<- კაბალის ბიბლიოთეკა
კითხვის გაგრძელება ->

არ არის საზოგადოება ათზე ნაკლები

რაბაში, სტატია 28, 1986

 ზოჰარში ნათქვამია (თავი „ნასო“, გვ. 31, პუნქტი 105): რაბი ელიეზარმა თქვა: „რატომ მოვედი მე და არც ერთი ადამიანი არ არის? ისრაელი იმდენად საყვარელია შემქმნელისთვის, რომ ნებისმიერ ადგილზე, სადაც ისინი იმყოფებიან, შემქმნელიც მათ შორის არის…როგორც წერია: „გამიკეთონ მე ტაძარი და მე მათში დავმკვიდრდები“, რადგან ყოველი ბეით-ქნესეთი სამყაროში ტაძრად იწოდება… და მე მათში დავმკვიდრდები, რადგან შხინა წინ უსწრებს ბეით-ქნესეთს. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც იმ ათ პირველთაგანაა, ვინც ბეით-ქნესეთში იმყოფება, რადგან ისინი სრულყოფილნი არიან — ესე იგი საზოგადოება არ არის ათზე ნაკლები… და აუცილებელია, რომ ბეით-ქნესეთში ერთდროულად იყოს ათი ადამიანი. და ნუ მოვლენ ცოტა რაოდენობით…,რადგან ათნი, ერთ სხეულში არსებული ორგანოებივით არიან, და მათ შორის იმყოფება შხინა.
რადგან შემქმნელმა ადამიანი ერთ ჯერზე შექმნა და ყველა ორგანო ერთად მოაწყო, როგორც წერია: „მან შეგქმნა და მოგაწყო“.
აუცილებელია ზემოთ მოყვანილი ნაწყვეტის გაანალიზება.

1.რას ნიშნავს სიტყვები: „ნებისმიერ ადგილზე, სადაც ისრაელის შვილები იმყოფებიან, შემქმნელიც მათ შორის არის“? აქ ნათქვამია, რომ სპეციალური ადგილი საჭირო არ არის. მაგრამ შემდეგ ამბობს: „გამიკეთონ მე ტაძარი და მათში დავმკვიდრდები“ —აქ კი ამტკიცებს, რომ ზუსტად ბეით-ქნესეთში ხდება ეს.

2. სიტყვები: „გამიკეთონ ტაძარი და მე მათში დავმკვიდრდები“ მიანიშნებს, რომ ჯერ საჭიროა გარკვეული მომზადება, ესე იგი „ტაძრის შექმნა“, და მხოლოდ ამის შემდეგ — „მე დავმკვიდრდები“, და არა უბრალოდ, თავისთავად.

3. რას ნიშნავს: „რატომ მე მოვედი და არც ერთი ადამიანი არ არის?“ თუ ვამბობთ, რომ შემქმნელის ყოფნა წინ უსწრებს ბეით-ქნესეთში მოსვლას, მაშინ ცხადია, რომ ჯერ არავინ არის.

4. ძნელი გასაგებია სიტყვები: „აუცილებელია, რომ ბეით-ქნესეთში ერთდროულად იყოს ათი ადამიანი და ნუ მოვლენ ცოტა რაოდენობით“. ნუთუ შეიძლება ითქვას, რომ თითოეულმა, ვინც ბეით-ქნესეთში მოდის, გარეთ უნდა იდგეს და არ შევიდეს,

სანამ ათი ადამიანი არ შეგროვდება, და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდნენ ყველა ერთად? ნუთუ ასე შეიძლება ითქვას? ასეთი რამ ხომ არასოდეს გვინახავს. მაშინ როგორ უნდა გავიგოთ სიტყვები „ნუ მოვლენ ცოტა რაოდენობით“? ზემოთქმულის გასაგებად, განვიხილოთ ეს ჩვენი მუშაობის თვალსაზრისით.
რით იწყება გაცემისთვის მუშაობის წესრიგი - ის რასაც ქვია „არა ჯილდოს მიღებისთვის“?

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დავიმახსოვროთ ორი ცნება: „გაცემა“ და „მიღება“. ეს გამომდინარეობს შემქმნელის სურვილიდან - სიამოვნება მისცეს ქმნილებებს.
მან ისინი შექმნა მხოლოდ იმისთვის, რომ მიიღონ სიკეთე და სიამოვნება,
რომლის მიცემაც სურს შემოქმედს მათთვის. მიმღები კი ისაა, რაც შმქმნელმა შექმნა -ეს არის ჭურჭელი, რომელსაც ეწოდება „სიამოვნებისა და ტკბობის მიღების სურვილი“, რომელშიც მიიღებენ სიკეთეს და სიამოვნებას.

და სურვილის სიდიდის მიხედვით, ადამიანს შეუძლია დატკბეს სასურველით.
ეს ნიშნავს, რომ სიამოვნების მიღების ჭურჭელს „მისწრაფება“ ეწოდება. და ამ  ჭურჭლებს ჩვენ შემქმნელს მივაკუთვნებთ. ასე რომ, ჭურჭელს, რომელმაც პირველად მიიღო შემქმნელისგან, ეწოდება „მალხუთი“ ან „მეოთხე სტადია“. მისი მთელი არსი მდგომარეობს სიკეთილისა და სიამოვნების მიღების მძაფრ სურვილში.
მას ეწოდება „ჭურჭელი სინათლის მიღებისთვის პირდაპირ შემქმნელისგან“.

ამ ჭურჭელს იყენებდნენ შეკვეცამდე (ციმცუმამდე). მისი კიდევ ერთი სახელია „უსასრულობის სამყაროს მალხუთი“. შემდეგ მოხდა გამოსწორება, რათა არ ყოფილიყო სირცხვილის შეგრძნება, რადგან შემოქმედის მიერ შექმნილ ბუნებაში არსებობს კანონი, რომელიც ამბობს, რომ ტოტი მიისწრაფვის დაემსგავსოს ფესვს. რატომ არსებობს ასეთი ბუნება? ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, როგორც ზოარშია ნათქვამი: „ქმნილებებს არ შეუძლიათ შემოქმედის ფიქრების შეცნობა“.და ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ, მხოლოდ ამ სიტყვებს შეესაბამება:
„შენი ქმედებებით შეგიცნობ შენ“, ესე იგი მხოლოდ იმ ქმედებებით, რომლებიც ჩვენს თვალწინ იშლება. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ იმის საფუძველზე, რასაც ვხედავთ, შეგვიძლია გარკვეული დასკვნების და ვარაუდების გაკეთება, მაგრამ არა მანამდე,
სანამ ქმედება არ იქნება გახსნილი ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ საუბარს ვიწყებთ მხოლოდ იმ საწყისი კავშირიდან, რომელიც არსებობს შემქმნელსა და ქმნილებას შორის და ეწოდება: „შემქმნელის სურვილი — დაატკბოს თავისი ქმნილებები“. მანამდე საუბარი შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ გვაქვს შემქმნელის არსის წვდომა. ამიტომ ვხედავთ მხოლოდ იმას, რომ არსებობს ბუნება, რომლის მიხედვითაც
„ტოტს სურს ფესვს დაემსგავსოს“.

და ამ წინააღმდეგობის გამოსასწორებლად, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს,
რომ მიმღებს სურს თვისებებით დაემსგავსოს შემქმნელს (მაგრამ თუ იგი დარჩება მიმღებად, ექნება უსიამოვნო შეგრძნება), მოხდა შეკვეცა (ციმცუმი). ეს ნიშნავს, რომ ქმნილებას „არ სურს მიიღოს მიღებისთვის“, არამედ მიიღოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლია ეს გააკეთოს გაცემისთვის. ეს არის მიზეზი იმისა,
რომ ჩვენ ვერ ვიღებთ სიამოვნებას შემქმნელისგან ეგოისტურ სურვილებში,
არამედ მხოლოდ იმ სურვილებში — ჭურჭლებში, რომლებსაც ეწოდება „არეკლილი სინათლე“.

ნათქვამის არსი ასეთია: „პირდაპირი სინათლე“ (ორ იაშარ, ოია) არის ის სიამოვნება, რომელსაც შემქმნელი აძლევს ქმნილებებს. ხოლო „არეკლილი სინათლე“ (ორ ხოზერ ოხ) არის, პირიქით, ის, რაც ქმნილებებს სურთ მისცენ შემქმნელს. ამიტომ ოიას ვუწოდებთ „ზემოდან ქვემოთ“, ესე იგი უმაღლესი გამცემი - შემქმნელი აძლევს უმდაბლესს — ქმნილებას. ხოლო ოხს ეწოდება „ქვემოდან ზემოთ“, ესე იგი ქვედას — მიმღებს, სურს მისცეს შემქმნელს. ამ სურვილს იწოდება „გაცემისთვის“ და ეკუთვნის ქმნილებას, რადგან ქმნილება თავად ქმნის მას, რათა გამოასწოროს საკუთარი თავი და დაემსგავსოს ფესვს. ჩვენი შესწავლის საგანი ის არის, რომ უსასრულობის სამყაროში მალხუთის თვისებამ თავის სურვილებში მიიღოს პირდაპირი სინათლე შემქმნელისგან იმ სურვილებში, რომლებიც თავად შემოქმედმა შექმნა. მაშინ როცა სურვილი არეკლილი სინათლისთვის ქმნილებამ თავად უნდა შექმნას.

და როცა მოხდა ეს გამოსწორება, რომელიც მდგომარეობს იმაში რომ სინათლეს იღებენ მხოლოდ ოხ სურვილებში, ამის შედეგად გაჩნდა ბევრი სამყარო და საფეხური. ამგვარად, ეს სურვილი ვითარდება ქმნილების მხრიდან, და ვერ იქნება დასრულებული ერთი მცდელობით, არამედ ვითარდება თანმიმდევრულად, საფეხურიდან საფეხურამდე, ქვედა ქმნილებების ძალის შესაბამისად. და რადგან შეიქმნა მრავალი განსხვავებული სურვილი, ამიტომ სინათლეც გაიყო მრავალ საფეხურად. მაშინ როცა ეგოისტური სურვილი, რომელსაც ჩვენ შემქმნელს მივაკუთვნებთ და ვუწოდებთ „მიღება მიღებისთვის“, შემქმნელმა შექმნა ერთ ჯერზე სრულყოფილ მდგომარეობაში, და ავსებდა მას ერთი სინათლე - მარტივი, განსხვავებული საფეხურების გარეშე.

აი, როგორ არის ამის შესახებ დაწერილი არის მიერ „ეც ხაიმ“-ში, („თალმუდ ესერ სფიროთის შესავალი“, გვ. 1):

„იცოდე, რომ მანამდე, სანამ შეიქმნებოდა ქმნილებები და ჩამოყალიბდებოდა სამყაროები, უმაღლესი მარტივი სინათლე ავსებდა მთელ რეალობას… ეს ყველაფერი იყო ერთი, მარტივი და თანაბარი სინათლე, და მას ეწოდება უსასრულობა.“ეს ნიშნავს, რომ ის სურვილი, რომელსაც ჩვენ შემქმნელს მივაკუთვნებთ, დასრულებული იყო თავისი უკიდურესი სრულყოფით. ამიტომ იქ მიიღებოდა ერთი სინათლე — საფეხურეებად განსხვავებების გარეშე.

ამასთანავე სურვილი, რომელსაც ჩვენ ქმნილებას მივაკუთვნებთ, ერთბაშად ვერ იქნება დაკმაყოფილებული. მთელი სამუშაო, რაც ჩვენ უნდა შევასრულოთ, მხოლოდ ერთია: საკუთარ თავში შევქმნათ სურვილი, რომელსაც ეწოდება „არეკლილი სინათლე“. ესე იგი მაშინ, როცა ქმნილება აცნობიერებს, რომ მას საერთოდ არ აქვს არც უმცირესი სურვილი და სწრაფვა საკუთარი თავისთვის მიღებისკენ, არამედ მხოლოდ ის უნდა, რომ სიხარული მიანიჭოს შემქმნეს, მაშინ ქმნილება იწყებს გათვლას: რა შეუძლია მისცეს შემქმნელს, რათა მას სიხარული მიანიჭოს?

და ის ხედავს ერთადერთ რამეს, რაც შეუძლია მისცეს შემქმნელს, რათა შემქმნელი დატკბეს. რადგან შემქმნელის მიზანია — სიკეთე და სიამოვნება მიანიჭოს ქმნილებებს, ქმნილება ამბობს: „მე მსურს მივიღო სიკეთე და სიამოვნება, რადგან ამით მსურს სიხარული მივანიჭო შემქმნელს.“ და რაც უფრო დიდი სიამოვნების მიიღებას შეძლებს შემქმნელისგან, მით უფრო დიდ სიამოვნებას გრძნობს თვითონ, და მით უფრო დიდ სიამოვნებას იღებს შემოქმედი ამით.

 ეს ჰგავს ადამიანს, რომელმაც თავის სახლში საპატიო სტუმარი მიიწვია. თავად ის და მისი ოჯახი მთელი დღე და ღამე შრომობდნენ, რათა ამ მნიშვნელოვან სტუმარს სიამოვნება მიეღო სუფრისგან. და როდესაც სტუმარმა დაასრულა ტრაპეზი, რომლისთვისაც მასპინძელმა დიდ შრომა გასწია და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სტუმარს სიამოვნება ეგრძნო, ბოლოს მასპინძელი ეკითხება სტუმარს: „რას იტყვი ჩვენს სუფრაზე? ოდესმე გიგრძნია ასეთი გემო?“ ხოლო სტუმარი პასუხობს:
„მე შენ სიმართლეს გეტყვი — ჩემთვის სულერთია, რას ვჭამ. მე არასოდეს ვითვალისწინებ იმ სიამოვნებას, რომელიც საჭმლისგან შეიძლება მივიღო. ამიტომ მნიშვნელობა არ ექნებოდა, უფრო მარტივი ტრაპეზი რომ მოგემზადებინა (შენგან მესმის, რომ ამაში დიდი შრომა ჩადე)“ .

ბუნებრივია, რა სიამოვნებაა ასეთი სიტყვების მოსმენა მასპინძლისთვის?

ვხედავთ, რომ თუ ადამიანი იღებს სიკეთეს და სიამოვნებას შემქმნელისგან იმიტომ, რომ სურს ამით მას სიხარული მიანიჭოს, რომ რეალურად ეხმარება განახორციელოს ქმნილების მიზანი — ის რომ შემქმნელს სურს დაატკბოს თავისი ქმნილებები — და ამავე დროს ამბობს, რომ იმ სიკეთეში, რომელიც შემქმნელისგან მიიღო, არანაირ გემოს არ გრძნობს და მისთვის სულერთია, მაშინ როგორი სიამოვნების მინიჭებაზე შეიძლება იყოს საუბარი შემქმნელისთვის?

ამრიგად, თუ ადამიანს შეუძლია ყოველ ჯერზე შეეცადოს, განადიდოს ის რაც მიიღო შემქმნელისგან და იგრძნოს მეფის საჩუქრის მნიშვნელობა, ეს გახდება მიზეზი იმისა, რომ შეძლოს თქვას: „მე უდიდეს სიამოვნებას ვიღებ შენგან, რადგან ვიცი, რომ მხოლოდ ამით შემიძლია შენთვის სიამოვნების მინიჭება, და ამიტომ მსურს რაც შეიძლება მეტად ვისიამოვნო.“

მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „შეცნობის ხის“ ცოდვის შემდეგ, რომელიც პირველმა ადამიანმა ჩაიდინა, ადამიანმა შეიძინა „მიღების სურვილი საკუთარი თავისთვის“. ეს გამოდის არაწმინდა სამყაროთა სისტემიდან — აბეა , როგორც წერია „ზოარის წიგნის შესავალში“ (პუნქტი 25):

„ადამიანს, თორისა და მცნებების შესრულების საზღაურად, ზემოდან ეძლევა ძალა, რათა შეიძინოს გაცემის სურვილი, რომელსაც ეწოდება თვისება ისრაელი - იაშარ ელ (პირდაპირ შემქმნელისკენ). ეს ნიშნავს, რომ მისი ყველა ფიქრი და ყველა სურვილი მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ სიამოვნება მიანიჭოს შემოქმედს.   

ხოლო თუ მას ჯერ არ გააჩნია ასეთი სურვილი, ითვლება, რომ ადამიანი იმყოფება ხალხთა შორის განდევნაში, რომლებიც მას ამონებს და აიძულებს იმუშაოს მხოლოდ ეგოიზმისთვის. ამას ეწოდება „მიღება საკუთარი თავისთვის“ - არაწმინდა ძალების თვისება და არა სიწმინდის. ამის შესახებ ნათქვამია: „წმინდები იყავით, რადგან წმინდა ვარ მე“. ნათქვამის აზრი იმაშია, რომ რადგან შემქმნელი არის გაცემის სურვილი, ასევე თქვენც უნდა მიიღოთ მხოლოდ განზრახვით გაცემისთვის.“

ისრაელის თვისების საპირისპირო მდგომარეობა — როცა არ არსებობს „გაცემისთვის“ განზრახვა - ეწოდება „პირდაპირ მსოფლიოს ხალხებისკენ“, რადგან მათი თვისებები საწინააღმდეგოა შემქმნელისა, რომელსაც სურს მხოლოდ გაცემა. თუ რომელიმე ადგილას არსებობს თვისება „იაშარ ელ“, შემქმნელის თვისების მსგავსი, და იქ არ არსებობს სხვა ძალაუფლება, მაშინ იმ ადგილას ჩნდება შემქმნელის დასწრება, როგორც წერია: „ყველა ადგილას, სადაც ჩემს სახელს გავიხსენებ, მოვალ შენთან და დაგლოცავ.“ ამ სიტყვების აზრი ასეთია: შემქმნელი ამბობს - თუ შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადგილას მხოლოდ ჩემი სახელია და არ არსებობს ქმნილების ძალაუფლება, რადგან იქ მყოფთ მხოლოდ ერთი რამ სურთ - შემქმნელისთვის გაცემა - მაშინ „მოვალ შენთან და დაგლოცავ“, ესე იგი დავბინავდები იმ ადგილას. ახლა შეგვიძლია გავიგოთ ზოარში ნათქვამის აზრი — რომ ყველა ადგილას, სადაც ისინი იმყოფებიან, შემქმნელი მათ შორისაა. ეს ნიშნავს, რომ სპეციალური ადგილი საჭირო არ არის. მაგრამ ამის შემდეგ ნათქვამია: „გამიკეთონ მე ტაძარი და დავბინავდები მათ შორის.“ აქედან ჩანს, რომ საუბარია სწორედ ტაძარზე და არა ნებისმიერ ადგილზე.

გამოთქმა „ყველა ადგილას, სადაც ისინი იმყოფებიან…“ შეიძლება ასე აიხსნას: ისრაელი ითარგმნება როგორც „იაშარ ელ“ - პირდაპირ შემქმნელისკენ, რაც ნიშნავს სურვილებს, რომლებიც თვისებებით ტოლია შემქმნელის თვისებებთან. ესე იგი როგორც შემქმნელი გასცემს, ასევე მათაც სურთ გასცენ შემქმნელს. ხოლო რადგან არსებობს თვისებათა თანხვედრა, იმავე ზომით ქრება შეკვეცა (ციმცუმი) და, შესაბამისად, ამ ადგილზე მკვიდრდება შემქმნელი. ამას ეწოდება „გამიკეთონ მე ტაძარი“, ან როგორც წერია: „წმინდები იყავით, რადგან წმინდა ვარ მე, შემქმნელი“. გამოდის, რომ თვისება ისრაელი და თვისება „გამიკეთონ მე ტაძარი“ - ერთი და იგივეა. ამრიგად, აქ საუბარია მზადებაზე და დიდ შრომაზე, რათა შეიქმნას ადგილი ანუ სურვილი, როგორც ბაალ სულამმა თქვა - სულიერში „ადგილად“ იწოდება გაცემის სურვილი, რათა სიამოვნება მიენიჭოს შემოქმედს. ეს არის ისრა-ელის თვისება, ესე იგი პირდაპირ შემქმნელისკენ.

ახლა განვიხილოთ მეორე კითხვა, რა კითხვა იყო დასმული: „რატომ მოვედი მე და არც ერთი ადამიანი არ არის?“ ცხადია, თუ ის ამბობს, რომ შემქმნელის ყოფნა ყოველთვის წინ უსწრებს ბეით ქნესეთში შემსვლელებს, მაშინ, ბუნებრივია, იქ ჯერ არც ერთი ადამიანი არ არის. მაგრამ თუ ასეა, რა აზრი აქვს კითხვას: „რატომ არ არის არც ერთი ადამიანი?“

უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიგოთ, რას ნიშნავს სიტყვა „ადამიანი“. ეს შეიძლება აიხსნას ნათქვამის შესაბამისად: „ბედნიერია ადამიანი, რომელიც არ მისდევდა ცოდვილთა რჩევას…“ არსებობს ცნება „ადამიანი“ და არსებობს ცნება „ცხოველი“, რადგან „ცხოველად“ იწოდება ის, ვინც ჩაფლულია ეგოიზმში და მისი ყველა მოქმედება ცხოველურია. შესაბამისად, სიტყვები „რატომ მოვედი…“ ნიშნავს მოვასწარი მოსვლა თქვენამდე. თუმცა ესეც განმარტებას საჭიროებს. რას ნიშნავს, რომ შემქმნელმა იჩქარა და ბეით ქნესეთში მოვიდა, თითქოს არ იყოს ნათქვამი:
„მთელი დედამიწა სავსეა მისი დიდებით“ ? მაშ, რას ნიშნავს, რომ შემქმნელი ბეით ქნესეთში მოვიდა მლოცველებზე ადრე?

ეს ბაალ სულამმა ასე განმარტა სიტყვებით: „ვიდრე დამიძახებენ, მე ვუპასუხებ“ - ესე იგი ადამიანი მიდის სალოცავად იმიტომ, რომ თავად შემქმნელმა მისცა მას ეს აზრი და სურვილი ილოცოს. ამავე პრინციპით შეიძლება აიხსნას სიტყვები „შემქმნელი მიუახლოვდა და შევიდა ბეით ქნესეთში“. ეს ნიშნავს, რომ შემქმნელმა მისცა ადამიანს შესაძლებლობა, ბეით ქნესეთში მოსულიყო, რათა ყოფილიყო „ადამიანი“, მაგრამ საბოლოოდ იგი პოულობს მას ბეით ქნესეთში მლოცველს ცხოველის მსგავსად, რომელიც მხოლოდ საკუთარი ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებაზე ლოცულობს. ამრიგად, სიტყვები „რატომ მოვედი?..“ ასე უნდა გავიგოთ: რატომ მისცა შემქმნელმა ადამიანს სურვილი, ბეით ქნესეთში მისულიყო და სულიერზე ელოცა - რაც ტაძრის თვისებაა - რათა თვისებით ისრაელი გამხდარიყო, მაგრამ დამთავრდა იმით რომ არ არის „ადამიანი“, და შემქმნელი ხედავს, რომ ყველა ლოცულობს მხოლოდ ცხოველური საჭიროებებისათვის.

ახლა განვიხილოთ ის, რაც იკითხეს ნათქვამზე: „აუცილებელია, რომ ბეით ქნესეთში ერთდროულად ათი ადამიანი იმყოფებოდეს და არ შევიდნენ ცოტა რაოდენობით“.
იყო კითხვა: ნუთუ აუცილებელია, რომ არც ერთი ადამიანი არ შევიდეს ბეით ქნესეთში, სანამ ათნი არ შეიკრიბებიან და შემდეგ ყველანი ერთად შევიდნენ? გვინახავს ჩვენ ასეთი რამ? და განმარტეს: „რადგან ადამიანი ერთ დროს შექმნა შემქმნელმა…“ თუმცა ეს განმარტებაც საჭიროებს გაგებას. ამის გასაგებად ჯერ უნდა გავიგოთ, რატომ უნდა იყოს სწორედ ათი ადამიანი ბეით ქნესეთში, რადგან სხვაგვარად, როგორც ნათქვამია, შემქმნელი ვერ მკვიდრდება იქ. მითითებულია, რომ სიტყვების აზრი იმაშია, რომ „საზოგადოება ათზე ნაკლები არ არსებობს“. მაგრამ რატომ მაინცდამაინც ათი - არც მეტი და არც ნაკლები? ცხრა ადამიანი — ეს არ არის საზოგადოება, ხოლო თერთმეტი — არაფერს ამატებს, როგორც ნათქვამია: „ორი — როგორც ასი, და ასი — როგორც ორი“ (შავუოთ, გვ. 42).
მაგრამ სწორედ ათზე თქვეს ბრძენებმა (სანჰედრინი, 39): „ყველაფერში, სადაც არის ათი, იმყოფება შხინა“.

ცნობილია, რომ მალხუთს ეწოდება „მეათე“. ასევე ცნობილია, რომ მიღებაში ნაკლოვანების განცდა ეწოდება სფირა მალხუთს, რომელიც მეათე სფირაა, უმაღლესი სინათლის მიმღები. მას ასევე ეწოდება „მიღების სურვილი“, და ყველა ქმნილება სწორედ მისგან წარმოიშობა. ამიტომაც არ არსებობს საზოგადოება ათზე ნაკლები, რადგან ყველა მატერიალური ტოტი მოდის უმაღლესი ფესვებიდან. წესის მიხედვით: „არ არსებობს სინათლე, რომელშიც არ იყოს ათი სფირა“, ამიტომ მატერიალურ სამყაროშიც, უმაღლესი საფეხურების მსგავსად, საზოგადოებად არ იწოდება და მნიშვნელოვნად არ ითვლება ის ადგილი, სადაც ათი არ არის.

ახლა შეიძლება გავარკვიოთ ცნება „ათი“, როცა შემქმნელი კითხულობს: „რატომ მოვედი მე და არც ერთი ადამიანი არ არის?“ აქ იგულისხმება „ადამიანი“ და არა „ცხოველი“, როგორც ზემოთ ითქვა. იგულისხმება მალხუთის თვისება, რომელიც მეათე სფირაა. უნდა ილოცონ „შხინის განთავისუფლებისთვის განდევნიდან“. ეს მდგომარეობა ზოარში იწოდება „შხინა მტვერში“.

ამგვარად, სიტყვების განმარტება „თუ შემქმნელი ვერ პოულობს იქ ათს“ ასეთია:
„მე მოგიახლოვდით და გაგიღვიძეთ სურვილი, ბეით ქნესეთში მოსულიყავით და ლოცვით გეთხოვათ შხინის გათავისუფლება განდევნიდან - რომელსაც „ათი“ ეწოდება და წარმოადგენს მეათე სფირას, მაგრამ მე ვერ ვიპოვე არც ერთი ადამიანი, ვინც მეათეზე ლოცულობდა; დავინახე მხოლოდ ის, რომ ყველა ლოცულობდა ცხოველურ საჭიროებებზე და არა ადამიანურზე“.

ანალოგიურად უნდა გავიგოთ სიტყვები: „და აუცილებელია, რომ ყველანი ერთდროულად იყვნენ და არ მოვიდნენ ნაკლები რაოდენობით“. ამის აზრია ის, რომ შემქმნელის მმართველობის მიღება უნდა მოხდეს ერთხელ და სამუდამოდ, და არა ისე, როგორც ზოგი ამბობს: „დღეს ცოტათი მივიღებ შემქმნელის მმართველობას — იმ დროით, სანამ ბეით ქნესეთში ვარ. ხოლო როცა სახლში დავბრუნდები, მინდა ეგოიზმით ვისიამოვნო“.

ეს ნიშნავს, რომ ადამიანი თანახმაა ცოტა ხნით იმუშაოს გაცემისათვის, და არა დათმოს მთელი თავისი დრო შემქმნელისთვის. ხოლო როცა ადამიანი იღებს საკუთარ თავზე შემქმნელის მმართველობას, მან უნდა სთხოვოს შემქმნელს, რომ ეს იყოს სამუდამოდ, და არა მხოლოდ იმ დროს, როცა ბეით ქნესეთში იმყოფება.

ეს არის განმარტება იმისა, რატომ უნდა იყვნენ ათნი ბეით ქნესეთში ერთდროულად და არა ცოტა რაოდენობით - ესე იგი არ უნდა თქვან: „ახლა ცოტას მივიღებ შემქმნელის მმართველობას, მერე კიდევ ცოტას“. შემქმნელის მმართველობის მიღება უნდა იყოს ერთხელ და მთელი ცხოვრების განმავლობაში, და არა დღეს ცოტა და ხვალ ცოტა.

აქედან გამომდინარეობს, რომ თუ შემქმნელის მმართველობის მიღება იყო სრულყოფილი მოქმედება, მაშინ, თუნდაც შემდეგ ადამიანი დაეცეს თავისი საფეხურიდან, (რადგან ეს მიღება იყო სრულყოფილების მდგომარეობაში - ე.წ. „ათი ერთდროულად“, სადაც სიტყვა „ერთი“ ნიშნავს მთელი ცხოვრების განმავლობაში), მაშინ მაინც „წვეთი წვეთთან გროვდება დიდი რაოდენობით“, იქამდე, სანამ ადამიანი არ მიაღწევს რწმენის მდგომარეობას, რომელიც არის შემქმნელის მუდმივი შეგრძნება.

ხოლო თუ შემქმნელის მმართველობის მიღება იყო მხოლოდ „ცოტათი“, ესე იგი მხოლოდ ამ მომენტისთვის და არა სამუდამოდ, მაშინ ამ მოქმედებაში არ არსებობს სრულყოფილება. და როგორ უნდა შეერთდეს ეს ერთ მთლიანობად, რათა მუდმივ რწმენას ეზიაროს? აქედან დასკვნა ასეთია: როცა ადამიანი იღებს საკუთარ თავზე შემქმნელის მმართველობას, მან ეს უნდა აღიქვას, როგორც სრულყოფილი და საბოლოო მოქმედება. სწორედ ეს არის სიტყვების მნიშვნელობა: „იყონ ბეით ქნესეთში ერთდროულად“ - ესე იგი შემქმნელს სურს, რომ მისი მმართველობა მიღებული იყოს სამუდამოდ.