<- 카발라 라이브러리
계속 읽기 ->
카발라 도서관 홈 / Baal HaSulam / Shamati / ცოდვილი თუ მართალი - არ არის ნათქვამი

99. ცოდვილი თუ მართალი - არ არის ნათქვამი

გაგონილია 21 იარს, იერუსალიმში

 

თქვა რაბი ხანანია ბარ პაპამ: „ანგელოზს, რომელიც ორსულობაზე აგებს პასუხს, ლაილა (ღამე) ჰქვია. იღებს ის თესლის წვეთს, წარუდგენს მას შემქმნელს და ეკითხება: „სამყაროს მბრძანებელო, რა გამოვა ამ წვეთისაგან: გმირი თუ სუსტი, ბრძენი თუ უგუნური, მდიდარი თუ ღარიბი? ხოლო იქნება თუ არა ის ცოდვილი ან მართალი - არ ამბობს“. (ტრაქტატი „ნიდა“, 16, გვ. 2). (მართალი–ცადიკი – ის ვინც შემქმნელს ამართლებს)

მაგრამ, როგორც წესი, უგუნურს არ შეუძლია რომ ცადიკი–მართალი გახდეს. აკი უთქვამთ ბრძენთ: „ადამიანი არ შესცოდავს მანამ, სანამ მასში უგუნურების სული არ ჩასახლდება“. და მით უმეტეს ის, ვინც მთელი თავისი ცხოვრება უგუნურად გაატარა. გამოდის, რომ თუ ადამიანი უგუნური დაიბადა, მას არავითარი არჩევანი არ გააჩნია, რამეთუ განწირულია, რომ უგუნური იყოს. და ის რომ ნათქვამი არაა, იქნება ადამიანი ცადიკი–მართალი თუ ცოდვილი, ეს იმიტომ, რომ მას არჩევანი ჰქონდეს. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ნათქვამია თუ არა „მართალი თუ ცოდვილი“, რამეთუ თუ ადამიანს უგუნურობა აქვს მისჯილი, ეს იმის ტოლფასია, რომ მას ცოდვილობა ჰქონდეს მისჯილი.

და უნდა გავიგოთ ბრძენთა მიერ ნათქვამი: „თქვა რაბი იოხანანმა: დაინახა შემქმნელმა, რომ მცირერიცხოვანნი არიან ცადიკები–მართლები, - ადგა და ჩარგა ისინი ყველა თაობაში“. რამეთუ შემქმნელი განაგებს დედამიწის საფუძვლებს და მათზე დააფუძნა სამყარო“. და გვიხსნის რაში (რაბენუ შლომო იცხაკი): „და დააფუძნა მათზე სამყარო“, ნიშნავს, რომ გაფანტა ისინი ყველა თაობაში, რათა საფუძვლად ქცეულიყვნენ სამყაროს არსებობისათვის. 

„მცირერიცხოვანნი არიან ისინი“ - ეს ნიშნავს, სულ უფრო ცოტანი არიან და საერთოდ მცირდებიან. და რა გააკეთა მან, რომ ცადიკები–მართლები გაემრავლებინა? აიღო და ჩანერგა ისინი ყველა თაობაში. და ისმის კითხვა, რაშია მართალთა ყველა თაობაში გაფანტვის სარგებელი, განა ამით მრავლდებიან ისინი? რა მნიშვნელობა აქვს, ერთ თაობაში იქნება ყველა ცადიკი–მართალი თუ გაფანტული იქნებიან ყველა თაობაში, როგორც რაში გვიხსნის? განა ისინი მრავლდებიან იმით, რომ მრავალ თაობაში არსებობენ? 

ამის გასაგებად საჭიროა დავამატოთ და ავხსნათ ბრძენთა მიერ ნათქვამი იმის შესახებ, რომ შემქმნელი წყვეტს, თესლის წვეთიდან ბრძენი გამოვა თუ უგუნური, ესე იგი ის, ვინც სუსტი იბადება და თავისი ბოროტი საწყისის გადალახვის ძალა არ გააჩნია, ის ვინც სუსტი სურვილით და ნიჭის გარეშე ჩნდება. უკვე მოსამზადებელ ეტაპზე, ე.ი. უკვე სულიერი მუშაობის დაწყებისას ადამიანს უნარი უნდა გააჩნდეს, რომ თორისა და კაბალის სიბრძნის მიღება შეძლოს, როგორც წერია: „აძლევს სიბრძნეს ბრძენთ“. თუმცა იბადება კითხვა: თუ ისინი უკვე ჭკვიანები არიან, რისთვის ესაჭიროებათ კიდევ სიბრძნე? განა უმჯობესი არ იქნებოდა, რომ სიბრძნე უგნურთათვის მიეცა? 

საქმე კი იმაშია, რომ ბრძენად ის იწოდება, ვინც სიბრძნისაკენ მიისწრაფვის, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ გააჩნია სიბრძნე. მაგრამ იმდენად, რამდენადაც მას ასეთი სურვილი აქვს, ხოლო სურვილს ქლი–ჭურჭელი ეწოდება, გამოდის, რომ სიბრძნისაკენ ასეთი ლტოლვისა და მისწრაფების მქონე ადამიანს გააჩნია ჭურჭელი (ქლი), სადაც სიბრძნეს შეუძლია გაანათოს. ხოლო ის, ვინც უგუნურია, ესე იგი სიბრძნისკენ არ მიისწრაფვის და ყველა მისი სურვილი მხოლოდ საკუთარი თავის სარგებლისკენაა მიმართული, ასეთ ადამიანს გაცემის არავითარი უნარი არ გააჩნია. 

მაშინ როგორ შეიძლება, რომ ადამიანმა, რომელიც ასეთი თვისებებით დაიბადა, ცადიკის–მართლის საფეხურს მიაღწიოს? გამოდის, რომ მას არჩევანი არ გააჩნია. მაშინ რა აზრი აქვს იმას, რომ „ცოდვილი თუ მართალი – არ არის ნათქვამი“, თითქოს მას არჩევანს უტოვებს? თუ ადამიანი სუსტი ან უგუნური დაიბადა, მაშინ უკვე არავითარი არჩევანი აღარ გააჩნია, მას ხომ არაფრის გადალახვის ძალა არ შესწევს და არც შემქმნელის სიბრძნისაკენ ლტოლვის უნარი გააჩნია. 

მაგრამ იმისათვის, რათა უგუნურსაც ჰქონოდა არჩევანი, შემქმნელმა გააკეთა გამოსწორება, რომელზეც ბრძენთა მიერ ნათქვამია: „დაინახა შემქმნელმა რომ მცირერიცხოვანნი არიან მართალნი, ადგა და ჩარგა ისინი ყველა თაობაში“. და ისმის კითხვა: რა სარგებელია ამაში? 

ცნობილია, რომ ცოდვილებთან გაერთიანება აკრძალულია და მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ადამიანი მათ მსგავსად არ იქცევა, აკი ნათქვამია: „მასხარათა საკრებულოში არ იჯდა“. გამოდის, რომ ადამიანის მთავარი ცოდვა ისაა, რომ ის არასერიოზული ადამიანების საზოგადოებაში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ თვით ის თორასაც სწავლობს და მცნებებსაც ასრულებს. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, აკრძალვა თორისა და მცნებების შეუსრულებლობის გამო იქნებოდა. მაგრამ თვით ჯდომაა აკრძალული, იმიტომ რომ ადამიანს იმ ადამიანთა აზრებისა და სურვილების გადაღება ჩვევია, ვინც მას მოსწონს. 

და პირიქით. თუ თვით ადამიანი არ ფლობს სულიერებისაკენ ლტოლვისა და სწრაფვის ძალას, მაგრამ იმყოფება ისეთ ადამიანებს შორის, რომლებიც სულიერებისაკენ მიისწრაფიან და ეს ადამიანები სასიამოვნო არიან მისთვის, მაშინ ის მათგან იღებს გადალახვის ძალას და იმსჭვალება მათი სურვილებითა და მისწრაფებებით. და ეს მიუხედავად იმისა, რომ თვით მას მსგავსი თავისებები, მისწრაფებები და სულიერი ძალები არ გააჩნია. სწორედ ამ მისთვის სიმპათიური ადამიანებისადმი კეთილგანწყობისა და პატივისცემის წყალობით იღებს ის ახალ მისწრაფებებსა და ძალებს. 

აქედან გაიგე ნათქვამი: „დაინახა შემქმნელმა, რომ მცირერიცხოვანი არიან მართალნი...“, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას როდი გააჩნია უნარი ცადიკი–მართალი იყოს, რადგან ამისათვის საჭირო თვისებები არ აქვს, ის ხომ უგუნურად და სუსტად დაიბადა. მაგრამ არჩევანი მასაც აქვს და ნება არ აქვს თავი სათანადო თვისებების უქონლობით გაიმართლოს. და ეს იმიტომ, რომ შემქმნელმა ცადიკები–მართლები ყველა თაობაში ჩარგო, გაფანტა. ამიტომ ადამიანს თავისუფალი არჩევანი გააჩნია წავიდეს იმ ადგილას, სადაც მართალნი იმყოფებიან და მათ ხელმძღვანელობას დაემორჩილოს. მაშინ ის მიიღებს მათგან იმ ძალებს, რომელიც აკლია საკუთარი თვისებებიდან გამომდინარე. და ამას ის ცადიკებისაგან–მართალთაგან მიიღებს.

ამაშია სარგებელი იმისა, რომ ცადიკები–მართალნი ყველა თაობაში გაფანტა, რათა ყველა თაობაში ყოფილიყო ვიღაც, ვისთვისაც შეძლებდენ მიემართათ, მიკვროდნენ (შერწყმოდნენ) და მიეღოთ ძალები, რომელთა მეშვეობითაც ცადიკის–მართლის საფეხურზე ასვლას შეძლებდნენ. ამის წყალობით ისინი შემდეგ მართალნი ხდებიან.

გამოდის, რომ `„ცოდვილი თუ მართალი - არ არის ნათქვამი“ იმიტომ, რომ ადამიანს არჩევანი გააჩნია იმაში, რომ შეუძლია წავიდეს და მიეკრას ცადიკებს–მართლებს, რომლებიც დაარიგებენ მას. მათი დახმარებით ადამიანი მიიღებს ძალებს, რომელთა წყალობითაც შემდეგ თვითონ გახდება ცადიკი–მართალი. ხოლო ყველა მართალი ერთ თაობაში რომ ყოფილიყო, მაშინ უგუნურ და სუსტ ადამიანებს შემქმნელთან დაახლოვების არავითარი შესაძლებლობა არ ექნებოდა, ესე იგი მათ არჩევანი არ ექნებოდათ. მაგრამ იმის წყალობით, რომ ცადიკები–მართალნი ყველა თაობაში არიან გაფანტული, ყოველ ადამიანს გააჩნია არჩევანი, რომ წავიდეს და მიუახლოვდეს მართალთ, რომლებიც ყოველ თაობაში არიან. სხვაგვარად თორა ადამიანისათვის სასიკვდილო შხამად იქცეოდა. 

ამის გაგება მატერიალურ მაგალითზე შეიძლება: როდესაც ორი ადამიანი ერთიმეორის პირისპირ დგას, მაშინ ერთის მარჯვენა მხარე მეორეს მარცხენა მხარის პირისპირ იმყოფება, და პირიქით, ერთის მარაცხენა მხარე მეორე ადამიანის მარჯვენა მხარის პირისპირაა. არსებობს ორი გზა: ერთი - მარჯვენა, ეს ცადიკთა–მართალთა გზაა, რომლებიც მხოლოდ გაცემაზე ზრუნავენ, ხოლო მეორე – მარცხენა – იმათი გზაა, ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს და ამით შორდება შემქმნელს, რომელიც მთლიანად გაცემაშია. ამიტომ შორდებიან ისინი ჭეშმარიტ სიცოცხლეს და ამის გამო უწოდებენ ცოდვილებს „სიცოცხლეშივე მკვდრებს“. 

გამოდის, რომ მანამ, სანამ ადამიანი ჯერ კიდევ არ გამხდარა შემქმნელთან შერწყმის ღირსი - ისინი ორნი არიან. და როდესაც ადამიანი სწავლობს თორას, რომელსაც მარჯვენა მხარე ეწოდება, ეს მაინც შემქმნელის მარცხენა მხარეს წარმოადგენს. ესე იგი ის თორას საკუთარი თავისათვის სწავლობს, რაც მას შემქმნელისაგან აშორებს. და ამიტომ თორა მისთვის სასიკვდილო შხამად იქცევა, ტოვებს რა ადამიანს შემქმნელისაგან განშორებულ მდგომარეობაში. მას ხომ სურს, რომ თორამ მისი სხეული შემოსოს, ესე იგი სურს, რომ თორამ მისი ეგოისტური შენაძენი გაზარდოს. და ამიტომ თორა მისთვის სასიკდილო შხამად იქცევა. 

ხოლო როდესაც ადამიანი შემქმნელს ერწყმის, მაშინ მხოლოდ ერთი ძალაუფლება რჩება და ადამიანი შემქმნელთან ერთ მთლიანობაში ერთიანდება. და მაშინ თავისთავად შემქმნელის მარჯვენა მის მარჯვენად იქცევა, ხოლო სხეული მისი სულის სამოსი ხდება. და ნიშანი იმის, რომ ადამიანი ჭეშმარიტი გზით მიდის არის ის, რომ საკუთარი სხეულის მოთხოვნილებებზე მხოლოდ იმდენად ზრუნავს, რამდენადაც ეს მისი სულისთვისაა აუცილებელი. 

და თუ მას ეჩვენება, რომ იმაზე მეტს იღებს, ვიდრე მისი სულის შესამოსად არის საჭირო, მაშინ ის წააგავს ადამიანს, რომელიც მისთვის შეუფერებელ ტანსაცმელს იცმევს. ის ზრუნავს, რომ ტანსაცმელი არ იყოს ზედმეტად გრძელი ან ფართო, არამედ ზუსტად მოერგოს მის სხეულს. ზუსტად ასე უნდა იქცეოდეს ადამიანი თავის სხეულზე ზრუნვისას, – მან უნდა შეამოწმოს, რომ სხეულის მოთხოვნილებები არ აღემატებოდეს მისი სულის საჭიროებას, ესე იგი სხეული სულის სამოსელი იყოს. 

მაგრამ ყველა შემქმნელთან შერწყმის მსურველს როდი შეუძლია მასთან მიახლოება. ეს ხომ ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება, რომელიც ეგოისტური სურვილითაა გაჩენილი და მხოლოდ თავისი თავის სიყვარულის უნარი გააჩნია. ამიტომ გვესაჭიროება ჩვენ თაობის ცადიკები–მართალნი. მაშინ ადამიანს შეუძლია მიეკვრას ნამდვილ რავს, რომლის ერთადერთი სურვილი კეთილი (გაცემის განზრახვის მქონე) საქმეების კეთებაა. მაგრამ ადამიანი გრძნობს, რომ არ შეუძლია კეთილი, ე.ი. შემქმნელისათვის სიამოვნების მომტანი საქმეების კეთება. მაშინ თუ ის ჭეშმარიტ რავს ეკვრება და სურს მისი კეთლგანწყობა დაიმსახუროს, ესე იგი აკეთებს იმას, რაც რავს უყვარს და სძულს ის, რაც რავს ეჯავრება, მას შეუძლია შეერწყას თავის მასწავლებელს და მიიღოს მისგან ისეთი ძალებიც კი, რომლებიც გაჩენისას არ გააჩნდა. სწორედ ამიტომ არიან მართალნი ჩარგული ყველა თაობაში. 

მაგრამ წარმოიშობა კითხვა, რატომ უნდა გაეფანტა ცადიკები–მართალნი ყველა თაობაში, – რათა დახმარებოდნენ უგუნურებს. მაგრამ მას (შემქმნელს) სხვა შესაძლებლობაც გააჩნდა, – რომ საერთოდ არ შეექმნა უგუნურები. ვინ აიძულებს შემქმნელს გამოაცხადოს, რომ თესლის ამ წვეთისაგან უგუნური ან სუსტი ადამიანი გამოვა? მას ხომ შეეძლო, რომ ყველა ბრძენად შეექმნა.

საქმე კი იმაშია, რომ უგუნურებიც საჭიროა, რადგან ისინი ეგოისტური სურვილის მატარებელი არიან. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არავითარი შესაძლებლობა არ აქვთ მიუახლოვდნენ შემქმნელს საკუთარი ძალებით, როგორც წერია: „გამოვლენ და იხილავენ ამ (ჩემი შემცოდე) ხალხის გვამებს, რომელთა ცეცხლიც არ ჩაქრება და რომელთა მატლიც არ მოკვდება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისათვის (ესაია 66:24)“. და იქცევიან ისინი ფერფლად ცადიკთა–მართალთა ფეხქვეშ“, რისი წყალობითაც ცადიკები–მართლები დაინახავენ, თუ რა სიკეთე უყო მათ შემქმნელმა, რომ ისინი ბრძენებად და გმირებად შექმნა, რითაც ისინი მასთან დაიახლოვა. და მაშინ მათ შესაძლებლობა ექნებათ ხოტბა შეასხან და მადლიერება გამოხატონ შემქმნელის მიმართ, ვინაიდან დაინახავენ თუ რა სიმდაბლეში შეიძლება ყოფნა. და ამას ეწოდება ფერფლი მართალთა ფეხქვეშ, რაც იმას ნიშნავს, რომ ცადიკებს–მართლებს ამის წყალობით შეუძლიათ იარონ და ხოტბა შეასხან შემქმნელს.

მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დაბალი საფეხურებიც საჭიროა, და საფეხურის სიმდაბლე, სიმცირე ზედმეტად არ უნდა ჩავთვალოთ და ვთქვათ, რომ კარგი იქნებოდა, რომ კატნუთის – მცირე საფეხურები თავიდანვე დიდად გაჩენილიყო. ეს ხომ მიწიერი სხეულის მსგავსია, რომელსაც, რა თქმა უნდა გააჩნია უფრო მნიშვნელოვანი ორგანოები, ისეთი, როგორც ტვინი და თვალები და არის აგრეთვე არც თუ ისე მნიშვნელოვანი ორგანოები, როგორც კუჭი და ნაწლავები, ხელებისა და ფეხების თითები. მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ რომელიმე ორგანო ზედმეტია, ვინაიდან მას მეორეხარისხოვანი ფუნქცია აკისრია. არამედ პირიქით, ყველა ორგანო მნიშვნელოვანია. და ზუსტად ასევეა სულიერებაშიც, ჩვენ უგუნურებიც გვჭირდება და სუსტებიც. 

და ამიტომ ამბობს შემქმნელი: „დაბრუნდით ჩემთან და მაშინ მე დავბრუნდები თქვენთან“. შემქმნელი ამბობს: „დაბრუნდით!“, ისრაელი კი ამბობს პირიქით: „დაგვაბრუნე ჩვენ შენთან და მაშინ დავბრუნდებით“. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანი სულიერი მუშაობიდან ეცემა, დასაწყისში შემქმნელი ეუბნება: „დაბრუნდით!“, ამის წყალობით ადამიანი მაღლდება შემქმნელისათვის მუშაობაში. და მაშინ ადამიანი იწყებს ყვირილს: „დაგვაბრუნე!“

ხოლო დაცემის დროს ადამიანი არ ყვირის „დაგვაბრუნე“, არამედ პირიქით, გაურბის სამუშაოს. ამიტომ მან უნდა იცოდეს, რომ როდესაც ის ყვირის: „დაგვაბრუნე!“, ეს ზემოდან გამოღვიძების შედეგია, რომ თავდაპირველად შემქმნელმა უთხრა მას: „დაბრუნდი!“. და ამის წყალობით ადამიანი ამაღლდა და შეუძლია ახლა იყვიროს: „დაგვაბრუნე!“ 

და ამის შესახებ ნათქვამია: „როცა დაიძრებოდა კიდობანი, იტყოდა მოსე: აღიმართე, უფალო, და გაიფანტებიან შენი მტრები, გაიქცევიან შენი პირისაგან შენი მოძულენი“. „დაიძრებოდა“ - ნიშნავს შემქმნელის მონობის გზით სვლას, რაც ამაღლებას წარმოადგენს. მაშინ მოსე ამბობდა: „აღიმართე!“. ხოლო როდესაც ჩერდებოდა კიდობანი ის ამბობდა: „დაბრუნდი შემქმნელო!“. შემქმნელზე მუშაობის დროს გაჩერებისას, საჭიროა რომ შემქმნელმა თქვას: „დაბრუნდით!“, რაც ნიშნავს „დაბრუნდით ჩემთან!“. ესე იგი შემქმნელი იძლევა გამოღვიძებას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როდის ვთქვათ „აღიმართე!“, და როდის - „დაბრუნდი!“ 

ამაში მდგომარეობს თავ „ეკევ“–ში თქმულის აზრი: „და გახსოვდეს მთელი ის გზა, რომლითაც შენ შემქმნელი გატარებდა, რომ გაგეგო, შენი გულის ნადები, შეინახავ მის მცნებებს თუ არა“. „შეინახავ მის მცნებებს“ მასთან დაბრუნებას („დაბრუნდი“) ნიშნავს. ხოლო „თუ არა“ - ნიშნავს „აღიმართე!“. და აუცილებელია როგორც ერთი, ასევე მეორეც. რავმა კი იცის, როდისაა საჭირო „აღიმართე“ და როდის – „დაბრუნდი“, იმიტომ რომ ეს „42 გადასვლა“ იმ ამაღლებებსა და დაცემებს წარმოადგენს, რომელსაც ადამიანი თავის სულიერ გზაზე გადის.