის სასიკვდილო შხამად იქცევა? იმიტომ, რომ არავითარ სიბრძნეს, რომელსაც ადამიანი სწავლობს ან ისმენს, მისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს და მას სიცოცხლესთან, ანუ შემქმნელზე შერწყმასთან არ აახლოვებს, არამედ პირიქით. ე.ი. ყოველ ჯერზე შემქმნელს უფრო და უფრო შორდება, რადგან ყველაფერი, რასაც აკეთებს, მისი სხეულის, ანუ მიღების სურვილის საჭიროებას ემსახურება და მას შემქმნელისაგა--6ნ აშორებს. გამოდის, რომ მისი მოქმედებები მას სიცოცხლის წყაროს აშორებს, და ამას თავისთავად სასიკვდილო შხამი ეწოდება, რადგან მისთვის სიკვდილი მოაქვს და არა სიცოცხლე. მაშასადამე, ის უფრო და უფრო შორდება გაცემას, რომელსაც შემქმნელთან თვისებების მსგავსება ეწოდება, როგორც ნათქვამია: „რაოდენ გულმოწყალეცაა ის, ასევე გულმოწყალე იყავი შენც“.

ასევე საჭიროა ვიცოდეთ, რომ მარჯვენა ხაზში მუშაობის დროს ადამიანს შეუძლია უმაღლესი ბარაქა მოიზიდოს, რადგან „დალოცვილი დალოცვილს ეკვრის“. ე.ი. რადგან ადამიანი სრულყოფილების მდგომარეობაშია, რომელსაც დალოცვილი ეწოდება, მას თვისებათა მსგავსება გააჩნია შემქმნელთან, ხოლო სრულყოფილების ნიშანი სიხარულია, რომელსაც ადამიანი მუშაობისას განიცდის, სხვაგვარად ეს სრულყოფილება არ არის. ამის შესახებ ნათქვამია: „შხინა მხოლოდ იქ მკვიდრდება, სადაც მცნების შესრულების სიხარულია“.

ეს იმას ნიშნავს, რომ სიხარულის გაჩენის მიზეზი მცნებაა, ე.ი. ის, რომ მასწავლებელმა უბრძანა მას გარკვეული დროის განმავლობაში მარჯვენა ხაზით ეარა, ხოლო სხვა დროის განმავლობაში - მარცხენა ხაზით, ადამიანი კი მასწავლებლის მცნებას ასრულებს. მარცხენა ხაზი ყოველთვის წინააღმდეგობაშია მარჯვენასთან, რადგან მარცხენა ხაზში მყოფი საკუთარ თავს უწევს ანგარიშს, ამოწმებს, თუ რა შეიძინა შემქმნელზე მუშაობით და ხედავს, რომ შიშველი და არაფრის მქონეა. როგორღა შეუძლია მას, რომ სრულყოფილებაში იყოს? მიუხედავად ამისა, მასწავლებლის მცნების თანახმად, ის ცოდნაზე ამაღლების გზით მიდის, (რასაც რწმენა ეწოდება).

 

გამოდის, რომ მთელი მისი სრულყოფილება ცოდნაზე ამაღლებას ეფუძნება. ამაში მდგომარეობს ნათქვამის საიდუმლო: „ყოველ ადგილას, სადაც ჩემს თავს გაგახსენებ, მოვალ შენთან და დაგლოცავ შენ“. „ყველა ადგილას“ - ე.ი. მიუხედავად იმისა, რომ შენ ჯერ არ გამხდარხარ დალოცვის ღირსი, „მოგეცი ჩემი კურთხევა“, რადგან სიხარულის „ადგილი“ მომეცი, სადაც უმაღლეს სინათლეს შეუძლია დაიმკვიდროს.