61. მის ირგვლივ ძლიერი ქარიშხალია
გაგონილია 9 ნისანს (1948 წლის 18 აპრილს)
ნათქვამია: „ძლიერი ქარიშხალია მის (შემქმნელის) ირგვლივ“ (ფსალმუნი 50). ბრძენები ხსნიან: რადგან „შემქმნელი მკაცრია, პედანტია ცადიკთა–მართალთა მიმართ თმის ღერის სისქის დონემდე“ (სიტყვა „თმა“–ს – „სეარ“ ივრითულად იგივე ფესვი აქვს როგორც სიტყვა ქარიშხალს – „სეარა“) და კითხულობენ: რით დაიმსახურეს ცადიკებმა–მართლებმა ასეთი სასჯელი, ისინი ხომ ცადიკები–მართლები არიან?!“ (ცადიკი–მართალი – ის ვინც შემქმნელს ამართლებს).
საქმე იმაშია, რომ სამყაროებში არსებული ყველა შეზღუდვა და საზღვარი მხოლოდ ქმნილებებთან მიმართებაში არსებობს, ე.ი. იმის შედეგად, რომ ქმნილება საკუთარ თავზე შეზღუდვას და შეკვეცას აკეთებს, ეს დაბლაც ასე რჩება, რადგან შემქმნელი ეთანხმება ყველაფერს, რასაც ქმნილება აკეთებს, და ამგვარად ეშვება დაბლა ბარაქა. ამიტომ ქმნილება საკუთარი სიტყვებით, აზრებით და მოქმედებებით იწვევს ბარაქის მოზიდვას ზემოდან ქვემოთ.
აქედან გამომდინარე თუ ადამიანი აზრს, სიტყვას ან უბრალო მოქმედებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მაგალითად თუ შემქმნელისაგან წამიერად მოწყვეტა ადამიანისათვის ყველაზე დიდი ცოდვის ჩადენის ტოლფასია, მაშინ შემქმნელიც ეთანხმება ქმნილების აზრს, და ზემოთაც ითვლება, რომ მან თითქოს უდიდესი ცოდვა ჩაიდინა. აქედან გამოდის, რომ ცადიკი–მართალი ამბობს, რომ შემქმნელი მის მიმართ მკაცრი, პედანტია თმის ღერის სისქის დონემდე, და როგორც ქმნილება ამბობს ქვემოთ, შემქმნელიც ასე ეთანხმება მას ზემოთ.
და როდესაც ადამიანი უმნიშვნელო აკრძალვას ისევე არ აღიქვამს, როგორც ძალიან სერიოზულ აკრძალვას, მაშინ ზემოდანაც არ ანიჭებენ მნიშვნელობას მის მიერ ჩადენილ მსუბუქ, უმნიშვნელო ცოდვებს და არ განიხილავენ მათ როგორც სერიოზულ, დიდ ცოდვებს. გამოდის, რომ ასეთ ადამიანს შემქმნელი ისე ეპყრობა, როგორც პატარა ადამიანს, პატარა ბავშვს. ე.ი. მისი მცნებებიც და ცოდვებიც პატარად, უმნიშვნელოდ ითვლება. ისინი ხომ ორივე ერთი საწონით იწონება. და საერთოდ ასეთი ადამიანი პატარად ითვლება.
ის კი, ვინც მკაცრია საკუთარი უმნიშვნელო ქმედებების მიმართ და ამბობს, რომ შემქმნელი მის მიმართ მკაცრი და პედანტია თმის ღერის სისქის დონემდე - ის დიდ ადამიანად ითვლება, რამეთუ მისი ცოდვებიც და მცნებებიც დიდია.
რამდენადაც სიამოვნებას გრძნობს ადამიანი მცნებების შესრულებისას, იმდენად განიცდის ტანჯვას ცოდვის ჩადენისას.
ამის შესახებ მოგვითხრობს იგავი: ერთერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა ადამიანი, რომელმაც საშინელი დანაშაული ჩაიდინა სამეფოს (მეფის) წინააღმდეგ, რისთვისაც ოცწლიანი სასჯელი–ციხე და მძიმე იძულებითი შრომა მიუსაჯეს. სასჯელი მას ქვეყნის საზღვრებს გარეთ, შორეულ და მიყრუებულ ადგილას უნდა მოეხადა. განაჩენი მყისვე აღსრულებულ იქნა და ადამიანი ქვეყნის დასალიერში, მიყრუებულ ადგილას გადაასახლეს.
იქ მან იპოვა ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფომ მის მსგავსად გადასახლება მიუსაჯა. მაგრამ მას გულმავიწყობის ავადმყოფობა შეეყარა და სრულიად დაავიწყდა, რომ ცოლშვილი, ახლო მეგობრები და ნაცნობები ჰყავდა. ის ფიქრობდა, რომ მთელი სამყარო ამ მიყრუებული ადგილით და იქ მცხოვრები ადამიანებით შემოიფარგლებოდა და რომ ეს იყო მისი სამშობლო.
გამოდის, რომ მთელი მისი წარმოდგენა სამყაროზე მის ახლანდელ შეგრძნებებზე იყო აგებული, მას არც კი შეეძლო წარმოედგინა ჭეშმარიტი რეალობა და მხოლოდ მისი ახლანდელი ცოდნითა და შეგრძნებებით ხელმძღვანელობდა.
იმ შორეულ ქვეყანაში მას შეასწავლეს კანონები, რომ კვლავაც არ დაერღვია ისინი და შეძლებოდა თავიდან აეცილებინა ამ კანონებში აღწერილი დანაშაულებების ჩადენა, რომ ცოდნოდა, თუ როგორ გამოესწორებინა თავისი ქმედებები, რათა იქიდან გაენთავისუფლებინათ. და მეფის კანონების კრებულის შესწავლისას მან აღმოაჩინა, რომ გარკვეული ცოდვის ჩადენისას ადამიანს შორეულ, სამყაროსგან მთლიანად მოწყვეტილ ქვეყანაში აგზავნიან. სასჯელის ასეთმა სიმკაცრემ და სასამართლოს დაუნდობლობამ მასში შეძრწუნება და უაღრესი აღშფოთება გამოიწვია.
მაგრამ ადამიანს არასოდეს მოსვლია თავში, რომ თვითონ ისაა სამეფოს ამ კანონების დამრღვევი, რომ ის უკვე მკაცრად გაასამართლეს და განაჩენი აღსრულებაშიც მოიყვანეს. და რადგან ის გულმავიწყობის დაავადებით იყო დაავადებული, ვერასოდეს შეძლებდა თავისი ჭეშმარიტი მდგომარეობის შეგრძნებას.
და ამაზეა ნათქვამი - „ძლიერი ქარიშხალია მის (შემქმნელის) ირგვლივ“ („უამრავი თმაა შემქმნელის ირგვლივ“), ე.ი. ადამიანმა სულიერი ანგარიში უნდა ჩააბაროს საკუთარ თავს ყველა იმ ნაბიჯზე, რომელსაც ის აკეთებს, მან ხომ თვითონ დაარღვია მეფის კანონები და ამიტომ განდევნეს ის სამეფოდან (უმაღლესი სამყაროდან).
მრავალი კეთილი (შემქმნელზე გაცემის განზრახვის მქონე) ქმედების ჩადენის შედეგად ადამიანს მეხსიერება უბრუნდება, და ის იწყებს იმის შეგრძნებას, თუ რამდენად შორსაა თავისი სამეფოსაგან (ჭეშმარიტი სულიერი სამყაროსაგან) და ამიტომ იწყებს საკუთარი თავის გამოსწორებას (ივრითულად „თშუვა“ – უკან დაბრუნება, პასუხი), სანამ არ გამოიყვანენ მას გადასახლების ადგილიდან და თავის სამეფოში არ დააბრუნებენ. ეს შეგრძნებები ადამიანს სწორედ მისი მუშაობის შედეგად ეწვევა, როდესაც გრძნობს, თუ რამდენად მოშორებულია თავის პირველწყაროსაგან, ფესვისაგან, სანამ ის შემქმნელთან შერწყმის ღირსი არ გახდება.