66. თორის ბოძება - 1
გაგონილია ტრაპეზის დროს შავუოთის
დღესასწაულის საღამოს (1948 წ.)
თორის ბოძება, რომელიც სინაის მთასთან მოხდა, იმას არ ნიშნავს, რომ თორა მხოლოდ მაშინ, ერთხელ იქნა ბოძებული, ხოლო შემდეგ კი შეწყდა მისი მიცემა. სულიერებაში არაფერი ქრება, ის ხომ მარადიული და უწყვეტი კატეგორიაა. მაგრამ ვინაიდან მბოძებლის თვალთახედვიდან ჩვენ მზად არა ვართ თორის მისაღებად, ჩვენ ვამბობთ, რომ თორის ბოძება უმაღლესის მხრიდან შეწყდა.
მაშინ კი, სინაის მთასთან მთელი ისრაელი ხალხი იყო მზად მის მისაღებად, როგორც ნათქვამია: „და დაბანაკდა ისრაელი მთის ძირში, როგორც ერთი კაცი ერთი გულით“. ე.ი. მთელი ხალხი მომზადებული იყო, რომ ერთი განზრახვა, ერთი აზრი ჰქონდათ – თორის მიღება. მაგრამ შემქმნელის მხრიდან არაფერი იცვლება,– ის ყოველთვის გასცემს, როგორც ბაალ შემ ტოვმა თქვა, რომ ადამიანი ვალდებულია ყოველდღე მოისმინოს ათი მცნება სინაის მთაზე.
თორას „სიცოცხლის ელექსირი“ და „მომაკვდინებელი შხამი“ ეწოდება. და უნდა გავიგოთ, როგორ შეიძლება რომ ერთი რამ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებას იტევდეს თავის თავში?
მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჩავწვდეთ რაიმე რეალობას როგორც ასეთს, ჩვენგან დამოუკიდებლად, არამედ ყოველივეს ჩვენი შეგრძნების მეშვეობით შევიცნობთ, ხოლო როგორია რეალობა თავისთავად, ჩვენ არ გვაინტერესებს. ამიტომ, თორას როგორც ასეთს ჩვენ სრულებითაც ვერ ვწვდებით, არამედ მხოლოდ ჩვენს შეგრძნებებს აღვიქვამთ და ყველა ჩვენი შთაბეჭდილება მხოლოდ ჩვენს შეგრძნებებზეა დამოკიდებული.
ამიტომ, როდესაც ადამიანი თორას სწავლობს და თორა მას შემქმნელის სიყვარულისაგან სულ უფრო აშორებს, ასეთ თორას, რა თქმა უნდა, „მომაკვდინებელი შხამი“ ეწოდება და პირიქით – თუ თორა, რომელსაც ადამიანი სწავლობს, აახლოებს მას შემქმნელის სიყვარულთან, მას „სიცოცხლის ელექსირი“ ეწოდება. მაგრამ თვით თორა, ადამიანთან კავშირის გარეშე, რომელიც ვალდებულია, რომ მას ჩაწვდეს, წარმოადგენს სინათლეს ქლის გარეშე, რომლის შეცნობაც აბსოლუტურად შეუძლებელია. ამიტომ, როდესაც თორის თვალსაზრისით საუბრობენ, გულისხმობენ იმ შეგრძნებებს, რომელსაც ადამიანი თორისაგან იღებს, რამეთუ მხოლოდ ეს შეგრძნებები განაპირობებენ ქმნილებების გარემომცველ რეალობას.
როდესაც ადამიანი საკუთარი თავისათვის ირჯება, ამას „ლო ლიშმა“ ეწოდება. „ლო ლიშმას“ მდგომარეობიდან კი „ლიშმას“ მდგომარეობას აღწევენ (საკუთარი თავისათვის მიღების მდგომარეობიდან შემქმნელზე გაცემის მდგომარეობას აღწევენ). ამიტომ, თუ ადამიანი ჯერ კიდევ არ გამხდარა თორის მიღების ღირსი, მას იმედი აქვს, რომ მომავალ წელს შეძლებს ამის გაკეთებას. მაგრამ მას შემდეგ, რაც ადამიანი „ლიშმა“–ს სრულყოფილების ღირსი ხდება, მას ამ სამყაროში უკვე აღარაფერი ესაქმება. მან ხომ ყველაფერი გამოასწორა იმისათვის, რათა „ლიშმას“–გაცემის განზრახვის აბსოლუტურ სრულყოფილებაში იმყოფებოდეს.
ამიტომ, ყოველ წელიწადს არსებობს თორის ბოძების დრო, რომელიც შესაფერისია ქვემოდან გამოღვიძებისათვის (ჰითარუთა დე-ლეთათა), რადგან სწორედ მაშინ დგება დრო, როდესაც თორის სინათლე გახსნილი იყო ქმნილებებისათვის. ამიტომ ხდება გამოღვიძება ზემოთ, რაც ქვემოთ მყოფთ აძლევს ძალას თორის მიღებისათვის საჭირო მოსამზადებელი მოქმედედები შეასრულონ, ისევე როგორც მაშინ (სინაის მთასთან) იყვნენ მზად თორის მისაღებად.
აქედან გამომდინარეობს, რომ თუ ადამიანი მიდის „ლო ლიშმას“ (საკუთარი თავისათვის მიღების) გზით, რომელსაც ის „ლიშმასთან“ (შემქმნელზე გაცემისაკენ) მიჰყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის სწორი გზით მიდის და იმედი უნდა იქონიოს, რომ ბოლოს და ბოლოს „ლიშმას“ მიაღწევს და თორის მიღების ღირსი გახდება.
მაგრამ ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს, რომ მიზანი ყოველთვის თვალწინ ედგას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპირისპირო მიმართულებით ივლის. სხეულის ფესვი ხომ მიღების სურვილია და ამიტომ ის მუდმივად საკუთარი ფესვისაკენ - „საკუთარი თავისაკენ“ ექაჩება, რაც ეწინააღმდეგება თორას, რომელსაც „სიცოცხლის ხე“ ჰქვია. ამიტომ თორა სხეულისათვის „მომაკვდინებელ შხამს“ წარმოადგენს.