თქვენ ყველანი დგახართ დღეს
რაბაში სტატია 19, 1984 წ
კომენტატორები სვამენ კითხვას მუხლთან დაკავშირებით: „თქვენ ყველანი დგახართ დღეს [თქვენი შემქმნელის, ყოვლისშემძლეს წინაშე]: თქვენი მეთაურები, თქვენი ტომები, თქვენი უხუცესები და თქვენი ზედამხედველები, თითოეული ადამიანი ისრაელში “. რატომ იწყება ეს მუხლი მრავლობით რიცხვში „თქვენ“, და სრულდება მხოლობით რიცხვში ’’თითოეული ადამიანი ისრაელში“. წიგნის „მაორ ვა-შემეშ-ის“ ავტორი განმარტავს, რომ ის, რაც ნათქვამია როგორც მრავლობით რიცხვში, ასევე მხლობითში, მიუთითებს ამხანაგების მიმართ სიყვარულზე.
ესე იგი იმის წყალობით, რომ თქვენ შორის არსებობენ „თქვენი მეთაურები, თქვენი ტომები, და ა.შ.“, და მიუხედავად ამისა, არავინ ხედავს საკუთარ თავში უფრო დიდ ზნეობას, ვიდრე ნებისმიერ ადამიანში ისრაელიდან და ყველა თანასწორია იმაში, რომ ერთი მეორეს მიმართ პრეტენზიას არ გამოთქვამს — ამიტომ ზემოდანაც იგივე წესით მოქმედებენ, პრინციპით „ზომა ზომის სანაცვლოდ“. და ამიტომ ქვევით გადმოეცემა მთელი სიკეთე.
და აი, ჩვენი გზის მიხედვით, როცა ყველაფერს ერთ ობიექტში ვსწავლობთ, შემდეგნაირად გამოდის: ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს უზენაესი მალხუთის ტვირთი, „როგორც ხარი უღლის ქვეშ და ვირი ტვირთის ქვეშ“ რაც გონებისა და გულის თვისებებს წარმოადგენს. ესე იგი ადამიანის მთელი მუშაობა უნდა იყოს გაცემისათვის.
და ამის მიხედვით გამოდის, რომ თუ ადამიანი თავის საქმეს ასრულებს გაცემის მიზნით და არ სურს არანაირი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ წმინდა საქმის შესრულება უნდა, და არ ელის, რომ რაიმეს მისცემენ იმაზე დამატებით რაც უკვე აქვს ესე იგი მას არც კი სურს რაიმეს დამატება თავის სამუშაოზე. ესე იგი იმის გამო, რომ მიიღებს გარკვეულ ცოდნას, რომ ის სწორ გზაზე დგას, რაც, უდავოდ, სამართლიანი მოთხოვნაა, მიუხედავად ამისა ის ამაზეც უარს ამბობს, რადგან სურს დახუჭული თვალებით იაროს, შემქმნელის რწმენით. და რაც მის შესაძლებლობებს შეესაბამება - აკეთებს, და კმაყოფილია თავისი წილით.
ესე იგი, თუნდაც ის გრძნობდეს, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც გარკვეული გაგება აქვთ შემქმნელის საქმეში, ხოლო თავად ხედავს, რომ სრულიად დაცლილია. ხშირად ხდება, რომ მასაც აქვს გემო ამ საქმეში, ხოლო ხანდახან გრძნობს რომ არის თვისებაში „მათი მეთაურები“. ესე იგი ზოგჯერ ფიქრობს, რომ ახლა ისეთ საფეხურზე ავიდა, საიდანაც შეუძლებელია დაცემა სიბილწის მდგომარეობაში. ეს ნიშნავს ისეთ მდგომარეობას, როცა, თუ მას სურს შემქმნელის საქმით დაკავება, დიდი ძალისხმევა უნდა დახარჯოს რათა აიძულოს თავისი სხეული. და მაშინ ყველაფერი, რასაც აკეთებს, ხდება იძულებით, რადგან მას არ აქვს არანაირი სურვილი იმუშაოს, სხეულს კი მხოლოდ სიმშვიდე სურს ესე იგი საერთოდ არაფერი აინტერესებს.
რადგან ასეთ დროს ის გრძნობს, რომ უკვე მიაღწია მკაფიო ცოდნას — რომ სამყაროში არაფერია სხვა, გარდა გაცემისათვის მუშაობისა. და მაშინ, უეჭველად, მას აქვს გემო მუშაობაში. და მაშინ, როცა ის უყურებს თავის წარსულ მდგომარეობებს, რომელიც ჰქონდა, არ ესმის ისინი ახლა, როცა ამაღლების მდგომარეობაშია. ამიტომ ყველაფრის გათვალისწინებით ასკვნის, რომ ახლა უკვე აღარ არსებობს შესაძლებლობა, რომ ოდესმე კვლავ დაცემა განიცადოს.
თუმცა ზოგჯერ — ერთ დღის, ან ერთ საათის, ან სულ რამდენიმე წუთის შემდეგ — ის ეცემა სიბილწის მდგომარეობაში. იმ დონემდე, რომ ამ ადგილას ვერ გრძნობს, რომ ჩავარდა ამაღლების მდგომარეობიდან „დიდი უფსკრულის სიღრმეში“. მაგრამ ხანდახან, ერთი-ორი საათის შემდეგ, უეცრად ხედავს, რომ მწვერვალიდან ჩამოვარდა. ესე იგი იქიდან, სადაც მანამდე დარწმუნებული იყო, რომ გმირთა გმირია, ის აღმოჩნდა, როგორც ყოველი ადამიანი ისრაელიდან - ესე იგი როგორც უბრალო ხალხი. და მაშინ იწყებს თავის გულში რჩევების ძიებას: „ახლა რაღა ვქნა? როგორ შემიძლია კვლავ ავიმაღლო თავი იმ გადლუტის მდგომარეობამდე, რომელიც მქონდა?“
მაშინ ადამიანმა უნდა იაროს ჭეშმარიტების გზით, ესე იგი თქვას: ის, რომ ახლა სრულიად ქვედა მდგომარეობაში ვიმყოფები, ნიშნავს, რომ ზემოდან სპეციალურად ჩამომაგდეს, რათა გავიგო, ნამდვილად მინდა თუ არა წმინდა საქმის კეთება გაცემისათვის, თუ მსურს ვიყო შემქმნელისთვის მომუშავე მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მაძლევს უფრო მეტს, ვიდრე ყველაფერი სხვა.
და მაშინ, თუ ადამიანს შეუძლია თქვას: „ახლა მინდა ვიმუშაო გაცემისათვის და არ მსურს წმინდა საქმის შესრულება იმისათვის, რომ რაიმე კმაყოფილება მივიღო ამ საქმიდან. ჩემთვის საკმარისია მხოლოდ ეს ერთი - ვიყო წმინდა საქმის შემსრულებელი, როგორც ისრაელის ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიდის სალოცავად ან სწავლობს ყოველდღიური ფურცლიდან [თალმუდიდან], და მას არც კი აქვს დრო იფიქროს, რა განზრახვით სწავლობს ან ლოცულობს; ის უბრალოდ ასრულებს მოქმედებას ყოველგვარი განსაკუთრებული განზრახვის გარეშე.“ მაშინ ის კვლავ შედის წმინდა საქმეში. რადგან ახლა მას უბრალოდ სურს იყოს შემქმნელისთვის მომუშავე, ყოველგვარი წინასწარი პირობის გარეშე.
და ამიტომ არის ნათქვამი: „თქვენ ყველანი დგახართ დღეს“. ესე იგი ყველა კერძო მდგომარეობა, რომელიც გაიარეთ ყველა ის მდგომარეობა, რაც გქონდათ: გადლუტის მდგომარეობები, ან მდგომარეობები გადლუტზე ნაკლები, რომელიც ითვლება შუალედურ მდგომარეობებად და მსგავსი — თქვენ იღებთ ყველა ამ კერძო მდგომარეობას და არ ადარებთ ერთ საფეხურს მეორეს, რადგან თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის არანაირი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ის, რომ ასრულებთ შემქმნელის ნებას, რომელმაც გვინდერძა მცნებების შესრულება და თორის სწავლა. და ამასაც ვასრულებთ როგორც ნებისმიერი უბრალო ადამიანი ისრაელიდან, ესე იგი ის მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი ახლა იმყოფება, მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მაშინ, როცა ფიქრობდა, რომ იმყოფება გადლუტის მდგომარეობაში. და მაშინ „შემქმნელი, შენი ყოვლისშემძლე, დღეს ამყარებს შენთან კავშირს“.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაშინ შემქმნელი დებს მასთან აღთქმას. ესე იგი სწორედ იმ დროს, როდესაც ადამიანი იღებს შემქმნელის საქმეს ყოველგვარი პირობების გარეშე და თანახმაა შეასრულოს წმინდა საქმე ყოველგვარი ანაზღაურების მოლოდინის გარეშე რასაც ეწოდება „უპირობო თავმდაბლობა ყველანაირი პირობის გარეშე“, - შემქმნელი სწორედ მაშინ ამყარებს მასთან კავშის.
და კავშირის დამყარება, როგორც მამაჩემმა და მასწავლებელმა განმარტა - როცა ორი ადამიანი ხედავს, რომ უყვართ ერთმანეთი, მაშინ ისინი ერთმანეთთან დებენ აღთქმას, რომ ამ სიყვარულში დარჩებიან სამუდამოდ. და ის სვამს კითხვას: თუ მათ უყვართ ერთმანეთი და იციან, რომ ეს სიყვარული არ შეწყდება, მაშინ რისთვის არის საჭირო აღთქმა? რატომ დებენ ისინი ამ აღთქმას, ანუ რა სარგებელი მოაქვთ მას? რას იგებენ იმით, რომ აღთქმა დადეს? ეს უბრალოდ ცერემონიაა თუ რაიმე სარგებლიან მიზანს ემსახურება?
და მან თქვა, რომ აღთქმის არსი იმაშია, რომ როგორც ახლა ესმით, რომ მათ უღირთ უყვარდეთ ერთმანეთი იმ მიზეზების გამო, რომელსაც ამჟამად ხედავენ, რადგან თითოეული გრძნობს მეორეს, რომ ის ზრუნავს მის კეთილდღეობაზე — სწორედ ამ დროს დებენ აღთქმას. ესე იგი, რადგან ამჟამად არცერთს არ აქვს პრეტენზია მეორის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აღთქმას არც დადებდნენ, ისინი ამბობენ, რომ ღირს ერთხელ და სამუდამოდ დადონ აღთქმა. ესე იგი, თუკი, ღმერთმა ნუ ქნას, შეიქმნება ისეთი მდგომარეობა, როცა ერთს პრეტენზია გაუჩნდება მეორის მიმართ, მაშინ თითოეული გაიხსენებს იმ აღთქმას, რომელიც დადეს მაშინ, როცა მათ შორის აშკარად იგრძნობოდა სიყვარული.
ასევე აქაც, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ისინი აღარ გრძნობენ იმ სიყვარულის ზომას, რომელიც მაშინ ჰქონდათ, ისინი მაინც აღვიძებენ ძველ სიყვარულს, არ აქცევენ ყურადღებას იმ მდგომარეობას, რომელშიც ამჟამად იმყოფებიან, და კვლავ იწყებენ ერთმანეთისთვის სიკეთის კეთებას. სწორედ ამიტომ არის აღთქმის დადება სასარგებლო. ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულის ის გემო, რომელიც მაშინ იყო, როცა მათ შორის სიყვარული სუფევდა, გაქრა, მაინც, იმის წყალობით, რომ მათ დადეს აღთქმა, აქვთ ძალა კვლავ გააღვიძონ ის სიყვარული, რომელიც წარსულში მათთვის ანათებდა, და დააბრუნონ ის მომავალში.
ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს, რომ აღთქმა, ძირითადად, მომავლისთვის იდება. ეს ჰგავს შეთანხმებას, რომელსაც დებენ იმისათვის, რომ აღარ გადაიფიქრონ მაშინ, როცა დაინახავენ, რომ აღარ არსებობს ის სიყვარულის კავშირები, რაც ადრე ჰქონდათ. და სწორედ ამ სიყვარულის წყალობით განიცდიდნენ დიდ სიამოვნებას, როცა თითოეული მეორეს სიკეთეს უკეთებდა. ხოლო ახლა, როცა სიყვარული დარღვეულია, აქეგან გამომდინარე არ აქვთ ძალა, რომელიც რომელიმე მათგანს მისცემდა შესაძლებლობას, გააკეთოს რამე მოყვასისთვის.
და თუ ისინი მაინც მოისურვებენ ერთმანეთისთვის რაიმეს გაკეთებას, მაშინ მათ უნდა შეხედონ იმ აღთქმას, რომელიც მაშინ დადეს, და ამის საფუძველზე თავიდან ააშენონ სიყვარული. ეს ჰგავს ადამიანს, რომელმაც მეგობართან შეთანხმება დადო, და ეს შეთანხმება აკავშირებს მათ, არ აძლევს საშუალებას, რომ ერთმანეთს დაშორდნენ.
აქედან გამომდინარე, როგორც ზემოთ ითქვა: „თქვენ ყველანი დგახართ დღეს“. ესე იგი ის ჩამოთვლის კერძო საფეხურებს: „თქვენი მეთაურები, თქვენი ტომები, თქვენი უხუცესები და თქვენი ზედამხედველები, თითოეული ადამიანი ისრაელში“. ესე იგი ყველა იმ მაღალი საფეხურიდან, რაც ოდესღაც ჰქონდა, მისთვის ახლა ითვლება, რომ იმყოფება მდგომარეობაში — „თითოეული ადამიანი ისრაელში“. და ის იღებს ამ მდგომარეობას ისევე, როგორც იმ სიტუაცისას როცა მისი აზრით, ქონდა უკეთესი მდგომარეობები. და ამბობს: „მე ვაკეთებ ჩემსას, ხოლო შემქმნელი კი იმას, რაც სურს, მომცეს; მე თანახმა ვარ და არ მაქვს არანაირი პრეტენზია“. მაშინ ის იმსახურებს აღთქმის დადებას, როგორც ზემოთ ითქვა. ესე იგი ეს კავშირი სამუდამოდ რჩება, რადგან შემქმნელმა მასთან სამარადისო აღთქმა დადო.
და ზემოთ თქმულის მიხედვით უნდა განვმარტოთ მუხლი: „დაფარული - შემქმნელს, ჩვენს ყოვლისშემძლეს, ხოლო გამჟღავნებული - ჩვენ და ჩვენს შვილებს სამუდამოდ, რათა აღვასრულოთ ამ სწავლების ყველა სიტყვა“. და უნდა გავიგოთ, რას გვამცნობს ეს მუხლი. ვერ ვიტყვით, რომ ის გვეუბნება, თითქოს ჩვენ არ ვიცით დაფარული, და მხოლოდ შემქმნელმა იცის იგი. ამას ვერ ვიტყვით, რადგან ამ მუხლის გარეშეც ცხადია, რომ ჩვენ არ ვიცით ის, რაც ჩვენგან დაფარულია. მაშ, რა სურს ამ მუხლს გვამცნოს?
თუმცა ცნობილია, რომ არსებობს დაფარული და გამჟღავნებული. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულ ნაწილში — იმაში, რასაც ვაკეთებთ — ჩვენ ვხედავთ, ვასრულებთ მას თუ არა. და თუ სხეულს არ სურს მცნების შესრულება, არსებობს რჩევა - რომ ადამიანმა უნდა აიძულოს თავი, რადგან ვალდებულია შეასრულოს მცნება — სურს მას ეს თუ არა. გამოდის, რომ გამჟღავნებულში შეიძლება ითქვას იძულებაზე.
დაფარული არის მცნების განზრახვა. აქ ადამიანს არ შეუძლია დაინახოს, რა განზრახვა აქვს სხვას შესრულების მომენტში. ასევე თვითონ ადამიანმა, რომელიც აკეთებს მოქმედებას შეიძლება არ იცოდეს, ხომ არ ატყუებს საკუთარ თავს მისი შესრულებისას. მას ჰგონია, რომ სხვა არანაირი განზრახვა არ აქვს და მთლიანად მიმართულია შემქმნელისკენ. მაშინ როცა თვით მოქმედება ეწოდება „გამჟღავნებული ნაწილი“. არ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ატყუებს თავს, რომ დაიკისრა ტფილინი, ხოლო სინამდვილეში ეს ტფილინი არ არის; ან რომ ქალი ატყუებს თავს, თითქოს შაბათის სანთლებს ანთებს, მაშინ როცა სინამდვილეში არ ანთებს.
ამავდროულად განზრახვასთან მიმართებით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ატყუებს საკუთარ თავს. მას ჰგონია, რომ მოქმედებს „ლიშმასთვის“, ხოლო სინამდვილეში მთლიანად „ლო ლიშმაში“ მოქმედებს. ასევე შეუძლებელია იძულებაზე საუბარი, რადგან ადამიანი ვერ აიძულებს თავის აზრს იფიქროს ის, რაც მას სურს. რადგან რაც დაკავშირებულია გრძნობასა და ცოდნასთან, ადამიანს არ აქვს არანაირი ძალაუფლება, რომელიც მისცემს შესაძლებლობას აიძულოს თავისი გონება სხვაგვარად გაიგოს, ვიდრე ესმის, ან სხვაგვარად იგრძნოს, ვიდრე გრძნობს.აქედან გავიგებთ ზემოთ თქმულს, რომ ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, გარდა პრაქტიკული ნაწილის შესრულებისა. და ამას ეწოდება: „გამჟღავნებული - ჩვენთვის და ჩვენს შვილებისთვის სამუდამოდ, რათა აღვასრულოთ ამ სწავლების ყველა სიტყვა“. ესე იგი ჩვენ გვეკისრება მოქმედება. ეს ნიშნავს, რომ მოქმედება გვევალება შევასრულოთ იძულებითაც კი.
რაც შეეხება განზრახვას, რომელსაც „დაფარული ნაწილი“ ეწოდება, აქ ადამიანს არ აქვს არც ცოდნა და არც ძალაუფლება. ასეთ შემთხვევაში, რა უნდა გავაკეთოთ, რათა შევძლოთ დაფარული ნაწილის შესრულებაც? და ადამიანმა ყოველთვის უნდა გააკეთოს შემოწმება, ესე იგი შეამოწმოს საკუთარი თავი: ნამდვილად აკეთებს თუ არა ყველაფერს გაცემისთვის, ან თუ სხეული ეწინააღმდეგება „გაცემისთვის“ მუშაობას. და იმ ზომით, რა ზომითაც გრძნობს, რომ ამისგან შორს არის, თუ ხედავს, რომ საკუთარი მხრიდან არაფრის გაკეთება არ შეუძლია — რადგან ისიც კი, რომ ცდილობს რაიმე რჩევებს მიჰყვეს, რათა შეძლოს „გაცემისთვის“ განზრახვის აშენება, მას არ ეხმარება.
და სწორედ ამის შესახებ გვაუწყებს ეს მუხლი: ის, რაც ეხება ლიშმას, ესე იგი „დაფარულ ნაწილს“, ეკუთვნის ჩვენს შემქმნელს, ჩვენს ყოვლისშემძლეს. ესე იგი მხოლოდ შემქმნელს შეუძლია დაეხმაროს მას, ხოლო თვითონ ადამიანს არ აქვს არანაირი შესაძლებლობა ასეთ რეალობამდე მივიდეს, რადგან ეს ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება და ბუნებაზე მაღლა დგას. ამიტომ ამბობს მუხლი:
„დაფარული - შემქმნელს, ჩვენს ყოვლისშემძლეს“, ესე იგი ეს მას ეხება, რადგან შემქმნელმა უნდა მისცეს ეს ძალა, რომელსაც „გაცემა“ ეწოდება. ამიტომაც თქვეს ჩვენმა ბრძენებმა: „ადამიანის ბოროტი საწყისი ყოველდღე იმარჯვებს მასზე და ეძებს, როგორ მოკლას იგი. როგორც ნათქვამია: „უყურებს ცოდვილი მართალს და ეძებს, როგორ მოკლას იგი“. და თუ შემქმნელი არ დაეხმარებოდა მას, ვერ გაუძლებდა. როგორც ნათქვამია: ‘შემქმნელი არ დატოვებს მას [ადამიანს] მის [ბოროტი საწყისის] ხელში“ „.
ფრაზა „ეძებს, როგორ მოკლას იგი“ ნიშნავს, რომ იგი ცდილობს, ადამიანი ყველაფერს მიღებისთვის აკეთებდეს, რაც ნიშნავს, რომ იგი დაშორებულია სიცოცხლის წყაროსგან. ბუნებრივად ასეთი ადამიანები ცხოველურ მდგომარეობაში რჩებიან. ამიტომ თქვეს ჩვენმა ბრძენებმა: „ცოდვილები სიცოცხლეშივე მკვდრებად იწოდებიან“. გამოდის, რომ სიკვდილად იწოდება მდგომარეობა, როცა მისი განზრახვა მიმართულია მიღებისკენ, და ამას ჰქვია განცალკევების მდგომარეობას. ხოლო იმისთვის, რომ მიიღოს შერწყმის მდგომარეობა, ესე იგი დაიმსახუროს გაცემის ძალა - რათა ის ჰქონდეს მას, მხოლოდ შემქმნელს შეუძლია მისცეს ეს, რადგან ადამიანს არ ძალუძს თავად მიაღწიოს ამას.
და ამიტომ თქვეს ჩვენმა ბრძენებმა: „ადამიანის ბოროტი საწყისი ყოველდღე იმარჯვებს მასზე და ეძებს, როგორ მოკლას ის… და შემქმნელი რომ არ ეხმარებოდეს, ის ვერ გაუძლებდა. როგორც ნათქვამია: ‘შემქმნელი არ დატოვებს მას [ადამიანს] მისი [ბოროტი საწყისის] ხელში’“. და იქიდან გამომდინარე, რაც გავარკვიეთ, გავიგებთ მუხლს: „დაფარული - შემქმნელს, ჩვენს ყოვლისშემძლეს, ხოლო გამჟღავნებული - ჩვენ და ჩვენს შვილებს სამუდამოდ, რათა აღვასრულოთ“. ესე იგი ჩვენ მხოლოდ პრაქტიკული მოქმედება უნდა გავაკეთოთ, ხოლო დაფარული ნაწილი უნდა შეასრულოს შემქმნელმა.
თუმცა დაფარულ ნაწილშიც ჩვენც უნდა გავაკეთოთ რაღაც, რათა შემქმნელმა მოგვცეს დაფარული ნაწილი. ეს გამომდინარეობს იმ წესიდან, რომ ყველაფრისთვის, ნებისმიერი რამისთვის, საჭიროა ქვემოდან გაღვიძება. და ეს ასეა, რადგან არსებობს კანონი: რომ „არ არსებობს სინათლე ჭურჭლის გარეშე“, რაც ნიშნავს, რომ არ არსებობს შევსება ხისარონის გარეშე. ესე იგი ვერ მოათავსებ რამეს იქ, სადაც არ არის ცარიელი ადგილი; მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს სიცარიელე, შეიძლება ჩადო ის, რაც გსურს. ხოლო თუ არ არსებობს უკმარისობის (ხისარონი) ადგილი, ანუ ცარიელი სივრცე - როგორ შევძლებთ ჩვენ იქ რაიმეს მოთავსებას?
ამიტომ, პირველ რიგში, უნდა დავინახოთ, რომ გვაკლია გაცემის ჭურჭელი, რომელსაც ეწოდება „გაცემის სურვილი“. და ეს არის ჩვენი სინათლე. როგორც წინა სტატიებში გავარკვიეთ, ჩვენი მთავარი ჯილდო ის არის, თუ ჩვენ მივაღწევთ გაცემის სურვილს, რომელსაც ეწოდება „არეკლილი სინათლე“, როგორც ეს მოყვანილია („სიცოცხლის ხის“ საერთო შესავალში, კომენტარით „პანიმ მასბიროტ“): „რომ ყველა ჯილდო, რომელსაც ჩვენ ვენდობით, არის არეკლილი სინათლე“.
ამიტომ, თუ გაცემის სურვილს ეწოდება „სინათლე“, მაშინ ის უკმარისობა (ხისარონი), როცა ადამიანი ხედავს, რომ მას არ აქვს გაცემის ძალა, ეწოდება „ჭურჭელი“. და გრძნობს, რომ მას ეს აკლია - ხედავს, რას კარგავს იმის გამო, რომ არ გააჩნია ეს ძალა, რომელსაც ეწოდება „გაცემის ძალა“. შესაბამისად, რამდენადაც გრძნობს ამ დანაკლისს, იმდენად უჩნდება მას უკმარისობა. და ამას ეწოდება „ჭურჭელი“ და „ცარიელი ადგილი“, რადგან იმ ადგილას, სადაც აკლია გაცემის ძალა, უკვე არსებობს სივრცე, სადაც შეიძლება შევიდეს ეს შევსება. და ამას ეწოდება, რომ ნათელი შედის ჭურჭელში.
თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ჭურჭლის მიღებას დიდი შრომა სჭირდება. რადგან ჩვენ უკვე გვაქვს ქელიმები, ხისარონები, რომელთა შევსებაც გვინდა, და მათ ეწოდება „ეგოისტური სიყვარულის ქელიმები“, რომლებშიც გვინდა შევსების მიღება. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჭურჭლებია, რადგან ეს არის ჭურჭლები, რომლებიც შემქმნელისგან მოდის - მან შექმნა ისინი როგორც არსი არაფრისგან, რადგან სურდა დაეტკბო თავისი ქმნილებები, ესე იგი სურდა მათი შევსება. და როგორ შეიძლება შევსება, თუ არ არის ადგილი, სადაც შეიძლება ის მოთავსდეს? ამიტომ მან შექმნა ეს ჭურჭლები არაფრისგან, რათა მისცეს მათ სიკეთე და სიამოვნება. გამოდის, რომ ეს არის ძირითადი ქელიმი, რომელიც შემქმნელმა შექმნა.
მაგრამ რადგან ეს ქელიმი, რომელსაც ეწოდება „მიღების სურვილი“, წარმოადგენს სურვილს, რათა ჰქონდეს ფორმით მსგავსება, რომელსაც შემქმნელთან შერწყმა ეწოდება, ეს ქელიმი უვარგისია უმაღლესი სიკეთის მისაღებად. ამიტომ ახლა საჭიროა ახალი მიმღები ჭურჭელი, რომელიც შემოსავს ძველ ჭურჭელს. და მხოლოდ ორივეს წრალობით - ესე იგი იმის წყალობით რომ გაცემის სურვილი იმოსება მიღების სურვილით - ეს ჭურჭელი ხდება მიღების უნარის მქონე.
აქედან გამომდინარეობს, რომ როგორც ძველი ქელიმი, რომელსაც ეწოდება მიღების სურვილი, მოდის შემქმნელისგან და ქვედას არ აქვს არანაირი წილი ამ მუშაობაში, არამედ ყველაფერი შემქმნელისგან მოდის - ზუსტად ასეა მეორე ჭურჭელიც, რომელსაც ეწოდება გაცემის სურვილი: ისიც მხოლოდ შემქმნელისგან მოდის, და ქვედას არ შეუძლია მასში არაფრის დამატება, ისევე როგორც პირველ ჭურჭელში, რომელსაც ეწოდება მიღების სურვილი. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ გაცემის ჭურჭლისთვის საჭიროა, თავდაპირველად, მოთხოვნა ქვემოდან - რომელშიც ის სთხოვს შემქმნელს, მისცეს მას ახალი ჭურჭელი. განსხვავებით პირველი ჭურჭლისგან, რომელიც ადამიანს ეძლევა ყოველგვარი გაღვიძების გარეშე ქვემოდან.