21. როდესაც ადამიანი სულიერ ამაღლებას განიცდის
გაგონილია 29 ხეშვანის თვეს (1944 წლის 9 ნოემბერს)
როდესაც ადამიანი სულიერი ამაღლების მდგომარეობაში იმყოფება, მას აღტაცება ეუფლება და გრძნობს, რომ არაფერი სურს სულიერების გარდა, ასეთ მდგომარეობაში კარგი იქნება, თუ თორის საიდუმლოებებს ჩაუღრმავდება, რათა მის შინაგან ნაწილს ჩაწვდეს.
და მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ხედავს, რომ მის მცდელობას, რაიმე გაიგოს თორაში, არავითარი შედეგი არ მოაქვს, მაინც უღირს, რომ თორის საიდუმლოებებს ჩაუღრმავდეს. და თუნდაც ასჯერ მოუწიოს ერთი და იმავე ტექსტთან დაბრუნება, გული არ უნდა აიცრუოს და არ უნდა თქვას, რადგან ის ვერაფერს იგებს, რომ ამას არავითარი სარგებელი არ მოაქვს.
სწავლის მიმართ ასეთი დამოკიდებულების ორი მიზეზი არსებობს:
1. როდესაც ადამიანი რაღაცას სწავლობს და მის გაგებას ცდილობს, თვით ამ მისწრაფებას უკვე „ლოცვა“ ეწოდება. ლოცვა უკმარისობის გრძნობა, დაუკმაყოფილებელი სურვილია (ივრითულად „ხისარონ“ სიტყვისაგან „ხასერ“ – აკლია), რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი იმისაკენ მიისწრაფვის რაც აკლია, რომ შემქმნელმა ეს სურვილი შეუვსოს. ლოცვის ძალა სწრაფვის, ლტოლვის სიდიდით იზომება, რადგან ადამიანის სწრაფვა იმისკენაა უფრო მძლავრი, რაც მას უფრო მეტად აკლია, ადამიანი ხომ იმდენად მიისწრაფვის, რამდენადაც დიდია მისი უკმარისობის გრძნობა.
არსებობს ასეთი წესი: რაც უფრო დიდ ძალისხმევას იჩენს ადამიანი, ეს ძალისხმევა მის „ხისარონს“–სურვილს ზრდის და ამ სურვილის დაკმაყოფილება, შევსება სურს. ხოლო ამ უკმარისობის გრძნობას „ლოცვა“, გულის სიღრმისეული მუშაობა ეწოდება, ვინაიდან „მოწყალე – შემქმნელი გულს მოითხოვს“. გამოდის, რომ სწორედ მაშინ, დიდი ძალისხმევის შემდეგ უჩნდება ადამიანს ჭეშმარიტი ლოცვის უნარი.
თორის შესწავლისას ადამიანის გული სხვა სურვილებისაგან უნდა განთავისუფლდეს და გონებას ძალა მისცეს, რომ ფიქრი და სწავლა შეძლოს. და თუ გულში სურვილი არ არსებობს, გონებას სწავლის უნარი არ გააჩნია. როგორც ბრძენთ უთქვამთ: „ყოველთვის იქ ისწავლის ადამიანი თორას, სადაც მის გულს სწადია.“
ხოლო იმისათვის, რომ ლოცვა შესმენილ იქნას, ის სრული უნდა იყოს. ამიტომ, თუ ადამიანი სწავლაში მთლიანად არის ჩართული, ამით საკუთარ თავში სრულყოფილ ლოცვას ბადებს, რომელიც შემქმნელის მიერ მიიღება და პასუხსაც იმსახურებს. შემქმნელს ხომ ესმის ლოცვა, მაგრამ ამისათვის ერთი პირობა არსებობს, რომ ლოცვა სრულყოფილი იყოს და მასში სხვა არაფერი იყოს გარეული“.
2. როდესაც ადამიანი მატერიალურს გარკვეულწილად სცილდება და გაცემის თვისებას უახლოვდება, მაშინ უფრო შესაფერისი დროა იმისათვის, რათა ადამიანი თორის შიდა ნაწილს შეუერთდეს. თორის ეს ნაწილი მათ წინაშე იხსნება, ვინც შემქმნელის მსგავსებას აღწევს, რადგან „თორა, შემქმნელი და ისრაელი – ერთია“. ხოლო როდესაც ადამიანი მიღების ეგოისტურ სურვილებშია ჩაფლული, მაშინ ის გარე ნაწილს მიეკუთვნება და არა შიდას.