4. რა არის სიმძიმის მიზეზი, რომელსაც ადამიანი
შემქმნელის წინაშე თავისი თავის გაუქმებისას გრძნობს
გაგონილია 12 შვატს (6 თებერვალი 1944 წ.)
უნდა ვიცოდეთ, რომ იმ სიმძიმის მიზეზი, რომელსაც ადამიანი შემქმნელის წინაშე საკუთარი თავის გაუქმებისას გრძნობს, როცა საკუთარ თავზე ზრუნვისაგან განთავისუფლებას ცდილობს, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ისეთ მდგომარეობამდე მიდის რომ გრძნობს, თითქოს მთელი სამყარო თავის ადგილზე რჩება, ხოლო ის ამ სამყაროდან უჩინარდება და თავის ოჯახს და მეგობრებს ტოვებს შემქმნელის წინაშე გაუქმებისათვის. სირთულის მიზეზი უბრალოა და მას „რწმენის უკმარისობა“ ეწოდება. ანუ ის ვერ ხედავს, თუ ვის წინაშე აუქმებს საკუთარ თავს, ანუ ვერ გრძნობს შემქმნელის არსებობას. და სწორედ ეს იწვევს სიმძიმის შეგრძნებას.
მაგრამ, როგორც კი ადამიანი შემქმნელს შეიგრძნობს, მისი სული მყისვე ფესვთან შეერთებას, შერწყმას და საკუთარი თავის გაუქმებას ისურვებს, ისევე როგორც სანთელი ჩირაღდნის წინაშე, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, იმიტომ რომ ეს მისთვის ბუნებრივია.
აქედან გამომდინარე ადამიანის მთავარი სამუშაო იმაში მდგომარეობს, რომ შემქმნელის არსებობის შეგრძნებას მიაღწიოს, რათა დაინახოს, რომ სამყარო მისი სიდიადითაა სავსე. და ეს იქნება მთელი მისი სამუშაო. ანუ მთელი ის ძალისხმევა, რომელსაც მუშაობაში ატანს, ამ მიზანს მოემსახურება და არაფერ სხვას. და არ უნდა შეცდეს და იფიქროს, თითქოს მან რაღაც სხვას უნდა მიაღწიოს, არამედ მხოლოდ ერთი რამ აკლია ადამიანს – შემქმნელის რწმენა. და სხვაზე არაფერზე არ უნდა იფიქროს, ანუ ერთადერთი გასამრჯელო, რომელიც მისი მუშაობის სამაგიეროდ უნდა სურდეს, შემქმნელის რწმენის შეძენაა.
და უნდა ვიცოდეთ, რომ არ არის განსხვავება ადამიანის მიერ შეცნობილ დიდ და პატარა ნათებას შორის. სინათლეში ხომ არავითრი ცვლილება არ ხდება, არამედ ყველა ცვლილება ბარაქის მიმღებ ჭურჭლებშია. როგორც წერია: „მე ჩემი ჰავაია (იუდ ჰეი ვავ ჰეი) არ შემიცვლია“.
ამიტომ, თუ ადამიანს საკუთარი ჭურჭლების გაზრდა ძალუძს, ამავე ზომით ადიდებს ის ნათებას. თუმცა საკითხავი ისაა თუ რით შეუძლია ადამიანს ჭურჭლების გაზრდა? – იმით, რომ ადამიანი შემქმნელს ადიდებს და მადლიერია მისი, იმის გამო რომ შემქმნელმა დაიახლოვა ის, მისცა მას საშუალება ცოტათი მაინც შეეგრძნო იგი და ეფიქრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის შემქმნელთან კავშირი. და რაც უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამას, მით უფრო იზრდება მასში ნათება.
ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის ვერასოდეს ჩაწვდება ადამიანსა და შემქმნელს შორის კავშირის ჭეშმარიტ მნიშვნელოვნებას, რადგან ადამიანს არ ძალუძს მისი ნამდვილი მნიშვნელობის შეფასება. არამედ რამდენადაც აფასებს ადამიანი მას, იმდენად ჩაწვდება ის მის სიდიადესა და მნიშვნელოვნებას. და ამას სასწაული თვისება გააჩნია რომლის მეშვეობითაც ადამიანი ღირსი ხდება იმისა, რომ ამ ნათებამ მასში სამუდამოდ დიმკვიდროს.