<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / კვერთხი და გველი

59. კვერთხი და გველი

გაგონილია 13 ადარს (1948 წლის 23 თებერვალს)

„და პასუხობდა მოსე: მაგრამ, ისინი ხომ მე არ დამიჯერებენ...“. და უთხრა მას შემქმნელმა: „ეს, რა არის შენს ხელში?“ და უპასუხა: „კვერთხი“. და თქვა შემქმნელმა: „დააგდე ის მიწაზე“. და მან დააგდო და ის გველად იქცა. და გაიქცა მოსე მისგან“ (შმოთ 4).

არსებობს მხოლოდ ორი საფეხური: ან სიწმინდე (შემქმნელზე გაცემის სურვილი, განზრახვა), ან უწმინდური ძალა – სიტრა ახრა (მიღების ეგოისტური სურვილი, განზრახვა). და მათ შორის შუალედური მდგომარეობა არ არსებობს, არამედ იგივე კვერთხი გადაიქცევა გველად, მის მიწაზე დაგდებისას.

ამის გასაგებად დავიწყოთ ბრძენთა მიერ ნათქვამით: „შხინა (შემქმნელის გამოვლინება) ხეებზე და ქვებზე დაუშვა“. „ხეები“ და „ქვები“ ყოველივე უმნიშვნელოს სიმბოლოა. და სწორედ ასე და ასეთი სახით დაუშვა შემქმნელმა თავისი შხინა. (ესე იგი შხინა იხსნება სწორედ უბრალო და მცირე სურვილებზე, რომელიც ადამიანის თვალში არც თუ ისე მნიშვნელოვნად ითვლება.)

და ასე უნდა გავიგოთ კითხვა: „რა არის შენს ხელში?“. „ხელი“ შეცნობის, წვდომის სიმბოლოა, როგორც ნათქვამია: „შენი ხელი მიწვდა“. „კვერთხი“ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის მთელი წვდომა, შემეცნება უმნიშვნელოზე, ანუ ცოდნაზე ამაღლებულ რწმენაზეა დამყარებული.

(რწმენა ადამიანის თვალში რაღაც უმნიშვნელოდ, მდაბლად ითვლება. ის იმას სცემს პატივს, რაც ცოდნის, გონების ფარგლებშია, ხოლო თუ ადამიანის გონებას არ შეუძლია რამეში ჩაწვდომა, ან მისი წვდომის საგანი მის გაგებას ეწინააღმდეგება, მაშინ მან უნდა თქვას, რომ რწმენა მისთვის უფრო მნიშვნელოვანია და მის ცოდნაზე, აზრზე, წარმოდგენაზე უფრო მაღლაა. გამოდის, რომ ამით ის ამცირებს თავისი გონების მნიშვნელოვნებას და ამბობს, რომ, თუკი მისი აზრი, წარმოდგენა შემქმნელის გზას ეწინააღმდეგება, მაშინ რწმენა მისთვის უფრო მნიშვნელოვანია და უფრო მაღლა დგას  ვიდრე მისი აზრი.

და ეს იმიტომ, რომ იმას, რაც შემქმნელის გზას ეწინააღმდეგება, ამ ცოდნას არავითარი ფასეულობა არ გააჩნია, არამედ „თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ესმით“. ესე იგი ადამიანი ანულირებას უკეთებს ყველაფერს, რასაც ხედავს და ესმის (ყველაფერს რაც არ არის თანხმობაში შემქმნელის გზასთან). და ამას ჰქვია ცოდნაზე ამაღლებული რწმენით სვლა. მაგრამ ეს ადამიანის თვალში გამოიყურება როგორც მდაბალი და უმნიშვნელო  მდგომარეობა.

ხოლო შემქმნელისათვის რწმენა სიმდაბლედ არ ითვლება. ადამიანს კი სხვა გამოსავალი არ აქვს და იძულებულია, რომ რწმენის გზით იაროს და ამიტომ ეჩვენება, რომ რწმენა სიმდაბლეა. შემქმნელს კი შეეძლო თავისი შხინა მაინცდამაინც „ხეებზე“ და „ქვებზე“ არ გამოევლინა, მაგრამ მან  ეს – რწმენის გზა აირჩია და ასე, რა თქმა უნდა, იმიტომ გააკეთა, რომ ეს უფრო კარგი და უფრო წარმატებული გზა იყო (სულიერებისაკენ). მაშასადამე შემქმნელისათვის რწმენა არ არის უმნიშვნელო, არამედ პირიქით, სწორედ ამ გზას უამრავი უპირატესობა გააჩნია, მაგრამ ქმნილების თვალში ის სიმდაბლედ ითვლება.)

და თუ ადამიანი კვერთხს მიწაზე აგდებს და სურს, რომ (მის თვალში) უფრო მაღალ და მნიშვნელოვან საფეხურზე, ესე იგი ცოდნის ფარგლებში იმუშაოს, ის ამით ცოდნაზე ამაღლების გზას უგულებელჰყოფს, რადგან ეს მას უმნიშვნელოდ ეჩვენება. და მაშინ მისი თორა და მუშაობა მყისვე იქცევა გველად, რომელიც პირველი (ედემის ბაღის) გველის განსახიერებას წარმოადგენს.

ამიტომ ნათქვამია: „ყველა ამპარტავანს, თქვა შემქმნელმა, მე და მას არ შეგვიძლია ერთ ადგილას ვიარსებოთ“. მიზეზი კი იმაშია,  რომ შემქმნელმა შხინა „ხეებზე და ქვებზე“ დაუშვა. ამიტომ, თუ ადამიანი კვერთხს მიწაზე აგდებს და თავის თავს  უფრო მაღალ თვისებასთან სამუშაოდ განადიდებს, ეს უკვე გველია. და რაიმე შუალედური არ არსებობს, არამედ ან გველი (უწმინდურობა), ან –  სიწმინდე (კვერთხი), იმიტომ რომ მთელი მისი თორა და მუშაობა, რომელიც სიმდაბლედ მიიჩნეოდა ადამიანის თვალში, ახლა გველად იქცევა.

მაგრამ ცნობილია, რომ უწმინდურ ძალას არ გააჩნია სინათლეები და ამიტომ მატერიალურშიც ეგოიზმს არაფერი აქვს სურვილის, სინაკლულის გარდა, რომელიც არანაირ შევსებას არ იღებს, რადგან ის ვინც 100–ს იღებს, მყისვე 200 სურს და ა. შ. და „კვდება ადამიანი ისე, რომ თავისი სურვილების ნახევარსაც ვერ ასრულებს“, რაც უმაღლესი ფესვებიდან გამომდინარეობს. (ე.ი. ეგოისტური სურვილები ყოველთვის შეუვსებელი რჩებიან.) 

უწმინდური ძალის, კლიპას ფესვს სიამოვნების მიღების სურვილი წარმოადგენს და 6000 წლის განმავლობაში (გამოსწორების სრული პერიოდი) შეუძლებელია ამ სურვილების გამოსწორება. მათზე ციმცუმი – შეკვეცა ვრცელდება და ამიტომ მათ სინათლეებისა და ბარაქის მიღება  არ შეუძლიათ. 

ამიტომ ეს სურვილები აცდუნებენ ადამიანს, რომ მან სინათლე მათ საფეხურებზე მოიზიდოს. და მთელ იმ სინათლეს, რომელსაც ადამიანი სიწმინდესთან შერწყმის (გაცემის განზრახვით მუშაობის) წყალობით იღებს (სინათლე ხომ სიწმინდეში ანათებს), უწმინდური ძალები ართმევენ მას, რის შედეგადაც ისინი ადამიანზე ძალაუფლებას იძენენ. ე.ი. ისინი ადამიანს მოცემული მდგომარეობით დაკმაყოფილების შეგრძნებას აძლევენ და ამით განძრევის საშუალებას არ აძლევენ.  

კლიპას ძალაუფლების ქვეშ მყოფ ადამიანს წინსვლა არ შეუძლია, იმიტომ რომ საჭიროებას არ განიცდის იმაში, რომ უფრო მაღალ საფეხურზე ამაღლდეს. და რადგან საჭიროება, სურვილი არ აქვს, ამიტომ მას არ შეუძლია, რომ ადგილიდან დაიძრას და  თუნდაც უმნიშვნელო მოძრაობა გააკეთოს.

და მაშინ ადამიანს არ შეუძლია გაიგოს, სიწმინდისკენ მიდის ის თუ საპირისპირო მიმართულებით, იმიტომ რომ უწმინდური ძალა უფრო და უფრო მეტ ძალას აძლევს მუშაობისათვის, ის ხომ  ახლა ცოდნის ფარგლებში იმყოფება (საკუთარი ეგოისტური გონების ფარგლებში მოქმედებს) და ამიტომ თავის სამუშაოს მდაბლად და უმნიშვნელოდ  არ თვლის. ამგვარად ადამიანი შეიძლება სამუდამოდ დარჩეს უწმინდური ძალების ტყვეობაში.

იმისათვის, რომ ადამიანი უწმინდური ძალების მმართველობის ქვეშ არ დარჩეს, შემქმნელმა განსაკუთრებული გამოსწორება შექმნა, ისე რომ თუ ადამიანი „კვერთხის“ მდგომარეობას ტოვებს, ის მყისვე „გველის“ მდგომარეობაში ვარდება, და მაშინვე მარცხს განიცდის. და არ შეუძლია ეს მდგომარეობა გადალახოს და გაძლიერდეს, თუ ისევ სიმდაბლედ წოდებულ რწმენის გზას არ მიმართავს. გამოდის, რომ თავად წარუმატებლობას მიჰყავს ადამიანი იქამდე, რომ „კვერთხის“ მდგომარეობა, ანუ ცოდნაზე ამაღლებული რწმენით მუშაობა აიღოს თავის თავზე.

ამიტომ თქვა მოსემ: „ისინი მე არ დამიჯერებენ“, - ესე იგი არ მოისურვებენ მიიღონ ცოდნაზე ამაღლებული რწმენის გზა. მაგრამ უპასუხა მას შემქმნელმა: „ეს რა არის შენს ხელში?“ - „კვერთხი“ - „დააგდე ის მიწაზე!“ - და მყისვე კვერთხი „გველად იქცა“. ესე იგი კვერთხსა და გველს შორის არ არსებობს შუალედური მდგომარეობა. და ეს იმისათვის, რომ ადამიანმა ზუსტად იცოდეს, თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფება,– წმინდა თუ უწმინდურში.

გამოდის, რომ არ არსებობს სხვა გზა გარდა იმისა, რომ ადამიანმა თავის თავზე მიიღოს ცოდნაზე ამაღლებული რწმენა, რომელსაც კვერთხი ეწოდება. ეს კვერთხი ხელში უნდა ეჭიროთ. არ შეიძლება მისი მიწაზე დაგდება. ამიტომაა ნათქვამი: „და აყვავდა აჰარონის კვერთხი“, - მთელი ის აყვავება ხომ, რომლის ღირსიც ადამიანი შემქმნელზე მუშაობისას გახდა, აჰარონის კვერთხს ემყარებოდა.

და ეს იმიტომ, რომ (შემქმნელს) სურდა ეჩვენებინა ადამიანისათვის, სწორი გზით მიდის ის, თუ არა, დაენახებინა, თუ რა არის მისი მუშაობის საფუძველი. თუ ეს საფუძველი კვერთხია (ცოდნაზე ამაღლებული რწმენა), მაშინ ის გამოსწორების და სიწმინდის გზაზე დგას, მაგრამ თუ მისი საფუძველი ცოდნის ფარგლებშია, მაშინ ის ვერ შეძლებს სიწმინდეს მიაღწიოს.

მაგრამ თავად მუშაობაში, ესე იგი, მის თორაში და ლოცვაში, არ არის იმის არანაირი ნიშანი, შემქმნელისათვის მუშაობს ის, თუ საკუთარი თავისათვის, რადგან იქ პირიქითაა: თუ მისი საფუძველი ცოდნის ფარგლებშია, ესე იგი ადამიანის მუშაობა ცოდნაზე  და მიღებაზეა დაფუძნებული, მაშინ სხეული (მიღების სურვილი) იძლევა საწვავს, ძალას მუშაობისათვის და მას შეუძლია დიდი შთაგონებითა და  დაჟინებით ისწავლოს და ილოცოს, ის ხომ  გონების თანახმად მოქმედებს.

ხოლო როდესაც ადამიანი მიდის სიწმინდის (გამოსწორების) გზით, რომელიც რწმენაზე და გაცემაზეა დაფუძნებული, მაშინ ის საჭიროებს დიდ, განსაკუთრებულ მომზადებას, რათა სიწმინდე უნათებდეს მას. ხოლო უბრალოდ, მომზადების გარეშე, მისი სხეული არ მისცემს მას ძალას მუშაობისათვის.

და ადამიანმა ყოველთვის უფრო დიდი ძალისხმევა უნდა ჩადოს, მისი ბუნება ხომ  სიამოვნების მიღება და ცოდნის ფარგლებში მოქმედებაა.

ამიტომ, თუ ადამიანის მუშაობა მიწიერ, მატერიალურ (საკუთარი თავისთვის მიღების) საფუძველზეა დამყარებული, ის ყოველთვის წესრიგში იქნება, მაგრამ თუ მისი მუშაობის საფუძველი გაცემა და ცოდნაზე ამაღლებაა, მაშინ ის გამუდმებით უნდა ცდილობდეს, რომ მიღების ფესვსა და ცოდნის ფარგლებში მუშაობაში არ დაეცეს.

და ერთი წამითაც არ უნდა გაუშვას თვალთახედვიდან ეს საშიშროება, - წინააღმდეგ შემთხვევაში მყისვე ჩავარდება მიწიერების (საკუთარი თავისათვის მიღების სურვილის) ფესვში, რომელსაც „მტვერი და ფერფლი“ ეწოდება, როგორც ნათქვამია: „რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (ბერეშით 3:19). ეს მოხდა (სიკეთისა და ბოროტების) შეცნობის ხის ცოდვის შემდეგ.

ადამიანს გააჩნია უნარი, გაარკვიოს, სიწმინდის (გაცემის) გზით მიდის ის, თუ – პირიქით, რადგან „სხვა ღმერთი უნაყოფოა და არ იძლევა ნაყოფს“. ჩვენ ამ ნიშანს წიგნი ზოჰარი გვაძლევს. სწორედ რწმენის საფუძველზე, რომელსაც კვერთხი ჰქვია, ადამიანი ღირსი ხდება თავისი შრომის ნაყოფი გაამრავლოს თორაში. როგორც ნათქვამია: „აყვავდა აჰარონის კვერთხი“, - ე.ი. ნაყოფის ზრდა და აყვავება სწორედ კვერთხის მეშვეობით ხდება.

ამიტომ ისევე როგორც ადამიანი ყოველ დილით დგება  თავისი საწოლიდან, თავს იბანს და სხეულს სიბინძურისაგან ასუფთავებს, სწორედ ასევე უნდა განიწმინდოს ის კლიპოთების – უწმინდური ძალებისაგან, ესე იგი შეამოწმოს საკუთარი თავი, სრულყოფილია თუ არა მისი „კვერთხი“. და ეს შემოწმება მუდმივი უნდა იყოს.

და თუ ის წამით მაინც წყვეტს ამ ანალიზს, - მყისვე უწმინდური ძალების (სიტრა ახრა) – „საკუთარი თავისთვის მიღების სურვილების“ ძალაუფლების ქვეშ ექცევა, და მათ მონობაში მოხვდება, რამეთუ ცნობილია, რომ „სინათლე ქლის ქმნის“. ამიტომ, რამდენადაც მუშაობს ადამიანი საკუთარი თავისათვის მიღების განზრახვით, იმავე ზომით  ხდება მისთვის აუცილებელი მხოლოდ ეგოისტური მიღებისაკენ სწრაფვა და ის შორდება გაცემას.

აქედან შეიძლება ბრძენთა მიერ ნათქვამის გაგება: „იყავი ძალიან, ძალიან თავმდაბალი!“ და რატომ არის ასე ხმამაღლა ნათქვამი: „ძალიან, ძალიან“ ?

საქმე იმაშია, რომ ადამიანი დამოკიდებული ხდება გარემოცვაზე იმიტომ, რომ  ოდესღაც პატივი მიიღო მისგან. თავიდან ის ამ პატივს იმისათვის არ იღებდა, რომ სიამოვნება განეცადა, არამედ სხვა მიზეზების, მაგალითად თორის პატივისცემის გამო და ა.შ. და ის დარწმუნებული იყო თავის გათვლაში, რამეთუ იცოდა, რომ პატივის მოხვეჭის არავითარი მისწრაფება არ გააჩნდა და ამიტომ თვლიდა, რომ პატივის მიღება შეუძლია (ის ხომ საკუთარი თავისათვის არ იღებდა). მიუხედავად ამისა, არ შეიძლება პატივის მიღება იმ მიზეზის გამო, რომ „სინათლე ქლის ქმნის“.

ამიტომ, პატივის მიღების შემდეგ ადამიანს უკვე პატივის მოხვეჭის სურვილი უჩნდება. ამგვარად ის პატივის ძალაუფლების ქვეშ ექცევა და ძალიან უმძიმს მისგან გათავისუფლება. ამის შედეგად ადამიანი განკერძოებულ (შემქმნელისაგან მოწყვეტილ) არსებად იქცევა და მისთვის ძნელი ხდება თავი გააუქმოს შემქმნელის წინაშე, რადგან პატივის მიღების შედეგად ის ცალკე რეალობად იქცევა.

და იმისათვის. რომ შემქმნელთან შერწყმას მიაღწიოს, ადამიანმა მთელი თავისი არსება უნდა გააბათილოს (ყველა თავისი სურვილი გააუქმოს შემქმნელის წინაშე). ამიტომ ნათქვამია: „ძალიან, ძალიან“. სადაც პირველი „ძალიან“ ნიშნავს, რომ არ შეიძლება პატივის მიღება საკუთარი სიამოვნებისათვის. ხოლო მეორე „ძალიან“ იმას ნიშნავს, რომ ადამიანს საკუთარი თავისათვის მიღების განზრახვაც რომ არ გააჩნდეს, მაინც აკრძალულია პატივის მიღება.