5. ლიშმა - ეს არის გამოღვიძება ზემოდან და
რისთვისაა საჭირო გამოღვიძება ქვემოდან
გაგონილია 1945 წელს
როგორ გავხდეთ ლიშმა–ს თვისების (შემქმნელისათვის გაცემის განზრახვის) ღირსი - ადამიანს არ შეუძლია ამის გაგება, იმიტომ რომ მის ადამიანურ, მიწიერ გონებას არ შეუძლია გააცნობიეროს, თუ როგორაა შესაძლებელი, რომ ჩვენს სამყაროში ასეთი რამ არსებობდეს, რადგან ყველაფერი მას იმაზე მიუთითებს, რომ თუ თორასა და მცნებებს შეასრულებს – რაიმე გასამრჯელოს მიიღებს. აქ აუცილებლად პირადი სარგებელი უნდა არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ლიშმა ხომ ზემოდან მომავალი სინათლეა და მისი შეცნობა და გაგება მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც ამ სინათლეს იგემებს. და ამის შესახებაა ნათქვამი: „იგემეთ და დარწმუნდით, რომ კარგია შემქმნელი“.
თუ ეს ასეა, საჭიროა გავიგოთ, თუ რატომ უნდა იხმაროს ადამიანმა ლიშმას მისაღწევად ყველა ხერხი და რჩევა, მას ხომ ვერანაირი რჩვევა ვერ უშველის, თუ შემქმნელი მას არ მისცემს სხვა ბუნებას, რომელსაც გაცემის სურვილი ეწოდება. ადამიანს ვერანაირი ძალისხმევა ვერ დაეხმარება ლიშმას (გაცემის თვისების) შეძენაში.
პასუხი ბრძენთა ნათქვამშია: „შენ არ ძალგიძს ამ სამუშაოს დასრულება, მაგრამ არც იმის ნება გაქვს, რომ ხელი აიღო მასზე“ (ავოთ, თავი მეორე, ასო 21). ე. ი. ადამიანი ვალდებულია, რომ მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს ქვემოდან (ჰითარუთა დელეთათამ – გამოღვიძება ქვემოდან), რასაც ლოცვა ეწოდება. ეს იმიტომ, რომ ლოცვა ხისარონ–ს – უკმარისობის შეგრძნებას, სურვილს ჰქვია და მის გარეშე შეუძლებელია შევსების მიღება. ამიტომ როდესაც ადამიანს ლიშმას, ანუ გაცემის თვისების შეძენის სურვილი გააჩნია, ის ზემოდან შევსებას იღებს. მაშინ ზემოდან მიიღება პასუხი ლოცვაზე, ანუ ადამიანი თავისი სურვილის შევსებას იღებს. გამოდის, რომ ჩვენი მუშაობა შემქმნელისაგან ლიშმას თვისების მისაღებად მხოლოდ ხისარონის და ქლის (ჭურჭლის) შეძენისთვისაა საჭირო - შევსება ხომ არასოდეს არის ადამიანის მონაპოვარი, არამედ ის შემქმნელის საჩუქარია.
თუმცა ლოცვა სრული, სრულყოფილი უნდა იყოს, ანუ გულის სიღრმიდან უნდა მოდიოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ას პროცენტიანადაა დარწმუნებული იმაში, რომ არავის შეუძლია ამ სამყაროში მისი დახმარება თვით შემქმნელის გარდა. და საიდან იცის ადამიანმა ის, რომ თვით შემქმნელის გარდა არავის შეუძლია მისი დახმარება? ამ ცოდნას ადამიანი სწორედ მაშინ იძენს, როცა მის განკარგულებაში არსებულ ყველა ძალას მოიხმარს და ხედავს, რომ ეს არ შველის. ამიტომ ის ვალდებულია შეასრულოს ამქვეყნად არსებული ნებისმიერი მოქმედება გაცემის თვისების შესაძენად. მაშინ ის შეძლებს რომ გულის სიღრმიდან ილოცოს და შემქმნელი მის ლოცვას შეისმენს.
მაგრამ როდესაც ადამიანი ლიშმას თვისების შეძენას ცდილობს, მან თავის თავზე ვალდებულება უნდა აიღოს, რომ მთლიანად გაცემაზე იმუშავებს, ანუ ბოლომდე გასცემს და არაფერს მიიღებს საკუთარი თავისათვის. და მხოლოდ მაშინ ხედავს, რომ მისი სხეულის არცერთი ნაწილი არ ეთანხმება ამ აზრს. აქედან ის მიდის საბოლოო დასკვნამდე, რომ სხვა გამოსავალი არ გააჩნია,– მან შემქმნელს დახმარება უნდა თხოვოს, რომ სხეული დათანხმდეს, დაემორჩილოს შემქმნელს ყოველგვარი პირობის გარეშე, რადგან ხედავს რომ თვითონ არ ხელეწიფება დაარწმუნოს სხეული სრულიად გააბათილოს თავისი მეობა. გამოდის, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ხედავს, რომ იმის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ მისი სხეული თვითონ დათანხმდება შემქმნელისათვის მუშაობას, სწორედ მაშინ შეუძლია გულის სიღრმიდან ილოცოს და სწორედ მაშინ იქნება შესმენილი მისი ლოცვა.
უნდა ვიცოდეთ, რომ გაცემის თვისების შეძენის მეშვეობით ის ბოროტ საწყისს კლავს. ბოროტი საწყისი ხომ მიღების სურვილია და იმით, რომ ადამიანი გაცემის თვისების ღირსი ხდება, ის მიღების სურვილს აბათილებს და მას მოქმედების შესაძლებლობას არ უტოვებს, რაც მის მოკვდინებას ნიშნავს. ის მის მოვალეობას, როლს აუქმებს და გამოუყენელებობის გამო უმოქმედოდ ტოვებს, რაც ბოროტი საწყისის მოკვდინების ტოლფასია.
და როდესც ადამიანი თავის თავს ჰკითხავს, თუ „რა აზრი აქვს მის ამქვეყნიურ გარჯას“, ის დაინახავს, რომ არც თუ ისე ძნელია საკუთარი თავი შემქმნელს დაუმორჩილოს. და ეს ორი მიზეზის გამო:
-
ნებისმიერ შემთხვევაში, ნებსით თუ უნებლიედ, ის ვალდებულია გაისარჯოს ამქვეყნად და რა რჩება მას მთელი მისი ძალისხმევისაგან?
-
როდესაც ადამიანი გაცემის განზრახვით მუშაობს, ის მუშაობის დროსაც კი სიამოვნებას იღებს.
და აქ შეიძლება დიდი დუბნელი კაბალისტის მიერ მოთხრობილი ამბავი მოვიყვანოთ: „შენ მე არ მომიხმობდი, იაკობ, რამეთუ ტვირთად გაწექი მე შენ, ისრაელ“. მან თქვა, რომ ეს ჰგავს იგავს მდიდარზე, რომელმაც მატარებლიდან ჩამოსვლისას თავისი პატარა ჩემოდანი იქ დადო, სადაც სხვა ვაჭრები ალაგებდნენ თავიანთ ბარგს. მებარგულები იღებდნენ ამ ბარგს და მიჰქონდათ სასტუმროში, სადაც ვაჭრები იყვნენ გაჩერებული. მებარგულმა იფიქრა, რომ პატარა ჩემოდანს ვაჭარი თავად წამოიღებდა და ამისათვის ის არ იყო საჭირო. ამიტომ მან დიდი ფუთა აიღო, ხოლო მდიდარს მისთვის ჩვეულებისამებრ მცირე თანხის გადახდა სურდა, რაზედაც მებარგულმა უარი განაცხადა და თქვა: „მე სასტუმრომდე უზარმაზარი ფუთა მოგიტანე და ლამის წელში გავწყდი, ძლივს ვზიდე შენი ბარგი, და შენ გინდა ამის საფასურად გროშები გადამიხადო?“
დასკვნა კი ისაა, რომ როცა ადამიანი ამბობს, რომ თორისა და კანონების (სულიერი მუშაობის) შესრულებაში დიდი ძალისხმევა ჩადო, შემქმნელი პასუხობს მას: „შენ მე არ მომიხმობდი, იაკობ!“ ანუ შენ ჩემი ბარგი არ აგიღია და ეს ბარგი სხვას ეკუთვნისო. და რადგან ამბობ, რომ თორისა და კანონების (სულიერი სამუშაობის) შესრულებაში დიდი ძალისხმევა ჩადე, უეჭველად სხვა ბატონისთვის გიმუშავია და ამიტომ გასამრჯელოსთვისაც მას მიმართეო.
და ამაზეა ნათქვამი: „რამეთუ ტვირთად გაწექი მე შენ, ისრაელ“. ეს იმას ნიშნავს, რომ შემქმნელისათვის მომუშავეს არანაირი ძალისხმევა არ ესაჭიროება, არამედ, პირიქით, ის სიამოვნებასა და აღფრთოვანებას განიცდის. ხოლო მას, ვინც სხვა მიზნებისათვის მუშაობს, უფლება არა აქვს შემქმნელს შესჩივლოს, რომ ის მას მუშაობაში სასიცოცხლო ძალის შეგრძნებას არ აძლევს. მას ხომ შემქმნელისათვის არ უმუშავია და რატომ უნდა მისცეს გასამრჯელო შემქმნელმა? არამედ ადამიანს შეუძლია პრეტენზია განუცხადოს იმათ, ვისთვისაც იმუშავა, რათა მათ გასამრჯელოდ სიამოვნებითა და სასიცოცხლო ძალით აღავსონ. და რადგან ლო ლიშმა–ში (მიღების განზრახვაში) მრავალი მიზანი არსებობს, ამიტომ ადამიანმა იმ მიზნისაგან უნდა მოითხოვოს, რომლისთვისაც იმუშავა, რომ ამ მიზანმა მას გასამრჯელო, ანუ სიამოვნება და სასიცოცხლო ძალა მისცეს. ამის შესახებ ნათქვამია: „მათი მსგავსნი იყვნენ შემქმნელნი მათნი და ყველა ვინც მათზეა მინდობილი“ (ფსალმუნი 115).
მაგრამ ასე ძნელი იქნება. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ მაშინაც კი, როდესაც ადამიანი შემქმნელისათვის მუშაობის ტვირთს თავის თავზე ყოველგვარი სხვა განზრახვის გარეშე იღებს, ის ვერანაირ სასიცოცხლო ძალას ვერ გრძნობს, რომელიც ვალდებულს გახდიდა მას საკუთარ თავზე შემქმნელისათვის მუშაობის ტვირთი აეღო. ის ამ ტვირთს თავის თავზე მხოლოდ ცოდნაზე ამაღლებული რწმენით, ანუ თავისი თავის იძულებით, თავისი სურვილის წინააღმდეგ იღებს. და მაშინ ჩნდება კითხვა: „მაშ რატომ გრძნობს ადამიანი ამ სამუშაოს შესრულებისას ასეთ სიმძიმეს და წინააღმდეგობას, რომ მისი სხეული მუდმივად მისგან განთავისუფლებას ლამობს, რადგან ამ მუშაობაში ვერანაირ აღფრთოვანებას ვერ განიცდის?“. და თუ ადამიანი მოკრძალებულად მუშაობს, ისე, რომ მას გაცემის გარდა სხვა არავითარი მიზანი არ გააჩნია, მაშინ რატომ არ აძლევს შემქმნელი მას გემოსა და სასიცოცხლო ძალას მუშაობაში?
პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დიდი გამოსწორებაა, და ასე რომ არ ყოფილიყო, ანუ სინათლე და სასიცოცხლო ძალა რომ მაშინვე გამხელილი ყოფილიყო, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე შემქმნელისათვის მუშაობის ტვირთს იღებდა, მას მუშაობის სასიცოხლო ძალა ექნებოდა, ანუ მიღების სურვილიც თანახმა იქნებოდა ეს სამუშაო შეესრულებინა. გამოდის, რომ ის თავისი სურვილის დასაკმაყოფილებლად, ანუ საკუთარი სარგებლისათვის იმუშავებდა.
ასე რომ ყოფილიყო, ადამიანს არანაირი შესაძლებლობა არ ექნებოდა, რომ გაცემის თვისებისათვის (ლიშმა) მიეღწია. ის ხომ იძულებული იქნებოდა თავისი მიღების სურვილისათვის ემუშავა, ვინაიდან შემქმნელისათვის მუშაობის დროს გაცილებით უფრო დიდ სიამოვნებას იგრძნობდა, ვიდრე ამქვეყნიური ვნებებისაგან. ამგვარად, ადამიანი იძულებული იქნებოდა მიღების განზრახვაში (ლო ლიშმა–ში) დარჩენილიყო და ეს იმიტომ რომ კმაყოფილი იქნებოდა თავისი მუშაობით, ხოლო იქ სადაც კმაყოფილებაა, ადამიანს არაფრის შეცვლა არ შეუძლია, რადგან გასამრჯელოს გარეშე მას მუშაობა არ ძალუძს. ამიტომ ადამიანს მიღების განზრახვით (ლო ლიშმა) მუშაობაში რომ მიეღო სიამოვნება, ის იძულებული გახდებოდა რომ ამ მდგომარეობაში დარჩენილიყო.
და ეს წააგავს ამბავს, როდესაც ხალხი ქურდს დასაჭერად მისდევს, ის კი პირველი გარბის და გაჰყვირის – ქურდი დაიჭირეთო. მაშინ შეუძლებელია გაარკვიო ვინ არის ნამდვილი ქურდი, რათა დაიჭირო და ნაქურდალი წაართვა. ქურდი, ანუ მიღების სურვილი, გაცემის განზრახვით მუშაობაში გემოსა და სიამოვნებას ვერ პოულობს, მაგრამ თუ ადამიანი საკუთარ თავს ცოდნაზე ამაღლებული რწმენით მუშაობას აიძულებს და თუ მისი სხეული, მისი მიღების სურვილის წინააღმდეგ, ამ მუშაობას შეეჩვევა, მაშინ ადამიანს საშუალება ეძლევა შემქმნელისათვის გაცემის განზრახვით მუშაობა დაიწყოს. რამეთუ მთავარი, რაც ადამიანისაგან მოითხოვება არის ის, რომ მან თავისი მუშაობის შედეგად შემქმნელთან შერწყმას, ანუ მასთან თვისებათა მსგავსებას მიაღწიოს, ისე რომ ყველა მის მოქმედებას გაცემის განზრახვა ჰქონდეს.
ასეთ მდგომარეობაზე ნათქვამია: „მაშინ დატკბები შემქმნელით!“. სადაც „მაშინ“ იმას ნიშნავს, რომ მუშაობის დასაწყისში ადამიანი სიამოვნებას ვერ გრძნობს, არამედ იძულებით მუშაობს, ხოლო შემდეგ საკუთარ თავს გაცემის განზრახვით მუშაობას აჩვევს და აღარ დაეძებს, გრძნობს გემოს მუშაობაში თუ არა, არამედ სწამს, რომ ის იმისათვის მუშაობს, რათა თავისი შრომით სიამოვნება მიანიჭოს შემქმნელს. და ადამიანს უნდა სწამდეს, რომ შემქმნელი მის ნებისმიერ ძალისხმევას იღებს და მნიშვნელობა არა აქვს ამ ძალისხმევის რაოდენობასა და ფორმას. შემქმნელი ყურადღებას მხოლოდ ადამიანის განზრახვას აქცევს და ამისგან იღებს სიამოვნებას, რის შედეგადაც ადამიანი შემქმნელით ტკბობის ღირსი ხდება.
ამიტომ ადამიანს სიმოვნება უკვე შემქმნელისათვის მუშაობაშიც შეუძლია იგრძნოს, რამეთუ ახლა ის ნამდვილად შემქმნელისათვის მუშაობს, რადგან იძულებითი მუშაობის დროს გაწეული ძალისხმევა ადამიანს შემქმნელისათვის ჭეშმარიტი მუშაობისათვის ამზადებს. გამოდის, რომ მაშინაც, სიამოვნება რომელსაც ის განიცდის, „შემქმნელზეა“, ანუ სწორედ შემქმნელისთვისაა.