18. რას ნიშნავს „წყვდიადში (დაფარვაში) იტირებს სული ჩემი“ მუშაობაში - 1
გაგონილია იერუსალიმში 1940 წელს
როდესაც დაფარვა ადამიანზე იმარჯვებს და მას ისეთ მდგომარეობაში აყენებს, რომ ის ვერანაირ გემოს ვერ გრძნობს მუშაობაში და არანაირად არ შეუძლია სიყვარული და თრთოლა წარმოიდგინოს ან შეიგრძნოს და ძალა არ შესწევს სიწმინდეში (გაცემის განზრახვით) რაიმე გააკეთოს, მაშინ ადამიანს არავითარი სხვა გამოსავალი არ გააჩნია გარდა იმისა, რომ შემქმნელს შესტიროს და სთხოვოს, რომ შეიბრალოს ის და მის თვალებს და გულს დამფარავი მასახი – ეკრანი ჩამოაშოროს.
ტირილი (გოდება) ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი რამაა, როგორც ბრძენთ უთქვამთ: „ყველა კარიბჭე ჩაკეტილია ცრემლების კარიბჭის გარდა“. და ამაზე კითხულობს მსოფლიო: „თუ ცრემლების კარიბჭე არ ჩაკეტილა - მაშ რაშია საერთოდ საჭირო კარიბჭეები?“
ეს იმის მსგავსია, რომ ადამიანი მეგობარს მისთვის რაღაც ძალიან აუცილებელ და მნიშვნელოვან რამეს სთხოვს. ის ლოცვისა და თხოვნის ყველა ენაზე მიმართავს მას, სთხოვს და ევედრება, ხოლო მეგობარი ვერ ამჩნევს (ყურადღებას არ აქცევს) ყოველივე ამას. და როდესაც ხედავს, რომ ლოცვასა და თხოვნას უკვე აზრი აღარა აქვს, მაშინ ადამიანი ხმამაღლა, გულამოსკვნილი ტირის და ამაზეა ნათქვამი „ყველა კარიბჭე ჩაკეტილია ცრემლების კარიბჭის გარდა“. მაშასადამე როდის არ არის ჩაკეტილი ცრემლების კარიბჭე? სწორედ მაშინ, როდესაც ყველა კარიბჭე ჩაკეტილია. მაშინ არის ადგილი ცრემლების კარიბჭისათვის და მაშინ ვხედავთ, რომ ის არ ჩაკეტილა.
როდესაც ლოცვის კარიბჭეები ღიაა, მაშინ საჭირო არაა ცრემლებისა და გოდების კარიბჭეები. ამას ჰქვია, რომ ცრემლების კარიბჭე ჩაკეტილია. მაშინ როდის არაა ჩაკეტილი ცრემლების კარიბჭე? სწორედ მაშინ, როდესაც ყველა კარიბჭე ჩაკეტილია, მაშინ ცრემლების კარიბჭე ღიაა, რადგან მას ჯერ კიდევ შეუძლია ლოცვისა და თხოვნის გამოყენება.
და ეს ნიშნავს „წყვდიადში (დაფარვაში) იტირებს სული ჩემი“, ანუ როდესაც ადამიანი სრული დაფარვის ქვეშაა, მაშინ იტირებს სული ჩემი, რადგან მას სხვა გამოსავალი არ გააჩნია. და ამაზეა ნათქვამი: „ყველაფერი რაც ხელგეწიფება და რისი გაკეთების ძალაც შეგწევს – გააკეთე“.