33. ბედისწერა რომელიც ქიფურის დღეს და ჰამანთან იყო
გაგონილია თრუმას მეექვსე დღეს (1943 წლის 12 თებერვალს)
წერია: „და აჰარონმა კენჭი ყარა ორ სამსხვერპლო თხაზე: ერთი შემქმნელისათვის, ხოლო მეორე - „აზაზელისათვის“– უწმინდური ძალისათვის“ (თორა, ახარეი). ჰამანთან (მეგილათ ესთერში) კი წერია: „უყარა „ფური“ – კენჭი, რომელიც ბედისწერაა“.
კენჭის ყრას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც შეუძლებელია გონების მეშვეობით გარკვევა, რადგან გონებას არ შეუძლია ჩაწვდეს ამას და განსაზღვროს, თუ რა არის კარგი და რა - ცუდი. ამ შემთხვევაში კენჭს ყრიან, რადგან გონებას კი არ ენდობიან, არამედ იმას, რასაც მათ ბედი კარნახობს. აქედან ჩანს, რომ სიტყვა „ბედის“ (კენჭისყრის) გამოიყენება იმაზე მიგვითითებს, რომ ახლა გონებაზე ამაღლების გზით მიდიან.
მოსე ადარის თვის მეშვიდე დღეს დაიბადა და ამავე დღეს გარდაიცვალა. და უნდა გავიგოთ, თუ რას ნიშნავს „ადარ“–ი. ის წარმოდგება სიტყვისაგან „ადერეთ“ - ზედა მოსასხამი, რომელზეც წინასწარმეტყველ ელიაჰუს უთქვამს: „და გადასცა მას თავისი მოსასხამი“. ეს მოსასხამი არის - „ადერეთ სეარ“- თმიანი საფარი, მოსასხამი, რაც „თმებს“ და კანონებს, შეზღუდვებს წარმოადგენს (ივრითულად სიტყვა თმა – „სეარ“ ისევე ჟღერს როგორც სიტყვა ქარიშხალი – „სეარა“). „თმა“ და შეზღუდვები წარმოადგენენ უცხო, სულიერი მუშაობის საპირისპირო შეხედულებებს და აზრებს, რომლებიც ადამიანს შემქმნელისაგან აშორებენ.
აქ ადგილი აქვს ამ შეხედულებების და აზრების გადალახვას და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი შემქმნელის მართვაში ბევრ წინააღმდეგობას ხედავს, მან ისინი გონებაზე ამაღლებული რწმენით უნდა გადალახოს და თქვას, რომ შემქმნელის მართვა კეთილი და მოწყალეა. და მოსეზე წერია: „და დამალა მოსემ თავისი სახე“, ე.ი. მან ყველა წინააღმდეგობა დაინახა და განმტკიცდა გონებაზე ამაღლებული რწენის ძალის მეშვეობით. და როგორც ბრძენებმა თქვეს: „და დამალა მოსემ თავისი სახე, რამეთუ დანახვის ეშინოდა“ და ღირსი გახდა, რომ შემქმნელის სახე ეხილა.
და ეს არის საიდუმლოება: „ვინ არის ბრმა ჩემი მონასავით და ყრუ ჩემი ანგელოზივით“. ცნობილია, რომ თვალებს ცოდნა, გონება, ანუ გონების თვალი ეწოდება, რადგან იმაზე, რაც გონებაში გვესმის – ვამბობთ, რომ ჩვენ მას ვხედავთ, რადგან გონება გვავალდებულებს ამის თქმას. ამიტომ მას, ვინც გონებაზე ამაღლების გზით მიდის, თითქოს თვალები არ გააჩნია და მას ბრმა ეწოდება, ანუ ბრმად მოაქვს თავი. ასევე ის, ვისაც არ სურს იმის მოსმენა, რასაც მზვერავები (მერაგლიმ) ეუბნებიან და თავს იყრუებს, მას ყრუ ეწოდება.
და ნათქვამია: „ვინ არის ბრმა ჩემი მონასავით და ყრუ ჩემი ანგელოზივით“. ადამიანი კი ამბობს: „თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ესმით“. ანუ არ სურთ დაემორჩილონ იმას, რასაც გონება ავალდებულებს და არც იმას, რაც მათ ყურებს ესმის, როგორც იოშუა ბენ ნუნზეა ნათქვამი, რომ არაფერი ცუდი არასოდეს არ შესულა მის ყურებში.
„ადერეთ სეარ“–ის (თმიანი საფარის, მოსასხამის) არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს ბევრი წინააღმდეგობა და შეზღუდვა გააჩნია, ხოლო თითოეულ წინააღმდეგობას „თმა“ (სეარ) ეწოდება. ყოველი თმის ქვეშ ჩაღრმავებაა, ე.ი. ის თავში ხვრელს აკეთებს, ანუ უცხო, სულიერების საწინააღმდეგო აზრები ხვრეტენ ადამიანის თავს და ამოხეთქავენ. და როდესაც ადამიანს ბევრი უცხო აზრი გააჩნია, ამას ჰქვია, რომ მას ბევრი თმები აქვს, რასაც „ადერეთ სეარ“–ი ეწოდება.
და ეს არის ელიშას ნათქვამის საიდუმლოება: „და წავიდა იქიდან და ნახა ელიშა, შაფატის შვილი, რომელიც თორმეტი წყვილი საქონლით ხნავდა მის წინაშე და თვითონ მეთორმეტესთან იყო. და გაიარა ელიაჰუმ მის გვერდით და მოახურა მას თავისი მოსასხამი“ (მელახიმ 1:19). „ბაკარ“–ი – საქონელი „ბიკორეთ“–ს – კრიტიკას ნიშნავს, ხოლო თორმეტი – მთლიან, სრულყოფილ საფეხურს წარმოადგენს (ისევე როგორც 12 თვე, 12 საათი, 12 წყვილი საქონელი (ხარი) კი იმიტომ, რომ ხვნა მხოლოდ ორ–ორი, ერთმანეთთან შეერთებული საქონლით ხდება). ე.ი. მას უკვე მსოფლიოში არსებული ყველა თმა–წინააღმდეგობა გააჩნია და მაშინ ამ თმიდან „ადერეთ სეარ“–ი – თმის საფარი კეთდება.
ელიშასთან კი ეს „იოსეფის დილის“ სახით იყო (დილა ივრითულად „ბოკერ“), როგორც ნათქვამია: „განთიადისას გაუშვეს ეს ხალხი, ისინი და მათი სახედრები“ (ივრითულად სახედარი, ვირი - „ხამორ“ წარმოდგება სიტყვისაგან მატერია - „ხომერ“ და ის მიღების სურვილის სიმბოლოა), ე.ი. ის უკვე ღირსი გახდა სინათლის, რომელიც წინააღმდეგობების ფონზე ვლინდება, რასაც კრიტიკა ეწოდება (ივრითულში სიტყვა კრიტიკას–„ბიკორეთ“ და სიტყვა დილას–„ბოკერ“ მსგავსი ფესვი გააჩნია). და როდესაც ადამიანს სურს ამ კრიტიკას გაუმკლავდეს, ამის გაკეთება უმაღლესი სინათლის მოზიდვის მეშვეობით შეიძლება (როგორც წერია: „განსაწმენდად მოსულს ეხმარებიან“).
და რადგან უკვე მოიზიდა სინათლე მთელს თავის კრიტიკაზე და უკვე აღარაფრის დამატება აღარ შეუძლია, რადგან კრიტიკა მთლინად ამოიწურა, მაშინ კრიტიკა და წინააღდეგობები თავისთავად ქრება. და ეს თანახმად წესისა, რომ არ არსებობს არცერთი ზედმეტი, უმიზნო მოქმედება, რადგან „არავინ მოქმედებს მიზნის გარეშე“.
და სინამდვილეში უნდა ვიცოდეთ, თუ რატომ წარმოისახება ადამიანის წინაშე შემქმნელის აბსოლუტურად კეთილი და მოწყალე მმართველობის გამომრიცხველი აზრები და მოვლენები, - ეს მხოლოდ იმისათვის, რათა ადამიანი იძულებული გახდეს ამ წინააღმდეგობების გადალახვის მცდელობაში უმაღლესი სინათლე მოიზიდოს. სხვაგვარად შეუძლებელია მათი დაძლევა და ამას „შემქმნელის სიდიადე“ ეწოდება, რომელსაც ადამიანი წინააღმდეგობებთან, შეზღუდვებთან (დინიმ) გამკლავებისას მოიზიდავს.
ეს წინააღმდეგობები მხოლოდ მაშინ შეიძლება გაქრეს, როდესაც ადამიანი მათ დაძლევას მოინდომებს და მათ შემქმნელის სიდიადეს დაუპირისპირებს. გამოდის რომ სწორედ ეს შეზღუდვები წარმოადგენს ადამიანისათვის შემქმნელის სიდიადის გამოვლინების მიზეზს. და ეს ნიშნავს: „და გადასცა მას თავისი მოსასხამი (ადერეთ)“. ე.ი. შემდეგ მთელ „ადერეთ სეარ“–ს (ყველა წინააღმდეგობებს) ის მას, ანუ შემქმნელს მიაწერს. ე.ი ის ხედავს, რომ ეს წინააღმდეგობები (ადერეთ) შემქმნელმა მას სპეციალურად მისცა იმისათვის, რომ მათზე უმაღლესი სინათლე მოეზიდა.
მაგრამ ამის დანახვა ადამიანს შეუძლია მხოლოდ უმაღლესი სინათლის შეძენის შემდეგ, რომელიც ადამიანის მიერ დასაწყისში განცდილ დაფარვასა და შეზღუდვებში მკვიდრობს. მას ესმის, რომ წინააღმდეგობების (სეაროთ–თმები), ანუ დაცემების გარეშე უმაღლეს სინათლეს იქ დამკვიდრების შესაძლებლობა არ ექნებოდა, რამეთუ „არ არსებობს სინათლე ქლის–ჭურჭლის (სურვილის) გარეშე“. ამიტომ ადამიანი ხედავს, რომ მის მიერ შეძენილ შემქმნელის მთელ ამ სიდიადეს განვლილ წინააღმდეგობებს უნდა უმადლოდეს. და ეს არის საიდუმლოება: „დიადია (ივრითულად „ადირ“) შემქმნელი ზეცაში“. გამოდის რომ „ადერეთ“–ის (წინააღმდეგობის გადალახვა) წყალობით ადამიანი შემქმნელის სიდიადის ღირსი ხდება.
და ეს არის საიდუმლოება: „შემქმნელის ქებაა მათ ყელში“, ე.ი. სულიერ მუშაობაში გამოვლენილი ნაკლოვანებები უბიძგებენ ადამიანს, რომ საკუთრი თავი ზემოთ აამაღლოს (ყელი ივრითულად – „გარონ“, ხოლო ნაკლოვანება, უკმარისობა – „გირაონ“). ბიძგის გარეშე ხომ ადამიანს მოძრაობის გაკეთება ეზარება და მზადაა, რომ თავის ახლანდელ მდგომარეობაში დარჩეს.
მაგრამ თუ ადამიანი ისეთ საფეხურზე ეცემა, რომელზე ყოფნაც, როგორც თავად თვლის, მას არ შეეფერება, მაშინ ეს მას დაცემის გადალახვის ძალას აძლევს. მას ხომ არ შეუძლია ასეთ საშინელ მდგომარეობაში დარჩენა და ის მზად არაა, რომ ასე დარჩეს. ამიტომ ის იძულებულია, რომ ყოველ ჯერზე გაუმკლავდეს და თავი დააღწიოს დაცემის მდგომარეობას. და მაშინ მან შემქმნელის სიდიადე უნდა მოიზიდოს, გაზარდოს. ეს უბიძგებს მას, რომ ზემოდან უფრო მაღალი ძალები მოიზიდოს, სხვაგვარად ის უკიდურეს უბადრუკობაში, დაცემის მდგომარეობაში დარჩება.
გამოდის რომ ყოველ ჯერზე წინააღმდეგობის შეგრძნება (სეაროთ) ადამიანში შემქმნელის სიდიადის აღმოჩენას, შეცნობას იწვევს, სანამ შემქმნელის „მოწყალების 13 თვისება“–ად წოდებულ ყველა სახელს არ გახსნის. ამის შესახებ ნათქვამია: „და უფროსები მოემსახურებიან ახალგაზრდებს“, ასევე: „ცოდვილი მოამზადებს, ხოლო ცადიკი – მართალი შეიმოსება“ და „შენს ძმას მოემსახურები“ (ცადიკი – მართალი – ის ვინც შემქმნელს ამართლებს).
ე.ი. მთელი ეს მონობა, ანუ მთელი ეს დაფარვები, რომელიც თითქოს ადამიანს ხელს უშლიდა და აფერხებდა სულიერ მუშაობაში, ახლა, როდესაც ის ამ დაფარვებში არსებული შემქმნელის სინათლის ღირსი ხდება, ეს დაბრკოლებები მის წინაშე პირიქით, სიწმინდის დამხმარის, მსახურის როლში ვლინდებიან. ესე იგი მათი მეშვეობით შესაძლებელი გახდა, რომ სიწმინდე მათ სამოსელში შემოსილიყო. და ამაზეა ნათქვამი: „ცოდვილი მოამზადებს, ხოლო ცადიკი – მართალი შეიმოსება“ (ცადიკი – მართალი – ის ვინც შემქმნელს ამართლებს), მაშასადმე ისინი იძლევიან ქელიმ–ს და ადგილს სიწმინდისათვის.
ახლა კი შეიძლება თალმუდში ნათქვამის გაგება: „ღირსი გახდა ცადიკი – მართალი და საკუთარი და მეგობრის წილი მიიღო სამოთხეში. შესცოდა ცოდვილმა და საკუთარი და მეგობრის წილი მიიღო ჯოჯოხეთში“ (ხაგიგა 15,71).
იგულისხმება, რომ ის იღებს მოყვასის, ესე იგი მთელი მსოფლიოს დაბრკოლებებს და უცხო (სულიერების საწინააღმდეგო) აზრებს. ამიტომ შეიქმნა ადამიანის გარშემო ასეთი დიდი სამყარო, უამრავი ადამიანებით, სადაც თითოეულ მათგანს საკუთარი აზრი და შეხედულება გააჩნია. და ყველა განზრახ, ერთ სამყაროში იმყოფება იმისათვის, რათა ყოველი მათგანი დანარჩენების ყველა ფიქრში იყოს ჩართული. ერთიმეორის აზრებსა და შეხედულებებში ამ ურთიერთჩართვის წყალობით ადამიანი მოგებული რჩება, რადგან „თშუვაზე“ – შემქმნელთან დაბრუნებისას (სიტყვა „თშუვა“–ს ივრითულად ორი მნიშვნელობა აქვს – პასუხი და დაბრუნება) მან საკუთარი თავიც და მთელი მსოფლიოც დამსახურებების მხარეზე უნდა გადაწონოს, ის ხომ საკუთარ თავში მთელი მსოფლიოს ყველა შეხედულებებსა და უცხო აზრებს მოიცავს.
ამიტომ ნათქვამია: „შესცოდა ცოდვილმა და საკუთარი და მეგობრის წილი მიიღო ჯოჯოხეთში“, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ის ჯერ კიდევ ცოდვილის მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც „შესცოდა“ ეწოდება, მაშინ მას თავისი წილი წინააღმდეგობები და უცხო, სულიერების საწინააღმდეგო აზრები გააჩნდა. ამასთან მან თავის თავზე აიღო მეგობრის (მთელი კაცობრიობის) წილი ჯოჯოხეთში, რადგან მსოფლიოში არსებული ყველა ადამიანის ყველა აზრებსა და შეხედულებეში ჩაერთო.
ამიტომ შემდეგ, როდესაც ის ცადიკის– მართლის მდგომარეობაშია და „ღირსი ხდება“, ე.ი. შემქმნელს უბრუნდება, ის საკუთარ თავს და მთელ მსოფლიოს დამსახურებების მხარეზე გადაწონის და საკუთარ და მეგობრის (მთელი კაცობრიობის) წილს იღებს სამოთხეში. ეს იმიტომ, რომ ის ვალდებულია უმაღლესი სინათლე მსოფლიოში არსებული ყველა ადამიანის უცხო, სულიერების საწინააღმდეგო აზრებზეც მოიზიდოს, ეს აზრები ხომ მისი ნაწილი გახდა და ამიტომ მან ისინი დამსახურებების მხარეზე უნდა გადახაროს. ამის გაკეთება კი კაცობრიობის წინააღმდეგობებზე უმაღლესი სინათლის მოზიდვის გზით ხდება. და მიუხედავად იმისა, რომ მათ შესაფერისი „ქელიმ“–ის–ჭურჭლების უქონლობის გამო ჯერ კიდევ არ შეუძლიათ მის მიერ მოზიდული სინათლის მიღება, ის სინათლეს მათთვისაც იზიდავს.
თუმცა ეს ცნობილი წესის მიხედვით უნდა გავიგოთ: ამბობენ, რომ ყველა, ვინც მაღალ სულიერ საფეხურებზე სინათლის გავრცელებას იწვევს, შეუძლია თავად მიიღოს ეს სინათლე იმ ზომით, რა ზომითაც მისი გავრცელება გამოიწვია უმაღლესში, ის ხომ ამ მოქმედების გამომწვევი მიზეზი გახდა. მაგრამ მაშინ გამოდის, რომ ცოდვილებმაც უნდა მიიღონ სინათლის ნაწილი, რომელიც მათ ცადიკების– მართლების მეშვეობით გამოიწვიეს.
ეს რომ გავიგოთ, აუცილებელია დასაწყისშივე ავხსნათ კენჭის ყრის მნიშვნელობა და ის, თუ რატომ იყო ორი წილი: „ერთი შემქმნელისათვის, ხოლო მეორე - „აზაზელისათვის“– უწმინდური ძალისათვის“.
ცნობილია, რომ „კენჭის ყრა“ გონებაზე ამაღლებული მოქმედებაა, რაც იმას იწვევს, რომ მეორე წილი „აზაზელის“– უწმინდური ძალის ხელში ხვდება, რაზეც ნათქვამია: „და ქარიშხალი დაატყდა უწმინდურთა თავებს“. და რადგან ამ წინააღმდეგობების მეშვეობით მან უმაღლესი სინათლე მოიზიდა, გამოდის, რომ ამის მეშვეობით შემქმნელის სიდიადე იზრდება. მაგრამ ცოდვილების ნაკლი იმაშია, რომ მთელი მათი სურვილი გონების ფარგლებშია მოქცეული, ხოლო როდესაც ძლიერდება სინათლე, რომლის საფუძველიც ამაღლებულია გონებაზე, მაშინ ცოდვილები თავისთავად იხრწნებიან და ბათილდებიან. ამიტომ ერთადერთი, რაც ცოდვილებს გააჩნიათ არის ის, რომ ისინი ცადიკებს– მართლებს შემქმნელის სიდიადის მოზიდვაში ეხმარებიან, რის შემდეგაც თვით ისინი ბათილდებიან.
ამის შესახებ ნათქვამია: „ღირსი გახდა ცადიკი – მართალი და საკუთარი და მეგობრის წილი მიიღო სამოთხეში.“ (აქედან გასაგებია, რომ საუბარი მხოლოდ იმათზეა, ვინც გამოსწორებაში მიიღო მონაწილეობა იმისათვის, რათა კეთილი საქმეების მეშვეობით უმაღლესი სინათლის გახსნა გამხდარიყო შესაძლებელი. ამიტომ ეს მოქმედება სიწმინდეში რჩება. ის კი იღებს იმ სინათლისაგან, რომლის გავრცელებაც გამოიწვია მაღალ საფეხურებზე. სინათლის გასავრცელებლად ადგილის შექმნით ქმნილება იმას იღებს, რასაც უმაღლესში იწვევს, წინააღმდეგობები და შეზღუდვები კი ქრება, რადგან მათ ნაცვლად მოდის შემქმნელის სიდიადე, რომელიც ცოდნაზე ამაღლებული რწმენის მეშვეობით ვლინდება. ცოდვილებს კი სურთ, რომ შემქმნელის სიდიადე გონების ფარგლებში გამოავლინონ და ამიტომ ბათილდებიან). საზოგადოება თავისი სულიერებისათვის უცხო აზრებით აიძულებს ცადიკს– მართალს, რომ შემქმნელის სიდიადე მოიზიდოს. ეს სინათლე მათთვის რჩება და როდესაც ისინი ღირსი გახდებიან, თითოეული მათგანი მიიღებს იმ სინათლეს, რომლის გავრცელებაც გამოიწვია ზემოდან.
და ეს არის ზოჰარში მოხსენიებული „გზა, რომელიც თმის ვარცხნილში, გაყოფის ხაზში გადის“ და მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად ყოფს. იომ ქიფურში ორი სამსხვერპლო თხა იყო (ივრითულად „თხა“–„სეირ“ ხოლო „თმა“–„სეარ“), რაც თრთოლის გამო დაბრუნების–„თშუვა მიირა“–ს საიდუმლოებაა, ხოლო მეორე კენჭის ყრა, ფურიმში – სიყვარულით დაბრუნების–„თშუვა მიაჰავა“–ს სიმბოლოა. ეს ხომ მეორე ტაძრის აშენებამდე მოხდა და საჭირო იყო სიყვარულით დაბრუნება, მაგრამ თავდაპირველად აუცილებელი იყო, რომ დაბრუნების საჭიროება ეგრძნოთ, რის გამოც მათ შეზღუდვები და „თმები“–წინააღმდეგობები გამოუგზავნეს.
ამიტომ მისცეს ზემოდან ძალაუფლება ჰამანს, რაზეც ნათქვამია: „მე დავაყენებ თქვენზე ჰამანს, რათა ძალაუფლება ჰქონდეს თქვენზე“. ამიტომ წერია, რომ „ჰყარა ჰამანმა წილი, ანუ ბედი“ ადარის თვეში, რომელიც თორმეტის საიდუმლოებაა, ასევე რიცხვი თორმეტი მიანიშნებს თორმეტ ხარზე, რომელთა მეშვეობითაც ხნავდა ელიშა. ორჯერ ექვსი გამოდის ადარის თვე, რაც „ადერეთ სეარის“ (თმის საფარის) საიდუმლოს ნიშნავს, რაც ყველაზე უფრო დიდი შეზღუდვებია. ამიტომ ჰამანმა იცოდა, რომ ისრაელის ხალხზე გაიმარჯვებდა, რადგან ადარის თვეში მოსე გარდაიცვალა. მაგრამ მან არ იცოდა, რომ მოსე ამავე თვეში დაიბადა, რაზეც ნათქვამია: „და გააჩინა ვაჟი და იხილა, რომ ის (მოსე) კარგია“ (შმოთი 2:2).
რადგან როდესაც ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობას უმკლავდებიან, მაშინ ღირსი ხდებიან ყველაზე დიდი სინათლის, რომელსაც შემქმნელის სიდიადე ეწოდება. ამაში მდგომარეობს „ძვირფასი გრეხილი ძაფების“ საიდუმლო („შეშ მაშზარ“, თორა, შმოთ, აღთქმის კარავის მშენებლობის თავი). ე.ი როდესაც ღირსი ხდება გზისა, „რომელიც თმის ვარცხნილში, გაყოფის ხაზში გადის“, ორჯერ ექვსი (შეშ შეშ), მაშინ ჩნდება „გრეხილი ძაფი“ (მაშზარ), რაც „უცხოტომელის მოშორებას“ (მაშ-ზარ) აღნიშნავს და ეს ბოროტი საწყისის – „სიტრა ახრა“–ს საიდუმლოებაა. ე.ი. ის უცხოტომელი ანუ ბოროტი საწყისი ქრება და მიდის, რამეთუ თავისი მოვალეობა უკვე შეასრულა.
გამოდის, რომ ყველა წინააღმდეგობა და შეზღუდვა მხოლოდ შემქმნელის სიდიადის გახსნისთვის იყო მოცემული. ამიტომ იაკობში, რომელიც თმის გარეშე დაიბადა, შეუძლებელი იყო შემქმნელის სიდიადის გამოვლენა, რადგან ამის მიზეზი და საჭიროება არ გააჩნდა და ამის გამო იაკობს შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ იცხაკის კურთხევა მიეღო, მას ხომ ქელიმი არ გააჩნდა, ხოლო „ქლის გარეშე სინათლე არ არსებობს“. ამიტომ ურჩია მას რივკამ ესავის ტანისამოსის ჩაცმა.
და ეს არის საიდუმლოება: „ხოლო ხელით ესავის ქუსლს იყო ჩაჭიდებული“. და მართალია მას „თმა“ (წინააღმდეგობები) არ ჰქონდა, მაგრამ ესავისგან წამოიღო. ეს დაინახა იცხააკმა და თქვა: „ხელები ესავისაა, ხოლო ხმა-იაკობის“. ე.ი. იცხააკს მოეწონა იაკობის მიერ გაკეთებული ეს გამოსწორება, რისი წყალობითაც მასში კურთხევის მისაღები ქელიმი შეიქმნა.
და ამიტომ გვჭირდება ასეთი დიდი სამყარო ასეთი დიდი რაოდენობის ხალხით, რათა თითოეული ყველაში ჩაერთოს. აქედან გამოდის, რომ ცალკეული ადამიანი მთელი მსოფლიოს ფიქრებსა და სურვილებში ერთვება. ამიტომ ამბობენ, რომ ადამიანი თავისთავდ მცირე სამყაროა.
ხოლო თუ ჯერ არ „დაუმსახურებია“, მაშინ „იღებს თავის და მეგობრის წილს ჯოჯოხეთში“, ე.ი. მეგობრის (მთელი მსოფლიოს) ჯოჯოხეთს იზიარებს. უფრო მეტიც, თუ ნაწილობრივ გამოასწორა თავისი ჯოჯოხეთი, მაგრამ არ გამოასწორა მეგობრის ჯოჯოხეთი, ანუ ის, რაც მთელი მსოფლიოსაგან გაიზიარა, ეს ჯერ კიდევ არ ითვლება გამოსწორებად და მის მდგომარეობას არ შეიძლება სრულყოფილი ვუწოდოთ.
აქედან ჩანს, რომ თუმცა თვით იაკობი უთმო იყო, ის მაინც „ესავის ქუსლს იყო ჩაჭიდებული“, ანუ თმები ესავთან ჩართვის გზით მიიღო. ხოლო როდესაც მათი გამოსწორების ღირსი გახდა, მეგობრის (მთელი მსოფლიოს) წილი მიიღო სამოთხეში. აქ საუბარია უმაღლესი სინათლის სიდიადეზე, რომელიც მან მთელი მსოფლიოს „თმების“ –უცხო აზრების გამოსასწორებლად მოიზიდა. და ის ამის ღირსი გახდა მაშინ, როდესაც კაცობრიობას ჯერ კიდევ არ შეეძლო ამ სინათლის მიღება სათანადო მომზადების უქონლობის გამო.
აქედან გასაგებია იაკობსა და ესავს შორის არსებული კამათის აზრი, როდესაც ესავმა უთხრა: „მე ბევრი (საკმარისი) მაქვს“, ხოლო იაკობმა უპასუხა: „მე ყველაფერი მაქვს“, ე.ი. „ორჯერ ექვსი“, ანუ „ცოდნის ფარგლებში“ და „ცოდნაზე მაღლა“, რაც მიღების სურვილის და შერწყმის სინათლის საიდუმლოებაა. ესავმა თქვა: „მე ბევრი (საკმარისი) მაქვს“, ე.ი. სინათლე, რომელიც მიღების ქელიმში, ანუ ცოდნის ფარგლებში შედის. ხოლო იაკობმა თქვა, რომ მას ყველაფერი, ანუ ორი შემადგენელი აქვს: ესე იგი ის მიღების ქელიმსაც იყენებს და შერწყმის სინათლეც გააჩნია.
ამაში მდგომარეობს „ერევ რავის“ არსი, რომლებმაც ოქროს ხბო გააკეთეს და თქვეს: „ეს არის შენი ღმერთი, ისრაელო!“ („ერევ რავ“ – ეგვიპტელი და სხვა ერების წარმომადგენლები, რომლებიც ისრაელ ხალხს შეერია და მათთან ერთად გამოვიდა ეგვიპტიდან). „ეს“ („ელე“) „მი"-ს გარეშე. ე.ი. მხოლოდ „ელე"-სთან უნდოდათ გაერთიანება „მი"-ს გარეშე, არ ისურვეს ორივე ერთად, რადგან „ელე“ „მი“-ს თან ერთად შეადგენს სახელს ელოკიმ (შემქმნელი), მაგრამ მათ არ ისურვეს ერთდროულად „ყველაფერი“ და „ბევრი“.
ამაზე მიანიშნებენ „ქრუვიმ“ (ქერუბიმები), რომელთაც ეწოდება ქრავია და პათია (ანგელოზები, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ აღთქმის კიდობნის სახურავის ორ კიდეში). ერთი ანგელოზი კიდობნის ერთ ბოლოში დგას, რომელიც „ბევრს (საკმარისს)“ ნიშნავს, ხოლო მეორე ანგელოზი – მეორე ბოლოში, რომელიც „ყველაფერს“ ნიშნავს. ამაში მდგომარეობს ნათქვამის აზრი: „და ხმა გაიგონა მოსემ ორ ქერუბიმს შორის“ (თორა, ბამიდბარ 7). მაგრამ როგორ არის ასეთი რამ შესაძლებელი, ისინი ხომ ორი საპირისპირო პოლუსია? ყველაფრის მიუხედავად ადამიანმა საკუთარი თავისაგან პათია (სულელი) უნდა გააკეთოს და ასე მიიღოს, რასაც „გონებაზე ამაღლება“ ეწოდება. და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ნათქვამიდან არაფერი ესმის, მაინც ყველაფერს ასრულებს.
ხოლო რაც შეეხება „ყველაფერს“, რასაც „გონებაზე ამაღლება“ ეწოდება, აქ ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ სიხარულში იმუშაოს, რადგან სიხარულის წყალობით „ყველაფრის“ ჭეშმარიტი ზომა ვლინდება. და თუ ადამაინს სიხარული არ გააჩნია, მაშინ ის უნდა სწუხდეს იმაზე, რომ სიხარული არ აქვს, რადგან მთავარი, სიხარულის გამოვლენაა, „ცოდნაზე ამაღლებული რწმენით“ მუშაობისას. ამიტომ თუ ადამიანი სიხარულს არ განიცდის მუშაობისას, ის უნდა წუხდეს ამის გამო.
ამის შესახებ ნათქვამია: „მათ, ვისი გულიც მოისურვებს (შემქმნელისათვის მუშაობას)“ (შმოთ 25). ე.ი. ადამიანი ტკივილს და ტანჯვას განიცდის იმის გამო, რომ სიხარულს არ გრძნობს სულიერ მუშაობაში, რაზეც ნათქვამია: „იმის გამო, რომ არ ემსახურე შემქმნელს სიხარულით, როდესაც ყველაფერი უხვად გქონდა“ (დვარიმ 28), არამედ მიატოვე „ყველაფერი“ და მხოლოდ „ბევრი (საკმარისი)“ აიღე. ამიტომ საბოლოოდ უფრო და უფრო ქვემოთ დაეშვები მანამ, სანამ ყველაფერს არ დაკარგავ, ე.ი. „ბევრსაც“ („საკმარისსაც“) დაკარგავ. მაგრამ რა ზომითაც გააჩნია ადამიანს „ყველაფერი“ და რა ზომითაც იმყოფება ის სიხარულში, იმავე ზომით ხდება ის „ბევრის“ („საკმარისის“) ღირსი.
ამით შეგვიძლია ავხსნათ ნათქვამი: „დასტირიან ქალები თამუზს“ (იეხეზკელი 9). რაში (რაბი შლომო იცხაკი– საფრანგეთში მცხოვრები შუასაუკუნეების უდიდესი კაბალისტი და თორისა და თალმუდის კომენტარების ავტორი) ხსნის, რომ ისინი კერპს სცემდნენ თაყვანს და თვალში ტყვია ჰქონდათ. და ისინი მის გალღობას ცდილობდნენ, რათა ის თვალიდან გამოედინათ. და ტიროდნენ იმის გამო, რომ სიხარულს ვერ გრძნობდნენ, რადგან თვალები ფერფლით ჰქონდათ სავსე. ფერფლი არის „ბხინა დალეთ“–ის (მეოთხე სტადიის), მალხუთის, ზეცის მმართველობის, ანუ ცოდნაზე ამაღლებულ რწმენის საიდუმლოება. ამ სტადიას ფერფლის ფორმა აქვს. ე.ი. მას ადამიანის თვალში არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. და ამ სამუშაოს ფერფლის გემო აქვს, ანუ ის სრულიად უმნიშვნელოა, ისევე როგორც ფერფლი.
და „დასტირიან ქალები თამუზს“, ე.ი ალღობენ ამ კერპებზე მუშაობას, რათა სიცხის მეშვეობით ტყვიიდან ფერფლი გამოვიდეს (სიტყვა ფერფლს–„აფარ“ და სიტყვა ტყვიას–„ოფერეთ“ საერთო ფესვი გააჩნია). ეს ნიშნავს, რომ ისინი დასტირიან სამუშაოს, რომელიც ავალდებულებს მათ, რომ გონებაზე ამაღლებით ირწმუნონ შემქმნელის კარგი და კეთილისმყოფელი მმართველობა. მაშინ, როდესაც ცოდნის ფარგლებში ისინი ამ მმართველობაში სრულიად საპირისპიროს ხედავენ, ეს კი წმინდა სამუშაოა. ე.ი. მათ სურთ ამოიღონ ფერფლი, ანუ ცოდნაზე აღმატებული რწმენით მუშაობა, რომელსაც ფერფლი ეწოდება. თვალები, ანუ „მხედველობა“ მიგვანიშნებს შემქმნელის მმართველობის მკაფიო ხედვაზე, რომლის მიღებაც ადამიანს ცოდნის ფარგლებში სურს, ამას კი კერპთაყვანისმცემლობა ეწოდება.
ეს წააგავს ადამიანს, რომლის ოსტატობასაც მეთუნეობა – მიწისაგან, თიხისაგან ქილებისა და ჭურჭლის დამზადება წარმოადგენს. ხოლო სამუშაოს თანმიმდევრობა ისეთია, რომ უპირველეს ყოვლისა მან თიხისგან მრგვალი ბურთულები უნდა დაამზადოს, ხოლო შემდეგ – ამ ბურთულებში ნახვრეტები ამოკვეთოს. და როდესაც მისი პატარა ვაჟიშვილი ხედავს, თუ რას აკეთებს მამამისი, ის ყვირის: „მამა, რატომ აფუჭებ ბურთულებს?!“ შვილს არ ესმის, რომ მთავარი მამის მუშაობაში ნახვრეტების გაკეთებაა, რადგან მხოლოდ ნახვრეტს შეუძლია, რომ მიმღებ ჭურჭლად იქცეს, ხოლო შვილს კი პირიქით, სურს რომ ამოავსოს ეს ნახვრეტები, რომელიც მამამ ბურთებში გააკეთა.
საქმე ისაა, რომ თვალებში არსებული ფერფლი ადამიანის მხედველობას ფარავს და რომელ მხარესაც არ უნდა გაიხედოს, უმაღლესი მართვის ნაკლოვანებებს ხედავს. სწორედ ეს არის ის ქლი, რომელშიც ადამიანს უანგარო სიყვარულის ნაპერწკლების გამოვლენა შეუძლია, რასაც მცნების სიხარული ეწოდება.
და ამაზეა ნათქვამი: „შემქმნელი რომ არ დახმარებოდა, ვერ გაუმკლავდებოდა“. ე.ი. შემქმნელს მისთვის ეს ფიქრები რომ არ გამოეგზავნა, ვერავითარ ამაღლებას ვერ მიაღწევდა.