<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / გახსნილი და დაფარული

65.  გახსნილი  და დაფარული

გაგონილია 29 ტევეთს (1942 წლის 18 იანვარს) იერუსალიმში

 

ნათქვამია: „დაფარული - ჩვენს შემქმნელს, ხოლო გახსნილი - ჩვენ  და ჩვენს შვილებს სამარადისოდ, რათა შევასრულოთ თორაში ნათქვამი“.

რისთვის არის ნათქვამი „დაფარული შემქმნელს?“ არ შეიძლება ითქვას, რომ დაფარული შეუცნობელს ნიშნავს, ხოლო გახსნილი–შეცნობილს, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობენ თორის დაფარული ნაწილის მცოდნენი, და არიან ისეთები, ვინც მისი გახსნილი ნაწილიც კი არ იციან. აქ არ იგულისხმება, რომ გახსნილი ნაწილის მცოდნენი აღემატებიან დაფარული ნაწილის მცოდნეებს. (ასე ფიქრი საკუთარი ნავარაუდევის დამატება იქნებოდა).

ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს სამყაროში არის ყველასთვის მისაწვდომი ქმედებები, რომელთა შესრულებაც ყველას შეუძლია, და არსებობს ისეთი მოვლენები, რომლებიც ხდება, მაგრამ ადამიანს მასში ჩარევა არ შეუძლია, არამედ მათში რაღაც უხილავი ძალა მოქმედებს.

მაგალითად ბრძენთა მიერ ნათქვამია: „სამი მონაწილეა ადამიანის შექმნაში: შემქმნელი, მამა და დედა“. გახსნილ ნაწილს წარმოადგენს მცნება: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ“, რომელიც მშობლების მიერ სრულდება, და თუ ისინი სწორად იქცევიან, შემქმნელი ჩანასახს სულს აძლევს. ე.ი. მშობლები გახსნილ ნაწილს ასრულებენ, მათ ხომ მხოლოდ გახსნილი, გამოვლინებული მოქმედებების გაკეთება შეუძლიათ, დაფარული  ნაწილი კი ჩანასახისთვის სულის შთაბერვაში მდგომარეობს, რაშიც მშობლებს არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ თვით შემქმნელი აკეთებს ამას.

და ასევე  მცნებების შესრულებისას  ჩვენ მხოლოდ მათ გახსნილ, ჩვენთვის გამოვლინებულ ნაწილს ვასრულებთ, რადგან თორის სწავლა და მცნებების შესრულება ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ როგორც „მისი ნათქვამის აღსრულება“. ხოლო რაც შეეხება დაფარულ ნაწილს, ანუ ამ მოქმედებების სულიერ მხარეს, მათ „სულს“, – აქ ადამიანს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამიტომ, როდესაც ადამიანი თორასა და მცნებებს პრაქტიკულად, მოქმედებების მეშვეობით ასრულებს, რასაც „გაკეთება“ ჰქვია, მან უნდა ილოცოს, რომ შემქმნელმა თავის მხრივ დაფარული ნაწილი შეასრულოს, ე.ი. ადამიანის მოქმედებებში სული შთაბეროს.

მცნების პრაქტიკულ ნაწილს, მოქმედებას „მცნების სანთელი“ ეწოდება და მას „თორის სინათლით“ ანთებენ. ეს სინათლე „ანთებს“ მცნებას, ე.ი. სულსა და სასიცოცხლო ძალას ანიჭებს მოქმედებას, მსგავსად ჩანასახისა, რომლის შექმნაშიც სამი მონაწილეა.

ამიტომ ნათქვამია: „გახსნილი ნაწილი - ჩვენთვის“, ე.ი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ხელთაა და რისი ძალაც შეგვწევს, და მხოლოდ აქ, ამ საზღვრებში შეგვიძლია რომ ვიმოქმედოთ, მაგრამ სულისა და სასიცოცხლო ძალების შეძენა მხოლოდ შემქმნელზეა დამოკიდებული. და ამას ეწოდება: „დაფარული ნაწილი - ჩვენს შემქმნელს“. ე.ი. შემქმნელი გარანტიას გვაძლევს, რომ თუ ჩვენ თორისა და მცნებების პრაქტიკულ ნაწილს, ჩვენთვის გახსნილ პირობებს შევასრულებთ, მაშინ შემქმნელი ამ ჩვენს მოქმედებებში სულს შთაბერავს.

მანამ, სანამ დაფარული ნაწილის, ანუ სულის ღირსი არ გავხდებით, - გახსნილი ნაწილი, ე.ი. ჩვენი მოქმედებები მკვდარ, უსულო სხეულს წააგავს. მაშასადამე, აუცილებელია დაფარული ნაწილის ღირსი გავხდეთ, რაც მხოლოდ შემქმნელის ხელშია.